Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპ(ერთ)პარტიული მემკვიდრეობა და მესიანიზმი


ავტორი: ალექსანდრე მელიქიძე

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგებით, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, ხოლო ერთი წლით ადრე ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ,თავისუფალ, დემოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას პარტიამ ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", მიუხედავად ეროვნული ძალების გამარჯვებისა და ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 26 წლიანი პერიოდისა, სამწუხაროდ, მაინც ვერ მოხერხდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის, პარტსისტემის განთავისუფლება მანკიერი საბჭოური კომპარტიული წარსულისაგან.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, სახელმწიფოს სათავეში გარკვეული დროის ინტერვალში მყოფ ყველა მმართველ პარტიას უჩნდებოდა და ახლაც უჩნდება თავისი უალტერნატივობის, განსაკუთრებულის განცდა. პარტიულ აპოთეოზში მყოფ პარტელიტას აკარგვინებს რა რაციონალურად განსჯის უნარს, ერთ დროს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატისა და დიდი ნდობის მქონე პარტიები, საბოლოოდ,მარგინალურ, დესტრუქციულ ძალებად გვევლინებიან.თუმცა პრობლემის მასშტაბურობა მხოლოდ ამ საკითხით არ იფარგლება, ამას ემატება პიროვნების კულტი და მისი გარკვეული მესიანისტური, ირაციონალური შემადგენელი.

თუ დავუკვირდებით საქართველოს უახლესს პოლიტიკურ ისტორიას თვალნათლივ დავინახავთ, რომ 26 წლის განმავლობაში არსებულ პოლიტსისტემას (რომელიც საკუთრივ უცვლელია) ლაიტმოტივად გასდევს: ქარიზმატული ლიდერის, როგორც მოთხოვნა მასებიდან, ისე არსებობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პიროვნების კულტის ,,ინსტიტუციონალიზაცია" და მთელი პარტიული სისტემის ,,პერსონიფიკაცია". დღეს, ფაქტობრივად აღარავის ახსოვს მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო და მოქკავშირი, მაგრამ ახსოვთ ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე(მნიშვნელობა არ აქვს დადებით თუ უარყოფით კონტექსტში). ქარიზმატული ლიდერის პრიმატი მათივე პარტიაზე კარგად წარმოჩნდება ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე. დღესაც არიან არც თუ ისე მცირე რაოდენობით ე.წ. ,,ზვიადისტები" და ,,მიშისტები", რომლებსაც სულ არ აინტერესებთ რა იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა ორივე ლიდერი და რა მეთოდებით(კანონიერი თუ კანონგარეშე) ებრძოდნენ ოპონენტებს.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების კულტი თავისი არსით დამღუპველია პოლიტსისტემის შემდგომი პროგრესისათვის, ახდენს რა საზოგადოების პოლარიზებას, გაყოფას ,,ჩვენიანებად" და მტრებად. ქარიზმატულ ლიდერს აქვს რა პრეტენზია თავისი ,,უნივერსალობის", აპრიორი, მისი ქმედება, გადაწყვეტილება ატარებს არათუ შედარებითი, არამედ აბსოლუტური ჭეშმარიტების ხასიათს, ხოლო ნებისმიერი, თუნდაც კონსტრუქციული კრიტიკა იხშობა თავიდანვე,ამ კრიტიკის წყაროს ,,ჩარეცხილებად", ,,ხალხის" მტრებად თუ ჯაშუშებად გამოცხადების გზით.ზ.გამსახურდიასა და მ.სააკაშვილის შემთხვევებში მსგავსმა ,,აგრესიულმა" პოლიტიკამ(მტრის ხატი) მოკლევადიან პერსპექტივაში უსაზღვრო ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა მათ ხელში,თუმცა დროულად პარტიისათვის ამ ძალაუფლების დელეგირების სურვილის არ ქონამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი რეიტინგის კლების პარალელურად გამოიწვია, მათ მიერ დაფუძნებული პარტიების სიცოცხლისუუნარობა.

ე.შევარდნაძისა და ბ.ივანიშვილის შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ტიპურ ქარიზმატულ ლიდერებთან,არამედ უფრო მეტად პრაგმატიკოსებთან.მოქკავშირი არ გამოირჩეოდა მკაცრი ძალაუფლებრივი ვერტიკალით. შევარდნაძე, უფრო მეტად ირგებდა მედიატორის, მომრიგებლის როლს და იდეაში კავშირის შიგნით ყველა ინტერესს ჯგუფთან იტოვებდა მისასვლელ გზას. რომელიმე მათგანის უფრო მეტად გაძლიერების და შემდგომი გამოყოფის შემთხვევაში მას გააჩნდა ალტერნატიული ,,სვლები" და ასეც მოხდა: თუ ზ.გამსახურდიას უკომპრომისო ბრძოლა მის ოპონენტებთან დასრულდა მისი გარდაცვალებით ან მოკვლით, ამის საპირწონეთ შევარდნაძე, სამართლებრივი დევნის არ დაწყების გარანტიითა და საპრეზიდენტო რეზიდენციის უსასყიდლოდ გადაცემით გაუშვეს ,,დამსახურებულ პენსიაზე". მოქკავშირს, გარკვეულწილად ჰგავს ქართული ოცნება, რომელიც ასევე დიდად იდენტური იდეოლოგიური პლატფორმის მქონე ინდივიდებით არ არის დაკომპლექტებული, თუმცა შედარებითი მდგრადობით გამოირჩევა და ამას თავისი მიზეზები გააჩნია.

2011 წელს, ბ.ივანიშვილის გამოჩენაც მესიანისტური საბურველით იყო მოსილი, საზოგადოების უმრავლესობის მოლოდინებით, მას გარკვეული ,,მხსნელის" როლი უნდა ეტვირთა. აქამდე მოღვაწე ლიდერებისაგან განსხვავებით, ივანიშვილმა თავიდანვე მისთვის რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, ერთი მხრივ არ დაუშვა პიროვნების კულტად მისი ჩამოყალიბება და მეორე მხრივ, ჯერ კიდევ მაღალი ნდობის პირობებში დატოვა ყველა ფორმალური თანამდებობა, როგორც სამთავრობო, ისე პარტიულ დონეზე.როგორც ჩანს მან გაათვითცნობიერა მასების ქმედებების არაპროგნოზირებადობა, როდესაც ხალხს დასაწყისში აყავხარ ძალაუფლების უმაღლესს სადავეებთან და გარკვეული დროის შემდეგ იგივე მასა გაგდებს ,,პედესტალიდან". ერთ დროს გმირი, ხდები მათივე მთავარი ანტიგმირი.ამ მხრივ, ივანიშვილი პრაგმატულად მოიქცა და პოლიტიკიდან ფორმალური დისტანცირების გზით, პასუხისმგებლობა მოიხსნა მის მიერ დაფუძნებული პარტიის შემდგომ წარუმატებლობაზე. ამ შემთხვევაში ,,განტევების ვაცი" აღმოჩნდება ყოველი შემდგომი პრემიერ-მინისტრი და ასეც მოხდა, როდესაც თანამდებობიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა ერთი მხრივ, ასეთი ძალაუფლების მქონე პიროვნების გასვლა პოლიტარენიდან, მმართველ პარტიას უტოვებს უფრო მეტი მოქმედების თავისუფლებასა და თვითგანვითარების საშუალებას. აქაც ივანიშვილი ცდილობს თვით შიდაპარტიულ ,,კონგლომერატში" ჩამოაყალიბოს ,,კონსტრუქციული" ოპოზიცია, რომელიც შეძლებს ,,ნაციონალური მოძრაობის" გაქრობას პოლიტასპარეზიდან და ჩამოყალიბდება როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც ნაცებისგან განსხვავებით ითანამშრომლებს მმართველ პარტიასთან. ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს გრძელვადიან გათვლებთან გვაქვს საქმე, იმდენად რამდენადაც 2024 წელს, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობებში, ქართულ ოცნებას სერიოზულად გაუჭირდება საკმარისი ადგილების მოპოვება პარლამენტში, რაც თავის მხრივ მთავრობის დაკომპლექტებას გაართულებს. აქედან გამომდინარე ,,კონსტრუქციული" ოპოზიციის არსებობის შემთხვევაში სამთავრობო კოალიციის შექმნა შესაძლებელი გახდება, რაც თავისთავად გაახანგრძლივებს ,,ქართული ოცნების" მმართველობას.

როგორც ჩანს კომპ(ერთ)პარტიული წარსულის გადმონაშთი ისევ ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ერთი მხრივ არც არის გასაკვირვი 70 წლიანი ერთპარტიული, ,,უალტერნატივო" და ჩაკეტილი სისტემის პირობებში. ,,მამების" თაობა, რომელიც სრულად დისტანცირებული იყო პოლიტაქტივობისაგან (თუ არ ჩავთვლით კომპარტიის პროპაგანდისტულ ღონისძიებებს) არ აღმოჩნდა მზად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარებისათვის. პარტიის ,,პერსონიფიკაციასაც" საფუძველი საბჭოურ წარსულში ჩაეყარა ლენინისა და მითუმეტეს სტალინის მმართველობის ხანაში, რაც კარგად წარმოჩნდება ,,პროლეტარული პოეტების" ლექსებში ,,შენი დიდება არის სტალინი, შენი მარჯვენა არის ბერია". მეორე მხრივ, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, 90-იანებში დაწყებული პრივატიზაციის პროცესში, ერთ დროს კომპარტიის თავგამოდებული ელიტა მოგვევლინენ ახალ ბურჟუაზიად, რომლის ხელში აღმოჩნდა სერიოზული კაპიტალი. ამ პირობებში, ახალი პოლიტელიტის ჩამოუყალიბებლობის შემთხვევაში ჩვენ ისევ ვიტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ისევ აქტუალური იქნება კომპარტიული ფრაზა: ,,ვამბობთ პარტიას- ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს- ვგულისხმობთ პარტიას".

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG