Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი: დამოუკიდებლობა „შეუქცევადია“


კოსოვოს და ევროკავშირის დროშები
კოსოვოს და ევროკავშირის დროშები
კვირას კოსოვომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეხუთე წლისთავი იზეიმა. „ჩვენი დამოუკიდებლობა შეუქცევადიაო“, - განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა.

ეს განცხადება ატიფეტე იაჰიაგამ გააკეთა კვირას, სერბიისგან კოსოვოს გამოყოფის მეხუთე წლისთავზე, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში და დასძინა, „კოსოვოს რესპუბლიკის არსებობა წარმოადგენს რეალობას, რომლის უარყოფა შეუძლებელიაო“.

მოგვიანებით, ნატოს მიერ გაწვრთნილი კოსოვოს უშიშროების ძალების აღლუმზე მისულმა პრეზიდენტმა თქვა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მკაფიო მიზნად რჩებაო:

„კოსოვოს რესპუბლიკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგოინალური კავშირების განვითარების საქმეში და მას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მკაფიო მიზანი ამოძრავებს. ჩვენ, კოსოვოს ხალხმა, ისტორიაში ახალი ეტაპი დავიწყეთ - მშვიდობის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის ეტაპი“.

ამავე აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თქვა, კოსოვოს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელიო:

„ვიცი, რომ ჩვენი ახალი ქვეყნის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატება თვალშისაცემია. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ამას ერთიანი ძალებით მივაღწიეთ. თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრად უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი“.
ბედნიერი ვარ. ამ დღეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ყოველ წელს განსაკუთრებულად ემოციური ვარ ხოლმე...
სკენდერ აჰმეტი

კვირას გამართული საზეიმო ღონისძიებები მოიცავდა პარლამენტის საგანგებო სხდომას და პრიშტინის მთავარ მოედანზე გამართულ კონცერტს. დამოუკიდებლობის მეხუთე წლისთავის აღნიშვნა საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

პრიშტინის ქუჩებში ბევრი მოქალაქე იყო გამოსული. მათ შორის იყო კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი წევრი, სკენდერ აჰმეტი:

„ბედნიერი ვარ. ამ დღეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ყოველ წელს განსაკუთრებულად ემოციური ვარ ხოლმე. ყველა მოლოდინი არ აგვიხდა, მაგრამ ეს არაფერია. თუკი გავიხსენებთ, როგორ ვიყავით 13 წლის წინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე ოცნების ახდენასთან გვაქვს“.

2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვო 100-მდე ქვეყანამ აღიარა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ათი წლით ადრე - 1998-1999 წლეში - კოსოვოში ომი იყო, რომელიც სერბიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის ძალების წინააღმდეგ ნატოს საჰაერო თავდასხმებით დასრულდა.
ყოველდღიურად ვშიშობთ, რა დაგვემართება. ეს პრობლემა ყოველდღე იჩენს თავს, რადგან ჩვენ არ მოგვწონს დამოუკიდებელ კოსოვოში ცხოვრება...
ტანია იაკსიჩი

ბელგრადი კოსოვოს კვლავ თავის სამხრეთულ პროვინციად აღიქვამს, თუმცა 2011 წლის მარტში ევროკავშირის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად ურთიერთობაში მნიშვნელოვანი დათბობა შეინიშნება. 6 თებერვალს ბრიუსელში ორი პრეზიდენტის პირველი შეხვედრა მოეწყო.

სერბიის ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია პრიშტინასთან კავშირების გაუმჯობესებაზე. ასეთ ფონზე, გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა მიანიშნა, რომ ბელგრადმა შეიძლება შეწყვიტოს წინააღმდეგობის გაწევა კოსოვოს გაეროში გაწევრიანების პროცესისთვის.

თუმცა დაჩიჩმა იქვე დასძინა, დიალოგის ყველაზე რთული ფაზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვსო. მას მხედველობაში ჰქონდა სერბი უმცირესობის ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკება პრიშტინასთან. ბელგრადი იმედოვნებს, რომ 120,000-მდე სერბს, რომლებიც უარს აცხადებენ ეთნიკური ალბანელი მთავრობის აღიარებაზე, გარკვეული ფორმით ავტონომიას მიანიჭებენ.

მიტროვოცის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები სერბი ქალი, ტანია იაკსიჩი, ამბობს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამ რეგიონის სერბებს არასტაბილური გარემო აშინებს:

„ყოველდღიურად ვშიშობთ, რა დაგვემართება. ეს პრობლემა ყოველდღე იჩენს თავს, რადგან ჩვენ არ მოგვწონს დამოუკიდებელ კოსოვოში ცხოვრება. პირად დონეზე, მეზობლებთან პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე დიახ, ეს პრობლემაა“.

ამასთან, კოსოვოს მცხოვრებთ დიდ ტვირთად აწევთ გაჭირვება და სიღარიბე. ახალ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება მძიმეა - კოსოვოს 1,8 მილიონი მოსახლის მესამედზე მეტს დღეში ერთ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.
XS
SM
MD
LG