Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული წლის კულტურული ცხოვრება


რომეო პლუს ჯულიეტა - ბედისწერა დაბნეულია”, აფიშა
რომეო პლუს ჯულიეტა - ბედისწერა დაბნეულია”, აფიშა
გასული წლის კულტურული ცხოვრება, წინა წლებთან შედარებით, პირველ რიგში, ექსპერიმენტული ხელოვნების ხარჯზე გამოცოცხლდა.

მაშ ასე, გიგი უგულავას თქმით, საახალწლო კონცერტი თბილისში არ გაიმართება. სავარაუდოდ, 2013 წელს აღარც უცხოელი მეგავარსკვლავები ჩამოვლენ. ყოველ შემთხვევაში, მათ აღარ ჩამოიყვანს ხელისუფლება და ახლა ბიზნესსექტორს მოუხდება უფრო აქტიურად ჩაერთოს შოუბიზნესში, გამონახოს თანხა ისეთი ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, როგორებიც თუნდაც ხულიო იგლესიასი და შარლ აზნავური არიან - მომღერლები, რომლებიც 2012 წელს ეწვივნენ საქართველოს.

თბილისის მერის განცხადებით, მოსახლეობის ერთი ნაწილი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ”ღია კონცერტს” ტაშ-ფანდურს უწოდებდა. ძნელია იმის თქმა, მოსახლეობის რომელ ნაწილს გულისხმობს მერი - და თუ ეს, მართლაც, უმრავლესობის პოზიციაა, ჩნდება იმედი, რომ მომავალში ძვირად ღირებულ მასკულტურას უფრო იაფი, მაგრამ ხარისხიანი და, რაც მთავარია, სიახლით გამორჩეული ხელოვნება დაუპირისპირდეს, ანდა ხელისუფლებამ გამოძებნოს თანხები არა ტაშ-ფანდურის, არამედ ექსპერიმენტის, სიახლის დასახმარებლად.

არ არის გამორიცხული, რომ ამ ”ტაშ-ფანდურის მიმართ ქილიკმა” შეუწყო ხელი სწორედ 2012 წელს კულტურული ცხოვრების აფიშის სიჭრელეს და მრავალფეროვნებას. მოთხოვნილება განსხვავებულზე აშკარად გაიზარდა, განსაკუთრებით თეატრსა და კინოში. თანაც, ეს მოთხოვნილება უკვე წლის დასაწყისში გამოჩნდა ”თეატრალურ ანშლაგებში”, მაგალითად, ქართულ-ბრიტანულ თეატრალურ პროექტში ”შეხება”, რომელიც წლის დასაწყისში განხორციელდა რუსთაველისა და ლონდონის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.

წლის დასაწყისშივე თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში გაიმართა პრემიერა მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლისა ”რომეო პლუს ჯულიეტა - ბედისწერა დაბნეულია”, რომელიც ბოლო დროის ქართული თეატრალური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება შევაფასოთ. მერე რა, რომ დამოკიდებულება მარმარინოსის ესთეტიკის მიმართ განსხვავებულია და ყველას არ მოსწონს. სამაგიეროდ, ეს ესთეტიკა განსხვავებულია დღევანდელ ქართულ თეატრში: ოთხი საათი გრძელდება წარმოდგენა, მაყურებელი იღლება, მაგრამ მაინც ვერ სწყდება სცენას, რომელიც, თავის მხრივ, დარბაზშია შეჭრილი - დარბაზი, ფაქტობრივად, სცენაა.

სხვათა შორის, ფიზიკური დაღლა, მაყურებელზე ზემოქმედების ეს ფორმა, რომელსაც, თუ გნებავთ, “ძალადობა” დაარქვით, მარმარინოსის ხელწერის ნაწილია: “რომეო და ჯულიეტაში” იღლება, პირველ რიგში, მსახიობი - მაგალითად, მას უხდება დაიტენოს საჭმლით პირი და ასე წაიკითხოს მონოლოგი, ანდა მიიღოს მონოლოგისთვის სრულიად უხერხული პოზა და ისე თქვას სათქმელი... ირბინოს, იტრიალოს სცენაზე, გავიდეს დარბაზიდან, შეუერთდეს მაყურებელს, დაელაპარაკოს მაყურებელს... ძალიან ძნელია მარმარინოსთან თამაში, მაგრამ უნდა ითამაშოს ყველამ - უფრო სწორად, იცხოვროს, გამოფხიზლდეს და იაზროვნოს.

თუმცა ერთია ფორმალური ძიებები და ექპერიმენტები და მეორეა თეატრალური ხელოვნების უფრო აქტიური ჩართვა ცხოვრებაში, თუ გნებავთ, პოლიტიკური თეატრის როლის გაზრდა. 2012 წელს ამ მხრივაც იყო მიღწევები. სამეფო უბნის თეატრში, მაგალითად, დაიდგა რაინერ ვერნერ ფასბინდერის ”კაცელმახერი”
(დავით გაბუნიას თარგმნილი პიესა ახალგაზრდა რეჟისორმა, მიხეილ ჩარკვიანმა დადგა). ეს სპექტაკლი ერთგვარი ბიძგია მიგრაციისა და უცხოს მიმართ აგრესიის პრობლემაზე მსჯელობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე მძაფრად ეს პრობლემა ქართულ თეატრში აქამდე არ წარმოჩენილა... დრომ გვიჩვენა, რაოდენ აქტუალურია ეს პრობლემა.
ოპტიმიზმი... როგორი ტრაგიკულიც უნდა ყოფილიყო ეს ეპოქა, ყველას რაღაცის სჯეროდა... ისევე როგორც 10-იანი წლების მოდერნიზმსა და ავანგარდში, იგივე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის შემოქმედება ...
ნანა ყიფიანი

2012 წლის ქართული ხელოვნება უფრო სოციალური გახდა. არა მარტო ქართული თეატრი, კინოც. წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, რუსუდან ჭყონიას ფილმი ”გაიღიმეთ”, რომლის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო დეკემბერში და რომელსაც საქართველო წარადგენს ამერიკული ”ოსკარის” მოსაპოვებლად, ამის შესანიშნავი მაგალითია. რუსუდან ჭყონიას ფილმი უკვე დაჯილდოვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფესტივალის პრიზით, ფილმი ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმაც - ამბავი ქალებზე, რომლებიც იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საკმაოდ უხამს სატელევიზიო შოუში იმ იმედით, რომ გამარჯვების შემთხვევაში თავიანთი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებენ, იმდენად მოეწონა პუბლიკას, რომ აშკარა გახდა, ასეთი კინოს დეფიციტი იყო ჩვენში და ასეთი კინოს მოლოდინიც დიდი იყო.

თბილისის კინოფესტივალი, ისევე როგორც თეატრალური ფესტივალი, წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. როგორც კინო, ასევე თეატრალური ფესტივალი მაყურებლით სავსე დარბაზებში ჩატარდა. კინოფესტივალის ასეთი წარმატება, როგორც ჩანს, კარგ პროგრამასთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ ბილეთი სეანსებზე მხოლოდ 2 ლარი ღირდა... ცხადია, მედიამაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი - ორივე ფესტივალს კარგი რეკლამა ჰქონდა.

არად, მედია ქართული კულტურისთვის ისევ პრობლემაა. კულტურის აფიშა ან ცუდად, ან საერთოდ არ შუქდება ტელევიზიებში. ახალი სახელების, ექსპერიმენტების მიმართ მედია გულგრილია, რაც ზრდის დისტანციას ექსპერიმენტულ ხელოვნებასა და პუბლიკას შორის. გასულ წელს მედიის ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა - მაგალითად, ქართველი კომპოზიტორის, ნინო ჯანჯღავას დისკი ”ბგერა, სივრცე, დრო”, რომლის პრეზენტაცია ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური მუსიკის ცენტრში მოეწყო და რომელიც ჩვენმა რადიომ გააცნო მსმენელს.

2012 წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არაკომერციული ხელოვნება მაშინ, როცა მას საინტერესოდ წარადგენ, როცა ორიგინალურად მიაწვდი მაყურებელს თუ მსმენელს, გასაგები და საინტერესო ხდება იმისთვისაც კი, ვინც ხელოვნების ნიუანსებში განსაკუთრებით კარგად ვერ ერკვევა. ამის მაგალითია სექტემბერში ეროვნულ გალერეაში მოწყობილი გამოფენა - 80-90-იანი წლების ქართული მხატვრობა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა ასე დაახასიათა:

”ოპტიმიზმი... როგორი ტრაგიკულიც უნდა ყოფილიყო ეს ეპოქა, ყველას რაღაცის სჯეროდა... ისევე როგორც 10-იანი წლების მოდერნიზმსა და ავანგარდში, იგივე ზდანევიჩისა და დავით კაკაბაძის შემოქმედება. ეს დრო მინდა დავაკავშირო ერთმანეთთან, რადგან ყველაზე დინამიკური ეპოქებია... იქაც ოპტიმიზმი იყო და აქაც იყო რაღაც მოლოდინი”.

იმხანად, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, როცა ქვეყანა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა, ოპტიმიზმი შეინიშნებოდა ხელოვნებაში, რასაც ვერ ვიტყვით 2012 წლის ქართულ კულტურაზე. უფრო მეტიც, წლის ბოლოს ”ტაშ-ფანდურზეც” კი უარი ითქვა... შეიცვლება თუ არა კულტურაში ხელოვნური ოპტიმიზმი რეალური გრძნობებით, ამას სულ მალე, 2013 წლის დასაწყისშივე, შევიტყობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG