Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატი საქართველოშიც იცვლება


ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაზე გამოსვლისას
ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაზე გამოსვლისას

პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის ხელმომწერთა კონფერენცია (COP21) იმართება. კონფერენციაზე 150-მდე ქვეყნის ლიდერია ჩასული, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. კონფერენციის მიზანია გაფორმდეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე ქვეყანა ვალდებული იქნება სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოფრქვევა შეამციროს.

დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოფრქვევა იწვევს. მარინა შვანგირაძე, რომელიც კოორდინატორია კვლევებისა „კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება“, ხსნის იმ მექანიზმს, რომლის შედეგადაც დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს. მისი თქმით, სათბური აირების ჭარბი რაოდენობა ე.წ. სათბურის ეფექტს ქმნის.

„თუკი ეს კონცენტრაცია ძალიან გაიზრდება, იწევს ტემპერატურა - მზიდან დედამიწაზე შემოსული სითბო, რომელიც ვეღარ ახერხებს უკან გასვლას“.

სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები...
ირაკლი ღარიბაშვილი

მისივე თქმით, სათბური აირები უმეტესად გამოიყოფა გაზის, ნავთობის, ქვანახშირის წვის შედეგად. შესაბამისად, სათბური აირები უფრო იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ფართომასშტაბიანი წარმოებებია: ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ევროპა და ასე შემდეგ... რაც შეეხება საქართველოს, მისი წილი ემისიების წარმოქმნაში მხოლოდ 0, 001 პროცენტია.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც აიღო თავისი წილი ვალდებულება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 15-25 პროცენტით შემცირებას გეგმავენ. პრემიერის თქმით, 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს საქართველომ და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება ამ პროცესში.

„სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა თბილისის ცენტრი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნინო ჩხობაძე
ნინო ჩხობაძე

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანადამფუძნებელი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით 1992 წელს შედგა და მას საქართველო 2 წლის შემდეგ მიუერთდა. კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა უკვე წინასწარ განაცხადეს, ვინ რამდენი პროცენტით შეამცირებს ემისიებს. სწორედ ამის გამო შეიქმნა კონფერენციის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური განწყობა, რადგან აღმოჩნდა, რომ პროცენტები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა ასახელებს, საკმარისი არ არის.

„მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ დადო თავისი დასკვნა, - იქ არსებობს სპეციალური სამეცნიერო კომიტეტი, - რომ ეს არ არის საკმარისი. საშიშროება, რომელიც დადგა დღეს მსოფლიოში, არის ის, რომ თუ ჩვენ გადავაბიჯეთ 2.5 გრადუსით ტემპერატურის მატებას, ეს გამოიწვევს ქვეყნების დაკარგვას: ქვეყნები ჩაიძირება“.

საქართველო არ წარმოქმნის გლობალურ დათბობას, მაგრამ საქართველო მსხვერპლია მისი, ისევე როგორც სხვა პატარა ქვეყნები...
მარინა შვანგირაძე

ამ ნიადაგზე პარიზში კონფერენციას თან გამოსვლებიც ერთვოდა, რასაც შეხლა-შემოხლა და აქციის მონაწილეთა დაკავებაც მოჰყვა. პარალელურად დემონსტრაციები გაიმართა სხვა დიდ ქალაქებშიც. გამომსვლელები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ დედამიწაზე კლიმატი იცვლება, და მსოფლიო ლიდერებს ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ საქართველოში კლიმატი უკვე შეიცვალა: ბოლო 25 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 პროცენტით მეტი ნალექი მოდის დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი, პირიქით, - ადრინდელზე ნაკლები.

„საქართველო არ წარმოქმნის გლობალურ დათბობას, მაგრამ საქართველო მსხვერპლია მისი, ისევე როგორც სხვა პატარა ქვეყნები“.

ნინო ჩხობაძის თქმით კი, 70-იან წლებში გაკეთდა კვლევები, რომელთა საფუძველზეც მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შედარებით დრამატული მოვლენები 2050 წლის შემდეგ განვითარდებოდა, მაგრამ ამჯერად მოვლენები იმდენად დაჩქარებულია, რომ ზუსტ ვადებს ვერავინ ასახელებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG