რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თეირანში 19 ოქტომბერს ჩავიდა თავის ირანელ კოლეგასთან, აბას არაყჩისთან მოლაპარაკებებისთვის და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შესახვედრად.
კითხვები ხმამაღლა ისმის: რა მხარდაჭერას უწევს - ასეთის არსებობის შემთხვევაში - მოსკოვი ირანს აშშ-სთან ომში?
ლავროვი ირანის დედაქალაქში გაემგზავრა პირდაპირ მანამიდან, სადაც სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას დაესწრო. ყურის ქვეყნებმა მოსკოვს მოუწოდეს, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ზეწოლა მოახდინოს თეირანზე, მეზობლებზე თავდასხმების შეჩერების მიზნით.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი შეთანხმებების მსვლელობის თვალყურის დევნება იყო. მოსკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანი იყო მსჯელობა რეგიონულ კრიზისზე - რომელშიც იგი ბრალს აშშ-სა და ისრაელს სდებს, - ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო პროექტებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ თვის დასაწყისში ფეზეშქიანს განუცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო, წვლილი შეეტანა საშუამავლო ძალისხმევაში, რათა ხელი შეეწყო ომის დასრულებისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლავროვი ასევე შეხვდა ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მოჰსენ რეზაის. მოლაპარაკებები მასში ზოგადი სიტყვებით იყო აღწერილი და მცირე დეტალებს შეიცავს.
შეხვედრები ჩატარდა „ტრადიციულად კონსტრუქციულ სულკვეთებით “ და ხაზი გაესვა „ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას“, — ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნული იყო „ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში, ასევე სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა“, ხოლო ლავროვმა „კვლავ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა“, ხელი შეუწყოს ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების — ანუ ომის — მოგვარებას.
რუსულ განცხადებაში არაფერი ყოფილა ნათქვამი სამხედრო ან სადაზვერვო თანამშრომლობაზე, მაგრამ ის, რაც გამოცხადებულ დღის წესრიგში არ არის შეტანილი, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან თითქმის რვა თვის განმავლობაში ომის შემდეგ, ნელ-ნელა მწიფდებოდა კითხვები იმის შესახებ, როგორ მხარდაჭერას იღებს ირანი რუსეთისგან — რომელიც პირდაპირ არასდროს ჩართულა ომში — და რა ფორმით.
ეს კითხვები მწვავედ გაისმა 18 ოქტომბერს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რუსეთი აკეთებს „ძალიან ცოტას, თუ საერთოდ აკეთებს ამას, ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად“ იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო.
ტრამპმა მანამდე, კვირის დასაწყისში, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ სჯეროდა, თითქოს მოსკოვი ან პეკინი ირანს „საერთოდ“ ეხმარებოდნენ.
„თუ ეხმარებიან, ეს ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ საერთოდ არ მჯერა, რომ ეხმარებიან. მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი და ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით, თანაც ძალიან სწრაფად გავიგებდით“, — დაწერა ტრამპმა.
ტრამპის 18 ოქტომბრის კომენტარი გაკეთდა, როგორც გამართლება იმისა, რატომ შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ფართო სანქციების დაწესება. მან განაცხადა, რომ ამას შეეძლო კრემლი უკრაინაში ომის დასასრულებლად წარმოებული მოლაპარაკებებს ჩამოეშორებინა.
ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახან შეაჩერა სანქციები რუსული დიზელის ექსპორტზე, რაც აშშ-ში ორივე პარტიის მხრიდან დაგმეს. ამ გადაწყვეტილებამ ასევე აღაშფოთა უკრაინა და მისი მრავალი საერთაშორისო პარტნიორი.
„რუსეთის მხარდაჭერა იყო“
ჰამიდრეზა აზიზიმ, ბელგიაში მოქმედი „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ირანის საკითხთა უფროსმა ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლეა, თითქოს მოსკოვმა თავი შეიკავა მძიმე შეიარაღების მიწოდებისგან და Su-35 ტიპის გამანადგურებლების შეთანხმებები შეჩერდა, რუსეთმა ირანს მაინც მიაწოდა სამხედრო დაზვერვის მონაცემები, რამაც შესაძლებელი გახადა „აშშ-ის ბაზებზე ზუსტი დარტყმების განხორციელება“. აზიზის თანახმად, ასევე გაგრძელებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მეშვეობით, რუსეთმა ხელი შეუწყო ირანული წარმოების სისტემების, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონების გაუმჯობესებას.
„ასე რომ, მართლაც გააჩნია, თუ როგორ განსაზღვრავთ მხარდაჭერას, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერა იყო და მას ხელშესახები გავლენა ჰქონდა“, — განაცხადა აზიზიმ.
რამდენიმე ანალიტიკოსი მიუთითებს ერთ ინციდენტზე, რომელიც, მათი თქმით, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის მხარდაჭერა ირანისთვის.
მარტში ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთში მდებარე "პრინც სულთანის ავიაბაზაზე", რის შედეგადაც 12 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის უჩვეულო სიზუსტე, სავარაუდოდ, რუსულმა დაზვერვამ განაპირობა. შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ დარტყმამდე ორი დღით ადრე ბაზას რუსულმა 14-მა ჯაშუშურმა თანამგზავრმა გადაუარა. მოგვიანებით აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასკვნეს, რომ მოსკოვისგან მიღებულმა ინფორმაციამ გახადა შესაძლებელი ეს ზუსტი თავდასხმა.
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, რადგან არ იყო უფლებამოსილი გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ირანისადმი რუსეთის დახმარება ყოველთვის შეზღუდული იყო, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომმა მოსკოვის რესურსები გამოფიტა.
ამავე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ისინი მას კიდევ უფრო ზღუდავენ“ და ტრამპის კომენტარი შეაფასა, როგორც „პროპაგანდა იმის რაღაცნაირად ასახსნელად [აშშ-ის] საზოგადოებისთვის, თუ რატომ არის იგი რბილი რუსეთის მიმართ და ჩაგრავს უკრაინას“.
დაზვერვა, დრონები და რაკეტები
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე დარტყმები განახორციელეს, მედიასაშუალებები აშშ-ის, ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ თეირანისადმი რუსეთის მზარდი მხარდაჭერის შესახებ.
რამდენიმე მედიასაშუალებამ დაიმოწმა პირები, რომლებსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი. მათი თქმით, რუსეთი ირანს გადასცემდა ინფორმაციას აშშ-ის ჯარების, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ. ამ მასალის დიდ ნაწილსაც თანამგზავრული ფოტომასალა შეადგენდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს ჰქონდა მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ირანს სიგნალებითა და ელექტრონული დაზვერვის მონაცემებით უზრუნველყოფდა.
ანდრეა კენდალ-ტეილორის, „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მკვლევრისა და დირექტორის, და რიჩარდ ფონტენის, ამავე ცენტრის გენერალური დირექტორის თანახმად, „რუსეთის მხარდაჭერა თეირანისადმი პრაქტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ საგულდაგულოდ შეზღუდული იყო“.
„იმ დროსაც კი, როდესაც იგი საკუთარ ომს აწარმოებს უკრაინაში, მოსკოვმა იპოვა გზები, რათა დახმარებოდა ირანს ამერიკულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაში და ბრძოლის გაგრძელებაში დიპლომატიური საფარისა და მატერიალური მხარდაჭერის მეშვეობით. იმავდროულად თავი შეიკავა ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც შეეძლო რუსეთი შეერთებულ შტატებთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაეთრია“, -დაწერეს მათ გასულ კვირას Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ ანალიზში.
გერმანიაში მცხოვრებმა ანალიტიკოსმა ამირ ჩაჰაქიმ რადიო თავისუფლების ირანულ რედაქციას - „რადიო ფარდას“ - განუცხადა, რომ პუტინს სურს, ირანი ბერკეტად გამოიყენოს ტრამპთან ურთიერთობაში იმის სანაცვლოდ, რომ აშშ-მა უკრაინაზე ზეწოლა განახორციელოს.
„რაც უფრო მეტად შეძლებს პუტინი თეირანის დაყოლიებას, რომ იგი ტრამპის მოთხოვნებს დაუახლოვდეს, მით მეტი დათმობის გამოძალვას შეძლებს იგი ტრამპისგან“, — განაცხადა მან.