Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარამან ფაღავა − ექიმი-პედიატრი


23 აპრილი, კვირა

კვირაცხოვლობაა. ამავე დროს, ფაღავების საგვარეულო დღესასწაულიცაა. თურმე ამ დღეს ბანძაში წირვის შემდეგ ახალგაზრდებს შიშველი ხელებით უნდა ამოეთხარათ მომცრო ხე, დაეტეხათ და ნაწილები შინ წაეღოთ. შეიძლება რაღაც წარმართულიც იყო ამ ძირძველ ტრადიციაში. ბანძაში არ ჩავსულვარ, ჩემი წინაპრების გვერდით მხოლოდ წარმოსახვით დავდექი.

კვირაობით ან ლაშქრობაში მივდივარ, ან თბილისს ვეფერები (ძველ ქალაქში ვსეირნობ), წარმოდგენასა თუ კონცერტს ვესწრები, ახლობლებთან შეხვედრით ვტკბები. მაგრამ დღეს ყველაფერი გადავდე. საქმე ის არის, რომ გუშინ, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის ბოლო დღეს (ასე დაემთხვა) აღდგენილ იქნა ბაბუაჩემის მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც მან თითქმის 40 წელიწადს იცხოვრა (რაც კავკასიის კალენდარშიც არის აღნუსხული). ბაბუაჩემი − ნიკოლოზ ასპისოვი − რიაზანის მკვიდრი, სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული, საქართველოში ოტორინოლარინგოლოგიის დარგის მესაძირკვლე და უნივერსიტეტში შესაბამისი კათედრის პირველი გამგე იყო, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაფის გახსნა ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის შუამდგომლობისა და, ცხადია, მერიის ძალისხმევის შედეგია. მე და ჩემი ძმისწული, დიმიტრი ერისთავი (ისიც პროფესორია) ავედით სასაფლაოზე, ეკლესიაში სანთლები ავუნთეთ. მერე შინ დავბრუნდით, შვილიშვილი და შვილთაშვილები დავსხედით, ჭიქა წავუქციეთ, გავიხსენეთ.

საღამო ხვალ წასაკითხი ლექციის განახლებას დავუთმე. თავის წიგნში კანტზე სერგი დანელიას ერთი ძალზე საგულისხმო აზრი აქვს გამოთქმული: პროფესორმა მარტო სხვების მიერ დაგროვილი ცოდნა კი არ უნდა გადასცეს სტუდენტებს, არამედ საკუთარი კვლევის შედეგები, ორიგინალურად სისტემაში მოყვანილი, საკუთარი შეხედულებები უნდა გააცნოს მსმენელებსო. ერთხელ ერთი საერთაშორისო სახელმძღვანელოს (სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიას ეხებოდა) რეცენზიაში აღვნიშნე, უაღრესად მნიშვნელოვნად მეჩვენება, ლექტორმა სტუდენტს მარტო ინფორმაცია კი არ მიაწოდოს, არამედ პიროვნული ხედვაც გაუზიაროს-მეთქი. ვცდილობ, ასე მოვიქცე.

ძილის წინ რჩეული წიგნებიდან რამდენიმე გვერდს წავიკითხავ ხოლმე, თითქოს ძველ მეგობრებს ვხვდები.

24 აპრილი, ორშაბათი

დილით ინგლისურენოვან სტუდენტებთან მქონდა მეცადინეობა. ხშირად მეკითხებიან, როგორ სწავლობენო. ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, ზოგიერთი უფრო ასწრებს, ზოგი ნაკლებად. ერთიცაა, ყოველი მეცადინეობის შემდეგ მადლობას მიხდიან −სასიამოვნოა და სამაგალითოც. გრძნობენ, ალბათ, რომ გულით ვასწავლი. ისე, ჩვენს უნივერსიტეტშიც და სხვაგანაც უცხოენოვანი სტუდენტების რაოდენობა იზრდება. განათლების მიღება ქართულად ხომ შეიძლება, ასევე შეიძლება ინგლისურად, რუსულად, ზოგან გერმანულად და ფრანგულადაც კი. ვინ იცის, იქნებ საქართველო განათლების ერთ-ერთ საერთაშორისო ცენტრადაც გადაიქცეს. ეკონომიკურ ფაქტორებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტების დონე კი, ალბათ, გაიზრდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩვენი ნამოწაფარნი შეიძლება საქართველოს გულშემატკივრები და მხარდამჭერნი გახდნენ. ცხადია, თუ ჩვენგანაც სითბოს ნახავენ.

შუადღისას ლექცია მქონდა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის. ამ ნაკადისთვის ეს ბოლო ლექცია იყო, ვგონებ, საერთოდ, უნივერსიტეტში სწავლების პერიოდისთვისაც (ჩვენთან ბოლოკურსელები მოდიან). ცოტათი გავცდი ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის ფორმალურ საზღვრებს. ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ პედიატრი მარტო დიაგნოზს კი არ უნდა სვამდეს და მკურნალობდეს, არამედ უნდა დაიცვას მოზარდი და, რაც მთავარია, ხელი შეუწყოს მის მაქსიმალურ თვითრეალიზაციას. პედიატრია პატრიოტული დარგია, ბავშვთა ექიმები, პედაგოგებთან ერთად, ქვეყნის მომავალს ქმნიან.

ავადმყოფების უმრავლესობა რესპირაციული დაავადებებითაა, ფაღარათით, შეკრულობით, ალერგიით, ასთმით; რევმატიზმზე საეჭვონი, ჩვილი ბავშვები თავიანთი პრობლემატიკით... მაგრამ დღე არ გავა, თითო-ოროლა რთული შემთხვევაც არ გამოერიოს, საპროფესორო ავადმყოფებს ვეძახი, როდესაც ადგილი აქვს სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის ერთდროულ დაზიანებას, ატიპურ მიმდინარეობას. ასეთ შემთხვევებში დიაგნოზის დასმაც ძნელია და მკურნალობაც. ასეთებს, ძირითადად, კოლეგები მიგზავნიან, და ამას უმაღლეს შეფასებად მივიჩნევ.

პერიოდულად ჩემი ციტირების ინდექსს ვამოწმებ, დღეს დავადგინე, რომ 1000-ს გადავაბიჯე. ვითომ რაში მჭირდება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი პედაგოგის, ბატონი ლადი ჯიქიას სიტყვები: მე, ბატონო, პასტერზე მეტი შრომა მაქვს გამოქვეყნებული, მაგრამ სად პასტერი და სად მეო?! მეცნიერების „გაზომვას“ მართლაც სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს კაცი, მაგრამ ესეც ხომ აკადემიური საქმიანობის მახასიათებელია. თუ პროფესორი ხარ, ავადმყოფებისა და სტუდენტების გარდა, მეცნიერებისთვისაც უნდა მოიცალო.

საღამოს აუზზე წავედი, ჩემი სტანდარტული დისტანცია, ერთი კილომეტრი, დავფარე, შემდეგ − ცივი შხაპი. კარგია!

თავისუფლების დღიურები - ყარამან ფაღავა
please wait

No media source currently available

0:00 0:16:54 0:00

25 აპრილი, სამშაბათი

დილით რუტინაა. კლინიკაში სტუდენტები, ავადმყოფები, მერე შემოვლა მქონდა. ზოგჯერ მცირედი უკმაყოფილების გრძნობა მეუფლება ხოლმე. მართალია, უცხოეთშიც ასეა: შემოვლები მოკლეა და პრაგმატული, ძირითად საკითხებზე კეთდება აქცენტი. მაგრამ მე მაინც ძველებური შემოვლები უფრო მომწონს, თუნდაც მამაჩემი − ირაკლი ფაღავა − ან ჩემი მასწავლებელი − მერი გელოვანი − რომ ატარებდნენ ხოლმე. ეს იყო ცერემონიალიც და გონის ქეიფიც.

ვიყავი ცნობილი პედიატრის, პროფესორ ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. გამოვიდნენ მოწაფეები, თანამშრომლები. მეც ვთქვი ორიოდე სიტყვა. საოცრად გონიერი კაცი იყო, რუსთველისეული ავთანდილის განსახიერება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან რეალურ ცხოვრებაში, ბატონი ავთანდილი ამ მხრივ საჩინო გამონაკლისი იყო.

ერთი უცხოელი კოლეგა მყავს. ამას წინათ წერილი მივწერე, ჩემდა გასაკვირად პასუხი მხოლოდ ერთ კვირაში მივიღე. მომიბოდიშა − სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბევრი საქმე მქონდაო. მეც იგივე მემართება. სასწრაფოდ უნდა მოვამზადო მოხსენება პედიატრ-ინფექციონისტთა ყრილობისთვის უცხოეთში, შემდეგ კი უკვე თბილისში ტარდება ბაქტერიოფაგებისადმი მიძღვნილი კონგრესი (აღმოჩენის 100 წლისთავთან დაკავშირებით). აქაც ვაპირებ მოხსენებით გამოსვლას. ისე, ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენი ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი ამ პრობლემატიკის კვლევის მსოფლიო ცენტრად არის აღიარებული.

მალე დაბადების დღე მექნება − „მიდის ახალგაზრდობა, დაუცხრომელი სურვილი ლომის“. ჩემს საწერ მაგიდას დონ კიხოტის მცირე ფიგურა ამშვენებს − რუსეთში, კასლინში, თუჯისგან ჩამოსხმული. თავის დროზე მამაჩემს ვაჩუქე, არსით გავხარ-მეთქი. არაფერი მითხრა, შევატყვე, ესიამოვნა.

შარშან ჩემს თავს შესანიშნავი საჩუქარი გავუკეთე: ფაღავების შესახებ წიგნი გამოვეცი და დაბადების დღეზე პრეზენტაცია გავმართე. საზოგადოებასაც შევპირდი, ყოველ დაბადების დღეს ახალი წიგნით შევხვდები-მეთქი. ვერ ვასწრებ, თუმცა წლის ბოლომდე იმედი მაქვს, დავამთავრებ მოზარდთა მედიცინის სახელმძღვანელოს, წიგნს დედაზე და ბროშურას ჩემს საინსტიტუტო გამოშვებაზე (ჯგუფელებზე).

საღამოს კიდევ ერთხელ დავტკბი გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხით“. მოთხრობები კი არა, პოეზიაა უმაღლესი!

26 აპრილი, ოთხშაბათი

თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ, განსაკუთრებული პეწის მქონეც, დიდი სიხარულის მომტანი: შემოვლაზე ჩვილი ბავშვი გავსინჯე, რამდენიმე დღის წინ ნახული ვეღარ ვიცანი. თვალს არ ახელდა, ვერ მოძრაობდა, რეაქციას არაფერზე იძლეოდა. ყველაფერი გამოსწორდა, ღიმილი დაიწყო, ჭამა დაიწყო, წონის მატება დაეტყო... ფეხები საქანელასებრი ჰქონდა, ესეც გაუმჯობესდა. დავიწყეთ მისი გასაწერად მზადება.

აღდგომა გავიდა, დღესასწაულები მოთავდა. ასპირანტები დავიბარე, ერთის თემაბაქტერიოფაგოთერაპიის ეფექტიანობას ეხება. საგულისხმო შედეგები მიიღო. მეორე საერთაშორისო კვლევაშია ჩაბმული და ანტიბიოტიკოთერაპიის რეგიონალურ თავისებურებებს შეისწავლის. პოტენციურ თანამშრომელს ველაპარაკე, ვნახოთ, იქნებ მოვახერხო ბიორითმოლოგიის მიმართულებით კვლევის განახლება.

ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელზე, აკადემიკოს ლადო ბახუტაშვილზე ერთხელ ასეთი რამ ვთქვი: მგონი, ხელობა არასწორად შეარჩია, ექიმი კი არა, სანტა-კლაუსი უნდა გამხდარიყო-მეთქი. ყველას დამხმარე და დამსაჩუქრებელი იყო. მასწავლებლის მიერ გაკვალულ გზას შეგირდი არ უნდა სცდებოდეს.

ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენელი იყო ჩემთან, ექიმებისთვის ლექციის წაკითხვა შემომთავაზა. საშური საქმეა, ვინ დავობს, მაგრამ მე საგანმანათლებლო საქმიანობა უფრო მიზიდავს: რადიო, ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები, ლექციები ცოცხლად. დაავადებათა პროფილაქტიკა, სიმძიმის ნიშნები, მკურნალობის პრინციპები, ჯანსაღად ცხოვრების წესი და, რაც მთავარია, კულტურული კოდის გათავისება, როგორ შევაყვაროთ ბავშვს სამშობლო − აი, ძირითადი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელთა ცოდნა ყველასთვის აუცილებელია, პირველ რიგში კი მშობლების, პედაგოგებისა და თვით მოზარდებისთვის.

შვილებმა რჩევა მკითხეს, რაღაც მიღწევა გამიზიარეს. ვცდილობ, ვიყო მათთვის საინტერესო და საჭირო.

27 აპრილი, ხუთშაბათი

ჩვეულებრივი დღეა. მაქსიმალური დრო დავუთმე გერმანულ პრობლემატიკას: დავწერე წერილები, ვიყავი მერიაში, დავუკავშირდი ქართულ-გერმანული კავშირების მოამაგეებს. 2017 წელი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, საიუბილეო თარიღია: 200 წლის წინ, 1817 წლიდან დაიწყო გერმანელთა დასახლებების დაარსება საქართველოში. ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ხოლო დაახლოებით 100 წლის წინ, 1918-ში, დაიდო პირველი ხელშეკრულება გერმანიასა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას შორის, რამაც რეალურად თურქების ოკუპაციისაგან გადაგვარჩინა.

სამთავრობო დონეზე ამ თარიღის აღნიშვნა უდავოდ ხდება, მაგრამ საზოგადოება ამ თვალსაზრისით ნაკლებადაა გათვითცნობიერებული. მეტი აქტიურობაა სასურველი და ყოველივე ეს ჩვენი ერის კეთილშობილებისა და მადლიერების გამოხატულება იქნება. ამავე დროს, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებასა და გაუმჯობესებას.

ორჯერ ვიყავი პარიზში. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ის იყო, რომ არ არსებობს პიროვნება, რომელსაც საფრანგეთისთვის რაიმე გაეკეთებინოს და მისი ღვაწლი სათანადოდ არ აღნიშნულიყოს. არც ჩვენ გვახასიათებს უმადურობა, მაგრამ მეტის გამოვლენაა საჭირო − რამდენ უცხოელს აქვს სიკეთე გაკეთებული საქართველოსთვის, მათი ეროვნების მიუხედავად: რუსებსაც, ამერიკელებსაც (განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში). ან განა შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის 2008 წელს გაწეული ძალისხმევის დავიწყება?!

27 აპრილი, პარასკევი

როგორც პედაგოგს, ნაკლი მაქვს: გამოკითხვა არ მიყვარს, უფრო მეტად ვუყვები ხოლმე. ძირითადად კი ვცდილობ, ხელი შევუწყო სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებში პრობლემის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური ჩვევების განვითარებას. დღეს მთელი მეცადინეობა რთული შემთხვევების განხილვას მიეძღვნა.

რამდენიმე ავადმყოფი მომიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახებიდან. გახშირდა ქართული ოჯახები, სამი და ოთხი შვილი რომ ჰყავთ. ეს ნამდვილად ჩვენი ეკლესიის დამსახურებაა.

ქუთაისელ კოლეგებს დავუკავშირდი. წელს თბილისსა და ქუთაისში ჩავატარებთ ტრადიციულ, რიგით მეათე კონფერენციას „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა“. შეიძლება ამას დავამთხვიოთ ბავშვთა და მოზარდთა ფიზიოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი კონფერენციის ჩატარებაც.

საღამოს შვილიშვილები გვესტუმრნენ. უფროსმა − შვიდი წლის ნატალიმ − თავისი ილუსტრირებული მოთხრობებით მოიწონა თავი, უმცროსმა − სამი წლის ყარამან-ალექსანდრემ კი ყველა პულტი დაშალა −აინტერესებდა, როგორ მუშაობს.

29 აპრილი, შაბათი

დილით კლინიკაში მივედი, ყურადღებამისაქცევი ავადმყოფები ვნახე. სტუდენტთა სამეცნიერო სესიას ვუხელმძღვანელე, სამეცნიერო დისკუსიის ჭაშნიკი გავასინჯე.

ასეთი იყო ეს კვირა. სამწუხაროდ, ტკივილსაც ვერ ავცდი ახლობელი და კარგი ადამიანის ამ ცხოვრებიდან წასვლის გამო.

ვაკეთებდი იმას, რაც უნდა მეკეთებინა. ჩვეულებრივი მოზაიკა: ავადმყოფები, შემოვლები, კონსულტაციები, ლექციები, პრაქტიკულები, ასპირანტები, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი ტექსტების შედგენა, გარკვეული საზოგადოებრივი საქმიანობა, სიამოვნებაც; ცურვაც არ გამიცდენია. შესასრულებელი საქმეების ნუსხა შემოკლდა, ახალი გეგმებიც დავსახე: მომავალ კვირაში მეუღლესთან ერთად ოპერაშიც წავალთ, შესანიშნავი კონცერტი უნდა იყოს „მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის“, მარტო სახელი რად ღირს! ვცდილობ, იხტიბარი არ გავიტეხო.

ჩვეულებრიობასაც აქვს თავისი ხიბლი, მით უფრო, „როცა ახლოა მზე შემოდგომის“.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:17:14 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG