Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, საქართველო და ფიქრი მთავრობის შემადგენლობაზე


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

გასულ კვირაში ამერიკამ რიგით 45-ე პრეზიდენტი აირჩია - რესპუბლიკელი მილიარდერი, 70 წლის დონალდ ტრამპი. ცხადია, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ეს მოვლენა და არც ის არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ხომ არ შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მისი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის, მხრიდან. ამგვარი კითხვის მიზეზად კი იქცა ტრამპის განცხადებები, მაგალითად, რომ რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. გარდა ამისა, ცნობილია მისი სკეპტიკური განწყობები ნატოს როლის მიმართ და ა. შ., თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრამპის გამარჯვების შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, რის საფუძველსაც, მათი განცხადებით, იძლევა ამერიკისა და საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა. ამგვარი განცხადება გააკეთა 9 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც:

ჩვენ გვაქვს აშშ-ის ორივე პარტიის - ორპარტიული - მხარდაჭერა, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახან, სექტემბერში, როდესაც ამერიკის კონგრესმა ერთსულოვნად მიიღო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და, შესაბამისად, ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი, რა თქმა უნდა, იქნება ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“.

ტრამპის გამარჯვებით რუსეთი რომ კმაყოფილი დარჩებოდა, ამაში დარწმუნებული იყო პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ახლებური ურთიერთობის ფონზე საქართველოს ინტერესებიც დაზარალდეს:

მე მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება რუსეთთან უფრო მეტად დაახლოება. კი ბატონო, საქართველოსთან შენარჩუნდება ურთიერთობები, მაგრამ შესაძლებელია, რომ რუსეთის გარკვეულ ქმედებებზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს, მათ შორის, იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში - მათ შორის, საქართველოს მიმართ... და ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაკლებად აქტიური იყოს საქართველოსთან მიმართებაში“.

გასული კვირის ერთ-ერთ გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენად იქცა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის ფაქტი. 7 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა კორუფციისგან გაათავისუფლოს:

„მე გადავწყვიტე გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. მე არ ჩამოვუშვებ ხელებს და არ დავიღლები, არც იოცნებონ, რომ თავიდან მომიშორებენ! მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც მანამ მიდის წინ, სანამ შეუძლია, მიდის იქამდე, რამდენიც საჭიროა სრულ გამარჯვებამდე, რომ უკრაინა გათავისუფლდეს ამ კორუფციული ჭუჭყისგან, რომელმაც უღალატა უკრაინის რევოლუციის იდეას და რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი ჯიბეების გასქელება და საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოოდ გაძარცვაა. ვერ მოესწრებით!“

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოდესის ოლქში პრეზიდენტი ორ კლანს პირადად უჭერს მხარს. მისი თქმით, ეს არის „ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მკვლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი“.

სააკაშვილის პოსტიდან წასვლას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის სახით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოვა.

​„სააკაშვილის პოსტიდან წასვლა გარდაუვალი იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ.

ჩემი აზრით, მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მისი პარტიის მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან სააკაშვილს მაინც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცემოდა. ახლა კი მას უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაღა რჩება, ამისათვის კი მას მეტი თავისუფლება სჭირდება. როგორც პრაქტიკამაც აჩვენა, სააკაშვილის რეიტინგი მატულობს, როცა ის ვიღაცას აკრიტიკებს ხელისუფლებაში და, როგორც ჩანს, ახლა მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი პრეზიდენტი პოროშენკო იქნება“.

ფესენკოს თქმით, უკრაინაში იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელშიც სხვებთან ერთად დავით საყვარელიძეც არის, თუმცა რადგან ჯერჯერობით ამ პარტიას არა აქვს რეიტინგი, მათ ძალიან სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად. შესაძლოა, სააკაშვილის გადადგომა სწორედ ამ პარტიის ლიდერად მოვლინებას უკავშირდებოდეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე საზოგადოება, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები ფიქრობენ და კითხულობენ, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებს. ამ კითხვებს ამომწურავად პასუხი გაეცემა 19 ნოემბრის შემდეგ, როცა შეიკრიბება საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ახალარჩეულ დეპუტატებს მოუწევთ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში ნდობის გამოსაცხადებლად კენჭი უყარონ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. თუმცა, როგორც გასულ კვირაში მმართველი პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უკვე ცნობილია იმ მინისტრების ვინაობა, რომლებიც ახალ მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილნი.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რის შესახებაც განცხადება გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. მიუხედავად იმისა, რომ ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე კვირაზე მეტია დარჩენილი, ცნობილია მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაც - ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობას კვლავ გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. ვიდრე ოფიციალურად გახდება ცნობილი, პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცვლილება შეეხება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, რის საფუძველსაც იძლევა ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორში შექმნილი პრობლემები. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ცვლილებათა ტალღაში, დიდი ალბათობით, მოყვება ფინანსთა მინისტრი:

გარდა იმისა, რომ დიდი ხანია მინისტრის თანამდებობაზე, ასევე ყველაზეუპატრონომინისტრია მინისტრთა კაბინეტში. ვგულისხმობ მხარდაჭერას გინდა პარლამენტიდან და გნებავთ სხვა პერსონებიდან. თანაც, დოლართან მიმართებით ლარი ისევ გაუფასურდა, ეკონომიკური ვითარებაც მაინცდამაინც სახარბიელო ვერ არის და ეს ცვლილება იქნება ერთ-ერთი შეთავაზება მოსახლეობისათვის, რომ, აი, ხვალიდან ვიწყებთ ახალი გუნდით და ახალი შემადგენლობით მუშაობას და ვიქნებით უფრო მობილიზებული და მიმართული იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ქვეყანას აწუხებს. ძირითადად ეს არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი შენიშნავს, რომ უკანა პლანზე გადასწიეს გამოცდილი დეპუტატები, თუმცა ისინი მმართველობაში მაინც დარჩნენ.

გასულ კვირაში ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა მორიგი შეხვედრა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში. შეხვედრაზე განიხილეს 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. 11 ნოემბრის შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ ზაზა წულუკია, რომლის ბედიც 2012 წლიდან გაურკვეველი იყო, გარდაცვლილია. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე მას განუმარტეს, რომ წულუკიამ „წინა წლებში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ის დაკრძალულია სოხუმში.

შეხვედრა გალში
შეხვედრა გალში

რადიო თავისუფლების კითხვაზე, განიხილეს თუ არა დრანდის ციხეში მყოფი კიდევ ერთი პატიმრის, გიორგი ლუკავას, საკითხი, მან განმარტა, რომ ამჯერად ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. გიორგი ლუკავას დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს მიერ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გასულ ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, საქართველოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის სახელით, ყველა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ადამიანის ხსოვნის დღე აღნიშნეს. 2014 წელს სწორედ ამ დღეს მოკლეს და შემდეგ დაწვეს საბი ბერიანი. 2015 წელს საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, 2016 წელს კი ყელი გამოსჭრეს ტრანსგენდერ ქალ ზიზის, რომლის მდგომარეობაც დღემდე უკიდურესად მძიმეა.

როგორც „ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ კიდევ ერთხელ სურთ საზოგადოებას შეახსენონ, რომ საბი ბერიანის მკვლელი სათანადოდ არ დასჯილა, ხოლო ტრანსგენდერ ადამიანებს ისევ არ შეუძლიათ საკუთარ პირადობის მოწმობებსა თუ პასპორტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა, რაც მათ ცხოვრებას აუტანლად მძიმეს ხდის. ლევანმა აღნიშნა, რომ ეს არის არა, უბრალოდ, ყველაზე დაუცველი ადამიანების ჯგუფი, არამედ ხალხი, ვინც მართლა თავის გადასარჩენად იბრძვის.

10 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალურ დღეს, ლგბტ აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ საკუთარი პროტესტის გამოხატვა მარტომ გადაწყვიტა. ის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დადგა პლაკატით ხელში და ამით თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საჯარო შეკრება საკუთარი უფლებების დასაცავად სწორედ იმ ადგილას გაიმართოს, სადაც ამ პროტესტს დაინახავენ და აღიქვამენ.

12 ნოემბერს, დილით, ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე, რომლის უსაფრთხოებასაც იცავენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები, აფეთქება მოხდა. ე. წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG