Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბალელების პრობლემები


კირბალი
კირბალი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ზამთრის მოახლოებასთან ერთად ადგილობრივ მცხოვრებლებს საზრუნავი და პრობლემები ემატებათ. ეს სოფელი მთელ საქართველოში იმითაა ცნობილი, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველაზე საშიში ზონაა, კირბალში თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი კაცი მაინც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ყოფილა დაკავებული. სოფელს ტყის მასივი ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ და ტყეში შეშის დასამზადებლად შესულ კირბალელებს ხშირად აკავებენ. ტერეზა დოთიაშვილი ამბობ, რომ რუსეთის მესაზღვრეები ტყეში სულ უფრო მეტ ფართობს იკავებენ და იქ შესვლა შეუძლებელია.

ზამთარი ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს კირბალის გაზიფიცირება დასრულდა, სოფლის მცხოვრებლები გამათბობლების ჩართვას არ აპირებენ და შეგროვილი ფიჩხით თბებიან, მაგრამ ეს დიდხანს არ ეყოფათ. მათი თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი მაღალია და სახლების გაზით გათბობა დიდ ხარჯს ითხოვს. კირბალელების აზრით, ხელისუფლებამ, წინა წლების მსგავსად, საოკუპაციო ხაზთან ენერგოდანახარჯების სუბსიდირება უნდა მოახდინოს.

კირბალში სხვა პრობლემებიც მრავლადაა. მოუწესრიგებელია გზები, სარწყავი წყლის სისტემა , საბავშვო ბაღის შენობას შეკეთება სჭირდება. სოციალური სიდუხჭირე ყველგან იგრძნობა. აქაურებს, დაპირების მიუხედავად, არც გაზაფხულის სეტყვისგან მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა მიუღიათ.

კირბალელები ხელისუფლებას დახმარებას და მეტ ყურადღებას სთხოვენ. მათი თქმით, აქაურობით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როცა ტყეში ვინმეს აკავებენ, სხვა შემთხვევაში ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG