Accessibility links

1 ოქტომბერი, კვირა

დღეს კვირაა და თითქოს უნდა ვისვენებდე, სახლს ვალაგებდე ან, ტახტზე წამოწოლილი, წიგნს ვკითხულობდე (ბოლოს და ბოლოს, შემეძლო რომელიმე საინტერესო ფილმისთვის მეყურებინა, რომლის ნახვაც დიდი ხანია მინდა), მაგრამ, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად გამომდის: 9 საათზე ლანასთან, ჩემს ძმისშვილსა და კოლეგასთან ერთად დილის რიტუალის, ყავის დალევისას, კვლავ ICOM CIDOC-ის კონფერენციაზე ვსაუბრობთ და დარჩენილი დღეების განრიგს ვგეგმავთ. მონაწილეთა უმრავლესობა გუშინ გაემგზავრა, ხოლო CIDOC-ის პრეზიდენტი მონიკა ჰაგედორნ-ზაუპე და კომიტეტის საბჭოს წევრები ხვალ აპირებენ გაფრენას. მანამდე კი კვლავ უნდა შევხვდეთ, გავაანალიზოთ განვლილი კვირა, კონფერენციის საკვანძო მომენტები, შედეგები და, რასაკვირველია, დახარჯული ფინანსებიც, რაც, რუტინულთან ერთად,რთულიცაა, რადგან მსგავს ღონისძიებებს მუდამ თან სდევს გაუთვალისწინებელი ხარჯებიც.

უცბად მახსენდება, რომ უცხოური ჟურნალისთვის შეპირებული სტატია ქართულ მხატვრობაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უნდა გამეგზავნა და ჯერ არც დამიწერია! ლანას ვეუბნები, ბიზნეს-ლანჩზე ვერ წამოვალ და ამჯერად იქნებ შენ იტვირთო გამწევი ძალის ფუნქცია-მეთქი. სხვა რა გზა აქვს, ჩვეული ღიმილით მეთანხმება და მიდის. მე კი, სანამ კომპიუტერს მივუჯდებოდე, ფანჯარას ვაღებ და ვუყურებ მოქუფრულ ცას, რომელიც გაავდრებას მოასწავებს.

სამუშაო მაგიდას ვალაგებ და ფიქრებით კვლავ ვუბრუნდები კონფერენციას, რომელსაც თითქმის მთელი წელი ვამზადებდით ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ათწლიანი არსებობის მანძილზე ეს ფორუმი ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი იყო. ხუმრობა ხომ არაა 143 მონაწილის მიღება ყველა კონტინენტის 51 ქვეყნიდან, ისეთი შორეული და ეგზოტიკური ქვეყნებიდანაც კი, როგორიცაა ჰაიტი, შრი ლანკა, პერუ, იაპონია ინდოეთი ან ზამბია, რომ არაფერი ვთქვათ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, საიდანაც კოლეგებს ლამის უკვე შინაურებად მივიჩნევთ. მეტიც, ჩვენი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი პარტნიორი გეტის ფონდი იყო და გრანტით უზრუნველყო 22 განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობაც. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ძალზე სპეციფიკურ საკითხს − სამუზეუმო დოკუმენტაციას ეძღვნებოდა, მის მონაწილეთა შორის იყვნენ მსოფლიოს 15 უნივერსიტეტის, მათ შორის ტეხასის, მელბურნის, ედინბურგის, მილანის, როტერდამის, ოსლოს, ათენის, ფლორენციის, კიოტოსა და სხვა აკადემიური ინსტიტუტების, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, იეილის, გეტის, ნიდერლანდის, კვიპროსისა და სხვა კვლევითი ინსტიტუტების, რვა ქვეყნის კულტურის სამინისტროებისა და, ცხადია, მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების წარმომადგენლები. გარდა იმისა, რომ კონფერენციის მუშაობა საინტერესო და მრავალმხრივი იყო, ცხადია, ბევრი უცხოელი მონაწილისათვის, როგორც ამგვარ კონფერენციებს სჩვევია, ეს დღეები იქცა მათთვის ფაქტობრივად უცნობი ქვეყნის აღმოჩენად. შეუძლებელია, დაივიწყო მათი, განსაკუთრებით ახალგაზრდების აღტაცებული თვალები, როგორც ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციების ან თბილისის ღირსშესანიშნაობების თვალიერებისას, ისე კონფერენციის ქართველ ვოლონტიორებთან ურთიერთობის პროცესში.

ფიქრებს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს. ჩემს ერთ-ერთ სტუდენტს დიპლომის დაცვა გადაედო და კონსულტაციას მთხოვს. მომიწევს ამ დღებში შევხვდე და კვლავ ერთად ვიმუშაოთ სადიპლომო ნაშრომის დახვეწაზე. მიყვარს ეს პროცესი, თუმცა დამღლელია, მით უმეტეს, როცა სტუდენტს უჭირს მოგროვილი მასალების თავმოყრა და სადიპლომო ნაშრომად ქცევა.

ვჯდები კომპიუტერთან და ვიწყებ სტატიაზე მუშაობას. ჩემთვის ყველაზე ძნელი წერის დაწყებაა, უფრო სწორად, წერისწინა პროცესი, სანამ გაიაზრებ, როგორ, რის გარშემო უნდა ააგო ფაბულა და რაზე უნდა დასვა აქცენტები. ცხადია, როცა თანამედროვე ქართულ მხატვრობაზე წერ უცხოური ჟურნალისთვის, გვერდს ვერ აუვლი გასული საუკუნის 20-იანი წლების ქართველ მხატვართა პარიზულ პერიოდს, არც რუსთაველის თეატრში მდებარე კაფე „ქიმერიონისა“ და ქართული მოდერნისტული ტენდენციების ხსენება იქნებოდა ურიგო, ხოლო 50-იანი წლების თაობის მხატვრულ ძიებებზე საუბარი აუცილებელია შემდგომი თაობების, განსაკუთრებით 80-იანელთა მიგნებების გასაანალიზებლად. უცბად ვხვდები, რომ სწორედ მათ ხელოვნებაზე წერა მეადვილება ყველაზე მეტად. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თაობაა და სახელოსნოებში უშუალოდ ვადევნებდი თვალს ბევრი ნამუშევრის შექმნას, ასევე, შეუძლებელია დაგავიწყდეს და არ გაიხსენო ჩვენი თავყრილობები და გამოფენების თანმდევი გაცხარებული დისკუსიები „მხატვრის სახლში“, რომელიც ბევრ მათგანს „მშობლიურ ბუდედ“ მიაჩნდა. სამწუხაროდ, დღეს თბილისში უკვე აღარ არსებობს სივრცე, რომელიც ახალგაზრდა მხატვრებს მსგავსი შეხვედრებისა თუ საკუთარი ხელოვნების შემფასებელთა წინაშე წარდგენის შესაძლებლობას მისცემდა, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმზე, რასაც არა და არ დაადგა საშველი...

წერას ვაგრძელებ და ვატყობ, გამომდის. ამასობაში ლანაც დაბრუნდა. შევთანხმდით, რომ ხვალ შევხვდებით მონიკას და საბჭოს წევრებს რესტორანში, სადაც ამჯერად თვითონ გვეპატიჟებიან. ლანა, რომელიც ეროვნულ გალერეაში მუშაობს, მიყვება, თუ როგორ მიდის მუზეუმში მზადება იტალიური გამოფენების ინსტალირებისათვის, რომელიც, როგორც უკვე გამოცხადდა, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ და კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციას აერთიანებს.

წერას ღამის ოთხის ნახევრისთვის ვამთავრებ. დილით კვლავ უნდა გადავიკითხო. ხვალ ორშაბათია, ლექცია მაქვს. ე. ი. პრეზენტაციაც უნდა მოვამზადო. როგორც წესი, ყველა ლექციაზე ვიყენებ პრეზენტაციის ფორმას (ხანდახან ვიდეოფილმებსაც), რადგან ვთვლი, რომ სტუდენტები მოსმენილს ასე უკეთ აღიქვამენ და ლექციის პროცესიც უფრო ინტერაქტიულია.

2 ოქტომბერი, ორშაბათი

დილით სტატია გადავიკითხე, ჩავასწორე და გავგზავნე რედაქციაში. მახსენდება, რომ დღეს, 11 საათზე, ეროვნულ მუზეუმში იმართება პრესკონფერენცია, სადაც გამოფენის ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან იტალიურ ექსპოზიციასთან დაკავშირებით. მოკლედ, მოლოდინი დიდია.

დილიდანვე კოკისპირულად წვიმს. ლექციაზე მივდივარ საქართველოს უნივერსიტეტში. დღევანდელ თემაზე, „საქართველოს პირველმუზეუმებზე“ საუბარს ვიწყებ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არსებული საეკლესიო და კერძო კოლექციების მიმოხილვით. სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის სასახლის კაბინეტ-მუზეუმში დაცულ კოლექციაზე საუბრისას, ვიმოწმებ ტექსტუალურ მასალას მარი ბროსეს 1848 წელს გამოქვეყნებული წიგნიდან და ვაჩვენებ გრიგოლ გაგარინისსურათსაც − „სამხედრო მუზეუმი დადიანების სასახლეში“. უკვირთ. მიყვარს, როცა სტუდენტები გაფართოებული თვალებით მიყურებენ და ჩუმად მისმენენ.

ლექცია შვიდის ნახევარზე მთავრდება და, შეთანხმებისამებრ, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში უნდა შევხვდე CIDOC-ის საბჭოს წევრებს. კვლავ კოკისპირულად წვიმს და გაჩერებამდე ძლივს ვაღწევ. საოცარი სურათი მხვდება! სააკაძის მოედანზე ისეთი საცობია, მანქანები არ იძვრის. გამსახურდიას გამზირამდე ფეხით ჩავდივარ, იქნებ ტაქსი გავაჩერო. აქაც იგივე სიტუაციაა: მანქანებით გადაჭედილი ქუჩა, გამაყრუებელი პიპინი, როგორც თბილისს სჩვევია. ზუსტად ორი საათი დამჭირდა შეხვედრის ადგილამდე მისასვლელად! კიდევ კარგი, ლანა და მიშა წერეთელი დროზე მივიდნენ. გამიჩნდა კითხვა, რაც, როგორც ვიცი, ხშირად ისმება: რატომ არის ქალაქი პარალიზებული ძლიერი წვიმების დროს? გასაგებია, რომ თბილისში ბევრი მანქანაა, მაგრამ ნუთუ ასე ძნელია ამ პრობლემის გადაჭრა?!

გარეთ მიღებული უარყოფითი ემოციები სასტუმროს რესტორნის საოცრად მყუდრო, კომფორტულმა გარემომ დააცხრო, რასაც, ინტერიერის გარდა, ჯაზური ვარიაციებიც ქმნის როიალზე შესანიშნავი შესრულებით. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ კონფერენციის სესიებზე, ვორკშოპებზე, ცალკეულ საინტერესო მოხსენებებზე და, რა თქმა უნდა, კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩვენ მიერ ორგანიზებულ ტურებზე კახეთსა და შიდა ქართლში, რამაც მონაწილეებზე, მათივე თქმით, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. საერთოდ, უკვე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას ვატარებთ ICOM-ის თაოსნობით და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მსგავსი ტურები აუცილებელია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად, რათა შემდეგი შეხვედრისას ჩვენი დიალოგი არ შემოიფარგლოს აღტაცებული საუბრებით საქართველოში ვიზიტისას გასინჯულ არომატულ ღვინოსა თუ უგემრიელეს კერძებზე.

შინ გვიან დავბრუნდით ლაშას მანქანით. სტუმრები აეროპორტში გავაცილეთ.

3 ოქტომბერი, სამშაბათი

დილით კვლავ ლექციისათვის ვემზადები. ოთხ უნივერსიტეტში ვასწავლი და კვირის გარდა, ფაქტობრივად, ყოველდღე მაქვს ლექციები. რა თქმა უნდა, ძნელია, დრო სწორად გაანაწილო და ხარისხიც შეინარჩუნო, მაგრამ ვცდილობ, ოპტიმალურად მოვერგო სიტუაციას. მით უმეტეს, რიგ შემთხვევაში, სასწავლო კურსები, რომლებიც ძირითადად სამუზეუმო საქმის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მეორდება, თუმცა უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოითხოვს გარკვეულ სახეცვლილებებს, ერთგვარ დოზირებას.

სწორედ ამგვარ აუდიტორიასთან მიწევს დღეს შეხვედრა, თუმცა განა შეიძლება, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს არ აინტერესებდეთ მუზეუმები, რომელთა გარეშე მათი სამომავლო საქმიანობა არასრულფასოვანი იქნება? მეტიც, მათი დიდი ნაწილი მუზეუმში ერთხელაც არაა ნამყოფი! ეს ეხება, ძირითადად, ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს, მაშინ, როცა საქართველოს ყველა ქალაქსა და დასახლებაში არსებობს, სულ ცოტა, ერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ამაში მხოლოდ სკოლას ან ოჯახს ვერ დავადანაშაულებთ − თვით მუზეუმებიც ინერტულები არიან. არადა, კარგა ხანია, მსოფლიოს ანალოგიური მუზეუმები არა მარტო ადგილობრივი თემის განვითარებაზე ზრუნავენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებით, არამედ მოსახლეობას (და მუზეუმსაც) უქმნიან პირობებს დამატებითი შემოსავლის მოსაპოვებლად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.

ლექციის შემდეგ მივდივარ ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელთან შესახვედრად და სამუზეუმო მეთოდოლოგიის გამოსაცემად ადრე შეპირებულ დახმარებაზე მოსალაპარაკებლად. პასუხად ვიღებ კვლავ შეპირებას მომავალი წლისათვის, იმ იმედით, რომ, თუ „მშვიდობა იქნა“, დაპირება შესრულდება. ნუთუ ასე ძნელია „ქველმოქმედებისა და სპონსორობის შესახებ კანონის“ მიღება? ეს ხომ ბევრ რამეს გააადვილებდა!

საღამოს ვამზადებ მოხსენებას საერთაშორისო კონფერენციისათვის, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში უნდა გაიმართოს.

4 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილა ტელეფონის ზარით იწყება. პარასკევს ლექციების განრიგი უნდა შევუთანხმო ჩემი ჯგუფის, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან ლექციაზე ვსაუბრობ მუზეუმის მისიასა და მიზნებზე, კოლექციების მოვლასა და მენეჯმენტზე, თან ვაკეთებ პრეზენტაციას საქართველოს მუზეუმებში დაცული უნიკალური კოლექციების ჩვენებით. უცბად მესმის კითხვა: „მას! ეს ნივთები ხომ ოქროსგანაა?“ „დიახ“, ვპასუხობ. „მერე, არ შეიძლება ეს ყველაფერი გავყიდოთ და ქვეყანას მოვახმაროთ?“ რამდენიმე წამით ვშეშდები − არ ვიცი, რა ვუპასუხო! მერე ვიწყებ ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ კულტურულ ფასეულობას, რატომ უნდა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ მას და ა. შ. კვლავ მაწვალებს ფიქრი, რომ რაღაც ვერაა რიგზე ჩვენს საზოგადოებაში. აუდიტორიიდან გამოსულს, ერთი პროფესორი, რამდენიმე ფრაზის გაცვლის შემდეგ, მეკითხება: „ამიხსენით ერთი, რისთვისაა საჭირო აბრეშუმის მუზეუმი?“ კვლავ არ ვიმჩნევ გაოგნებას და მოთმინებით ვუხსნი. ვფიქრობ, დროა ვიზრუნოთ სკოლებსა და სხვაგან მუზეუმის მნიშვნელობის განმარტებით საჯარო ლექციების ჩატარებაზე, რაიმე პოპულარულ გამოცემაზე ან თუნდაც ბლოგერობაზე.

დღეს თსუ-ში მაგისტრანტებთან უნდა მქონოდა ლექცია, მაგრამ პირველი დღეა და გაცდა − ვერ შევძელი, სტუდენტებთან გული მომეოხებინა. შეთანხმებისამებრ, სამხატვრო აკადემიაში დიპლომანტს ჩავუტარე კონსულტაციები. იმედია, საინტერესო ნაშრომი გამო(გვი)ვა.

დაბოლოს, მივაღწიე ეროვნულ გალერეამდე, სადაც 7 საათზე ბოტიჩელისა და კარავაჯოს გამოფენა გაიხსნა. გალერეის შესასვლელთან ტევა არ იყო, მათ შორის მრავლად იყვნენ ცნობილი სახეებიც. როგორც ნაცნობებმა მითხრეს, ექსპოზიციის გახსნას პოლიტიკოსები და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. კარგა ხანს ვიცადე, როგორღაც კი აღმოვჩნდი გალერეის ფოიეში, მაგრამ ხალხით გაჭედილ საგამოფენო დარბაზში ვერ შევაღწიე, მხოლოდ შორიდან მოვკარი თვალი ვენერას თავისა და ჰაერში აფრიალებული თმების ფრაგმენტს. მივხვდი, დღეს არ მეწერა მასთან „შეხვედრა“. „პაემანი“ ხვალისათვის გადავდე.

მოკლედ, ძალზე მძიმე დღე მქონდა.

5 ოქტომბერი, ხუთშაბათი

გამოფენაზე ვერც დღეს წავედი, რადგან სამხატვრო აკადემიაში ლექციის შემდეგ, შვიდის ნახევარზე, მიწვეული ვიყავი „მარიოტში“ პრეზენტაციაზე გამოცემისა: „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38“. პუბლიკაცია, რომელიც ევროსაბჭოს პროექტ „არქივების მენეჯმენტის“ ფარგლებში მომზადდა, შეიცავს აფხაზეთის რეგიონში 30-იანი წლების საბჭოთა დროის რეპრესიებთან დაკავშირებულ საარქივო მასალებს და წარმოადგენს ქართველი და აფხაზი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგს, რაც უდავოდ საყურადღებო ფაქტია.

გამოფენას კი ხვალ ვნახავ სტუდენტებთან ერთად. სოციალური ქსელიდან ერთი რამ აშკარაა: ექსპოზიციამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

6 ოქტომბერი, პარასკევი

​გალერეასთან მიახლოებისას ველოდი, რომ რიგში ჩადგომა მომიწევდა, როგორც დაახლოებით ერთ საათს ვიდექით რიგში სიღნაღის მუზეუმში პიკასოს გამოფენაზე მოსახვედრად და 80-იან წლებშიც, როცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ჰამერის კოლექციის ექსპოზიცია გაიხსნა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თვით საგამოფენო დარბაზში ხალხის ნაკადი მრავლად იყო, რაც ჩვეულებრივი დღეებისათვის იშვიათობაა და კიდევ უფრო გაიზარდა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ.

ორი კომპონენტისგან შემდგარ ექსპოზიციაში, ცხადია, წამყვანი ადგილი უკავია სანდრო ბოტიჩელის შედევრს − „ვენერას“, რომელიც ცალკე საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი და მნახველს მართლაც ხიბლავს გრაციოზულობითა და ოსტატობით. მის სანახავად ნამდვილად ღირს აქ მოსვლა. მეორე პროექტი მულტიმედიურია და აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციას. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში და უფრო საგანმანათლებლო ფუნქცია აკისრია. ეს ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული და ამ პროექტით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მათი თავმოყრა ერთ სივრცეში − წარმოსახვით მუზეუმში. როგორც იტალიელ ორგანიზატორთა მიერ მომზადებული პრესრელიზი გვამცნობს, ექსპოზიციამ, რომელიც 2003 წლიდან არსებობს, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ ათ მილიონზე მეტ მნახველს მისცა საშუალება, გასცნობოდნენ ლომბარდიელი ხელოვანის ყველა ნამუშევარს.

სოციალურ ქსელში სწორედ ამ ექსპოზიციამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა თბილისელ ხელოვნების მოყვარულთა და სპეციალისტთა შორის. ფაქტი ისაა, რომ მსგავსი ექსპოზიციები უკანასკნელ ათწლეულებში მიღებულ ფორმად იქცა და მას წარმატებით მიმართავენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითისთვის იკმარებდა თუნდაც გამოფენა-შოუ „ტუტანხამონის საგანძურიც“, რომელიც მას შემდეგ მომზადდა, რაც 80-იან წლებში აიკრძალა ეგვიპტიდან ორიგინალების გატანა. ეს გამოფენა უდიდესი წარმატებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში მოვლენების ზუსტი რეკონსტრუქციისა და საოცრად სრული სტრუქტურის წყალობით, რაც, როგორც საკუთარ თავზე გამოვცადე, გაცილებით მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე ორიგინალური ნიმუშები კაიროს მუზეუმში. იგივე შეიძლება ითქვას ბრიტანელ ავტორთა მიერ მომზადებულ ლეონარდო და ვინჩის ციფრული რეპროდუქციების ექსპოზიციაზეც და ა.შ.

ასე რომ, ვფიქრობ, იტალიის სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით განხორციელებული ეს საგამოფენო პროექტი, რომელიც 29 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს, უთუოდ დადებითი მოვლენაა ქართულ სახელოვნებო სივრცეში. სხვა თუ არაფერი, გალერეაში შეიძლება მოვიდეს დამთვალიერებელი, რომელიც მუზეუმში თითქმის არ დადის ან სულაც არასოდეს ყოფილა.

7 ოქტომბერი, შაბათი

ვიფიქრე, შაბათია და ცოტა გვიან ავდგები-მეთქი, მაგრამ დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს მოსწავლეები მიჰყავს ექსკურსიაზე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში და საკონტაქტო ინფორმაცია სჭირდება. ხშირად რეკავენ, მაგრამ რას იზამ − ოღონდ იარონ მუზეუმებში!

ჰო, სჯობს, დროზე გამოვფხიზლდე. რადიო თავისუფლებაში მივდივარ, რომ დღიურები ჩავწერო, შემდეგ უნდა გავიქცე და აღვადგინო ლექციები, რომლებიც კონფერენციის გამო გავაცდინე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG