Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვის ინაუგურაცია, დავიწყებული ტექსტით


ლეონიდ თიბილოვი
ლეონიდ თიბილოვი
დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. ლეონიდ თიბილოვი მთავრობის სახლში წითელი ხალიჩის გავლით შევიდა. დარბაზში მას სტუმრები უკვე ელოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ჰიმნის მოსმენის შემდეგ სცენაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევა ავიდა და საზოგადოებას ეგრეთ წოდებული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააცნო. მან ლეონიდ თიბილოვი დე ფაქტო რესპუბლიკის რიგით მესამე პრეზიდენტად გამოაცხადა. თიბილოვი აშკარად ღელავდა. მან საკონსტიტუციო ფიცი ოსურ ენაზე წარმოთქვა და ერთ მომენტში ტექსტი დაავიწყდა. პაუზამ რამდენიმე წამს გასტანა.

დღეს ცხინვალში მთავარი სტუმარი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი იყო, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს დმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ფინანსურ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს, რასაც დარბაზში მქუხარე ტაში მოჰყვა.

„რუსეთმა სამხრეთ ოსეთს მხარი დაუჭირა, მისი ხალხი დაიცვა გარე აგრესიისგან და რესპუბლიკის სუვერენიტეტი აღიარა. რუსეთი იქცა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და მისი ხალხის თავისუფლების გარანტად. რუსეთის და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ჰუმანიტარული კავშირები წლიდან წლამდე სულ უფრო გაფართოვდება“, –განაცხადა ნარიშკინმა.
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ყოველდღიური მკაცრი კონტროლი რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო–აღდგენით პროცესსა და მის ხარისხზე ...
ლეონიდ თიბილოვი

ნარიშკინის შემდე მისალოცი სიტყვით სცენაზე აფხაზეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და ნიკარაგუას წარმომადგენლები გამოვიდნენ. ბოლოს სიტყვა ისევ თიბილოვს გადაეცა და ამჯერად მან უკვე რუსულ ენაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დააფასა და დაეხმარა მას გამარჯვებაში. არც ერთი სამადლობელი სიტყვა წინამორბედ ედუარდ კოკოითის მიმართ არ წარმოთქმულა. დარბაზში დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი იმყოფებოდა, კოკოითი კი ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გადაცემულ ინაუგურაციის ცერემონიალზე არც ერთ კადრში არ მოხვედრილა. შესაძლოა იგი საერთოდ არც მივიდა ამ ღონისძიებაზე, თუმცა მიწვეულთა სიაში იყო. თიბილოვს საკუთარ გამოსვლაში არც ქართულ-ოსური ურთიერთობების მომავალი პერსპექტივის შესახებ უსაუბრია, მან მთავარი აქცენტი რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის მკაცრ კონტროლსა და სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების ხარისხზე გააკეთა.

„ჩვენ ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ მატერიალური და ფინანსური სახსრები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისგან ვიღებთ. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ყოველდღიური მკაცრი კონტროლი რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო–აღდგენით პროცესსა და მის ხარისხზე. გამჭვირვალობა თანხების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მთავარი პირობაა და, ამასთან, ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს. მხოლოდ კანონის უპირობოდ დაცვით შევძლებთ წესრიგის დამყარებას და ჩვენი რესპუბლიკის აღორძინებას“, განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

თიბილოვის ინაუგურაციას არ დასწრებია ოპოზიციის ლიდერი, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევი, რომელიც მას გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. თედეევს ცხინვალში ჩასვლა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან აუკრძალეს და მას ვლადიკავკაზის სახლში დარჩენა ურჩიეს. რუსი პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ეს თიბილოვის შეურაცხყოფა იყო და მას კრემლის მოხელეებმა კიდევ ერთხელ მიანიშნეს, რომ მათ გარეშე დე ფაქტო რესპუბლიკაში არაფერი მოხდება, ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, თიბილოვიც, წინამორბედების მსგავსად, მთლიანად კრემლის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ცხინვალში ჩატარებული ინაუგურაცია თბილისშიც შეფასდა. პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის ნახევარზე მეტის განდევნის პირობებში, იქ მიმდინარე პროცესების არჩევნებად შეფასება შეუძლებლად მიაჩნია. მისი თქმით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ვერავითარი ე.წ. არჩევნები კანონიერად ვერ ჩაითვლება, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგები არ გამოსწორდება, დევნილები საკუთარ სახლებში არ დაბრუნდებიან და რუსეთის საოკუპაციო ჯარი ამ ორ ქართულ რეგიონს არ დატოვებს.

ბაქრაძის განცხადებითვე, ამ პოზიციას იზიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთის და მის მიერ გამოგონილი რამდენიმე სახელმწიფოსი.

ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა.
XS
SM
MD
LG