Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე სხილაძე - ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი


15 ნოემბერი, კვირა

12 საათზე გავიღვიძე. მანამდეც ბევრჯერ გავახილე თვალი, მობილური შევამოწმე და რამდენიმე წამი ვიხსენებდი, რა დღეა. ალბათ, ვერასდროს მოვიშლი დასვენების დღეებში უცნობი დანაშაულის გრძნობით გაღვიძებას. პირველად მზეს ვამოწმებ და მერე – ფოსტას. ესეც ჩვეული რიტუალია: მზის შემოწმება გუშინ გაფენილი სარეცხის გამო და ფოსტა ყოველი შემთხვევისთვის. მზე დამხვდა, წერილები – არა.

დაძინებამდე ნინო გამისონიას პოსტი წავიკითხე; ინტერნეტსივრცეში ახალი ვირუსი გამოჩენილა, თითქოს კომენტარზე მოგნიშნეს, ხსნი და ვირუსდები. ნინო ჩემი მეგობარია, ტექნიკის მბრძანებელი, ჩემსავით ტექნიკაში „დაბნელებული“ ადამიანისთვის – ხსნა და შვება (სხვა ღირსებებთან ერთად). შეტყობინება მომივიდა, იდამ კომენტარში მოგნიშნაო. დაახლოებით ხუთი წუთი ვიფიქრე, გამეხსნა თუ არა. იმასაც ვფიქრობდი, ვირუსები რომ დავგზავნო, გამისონიას თვალებში როგორ შევხედო-მეთქი, და მაინც გავხსენი. ოჯახში ძალადობის შემთხვევაა. ეს პრობლემა მწვავე ვირუსულ ინფექციას ჰგავს, ყველაზე მეტად პრევენცია რომ შველის.

საუზმემდე ალექსისი და ამალია (ქრიზანთემა და ბარაქის ხე) მზეზე გავიყვანე. რამდენიმე კვირაა, სახლში შემობრძანდნენ და მზე არ უნახავთ. სამზარეულოს კარადაც დავალაგე. ისევ იდა გამახსენდა. ჩემთან როცა მოდის, აუცილებლად მეკითხება, როდის ვასწრებ დალაგებას... გუშინ, გენდერული ბიუჯეტირების სემინარზეც, კარადაზე ვფიქრობდი. დიდი ხანია, არ დამელაგებინა, და დაეტყო. გუშინდელი დავალებების „ექსელის“ ცხრილში უკეთ გავერკვიე, ვიდრე ამდენ ქილაში (დედაჩემივით ყველაფერს ვინახავ, სანამ ერთ დღეს ჩემი და არ გადაყრის). ჩემი გაკეთებული შინდის კომპოტი და კერკი წინ გამოვწიე, ზამთარიც შემოგვეპარა.

მთელი დღე გარეთ არ გავსულვარ. სახლში ამდენ ხანს როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. ძილის წინ ელენეს პლანშეტის ცარიელი ყუთი დავიდე მუხლებზე და „ნინოს ნოუტების“ სტიკერიანი ლაქი გადავისვი. ისეთი წითელი ფერია, მე რომ მიყვარს და მხოლოდ ძალიან კარგ წიგნებს რომ მოჰყვებათ. ნათიასაც დავურეკე, მგონი მესამედ. ელენე მღერის და ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. ამ ბოლო დროს აღარ მელაპარაკება. დიდი ხანია, არ მინახავს და, მგონი, პროსტესტია. ზამთარი მოვიდა.

თავისუფლების დღიურები - ეკატერინე სხილაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:53 0:00

16 ნოემბერი, ორშაბათი

სამსახურში მარშრუტკით წავედი. რა თქმა უნდა, არ მისაუზმია. გზაში ხალხს ვაკვირდებოდი. ყოველთვის მართობდა კაფის ფანჯრიდან, მარშრუტკიდან სკვერებში და ქუჩებში ხალხის ყურება.

ოფისში მისულს, გასაღები წაღებული დამხვდა. ვცადე, გამომეცნო ვინ მოვიდა. დეპარტამენტი გაიზარდა და გაძლიერდა. ადრე მხოლოდ ერთი ალტერნატივა მქონდა. ამჯერად სოფო და ნინო დამხვდნენ, მერომაც მოიქროლა. შიდა თათბირი გვქონდა და დავლაგდით. დღეს მთელი დღე ოფისში ვარ. ანა გვაკლია, სამხრეთ აფრიკაშია, შარშან მეც ვიყავი.

ყველა განცხადება გავიარეთ მე და ნინომ. ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. უკვე ორი წელია, აპარატში ვმუშაობ, თუმცა ყველა მიღებული განცხადება განსხვავებული და არაერთგვაროვანია. ახალ განცხადებებზე რეაგირების გეგმა გავაკეთეთ, მოსამზადებელი წერილების ნუსხაც. ხუთი ახალი საქმე გვექნება შესასწავლი. ნინოს ბლოკნოტში 15 დეკემბერია, ჩემთან – 5.

გვიანობამდე შემოვრჩი, ანგარიში მქონდა დასასრულებელი. გოგოების ანგარიშებსაც გადავხედე. შესვენებაზე კაფედან მოტანილი ნამცხვრებიც გვერდით მეწყო, ნინოსთვის წამოსაღებად.

საღამოს, მობილურმა რომ დამირეკა, კარტოფილს ვწვავდი. უცხო ნომერი და ბედნიერი ხმა იყო: „ქალბატონო ეკაა, მე ვარ, კარგად მოვეწყვე, მადლობა. კულინარიის კურსებზე დავდივარ და ამ დღეებში გინახულებთ. აქ ერთი ქალი გავიცანი, ქმართან აქვს კონფლიქტი და უნდა დავარეკინო“, – რაღაცნაირი, უკვე ძლიერი ქალი მირეკავდა, რომელმაც ჩემი სევდა ერთი ხელის დაკვრით გააქარწყლა.

მობილურმა მეორედაც დარეკა, მზია მეგონა და დედაჩემი იყო. ქათმის სალათის რეცეპტი მკითხა, იმის, თავად რომ მასწავლა.

17 ნოემბერი, სამშაბათი

დღესაც ვერ ავდექი დათქმულ დროს. მაღვიძარამ 10 წუთის ინტერვალით ორჯერ დარეკა. სწრაფად ჩავიცვი, სამზარეულოს მაგიდაზე დადებული შოკოლადი და ნუშის ნამცხვარი ჩავიწყვე ჩანთაში და ტაქსით გავიქეცი ჩემს სამყაროში. სუფთა, გაცრეცილშარვლიანი და სვიტერიანი ტაქსის მძღოლი ბაბუ ნერვიულობდა, სახელფასო დანამატებზე და პრემიებზე მიყვებოდა და თან წუხდა, ნეტავ უმადური თუ ვარო. მეც ველაპარაკე. მანქანა ძალიან ნელა მიჰყავდა.

ხუთი წუთით დავიგვიანე,გოგოები ისევ ოთახში დამხვდნენ. ნინომ გამოცდა ჩააბარა. მე და მერო ისევ სტატისტიკას შევუდექით. ციფრები გვერევა.

რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძირითადად, კვლევების ფარგლებში. ახალ განცხადებებსაც გადავხედე და წერილებიც გავაგზავნეთ. დამირეკა ლიზამ. ძალადობის მსხვერპლია და ყოფილ ქმართან ქონებრივი დავისთვის თანხას ვერ აგროვებს, ბაჟი რომ გადაიხადოს. ვეძებ გზებს, იქნებ სადმე პოსტი დავდო და მოვაგროვო?..

ჩემი პედანტური სიზუსტით დალაგებული მაგიდა ამ პერიოდში ქაოსურად არეულ ქაღალდებში და დაჭმუჭნილ ფურცლებშია. ნახატებიც მაქვს, უაზროდ მიხატული ყვავილები და კუბიკები, ჩახლართული ფიფქები და ხაზები. გვერდზე მიწერილი ნომრებით და არდასავიწყებელი საქმეებით. ნათიას ისევ ვერ დავურეკე.

შევხვდი ბატონ პაატას, სახალხო დამცველის მოადგილეს. მნიშვნელოვანი საქმეები გავიარეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ახლა უფრო იმედიანად ვარ, ვიცი, საითაც მივდივართ. ოთახშიც გახარებული დავბრუნდი. დათო მელოდებოდა და ბოლო შეხვედრაზე წამიყვანა. დათო ჩვენთან მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს: გვეხმარება, რომ არასდროს დავიგვიანოთ და დათქმულ ადგილას დროულად მიგვიყვანოს. ისევ ხერგილები იყო და გზაში ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ: საქალაქო ტრანსპორტის ჩვენეულ გეგმაზე, ფინანსებზე, შრომაზე. დათოს ორი გოგო ჰყავს და ძალიან ბევრს აკეთებს მათი სრულფასოვანი განათლებისთვის.

საღამოს ზაურის მაღაზიაში გამოვიარე. როგორც ყოველთვის, განვიხილეთ ბოსტნეულის საბაზრო ფასის მატება. უკვე ორი წელია, ვეგეტარიანელი ვარ და თითქმის ყოველდღე მოვდივარ აქ ბოსტნეულის და ხილის საყიდლად. ზუსტად იმას და იმდენს ვყიდულობ, რაც მჭირდება და იმანაც ზუსტად იცის, რა ფასში მომყიდის. ამიტომ, ფასს არ ვეკითხები. ხელფასის ბოლოს სხვა სიტუაციაა. ყველაფრის ფასს ვკითხულობ და ზაურმაც იცის, რომ ფული მითავდება. სახლში მოსული აღმოვაჩენ ხოლმე ჩუმად ჩადებულ ორის ნაცვლად ოთხ „ბულგარულს“, სტაფილოს, და მეღიმება. კარგი ადამიანები არსებობენ.

დღეს ისევ გვიან დავბრუნდი. ნინო ჯერ კიდევ ავადაა და ახველებს; კომშის ნახარშის ნარჩენები გადავასხი – არ დაულევია. ისევ რამე ალქიმია უნდა მოვიფიქრო.

18 ნოემბერი, ოთხშაბათი

ადრე ავდექი და პირდაპირ კანცელარიაში წავედი. ოჯახში სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის სხდომა იყო; სახალხო დამცველის აპარატი სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს და ყველა შეხვედრას ვესწრებით. სტატუსის მიღების შემდეგ, მსხვერპლს უფლება ეძლევა, სახელმწიფო თავშესაფრით ისარგებლოს. იმედი მაქვს, მალე სტატუსის პროცედურები საჭირო აღარ იქნება.

შუადღისას პარლამენტში წავედი. ადრეული ქორწინების პრევენციის ხელშესაწყობად პარლამენტს მივმართეთ საკანონმდებლო წინადადებით, რომლის მიხედვითაც მკაცრდება არასრულწლოვნების ქორწინების წესი. პარლამენტმა წინადადება მოიწონა და უკვე კანონპროექტადაც აქცია. ჰოდა, ამ კანონპროექტის ძირითადი საკითხები განვიხილეთ.

სამსახურში დაბრუნებული, ისევ წერილებს მივუჯექი, ფრანგული სიმღერები ამეკვიატა. მარიმაც მომწერა, ჩემმა ფრანგმა მეგობარმა. ტერაქტებზე ვისაუბრეთ, ძალადობრივ ექსტრემიზმზე, ძალიან შეწუხებულია. ამბობს, რომ საფრანგეთთან ერთად სხვა ქვეყნებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ფინანსებზეც ვისაუბრეთ, უმუთზეც, ჩვენს მეგობარზე. პოლონეთიც გავიხსენეთ – საუკეთესო წელი ჩვენი ცხოვრებიდან. მარი სევდიანია, ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანი.

საღამოს მე და სოფო რუსოსთან ვიყავით. უკვე ორმოცი დღე გასულა. ეს ის შემთხვევაა, როცა არ მჯერა, რომ ის აღარ არის. მივედი და უბრალოდ ვიფიქრე, რომ შინ არ დამხვდა. რუსო ჩემი კოლეგაა ადრინდელი სამსახურიდან. ენერგიული, ძალიან მაგარი ქალი, რომელმაც მარტომ გაზარდა ასევე ძალიან მაგარი გოგო და უცებ... უცებ დაგვეკარგა.

სახლში ჩემები დამხვდნენ, ბორჯომიდან ჩამოვიდნენ. ხვალ მძიმე დღე გვაქვს. ძალიან მეშინია!

ესემესი მოვიდა. ნანამ მწერს: ქალბატონო ეკა, გვიანაა და არ გირეკავთ, ჩემმა ქმარმა ბავშვი ჩამომიყვანა, აღარ ინერვიულოთო. ნანა ჩემი განმცხადებელია. უკვე მეორედ, ყოფილ ქმარს ბავშვი მიჰყავს და მერე უკან აღარ აბრუნებს. მერე ჩვენ ვერთვებით, სოციალური მუშაკი გვეხმარება და ბიჭი ჩამოჰყავთ. ბიჭი ჯერ სკოლაში არ დადის და არ ვიცი, მერე რა იქნება. ჩემი და ჩემი განმცხადებლების ურთიერთობა ჯაჭვური რეაქციასავითაა: ერთმანეთს ვეხმარებით და ვაძლიერებთ.

19 ნოემბერი, ხუთშაბათი

სამსახურიდან ნახევარი დღით დავეთხოვე და დეიდაჩემი ექიმთან წავიყვანე. უკვე სამი წელია, სიმსივნეს ვებრძვით: გამალებული, ხმალამოღებული და სულ – წინა ხაზზე. ახალი წელი და აღდგომა საავადმყოფოში გავატარეთ. დღეს მორიგი საკონტროლო ვიზიტი გვქონდა – ყველაზე საშინელი საათები და წუთები, როცა გული გეყინება და ელოდები, რას იტყვის კომპიუტერი მახინა.

ლოცვასაც მაშინ ვიწყებ და თხოვნასაც. ექვსი თვის წინ ვთქვი, სიმსივნე კი დავამარცხეთ, მაგრამ დემოკრატიასავით, ამასაც შენარჩუნება უნდა-მეთქი. ექიმი რომ გამოვიდა, ძალიან მომინდა, დავმალულიყავი. მობილური და ქურთუკი დამრჩა, კიბეებიდან მივბრუნდი. ძალიან დავიბენი.

დეიდაჩემი ქალია, რომელმაც ექვსივე ჩვენგანზე – ჩემზე და ჩემს და-ძმებზე – იზრუნა. დედაჩემთან ერთად მეორე დედად დაიბადა და გაგვზარდა. ჰოდა, სამი წლის წინ ონკოლოგიურის აღმართს ერთად შევუდექით, ბევრი ქალი დაგვხვდა და კიდევ ბევრი შემოგვიერთდა. ბევრი იბრძოდა და იბრძვის. რთულია, საქართველოში სიმსივნეს ებრძოლო. ებრძვი სისტემას, უპასუხისმგებლობას. დღეს ბრძოლის კიდევ ერთი რაუნდი მოვიგეთ.

ნაშუადღევს სამსახურში გავიქეცი. თათბირი გვქონდა, როგორც ყოველთვის – საინტერესო. დღესაც გვიანობამდე დავრჩი, ბევრი წერილი იყო მოსამზადებელი. გოგოებიც მელოდებოდნენ. ნოემბრის და დეკემბრის გეგმები გავიარეთ და საქმეები გავინაწილეთ. მერო მონიტორინგის ვიზიტებს მიხედავს, ნინო შემოსულ განცხადებებს, სოფო – რამდენიმე შეხვედრას. მეც ვიკეთებ to do list-ს, უკვე 20-მდე ავედი.

20 ნოემბერი, პარასკევი

დილით ჩემები ექიმთან გავაცილე და შეხვედრაზე წავედი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის, ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ, სექსუალური შევიწროების საკითხებზე გვქონდა სესია. მოხსენებისას ვისაუბრე სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შექმნის ისტორიაზე, სექსუალური შევიწროების, როგორც პრობლემის აქტუალობასა და მოგვარების გზებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალხო დამცველის პოლიტიკის განმსაზღვრელმა დოკუმენტმა, რომელიც სექსუალური შევიწროების პრევენციას ემსახურება ჩვენს აპარატში. ყველას ვუზიარებთ და იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო.

ოფისში ნაშუადღევს დავბრუნდი და ისევ რეკომენდაციების პროექტს მივუბრუნდით. მოჩქარეთა სიაში პრიორიტეტულებს წინ ვწევ. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა, ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეგიონებში ფილმის ჩვენების დასაგეგმად.

ნინომ, ჩემმა თანამშრომელმა, ბევრი გვაცინა. დამპირდა, ხვალ ბორჯომში წაგიყვანო, მაგრამ მე უარზე ვარ. არ მჯერა, რომ საქმეებს არ წამოიღებს, მთელი გზა არ მაკითხებს და სხვა მიზნები აქვს. J

ელომ დამირეკა. მოყვარულთა ტურნირზე ორი მედალი აუღია მაგიდის ჩოგბურთში და ფეხბურთში. ელო ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და სპორტი ძალიან უყვარს. მისი დამსახურებაა, მეც რომ დავდივარ სტადიონზე. მართალია, ახლაც ვერ ვიხსენებ, მეკარე ლომიაა თუ ლორია, და მეორე მეკარე ნუკრი რა გვარია, მაგრამ გულმხურვალედ კი ვგულშემატკივრობ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ „ბარსას“ თამაშზეც ვიყავი და მესი ვიცანი. რონალდუს და ვიღაც იეროს ავტოგრაფებიც მაქვს მათივე ფოტოებზე! J

ანამ მომწერა და ვერ ვუპასუხე. ნეტა, როგორი ამინდია აფრიკაში?

21 ნოემბერი, შაბათი

დღეს ბორჯომში წავალ. ეზოში ვიბორიალებ და ფოთლების ქვეშ შემორჩენილ კაკლებს მოვძებნი. წელსაც გამოვტოვე შემოდგომა. შემოდგომის გამოტოვება ჩემთვის ბორჯომში ჩაუსვლელობას ნიშნავს. ბოლოს რომ ვიყავი, კაკალი არ იყო. ეზო, ალბათ, დასალაგებელი იქნება. ადრე დედაჩემს უფრო მეტი შეეძლო. სახლში ყურძნის და ვაშლის სუნი იდგება, ეზოში – ზამთრის.

მახსოვს, პატარა კაკლის ხეზე თოჯინებს ავიყვანდი და ტოტები ოთახები იყო. ელენემ ხეზე ასვლა არ იცის. ჩვენ ვიცოდით და დედაჩემსაც არ ეშინოდა, ახლა ეშინია. ჩვენც.

ელენე უკვე სკოლაში დადის. ჩემს ნაყიდ მაგიდაზე უწყვია წიგნები და რვეულები. მათვალიერებინებს და თან დეიდაჩემის ნათქვამი მახსენდება. რას ერჩოდნენ გოგებაშვილს, ეს რა წიგნია?! ბავშვს ცხრილში „ისტორია“ რომ ჩაუწერე, ეგ „ისტია“ – ინფორმაციული სისტემების ტექნოლოგია. ნეტა, რას ასწავლიან პირველ კლასში? ალბათ, ისტორია აჯობებდა.

ორშაბათს ელენეს დედის გარდაცვალების დღეა. მე და ნათია ვმსჯელობთ, წითელი ვარდები წავიღოთ, თუ თეთრი. ალბათ, ისევ წითელს წავიღებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG