Accessibility links

6 ივლისი, კვირა

ბავშვობის პარალელები

ჩვენი აგარაკი პანტიანში შემაღლებულ ფერდობზეა წამოჭიმული. ჩვენ პირდაპირ მთიანი ფოთლოვანი ტყის მასივი თანდათანობით შორს იკარგება და უერთდება იმ მთათა რიგს, რომელიც კარგი ხილვადობის პირობებში ცხრა მთის იქეთა ზღაპრულ სამყაროს მოგვაგონებს.

კლიმატი საუცხოოა და წყალითაც უხვად ვმარაგდებით, ამიტომ ზღვის შემდგომ შვილიშვილები − ექვსი წლის ქეთევანი და ოთხი წლის ილია − პანტიანში მოგვყავს და ვრჩებით შემოდგომამდე, სანამ ჩვენი მოპირდაპირე ტყე წითელ-ყვითლად არ დაიწყებს შეფერადებას.

დილაა, ჩემს სიძეს „ჯიპის“ ძრავა უკვე ჩაურთავს, ბავშვები ჟრიამულით მირბიან მანქანასთან და ჩვენც, უფროსები, სწრაფად ვსხდებით და კოჯრის ეკლესიისკენ ვიღებთ გეზს.

თითქოს ყველაფერი მეორდება. ჩემს ბავშვობაშიც, არმაზში ჩვენს აგარაკზე, ზაფხულში, კვირაობით ასე, უფროსებთან ერთად დილიდან მანქანაში ვსხდებოდით და მივიჩქაროდით სვეტიცხოველში, სამთავროში, შიომღვიმესა თუ ზედაზენზე...

ყველაფრის სულისჩამდგმელი ჩემი ბიძია − მწერალი ლევან გოთუა იყო. ის დაიწყებდა საინტერესო ამბების თხრობას, მას მამაჩემი და მამიდები აჰყვებოდნენ, იხსენებდნენ ძველ ამბებს, ალპინისტურ თავგადასავლებს. ლევან ბიძია ჰყვებოდა კაცხის სვეტზე, ხვამლის ქვაბ-სახიზარის საიდუმლოებაზე, გრიგოლ ხანძთელზე, კახთა მეფეებზე. გურულებს არც იუმორი აკლდათ, ასე რომ დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთული, გვიან ვბრუნდებოდით არმაზში. ზოგჯერ, ბიძაჩემის ძველი „ვილისი“ ფუჭდებოდა და უკვე ფეხით ვაგრძელებდით გზას. ეს კიდევ უფრო ამშვენებდა იმ დღის თავგადასავალს, რადგან ბუნებას ახლოს ვაკვირდებოდით და უფროსებისაგან წაქეზებული მე და ჩემი და სახელებს ვარქმევდით გარემოს.

არმაზში ჩვენთან უამრავი საინტერესო ადამიანი ჩამოდიოდა, მათ შორის მონასტრებიდანაც, რომლებიც ლევან ბიძიას, როგორც ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიის დიდ ქომაგს, თანადგომას სთხოვდნენ. ამ დროს პატარებმა ვიცოდით, რომ არ უნდა გვეხმაურა და შემდგომ მორთმეული ნაკურთხი ხილით გვიმასპინძლდებოდნენ უფროსები.

არმაზში ილიასეული „ენა, მამული, სარწმუნოება“ ცხოვრების წესად იყო ქცეული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბაბუაჩვენი, პართენ გოთუა, იყო თვით ილიას, აკაკის, მეცენატ დავით სარაჯიშვილისა და მრავალი სხვა წარჩინებული მამულიშვილის თანამდგომი და თანამოაზრე. მის შესახებ იოსებ იმედაშვილი წერდა: „როგორც პიროვნება, ადამიანი-მოქალაქე, პართენ გოთუა ყოველი ჩაგრულის გულშემატკივარია, უსამართლოდ დევნილის მოსარჩლე, სამშობლო ქვეყნის ფხიზელი და ერთგული დარაჯი. იგი არ ეკუთვნის იმ ინტელიგენტთა ჯგუფს, რომელთა სიტყვა და საქმე ერთი მეორეს ეწინააღმდეგება, ამ მხრით იგი საყოველთაოდ ცნობილია: რასაც სწერს, საქმითაც მას ემსახურება და ამიტომაც, მას ყოველთვის ანგარიშს უწევენ.“ სამწუხაროდ, მას და მის ოჯახს მთელი სიგრძე-სიგანით შეეხო საბჭოთა უსამართლობის რეპრესიათა ქარტეხილი. ლევან გოთუამ 22 წელი პატიმრობაში, საკონცენტრაციო ბანაკებში, კატორღასა და ე.წ. „თავისუფალ გადასახლებაში“ გაატარა... მიუხედავად ამისა, არ გატყდა. პირიქით, იქცა სულიერი სიმტკიცისა და ფიზიკური გაუტეხლობის სიმბოლოდ, რომელზედაც ამბობდნენ, სინდისი ცრემლებზე სუფთა აქვსო.

ლევან ბიძია არმაზში არ გვაძლევდა უფლებას, დაგვემახინჯებინა, ან დაგვეკნინებინა ქართული ენა, თუმცა მისი მდიდარი ბიბლიოთეკიდან გვირჩევდა ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე და აინტერესებდა ჩვენი შთაბეჭდილებაც.

გასაბჭოების წინ ბებიაჩემის ძმა, იოსებ კემულარია, მეუღლესთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და პარიზში ლევან ზურაბიშვილთან და ილამაზ დადეშქელიანთან ერთად დააარსა წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, სადაც მოღვაწეობდა აწ უკვე წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე. ბაბუა იოსების შვილი, კლოდ დე კემულარია, შემდგომში გახდა უმაღლესი რანგის საერთაშორისო დიპლომატი, ბანკირი, საფრანგეთის წარჩინებული საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ყოველთვის დიდი მადლიერებით ვიგონებ ბიძია კლოდს და მის მეუღლეს, მარკიზა შანტალს, რომელთაც დიდი მონაწილეობა მიიღეს ჩემი და ჩემი მეუღლის პროფესიულ განვითარებაში პარიზის საუკეთესო ინსტიტუციებში.

ეს ამბები იმიტომ გავიხსენე, რომ წარმომედგინა, რა გარემო იყო წინათ და რა ფაქტორები მოქმედებდა ჩვენი თაობის პიროვნულ ფორმირებაზე. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დედაჩემი, ლეილა მხეიძე, იყო ექიმი, ამასთან ერთად მორწმუნე ადამიანი, რომელიც ამბობდა, წინაპართა გადმოცემით ჩვენ, არგვეთის ერისთავები, წმ. დავით და კონსტანტინეს შთამომავლები ვართო. ახლა, როდესაც მე უკვე ბებია გავხდი, ძალიან მინდა, არმაზისეული ხიბლი ჩემს შთამომავლობასაც გაჰყვეს და ვცდილობ, იმ სიყვარულით, რწმენითა და ცოდნით აღვზარდო ისინი, რაც ჩემმა დიდმა ოჯახმა ჩამინერგა.

ვუბრუნდები რეალობას და მახსენდება, რომ კვირა დილას პანტიანიდან კოჯრის ეკლესიისკენ მივიჩქაროდით.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი ჩაფლულია კოჯრის ტყეში, რომელსაც ამშვენებს კოპწია, ლამაზად მოხატული ეკლესია, აშენებული ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ამ ტერიტორიაზე თურმე იუნკრების ძმათა სასაფლაოცაა. ეს ის იუნკრები არიან, საქართველოში შემოსულ წითელ არმიას კოჯორში რომ გადაუღობეს გზა. ჩემი ორი ბიძა, არჩილი და ლევანი, სულ პირტიტველა ბიჭები, სახლიდან გაიპარნენ და კოჯორში იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. შვიდი დღის შემდეგ ძლივს გადარჩენილი ბიჭები შინ დაბრუნდნენ. ოჯახი სიხარულით ცას ეწია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ უმძიმესი თავგადასავლისა, რაც შემდგომ ელოდა ჩვენს ოჯახს.

კოჯრის ეკლესიაში არ ველოდი, იმდენი თბილისელი ნაცნობ-მეგობარი, ნათესავი და პაციენტი დამხვდა. მოძღვარი შეუძლოდ იყო და მაზიარებლებს მოგვცა ლოცვა-კურთხევა, უძოს მონასტრისთვის მიგვემართა.

ამ ულამაზესი ადგილის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „უძოს ეკლესია წმინდა გიორგისა, მაღალსა გორასა ზედა მჭვრეტელი კოჯრისა და ტფილისისა“. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს, შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა. ამჟამად აქ მოქმედებს მამათა მონასტერი და ახლახან აუგიათ ხარების სახელობის საუცხოოდ მოხატული და ჩინებული ხატებით შემკული ტაძარი, სადაც ჩვენ წირვას დავესწარით და სხვებთან ერთად ვეზიარეთ.

აგარაკს უხდება და, რა თქმა უნდა, პანტიანში ჩვენც აღჭურვილი ვართ ბავშვების გასართობი თითქმის ყველა საშუალებით: ჰამაკით, საქანელათი, ველოსიპედებით, მრავალრიცხოვანი სათამაშოს გარდა გვაქვს ასევე „უზარმაზარი“ სათამაშო ტრაქტორიც, რომელსაც ჩვენი ილიკო დიდი სიამოვნებით მართავს. ბავშვებთან ერთად ვაწყობთ „პაზლებს“, ვთამაშობთ ბურთს, ბადმინტონს, ვკითხულობთ წიგნებს, ვხატავთ... მოკლედ, არ ვიწყენთ.

დღესაც მოვილხინეთ. ქეთუნამ დამხატა. ეს ის ქეთუნაა, ახლად ენაადგმულმა, ტელევიზორში პირველად რომ მნახა, აღფრთოვანებით მკითხა: „მაია ბებო, ტელევიზორში როგორ ჩასკუპდი?! მეც ჩამასკუპე რა!“ მანაც მოინდომატელევიზორში მოხვედრა. ქეთუნამ ფანქარში დიდი მონდომებით შესრულებული ჩემი პორტრეტი გამომიწოდა. მის ნახატზე გამეღიმა, ის თავისებური „ოსტატობით“ გადმოსცემდა ჩემს ხასიათს, არც საყურეები მაკლდა, არც ყელსაბამი და, რაც მთავარია, ისე გამაახალგაზრდავა, რომ პატარა გოგონას ვგავდი და ღიმილიც მამშვენებდა.

ბავშვები გვხატავენ ისეთებს, როგორებიც მათ სურთ, რომ ვიყოთ და ალბათ, ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ დიდხანს გავახაროთ მათი პატარა გულები. მე კი, სამწუხაროდ, მათთვის ვერ ვიცლი ისე, როგორც მინდა. სულ მეჩქარება: პაციენტები, სტუდენტები, კონგრესები. არც ევროპა მაკლია, არც ამერიკა და არც სინგაპური... ხან სხვადასხვა სატელევიზიო და რადიოგადაცემის სტუმარი ვარ და ხან − უცხოეთში მიწვეული სპიკერი, ხან სამეცნიერო შრომას ვწერთ და ხან ჩემი მოწაფის დისერტაციას ვიცავთ... მოკლედ ვარ ასე, 21-ე საუკუნის ენით რომ ვთქვათ, „დააპდეიტებული“ დედა და ბებია, რომელიც − გოთუების ოჯახის ჯანსაღი ცხოვრების წესის საუკეთესო ტრადიციით − არც ასაკს ვიმჩნევ, არც ბებიის სტატუსს, და არც ქვრივობას, იმიტომ რომ მწამს, რომ იმ სამყაროში აუცილებლად შევხვდები ჩემს არაჩვეულებრივ მეუღლეს და გარდაცვლილ ძვირფას ოჯახის წევრებს. ამიტომაც ასე ვცდილობ, უფრო სწორად, „ვცოდვილობ“, რომ დავაბალანსო ჩემი ცხოვრების წესის მრავალსახე ოჯახს, ეკლესიასა და საქმეს შორის.

7 ივლისი, ორშაბათი

დღეი სააქიმოი

უთენია ვდგებით და სასწრაფოდ ვსაუზმობთ, რომ ადრეულად დავეშვათ პანტიანიდან თბილისში: დღეს ჩემი, როგორც ექიმ-ალერგოლოგის, მიღების დღეა.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები წინასწარ ეწერებიან მიღებაზე, გადაუდებელი პაციენტიც ბევრი გროვდება. ძირითადად, ესენია მძიმე ასთმისა და რთული ალერგიული პრობლემების მქონე ხშირად მოავადე ბავშვები და მოზრდილები თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან, უცხოელები, ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ალერგიული სიმპტომების სიუხვის მიუხედავად, ვერ გასცდნენ ოჯახის ექიმის ბარიერს, ვერ მოხვდნენ სპეციალისტ ალერგოლოგთან და, როგორც უკანასკნელ იმედთან, ხშირად მოდიან ჩვენთან გამოკვლევისა და ეფექტიანი მკურნალობის იმედით.

ვამართლებთ კი მათ იმედს? ამ კითხვას ხშირად ვუსვამ როგორცჩემს თავს, ისე მოწაფეებს და, ასევე, ჩვენს მრავალრიცხოვან პაციენტებს.

დღესაც ეს კითხვა დავუსვი ახალგაზრდას, რომელსაც გაზაფხულიდან შემოდგომამდე მცენარეების მიმართ ალერგია ისე აწუხებდა, რომ მშობლიურ ლაგოდეხში ჩასვლა პრაქტიკულად არ შეეძლო. ან, თუ ჩავიდოდა, არათუ გარეთ ვერ გადიოდა, სახლშიც კი უჭირდა ფეხზე დგომა, რადგან ძლიერი ცემინებისა და თვალების ქავილის პირობებში, ისე ღვარივით ჩამოსდიოდა ცრემლები და ცხვირიდან − გამონადენი, რომ წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. ლაგოდეხის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალერგენის, სარეველა მცენარის − ამბროზიის − გავრცელების ენდემური კერაა. იქ ბევრია დაავადებული მძიმე მიმდინარეობის ამბროზიული ასთმით, ან რთულად მიმდინარე რინოკონიუნქტივიტით. ერთ პაციენტს ანაფილაქსიური შოკიც განუვითარდა, როდესაც აგვისტოს თაკარა მზიან ამინდში მოხვდა უთვალავი ამბროზიით დაფარულ მინდორზე.

დიდია სიხარული, როცა ასეთი სირთულის პაციენტები მკურნალობის შედეგად კარგად ხდებიან!

დღესაც ჩემს დასმულ კითხვაზე ამბროზიის ალერგიის მქონე პაციენტმა ღიმილით მიპასუხა: დიდი მადლობა, ექიმო, მართლა კარგად ვარ! ლაგოდეხშიც ჩავდივარ ამბროზიის ყვავილობის დროს, არც ალერგია მაწუხებს და აღარც ასთმის განვითარების მეშინიაო.

როგორ ხდება ეს სასწაული? ასეთ პაციენტებს პირველ რიგში უტარდებათ დიაგნოსტიკა, შემდგომ დგინდება ალერგიის მიზეზი, რასაც მოჰყვება დამნაშავე ალერგენებთან შეგუება და პაციენტს უჩნდება შანსი იმისა, რომ თანდათან დაკარგოს ალერგიული სიმპტომები და გამოჯანმრთელდეს. ამისთვის ღირს ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობის ერთობლივი ძალისხმევა და მოთმინება.

„ეშველება, ექიმო, ჩემს ასთმას? − მეკითხება პაციენტი. – დადგება ის დღე, რომ აღარ გამომაყრის?“

„ექიმო, მიშველეთ, შოკი მქონდა წამლის მიღების შემდეგ, მოვხვდი რეანიმაციაში და ამის შემდგომ ვკვდები შიშით, იგივე არ განმეორდეს!“

„ექიმო, შევშუპდი, გადამეკეტა სუნთქვა, მიშველეთ!“

„ჩემს შვილს რძის მიღების შემდეგ შეუშუპდა ენა, ხორხი, საშინლად დააყარა!“

და ასე, დღის მანილზე მრავალი მომმართავს, მეკითხება, მთხოვს დახმარებას. მე და ჩემი მოწაფეები კი ვცდილობთ, მეტი ვიკითხოთ, მეტი ვნახოთ, მეტი გავაანალიზოთ და უკეთ დავეხმაროთ მოსულებს.

გლობალურ დათბობასთან და ეკოსისტემის გაუარესებასთან დაკავშირებით ვსწავლობთ ალერგენულ მცენარეთა ზემოქმედებას სხვადასხვა გარემოზე, ვქმნით მცენარეთა ყვავილობის უახლეს კალენდრებს, დავნერგეთ ალერგოდიაგნოსტიკის და თერაპიის უახლესი მეთოდები, რომ პაციენტისათვის შეთავაზებული მკურნალობა იყოს უხიფათო და ამასთან მაქსიმალურად ეფექტიანი.

როგორც ყოველთვის, პაციენტების მიღება დღესაც გაცილებით გვიან დამთავრდა, ვიდრე განსაზღვრული იყო.

8 ივლისი, სამშაბათი

საქმიანი შეხვედრები და ხელოვნების გაკვეთილები

ყოველ სამშაბათ დილას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში გვაქვს მცირე კონფერენცია, რასაც ჰქვია „შეხვედრა პროფესორთან დილის საუზმეზე“. ამისათვის დირექციას მოგვაქვს საუზმე, ყავის და ჩაის მოწყობილობა კი ყოველთვის ადგილზეა და მრგვალი, უფრო სწორად, ოვალური მაგიდის ირგვლივ იქმნება თავისუფალი და საქმიანი ატმოსფერო, რომ ახალგაზრდა თანამშრომლებთან ერთად გავარჩიოთსაინტერესო საკითხები და თან ვისაუზმოთ. ეს ტრადიცია გრძელდება.

სამშაბათი საქმიანი შეხვედრების დღეა. მიწვეული ვიყავით თანამედროვე, პერსპექტიულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც შემოგვთავაზა ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც საინტერესოა ჩვენთვის.

დღის მანძილზე მქონდა შეხვედრები თანამშრომლებთან მიმდინარე კლინიკური, ორგანიზაციული, სამეცნიერო და უცხოეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით. აქტიურად განიხილებოდა გაფართოებისა და რეკონსტრუქციის საკითხები.

საღამოს შევხვდი გურამ ნიკოლაძეს. გურამი ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილია. ახლახან აღინიშნა იაკობ ნიკოლაძის დაბადების 140 წლისთავი. იაკობ ნიკოლაძე ჩემი დიდი ბებიის ძმაა. ნიკო ნიკოლაძე მათი ბიძაშვილია. თავად გურამი მრავალმხრივი შემომქმედია: მოქანდაკე, გრაფიკოსი, აქვს მრავალი ფერწერული ტილო ენკაუსტიკაში და კიდევ სხვა მრავალი. როგორც მოქანდაკე, აგრძელებს დიდი ბაბუის ტრადიციებს, როგორც მხატვარი, ედმონდ კალანდაძის მოწაფეა. დღეს საღამოს ერთად ვსეირნობთ უნივერსიტეტის ბაღში და ვათვალიერებთ უნივერსიტეტის დამფუძნებლების იაკობ ნიკოლაძისეულ ქანდაკებებს. აქ გურამის ნამუშევარიცაა: იოსებ ყიფშიძის ქანდაკება. უნივერსიტეტის ბაღის სიღრმეში დაიდგა გურამის მიერ გადიდებული იაკობ ნიკოლაძის სიმბოლური მემორიალი კოჯრის ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის, სხვა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ღვაწლის პატივსაცემად.

დავბრუნდით ჩემთან და გურამი დიდხანს მიყვებოდა მხატვრობის განვითარების ტენდენციებზე, კლასიკურ და თანამედროვე მხატვრებზე. მე მაინტერესებს ხატვის წესები. ადრეც ცოტას ვხატავდი, ახლა ისევ მომენატრა ხელოვნება და გურამიც მიხატავს და მიხსნის. შევთანხმდით, შემდეგ სამშაბათს ისევ ხელოვნების გაკვეთილი მაქვს. არც მეტი, არც ნაკლები, გურამ ნიკოლაძე მასწავლის.

9 ივლისი, ოთხშაბათი

მთელი დღე ალერგიის ცენტრში

პაციენტები, პაციენტები, პაციენტები... მადლობა ღმერთს, რომ ხალხს ვჭირდები...

10 ივლისი, ხუთშაბათი

უცხოელი სტუმრები

მათ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება, თანამშრომლობა, დავათვალიერებინეთ ცენტრი, დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან კმაყოფილები წავიდნენ.

ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი, სანდრო, მამიდაშვილთან და მეგობრებთან ერთად სვანეთში მიდის. მივეხმარე სამოგზაურო ნივთების ჩალაგებაში.

11 ივლისი, პარასკევი

მადლიერი პაციენტები

ისევ მთელი დღე ალერგიის ცენტრში. ბევრია მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული პაციენტი. მიხდიან მადლობას. მიხარია. ეს მადლობა ჩემი სამშობლოს მომავალს ქმნის.

12 ივლისი, შაბათი

თავისუფლება

მოვიარე სასაფლაოები. გულზე მომეშვა.ველაპარაკე ჩემს დას, დისშვილს. ორბეთში აიყვანეს პატარა ნიკოლოზი, კარგად არიან.

არ ჩერდება ტელეფონი − პაციენტები, ახლობლები... სჭირდებათ დახმარება. რა კარგია ექიმობა! მუდმივად ურთიერთობა გაქვს ბევრ ადამიანთან, რომელთაც შეიძლება სიკეთე გაუკეთო. მგონია, რომ მოწოდებით ექიმი ვარ! დღეს ვერ ვასწრებ შაბათის ლოცვაზე წასვლას − რადიო თავისუფლებაში მივდივარ. თავის უფლად ყოფნა დიდი პატივია!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG