Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რეგიონალური მედია საჯარო ინფორმაციის მოპოვების სიძნელესა და ფინანსურ პრობლემებზე ჩივის


იმერეთის რეგიონში 5 ტელეკომპანია და სამი რადიო მაუწყებლობს, გამოიცემა 10-მდე გაზეთი და ამდენივე საინფორმაციო ვებგვერდი ფუნქციონირებს. ქუთაისში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლები მედიაპლურალისტული გარემოს არსებობაზე საუბრობენ. მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი სახის ზეწოლას არ განიცდიან, თუმცა მათი ნაწილი ინფორმაციის მოპოვებისას შექმნილ პრობლემებს უჩივის.

„ქუთაისიპოსტი“ ერთ-ერთი საინფორმაციო ვებსაიტია, რომელიც ერთი წელია, რაც შეიქმნა და მომხმარებელს ქუთაისიდან და იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან აწვდის როგორც ტექსტურ, ასევე მულტიმედიამასალას. გამოცემის რედაქტორის თეა ზიბზიბაძის თქმით, პირდაპირი ზეწოლა ან საქმიანობაში ჩარევა ადგილობრივ თვითმმართველობათა წარმომადგენლებისგან არ მომხდარა, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელია საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით მიღება.

ქუთაისში 14 წელია გამოდის გაზეთი „ახალი გაზეთი“, რომლის ბაზაზეც სამი წლის წინ საინფორმაციო ვებსაიტი „ნიუპრესჯი“ შეიქმნა. ირინე მაკარიძე, რომელიც 1 წელია გაზეთისა და საინფორმაციო ვებსაიტის რედაქტორია, ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სარედაქციო მუშაობაში არავინ ჩარეულა.

მედიაპლურალისტულ გარემოზე საუბრისას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევას ასახელებს ტელე-რადიოკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე. თამარ ღვინიანიძის თქმით, კვლევის მიხედვით, ქუთაისში გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის ნახევარი ადგილობრივ ტელევიზიასა და რადიოს საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. თამარ ღვინიანიძისავე განცხადებით, ქუთაისის მერიისა და საკრებულოს და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებიდან ჟურნალისტები ინფორმაციას დროულად იღებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან რაიმე სახის ზეწოლას ან საქმიანობაში ჩარევას ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი მაუწყებლის ფუნქციონირების ხელშემშლელ ფაქტორად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, სარეკლამო დაკვეთების კლების შედეგად წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ტელეკომპანია „რიონი“ 26 წელია მაუწყებლობს, რადიო „რიონი“ კი - 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG