Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლიანი კვირა და ოკუპაცია


"თავისუფალი დემოკრატების" საპროტესტო აქცია პროკურატურასთან
"თავისუფალი დემოკრატების" საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

გასული კვირა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახმაურებულ „კაბელების საქმეზე“. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ხუთივე ბრალდებულს - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს, რომლებსაც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. გამოძიების მტკიცებით, დანაშაული ჩადენილი იქნა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, თუმცა თავად ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ე. წ. „კაბელების საქმითა“ და სამინისტროს თანამშრომლების დაპატიმრებით ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა პროკურატურამ პირადად მას და მის პარტიას დაარტყა:

„ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი რომ გამოვიდეს ციხიდან, მზად ვარ მე ჩავჯდე ციხეში, თუკი ეს დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ შემიძლია ნამდვილად დავპირდე ივანიშვილს და მის მართულ პროკურატურას, რომ, საზოგადოებასთან ერთად, ამ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობრივად იყენებს პროკურატურას, ოქტომბრის არჩევნებით გავისტუმრებთ“.

ირაკლი ალასანიას თქმით, პროკურატურის ტენდენციურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ რეალურად თანხა, რომლის გაფლანგვის ბრალდებით სასჯელს იხდის ხუთი ოფიცერი, არც კი დახარჯულა, რადგანაც თანხაზე არსებობს საბანკო გარანტია და მისი დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პასუხად მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ პროკურატურა სასამართლო პროცესზეც და გამოძიების მსვლელობის დროსაც ხელმძღვანელობდა მხოლოდ ფაქტებით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, როგორც ამას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი პარტიის წევრები ამტკიცებენ:

„რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობაზე და უკანონობაზე, როდესაც ეს განაჩენი თვალით არავის არ უნახავს? ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესისა და პროკურატურის დისკრედიტაცია“.

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება ასევე მიმართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, რომელსაც იურისტთა ერთმა ჯგუფმა მიმართა და არსებული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სარჩელის ავტორის, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მიღებული საარჩევნო სისტემა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ამომრჩევლის ხმა მანდატებში არ აისახება:

„ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ხმების 49 %-ს ფლანგავს, ჰაერში გაისვრის და გამოდის, რომ 49 % წარმომადგენლობის გარეშე რჩება - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი - და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-მა პროცენტმა არ უნდა წაიღოს გამარჯვების 100 პროცენტი. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, სადაც შემცირდება ჰაერში გასროლილი ხმების ეფექტი“.

გასულ კვირაში თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ბედზეც იმსჯელეს. საქმე ისაა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 20 მაისს ვენეციის კომისიას გაუგზავნა. სამართლის ევროპული კომისიის შეფასებებს განსაკუთრებული ინტერესით ელის პრეზიდენტი, რომელსაც, პროცედურის თანახმად, ათდღიანი ვადა აქვს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისათვის. უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ვენეციის კომისიაც ჩაეტევა, რათა თავისი დასკვნით პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს:

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგზავნის ვენეციის კომისია თავის დასკვნას აღნიშულ კანონთან დაკავშირებით და, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით, მოაწეროს მას ხელი თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს, აუცილებლად, როგორც ითქვა, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან“.

ასფალტზე სტენსილების დახატვისათვის 10 აქტივისტის დაკავებით დაიწყო 17 მაისი -ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. აქტივისტების დაკავებას მალევე მოჰყვა საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც თავი მოიყარეს ლგბტ თემის წევრებმა, ფემინისტებმა და, უბრალოდ, დაკავებულების მეგობრებმა. აქციის მონაწილეთა შორის იყო ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი, სოფო ტაბატაძე:

„2013 წელს, 17 მაისს, 30 აქტივისტს მოსაკლავად დასდევდა სამღვდელოება და არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დღეს სასტუმრო „რედისონსა“ და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფაშისტური ძალები არიან შეკრებილი, ლევან ვასაძის მეთაურობით, და აფრქვევენ თავიანთ აზრებს. ამას ესწრება პატრიარქი და სამღვდელოება და არავინ არავის არაფერს უშლის, არც მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ჩვენ კი უსაფრთხოების გარანტიაც კი ვერ მოგვცა პოლიციამ, რომ საჯაროდ, ღია სივრცეში, არაპარტიზანულად ჩაგვეტარებინა აქცია“.

გასულ კვირაში საფუძველი ჩაეყარა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გამტარიანობის ახალ, ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP-ის) მშენებლობას: საბერძნეთში, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე ჩაიდო პირველი მილი. საზეიმო ღონისძიებაში, პროექტში ჩართული სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

TAP-ის მშენებლობა
TAP-ის მშენებლობა

"თავის მარშრუტზე ტრანსადრიატიკის გაზსადენი შეძლებს უზრუნველყოს არაერთი უკვე არსებული და დაგეგმილი მილსადენის შეერთება, რათა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ენერგორესურსების ბევრი სხვადასხვანაირი ბაზარი. ეს შესაძლებელს გახდის კასპიის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი ევროპისთვის. ამავე დროს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სამხრეთის გაზის დერეფნის კიდევ უფრო გასაფართოებლად და, სამომავლოდ, რესურსების მოსაზიდად თურქმენეთიდან და რეგიონში სხვა მიმწოდებლებისგან“.

მილსადენით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო, ტრანზიტის საფასურად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყებას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი, რომლის გათვლებით, TAP-ის პროექტის განხორციელებით საქართველოში შემოვა 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკონომიკური თვალსაზრისით – იმდენად, რამდენადაც ეს იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

გასული კვირის მიწურულს მკვლელობა მოხდა ზუგდიდისა და გალის რაიონების გამყოფ ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია:

რუსი მესაზღვრეების პოსტი ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან
რუსი მესაზღვრეების პოსტი ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მომხდარი საზარელი დანაშაული გამო. ასევე, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საქართველოს შს სამინისტრო იძიებს ამ საქმეს, დადგენილი გვყავს მკველობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და უახლოეს ხანში მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ შეიტყობს საზოგადოება“.

მკვლელობა 19 მაისს, 15:00 საათისთვის, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ნაბაკევის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელმაც მკვლელობის მიზეზის შესახებ ილაპარაკა:

„ახლო ნათესავი ჰყოლია გარდაცვლილი და რაღაც პროდუქტების შეტანა უნდოდა. ამ საკითხზე ვერ მორიგდნენ, ეტყობა, და უკან გამობრუნებისას უკან გამოედევნა თურმე ეს აფხაზი და ეგრევე სამჯერ ესროლა. ეს მოხდა ძალიან სწრაფად“.

მომხდარის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მათ შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. სატელეფონო საუბარი შედგა ასევე ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის. საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ასევე განცხადება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებულ „საგანგაშო ვითარებას“, მომხდართან დაკავშირებით კი სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG