Accessibility links

ახალი წელი ჩაკეტილ ახალგორში და ქართული პროდუქტები ცხინვალში


დაბა ახალგორი ახალი წლის ღამეს ჩაკეტილი იქნება. ეს ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. „ახალი წლის წინ, უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, 31 დეკემბრის დილის 7 საათიდან 2017 წლის 1 იანვრის დილამდე გამშვებ პუნქტზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება“, - ნათქვამია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ახალგორელებმა ამ ამბის შესახებ წინასწარ იცოდნენ, რადგან ყოველი დღესასწაულის წინ დე ფაქტო ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს ხოლმე. ვისაც თბილისისკენ გამგზავრება უნდა, თადარიგს წინასწარ იჭერს. დაბაში შესვლის მსურველებმაც ეს ამ საღამომდე უნდა მოახერხონ. ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეგუებულია ამ ფაქტს და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ახალგორის შესასვლელთან, ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან, რამდენიმე დღეა მანქანების რიგი შეინიშნება. თბილისიდან დაბის მიმართულებით ათეულობით ტონა პროდუქტი მოძრაობს, ახალგორიდან კი ეს პროდუქტი ცხინვალის ბაზარზე ხვდება. ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი ახალ წელს ძირითადად ქართული პროდუქტით შეხვდება.

ცხინვალში იმდენი მანდარინი შედის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას აჭარბებს და იქიდან უკვე ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებშიც ხვდება. ამ შემთხვევაში ქართულ მანდარინს უკვე ოსურ სოფლებში მოყვანილად ასაღებენ და სპეციალურ დოკუმენტაციასაც ქმნიან.

მეარაყიშვილების ოჯახისთვის ახალი წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან დაბაში ეს ოჯახი სრული შემადგენლობით შეიკრიბება. სამწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, თამარის დამ საშვი მიიღო.

დაბა ახალგორში მუდმივად მცხოვრებლებს სჯერათ და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ახალი წლის სახლში დაყენება დაბაში დიდხანს დარჩენის დაბედებას ნიშნავს, თუმცა ასეთი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG