Accessibility links

კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციები დახურულია. მიზეზი დაფინანსების შეჩერებაა. პარტიაში ირწმუნებიან, რომ რეგიონალური ორგანიზაცია მხოლოდ რამდენიმე პირმა დატოვა. ჯერჯერობით არ დაშლილა საკრებულოებში შექმნილი ფრაქციები.

უკვე რამდენიმე დღეა, ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის კარი დაკეტილია. ამის მიზეზი დაფინანსების შეჩერებაა. როგორც ორგანიზაციის ადგილობრივი ხელმძღვანელი გურამ კაკალაშვილი გვეუბნება, რეგიონებში ოფისების შესანახად გამოყოფილი ფინანსები იმ ჯგუფმა წაიღო, რომელმაც პარტია დატოვა. კაკალაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაშ“ დარჩა და ამბობს, რომ ლიდერების გასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი გურამ კაკალაშვილი რადიკალური შეფასებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას არ სჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების მოსყიდვის ამბავი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა ევა ლომთაძე, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია. მართალია, საკრებულოში ამ პარტიიდან სულ ორი დეპუტატია და მათ ფრაქცია არ აქვთ, მაგრამ ამბობს, რომ რჩება იმ მოძრაობაში, რომლის იდეებსა და მიზნებს სრულად იზიარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში ირწმუნებიან, რომ პარტია მხოლოდ ერთეულმა პირებმა დატოვეს. მათ შორის არიან გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი. იმის დასადგენად, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაცია, გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებას შევეცადეთ, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ორი დღის განმავლობაში არ უპასუხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციები ამჟამად დახურულია. როგორც პარტიაში ამბობენ, მუშაობას 20 იანვრის ყრილობის შემდეგ გააგრძელებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG