Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ სონღულაშვილი - მთავარეპისკოპოსი


19 მაისი, კვირა
კვირა ჩემთვის ყველაზე დაძაბული დღეა. ამ დღისთვის საგანგებოდ ვემზადები ყოველთვის. ყოველ შაბათს მთაში დავდივარ ჰაიკზე. მაგრამ გუშინ წელი მტკიოდა და დღეს ჰაიკზე ვერ წავედი. „კარლ გუსტავ იუნგმა როგორ უნდა გაიხაროს ჩემი ცოდვით?!“ - სულ ამას ვიმეორებ გუშინ და დღეს. იუნგმა რა დააშავაო? - იკითხავს ზოგი. რა დააშავა და ის დააშავა, რომ 25 წელი წერდა იმ თავის საოცრად დასურათხატებულ წითელ წიგნს, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა მისი სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ. ჰოდა, პარასკევ დილას ეს წიგნი რომ გამოვიღე წიგნების ქვედა თაროდან, წელი მოვიწოდე. კარგა ხანს წელში ვერ გავიმართე. ახლაც მტკივა. წიგნი უზარმაზარია. ეტყობა სწორად ვერ დავიხარე მის ასაღებად.

თუ თბილისში ვარ, კვირა დღეს, სულ ცოტა, ორ წირვას ვატარებ. ერთს დილას ადრე, ინგლისურად, და შუადღისას, 12 საათზე. როგორც წესი, ინგლისური წირვა ბევრ ემოციურ ენერგიას არ მართმევს. პირიქით, ის ძალას მაძლევს იმისთვის, რომ ქართულ წირვაზე ბოლომდე დავიხარჯო.

ინგლისური წირვა პატარა ეკვტერში ტარდება. ეს წირვა გათვლილია თბილისში მცხოვრებ „ექსპატებზე“, რომელთაც სურვილი აქვთ ინგლისურ ლიტურგიას დაესწრნენ. უცხოელების გარდა, მას ჩემი უახლოესი ადამიანებიც ესწრებიან ხოლმე. დღეს პატარა კაპელა გადაჭედილი იყო, ოღონდ არა უცხოელებით.

წირვაზე ვლოცულობთ ხოლმე ქრისტეს სახელის გამო დევნილებისთვის დედამიწის ყველა კუთხეში. როდესაც ლოცვისას ამ კვერექსს მივადექით, ჩემ გვერდით მჯდომი ღვთისმსახური, უფრო სწორად, ჩემი მეუღლე, გადმოიხარა და რაღაც მიჩურჩულა ყურში. ვერ გავიგე.

„რას ამბობ?“ - შევუღრინე ალას. თან გული მომივიდა, ლოცვისას ხელს რატომ მიშლის-მეთქი.

„რას და აქ უკვე აღარ შეიძლება ლოცვა ‘ქრისტეს სახელის გამო დევნილებისთვის’. ახლა ჩვენ ‘ქრისტეს სახელით დევნილებისთვის’ უნდა ვილოცოთ.“

ალბათ, ალა ნაწილობრივ სწორიც იყო. საქართველოში ახლა ქრისტიანობის სახელით დევნილებისთვის უფრო გვჭირდება ლოცვა, ვიდრე ქრისტიანობისთვის დევნილთათვის. ამისთანა დევნილს წარმოადგენს უამრავი ადამიანი. არა მარტო ადამიანი, არამედ მთელი სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები იდევნება ქრისტეს სახელით.
თავისუფლების დღიურები - მალხაზ სონღულაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:22 0:00
გადმოწერა

ქრისტეს სახელით დევნიან და აშინებენ ახალგაზრდებს. სიყვარულის ნაცვლად, მათ სიძულვილს ასწავლიან განსხვავებული ადამიანების მიმართ, ესეც იმავე ქრისტეს სახელით. დევნიან და ტვინს ურეცხავენ სამღვდელოებას, იმავე ქრისტეს სახელით. ასე რომ არ იყოს, „ტაბურეტით“ ხელში რა არბენინებდა სასულიერო პირს?! დევნიან და თავისუფლებას ართმევენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გავეშებული დარბიან საცემრად, ჩასაქოლად და მოსაკლავად. მანამდე არასდროს მენახა ასეთი გაშმაგებული ჩვენი ხალხი. 2008 წლის ომის დროს არ იყო ჩვენი ხალხი ასე გაშმაგებული, თბილისისკენ ტანკებს რომ მოაგრუხუნებდნენ ჩვენი ‘ერთურწმუნო’ რუსები. მაშინ ხალხს რესტორნებიდან ვერ გამოიყვანდი, ისე ეკიდათ ცალ ფეხზე ყველაფერი. ქრისტეს სახელით დევნილია ეს ჩვენი საწყალი სახელმწიფოც, რომელმაც თითქოს დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია ცხრა წლის წინათ, მაგრამ იმავე ქრისტეს სახელის გამო დემოკრატიამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ირონია ის არის, რომ ქრისტეს სახელით ყველაზე მეტად ქრისტეს სდევნიან ჩვენში. ჩვენში იდევნებიან ქრისტე და ის ადამიანები, ვისთანაც ქრისტეა. ქრისტე ყოველთვის დევნილებთან არის. სწორედაც რომ ქრისტეს მისდევდა 17 მაისს აბობოქრებული ბრბო. იმ ყვითელ მარშრუტკაში ქრისტე იჯდა დაშინებულ ახალგაზრდებთან ერთად.

კვირის საკითხავი ლექციონარში, რომელსაც ჩვენ მივდევთ, იოანეს სახარების საკითხავი იყო. ოცდამეერთე თავის პირველიდან მეცხრამეტე მუხლის ჩათვლით. საოცარი საკითხავია! იმ დღეს იოანეს სახარება დავინახე, როგორც სცენა. დრამის დაწყებამდე სცენაზე, დახურული ფარდის წინ, გამოდის წამყვანი და ამბობს: „დასაწყისში იყო სიტყვა... სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი... იესო იყო ნათელი, რომელიც ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი...“ შემდეგ ფარდა იხსნება და ჩვენ ვუყურებთ იესოს ცხოვრების დრამატულ მოვლენებს: ბოლო ვახშამს, ჯვარცმას, აღდგომას. მერე ეს ფარდა იხურება და ფარდის წინ გამოდის წამყვანი და აჯამებს ყველაფერ იმას, რაც ამ დრამაში მოხდა. თითქოს მოგვმართავს: აკი გეუბნებოდით, ნათელი ბნელს ვერ მოიცავსო! ეს 21-ე თავში ხდება. აქ იესოს მოღვაწეობის უამრავ ალუზიას ვხედავთ. მაგრამ ყველაფერ ამაში ცენტრალურ მოვლენას წარმოადგენს საუზმე: თევზი და პური, რომელსაც იესო ახვედრებს ზღვის პირას თავის მოწაფეებს: პეტრეს, იოანეს, სხვებს. ეს პური და თევზი ევქარისტიის ნაირსახეობად მოიაზრება თეოლოგიაში.

ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალურ ტაძარში ჩემი ქადაგების ჯერი იყო (ეპისკოპოსები მონაცვლეობით ვქადაგებთ. ყოველ მეორე კვირა დღეს მე ვქადაგებ). ჰოდა ვიქადაგე. სახარების საკითხავი ზედგამოჭრილი იყო ჩვენი ვითარებისათვის. ვილაპარაკე იმაზე, რომ ნათელი ყოველთვის გაიმარჯვებს. ამის დამადასტურებელია იესოს გამარჯვება ბნელზე და გამარჯვება უსიყვარულობაზე. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მიქადაგია იმაზე, რომ სახარება ინკლუზიურია, მაგრამ მკაფიოდ და გამოწვლილვით არასდროს მითქვამს, რომ სახარების საყოველთაო ინკლუზივიზმში გეებს, ლესბოსელებს, ტრანსგენდერებს, ისეთივე ადგილი აქვთ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ჩვენ ხომ ყველანი უფლის შვილები ვართ. ჰოდა, ამაზე ვიქადაგე დღეს. ხალხი გაფაციცებით ისმენდა სიტყვას და ვგრძნობდი, რომ მრევლი მომდევდა და ესმოდა, რასაც ვამბობდი...

ქადაგების შემდეგ, პირველად ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში ვაკურთხეთ თევზი და პური, იმ საუზმის გახსენების ნიშნად, რომელიც იესომ ზღვის პირას მოუმზადა თავის მოწაფეებს. საუზმისა, რომელიც მიღებისა და ინკლუზივიზმის სიმბოლოს წარმოადგენს ჩემთვის. ვაკურთხეთ პურ-თევზი და ყველას დავურიგეთ. მეუფე მერაბ გაფრინდაშვილს და ჩვენს ბუღალტერს, ესმა მაზმიშვილს, თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი - ასობით პატარა შოთი პური დააცხობინეს. ასევე ასობით პატარა თევზი მოიტანეს. დიდ მოწნულ ხახლებზე პური და თევზი ეწყო. ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო! ტაძარი პურის ტკბილმა სურნელმა აავსო. პურ-თევზი ეპისკოპოსებმა და ხუცესებმა ჩამოარიგეს. ლამაზი წირვა გამოვიდა. ჰო, მართლა: პური და თევზი მე აღარ შემხვდა.

წირვის შემდეგ კათედრალური ტაძრის ახალგაზრდებს შევხვდი. დრო ძალიან ცოტა მქონდა, რადგან ინგლისიდან გამოგზავნილი ჩემი წიგნები უნდა მოეტანათ რამდენიმე ათეული ყუთი და მომტანებს შინ უნდა დავხვედროდი. ოქსფორდში გატარებული ხუთი წლის შედეგად უამრავი წიგნი დამიგროვდა, მთელი ბიბლიოთეკა. ვერ შეველიე და იქ ვერ დავტოვე თითქმის ვერც ერთი წიგნი. ისინი ხომ რაღაცნაირად შენი მეგობრები არიან და გიჭირს კაცს მათთან გამოთხოვება.

გამაოცა ჩვენმა ახალგაზრდობამ! როგორ გაზრდილან ამ ხუთი წლის მანძილზე, მოწიფულები გამხდარან ინტელექტუალურად. ეს სულ ახალი თაობაა. ბევრი მაქვს მათგან სასწავლი. საუბარი დიდხანს გაგრძელდა. ახალგაზრდები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. თავისთავად ცხადია, რა იყო საუბრის თემა.

შევთანხმდით, ყოველი თვის 17 რიცხვი იყოს დღე, როცა არაძალადობისა და სიყვარულისთვის ვილოცებთ, სადაც უნდა ვიყოთ.

შინ მისვლა დავაგვიანე. ჩემი წიგნები ეზოში დაეყარათ დაგლეჯილი ყუთებით და წასულიყვნენ. საბაჟოზე, ეტყობა, არ დაიზარეს, ჩემი საგანგებოდ შეფუთული და დასკოჩილი ყუთები დაეხსნათ და დაეჩხრიკათ. რაკი წიგნებმა მშვიდობით ჩამოაღწია, აღარას ვჩივი. ვნახოთ, წიგნების მომდევნო პარტია როგორი მოვა.

20 მაისი, ორშაბათი
დილით ბიბლიური საზოგადოების მესვეურებთან ვაპირებდი წასვლას და თანამედროვე ქართული ბიბლიის საკითხებზე მსჯელობას ბატონ ავთო გურულთან და ინგლისელ კავკასიოლოგთან, საიმონ კრისპთან, რომელიც ასევე ოქსფორდგამოვლილი მეცნიერია.

წასასვლელად რომ ვემზადებოდი, დამირეკეს და მითხრეს, წერილი მივიღეთ საპატრიარქოდან, სადაც გვთხოვენ, ვიდრე პატრიარქი სტამბულიდან არ დაბრუნდება, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ნურავინ გააკეთებთო.

არ მესიამოვნა. გული მომივიდა. ვისა აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს განცხადების გაკეთება იმაზე, რაზედაც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს? ანდა პატრიარქის ჩამოსვლამ რა უნდა შეცვალოს? საინტერესო ის არის, რომ პატრიარქი სტამბულში მილანის 313 წლის შემწყნარებლობის ედიქტის საიუბილეო ზეიმზე არის ჩასული. არადა, შინ, მის სამშობლოში, მოსახლეობის ერთი დიდი ნაწილი შეუწყნარებლობის მორევში ღაფავს სულს.

თუ პატრიარქი აპირებს, 17 მაისის ბარბაროსობისათვის მთელ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, როგორც საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ეს მისი საქმეა. ბოლო-ბოლო, მისი მრევლი და სამღვდელოება იყვნენ პასუხისმგებელი იმ მოვლენებისთვის, რომელმაც პირქვე დასცა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ღირსება. მისი პირადი განცხადება 16 მაისს, აგრესიულად მომართული მრევლის ნაწილმა ძალადობისკენ მოწოდებად აღიქვა.

„მე ჩემი წილი ბოდიში უნდა მოვიხადო“, ვიფიქრე და „აკრძალული“ განცხადების წერას შევუდექი. თავიდან წერა გამიჭირდა. ხან ასე ვიფიქრე, ხან ისე და ბოლოს კარგა დიდი წერილი გამოვაცხვე.

„ცოტა მოკლე რომ ყოფილიყო, ხალხი უფრო ადვილად წაიკითხავდა“, მითხრა დათო რუსიამ, ბიბლიური საზოგადოების თანამშრომელმა.
„დრო არ მქონდა უფრო მოკლე წერილის დასაწერად“, ბავშვივით ვიმართლე გუნებაში თავი. ისე კი, გავიღიმე და კვერი დავუკარი დათოს.

წერილში ვთქვი, რომ 17 მაისს საქართველოში პირქვე დამხობილი ვნახეთ ქვეყნის ხელისუფლება, განათლების სისტემა და ქრისტიანობა.

წერას რომ მოვრჩი, გამახსენდა წინა დღის შეხვედრა მშვიდობის კათედრალური ტაძრის ახალგაზრდებთან და მათი შთაგონებით ასეთი პარაგრაფი დავურთე ჩემს განცხადებას:

„აქვე მინდა წინადადებით მივმართო ჩემს კოლეგებს, სხვადასხვა რელიგიური თემების წინამძღოლებს, ქრისტიანებს, მუსლიმებს, იუდეველებს, რომ ივნისის თვიდან მოკიდებული ყოველი თვის 17 რიცხვი გამოვაცხადოთ საქართველოში სიყვარულისა და არაძალადობისათვის ლოცვის დღედ. ვილოცოთ ჩვენს ეკლესიებში, მეჩეთებში და სინაგოგებში, ჩვენს სახლებში, რომ საქართველოში მშვიდობამ, სამართლიანობამ და სიმრთელემ დაისადგუროს.“

დასკვნა მე თვითონ მომეწონა. Send-ის ღილაკს თამამად დავკარი საჩვენებელი თითი და ვირტუალური სამყაროს ზღვას გავატანე ჩემი ნაცოდვილარი განცხადება.

დღის დარჩენილი დრო ავთო გურულთან და საიმონ კრისპთან გავატარე. საკმაოდ მოსაწყენი საქმე მომისაჯეს: ვიჯექი და ქართული ბიბლიის პერსონაჟების საკუთარ სახელებს ვუდარებდი მათს ებრაულ ორიგინალს და საბოლოოდ ვადგენდი, რომელი სახელი როგორ უნდა გადმოიცემოდეს ქართულად.

შუადღისას ავთომ შემომხედა მითხრა: „არ ვისადილოთ, სერ?“ ეს კარგი აზრი იყო. მთელი დღე მშიერი ვიყავი. დილას დამავიწყდა მესაუზმა. ხალისით დავთანხმდი.

„სად წავიდეთ?“ ისე ვიკითხე, თითქოს არ ვიცოდი, სად წავიდოდით. ვაჟას გამზირის დასაწყისში ერთი პატარა ადგილია, „პრეგო“ ჰქვია. მისი დამფუძნებელი და მეპატრონეა ერთი ყოვლად გამორჩეული კაცი, ბატონი ზაალი. მისთვის ყველა საქმე, რასაც ხელს მოკიდებს, შემოქმედებითი საქმიანობაა. ყველაფერს დიდი მოწადინებითა და სიყვარულით აკეთებს. ერთთავად სიახლეების ძიებაშია.

„პრეგოში“ სიარული მე და ავთო გურულმა დავიწყეთ 1999 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს. მაშინ ჩვენ ერთად ვუპატრონეთ ჩეჩნეთიდან გამოქცეულ ლტოლვილებს. ბიბლიური საზოგადოება ლტოლვილთა თავშესაფარი გახდა რამდენიმე წლის მანძილზე. ხშირად გვყავდა სტუმრად ხან ჩეჩენი ბავშვები და ხან ლტოლვილების მეთაურები - ძმები აბდულა და იბრაჰიმ ახმედოვები. აბდულა იმამი იყო, იბრაჰიმი - ჯოხარ დუდაევის გენერალი. ბავშვებს ძალიან უყვარდათ „ბატონო ზაალის“ პიცა და ხშირად მიგვყავდა ისინი „პრეგოში“.

როგორც კი „პრეგოში“ შევდგით ფეხი მე, საიმონმა და ავთომ, მაშინვე გამოგვეგებნენ ბატონი ზაალი და მისი მეუღლე. თბილად მოგვესალმნენ და მაგიდასთან მიგვიჩინეს ადგილი.

„როგორა ხართ, ბატონო მალხაზ?“ მკითხა ბატონმა ზაალმა.

„რა ვიცი, აი, ჩამოვედი და ვცდილობ, მივხვდე, ხუთი წლის უცხოობაში ყოფნის შემდეგ რა ქვეყანაში ჩამოვედი. იქნება ოდესმე შევხვდეთ, რო გამაგებინოთ სადა ვარ?“ ხუმრობით ვუთხარი ზაალს.

„ამის თქმა ახლავე შემიძლია“, თქვა ზაალმა და ჩემკენ გადმოიხარა:
„აქ რამ ჩამოგიყვანათ! დარჩენილიყავით იქ, სადაც იყავით! არ ღირს აქაურობისთვის თავის შეწირვა.“

„კიდევ კარგი, ამას ჩვენი ეპისკოპოსები არ ისმენენ!“ - ვიფიქრე გუნებაში. ზაალის ნათქვამმა ფიქრები ამიწეწა. იქნებ მართლა არ უნდა ჩამოვსულიყავი? განა მე კი მეთმობოდა ოქსფორდი? ბოდლიანში ყოველდღიური სიარული ყველაფერს მირჩევნია დედამიწაზე. უცებ ტკივილამდე მომენატრა ჩემი ოქსფორდ-ქალაქი. ოქსფორდში ისტორიულ ნაწილში ვცხოვრობდი, საქსონურ კოშკთან. სულ მაღლა, სხვენში. ჩემი უშუალო მეზობლები ლურჯთვალა ყვავები იყვნენ. გუნებაში მათ ანგლო–საქსონ ყვავებს ვეძახდი თვალის ფერის გამო. ჩვენებურ ყვავებს შავი თვალები აქვთ, თუ არ ვცდები.

საღამოს შინ დაღლილ-დაქანცული მივედი. თვალები თავისით მეხუჭებოდა. მეუფე რუსუდანმა დარეკა და გვითხრა, ახლავე უყურეთ მამა გიორგი ჩაჩავას, რომელიც ტელევიზიაში რომელიღაც არხზე ლაპარაკობდა. სულ არ მეხალისებოდა ამის ყურებმა, მაგრამ რაკი ჩემმა მეუღლემ კომპიუტერი ჩართო და ლოგინში მომაწოდა, აღარ გავუძალიანდი.

მამა გიორგის მოსმენამ გამომაცოცხლა. გიორგის კარგა ხანია ვიცნობ, თუმცა კარგა ხანია, არ მინახავს. ვუსმენდი მამა გიორგის და ყურებს არ ვუჯერებდი! ძალს ჟურნალისტი იყო და ძალს მამა გიორგი. ჟურნალისტი მისგან ითხოვდა პასუხს, გამართლებული იყო თუ არა ძალადობა. მამა გიორგი არაფრის დიდებით არ პასუხობდა ამ კითხვას პირდაპირ. იგი ჟურნალისტს ეაჯებოდა, რომ დაეცლია მისთვის პოპულარულ ენაზე აეხსნა ის, რაც მხოლოდ მეცნიერი თეოლოგებისთვის არის სხვა მხრივ გასაგები. მისმა საუბარმა გამახსენა ილიას „მგზავრის წერილებში“ ის პორუჩიკი, რომელიც ილიას ასევე პოპულარული ენით უხსნიდა, რატომ იყო გენერლების სიმრავლე დიდი განათლების დასტური.

პორუჩიკს თავი დავანებოთ. მამა გიორგი, მგონი, გენიოსია. აი, რა აგვიხსნა მაღალღირსმა დეკანოზმა: თურმე, თუ ლგბტ თემის წახალისება მოხდა, კატასტროფა გარდუვალი იქნება. ეს შეიძლება „გადაედოს“ ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეულ სამყაროს, რის შედეგადაც ლესბოსელი ძროხები და გეი ბუღები ერთმანეთს დაერევიან, შესაბამისად ქათმები ქათმებს, მამლები მამლებს და ამის შედეგად აღარ გვექნება არც მწვადი, არც ხაშლამა, არც ხინკალი, არც ტოლმა. აი, ახლა მივხვდი, თუ რატომ ყოფილა საჭირო იმ ახალგაზრდების დევნა. ვეგეტარიანელი რომ არ ვიყო, ალბათ მეც გავიზიარებდი მამა გიორგის შეშფოთებას.

ღმერთო, ღმერთო, სადა ვბანაობთ?!!!

ნუთუ ასე დაბნელდა ეს ქვეყანა?! იქნებ, არ აჭარბებს პოეტი, როცა ამბობს: „ხომ ნათელია, რომ ეს სიბნელეა?“ ნუთუ, მართლა არ გამოჩნდა ჩვენში ხალხი, რომელიც ამ თემებზე ინფორმირებულად და კომპეტენტურად ილაპარაკებს? ამდენი მეც კი ვიცი, რომ ჰომოსექსუალობა გადამდები არ არის. ადამიანი ასეთად იბადება. ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალობა არ არის გადამდები, ანდა შავკანიანობა, ანდა თეთრკანიანობა.

ეს ახალგაზრდები, რომლებიც გასაჟლეტად გავიმეტეთ 17 მაისს, უცხოები ხომ არ არიან? ისინი ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, დები და ახლობლები არიან! ამასაც თავი დავანებოთ. ისინი ხომ ღვთის შვილები არიან, ღვთის სახედ და ხატად შექმნილები...

რატომ ვაბრალებთ მათ გარყვნილებას? საიდან? რატომ არ გვინდა, ყური დავუგდოთ?

რისა გვეშინია? საიდან ეს ირაციონალური შიში? დარწმუნებული არა ვართ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში და მათთან ბრძოლით საკუთარ თავს ხომ არ ვებრძვით? თუ ეს ასეა, მათთვის ყურის დაგდება იქნებ წამლად ექცეს ჩვენს შინაგან ბრძოლას? თუ ეს ის თემაა, რომლის მეშვეობითაც მეტი ძალაუფლება შეიძლება ჩაიგდოს კაცმა ხელში?

21 მაისი, სამშაბათი
დილას ადრე ავდექი. ვნახე ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფესორ პოლ ფიდესის იმეილი. ფიდესი ყველაზე გამორჩეული სისტემატური თეოლოგიის სპეციალისტია ოქსფორდის უნივერსიტეტში. ძალიან გამიმართლა, მის ხელში რომ მოვხვდი. სტუდენტები შაყირობენ ოქსფორდში: პოლ ფიდესს იმხელა ტვინი უდევს თავში, რომ მთელ პლანეტას გადაწონისო. ძალიან კარგი პიროვნებაა! გამოცდებისას ძალიან მკაცრია. მასზე გულმოსული სტუდენტები და დოქტორანტები ზურგსუკან როტვაილერს ეძახიან.

ფიდესი სასწრაფოდ ითხოვდა ზოგიერთი დეტალის დაზუსტებას ერთ თეოლოგიურ სტატიაში, რომელსაც ერთად ვწერთ და მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს. მთხოვს, ზოგიერთი ბიბლიოგრაფიული დეტალის დაზუსტებას. მაგალითად, სად და როდის გამოქვეყნდა ვაჟა ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. დრო ძალიან ცოტა მაქვს. კახეთში ვარ წასასვლელი მეგობრის მამის დაკრძალვაზე. წესის აგება მთხოვეს.

მეწყება პანიკა. სად ვნახო ახლა ვაჟას ბიბლიოგრაფია. ვურეკავ მეგობრებს. ისინი მეხმარებიან ბიბლიოგრაფიის დადგენაში. ჩემს კომენტარებს ვწერ და ვუგზავნი პროფესორ ფიდესს. მერე ფაციფუცით ვემზადები.

„ანაფორა, კაბა, ბატყული... კვერთხი. ჯვარი და პანაღია არა. არ შემიძლია!“

ჯვარი და პანაღია მაშინ მოვიხსენი, აჭარაში მუსლიმებს რომ დაერივნენ და გულზე უსინჯავდნენ, ჯვარი ეკეთათ თუ არა და თუ არ ეკეთათ, სცემდნენ. ისლამოფობიის წინააღმდეგ ჩემი პროტესტი ჯვრისა და პანაღიის მოხსნით გამოვხატე. ახლა ბევრი აღარ მაკლდა, რომ ანაფორაც გამეხადა. მაგრამ რაღაცამ შემაკავა. არ ვიცი, რამ.

პირველად ცხოვრებაში უხერხულობას ვგრძნობ, ანაფორას რომ ვიცმევ - იმის გამო, რაც 17 მაისს მოხდა. თვალებიდან არ გადამდის, გავეშებული სამღვდელოება თავქუდმოგლეჯილი რომ დარბის ტაბურეტით ხელში.
მეუფე ილია ოსეფაშილი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს ჩვენს თემში და მის მიღმა. უამრავი ადამიანი წამოვიდა თბილისიდან მამამისის დაკრძალვაზე.

სოფელ სანავარდოსთან ერთ ჩვენს მანქანას, რომლის საჭესთან ლოტბარის მეუღლე ომარი იჯდა, გზაზე ქალი გადმოუხტა. მანქანა რუში გადავარდა. ყველანი შევწუხდით. საბედნიეროდ, ის ქალიც გადარჩა და მანქანაში მსხდომებიც. მათ შორის პატარა ბავშვი, ქეთი, მაკასა და ომარის შვილი. ქალი მსუბუქად დაშავებული მიიყვანეს საავადმყოფოში. მაგრამ ყველამ დიდი შიში ჭამა. მამას პირველად თურმე იმის შეეშინდა, ეს ქალი თუ მოკვდა, ამ სოფლის ხალხი შეიძლება მომიცვივდეს და ბავშვი მომიკლასო. კაცი განადგურებული იყო.

დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი იყო მოსული მთელი საქართველოდან. წესი მე, მეუფე მერაბმა და მეუფე რუსუდანმა ავუგეთ ჯერ გარდაცვლილის სახლში, მერე - ყვარლის სასაფლაოზე. სასაფლაო გამაოგნებელი სილამაზისა იყო. მას ძველი ევროპული სასაფლაოების იერი უფრო აქვს, ვიდრე ტრადიციული სასაფლაოებისა გინდა ქართლში, გინდა კახეთში. მთელი სასაფლაო დიდი ხნის წინათ სიმეტრიულად დარგული იფნისა და სხვა ხეების ჩრდილით არის დაბურული.

ხვთისო ოსეფაშვილი საოცარი კაცი იყო. მშრომელი, ბეჯითი, ნიჭიერი და გონიერი. ყველასათვის მოულოდნელი იყო მისი წასვლა. ყველას გული დაწყვიტა: მეუღლეს, შვილებს. განსაკუთრებით გულდათუთქულები იყვნენ შვილიშვილები, რომელთაც ძალიან მოენატრებათ თავიანთი მოსიყვარულე პაპა. მისი უფროსი შვილიშვილი თინათინი ჩემს ხელშია გაზრდილი და მისგან ვიცი, როგორ უყვარდა პაპა, რომელიც ერთი შეხედვით მკაცრი და შეუვალი იყო. არადა, გულით სათუთი და მზრუნველი კაცი იყო სინამდვილეში.
დაკრძალვის შემდეგ მეუფე ილიამ თამადობა შემომთავაზა ქელეხში. უარი არ მითქვამს, მაგრამ ვუთხარი, მირჩევნია, ვინმე სხვა თუ იკისრებს ამ პასუხისმგებლობას-მეთქი. თამადობა სულხანს შესთავაზა მეუფე ილიამ. სულხანი ჩვენი ეკლესიის წინამძღოლია ბორჯომში. კარგი თამადობა გასწია. ქადაგება რომ უყვარდა სულხანს, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ჭიქით ხელში ქადაგება უკეთესად გამოსდის.

შილაფლავმა ჩამოიარა და ხალხი წამოიშალა. ქელეხები ამიტომ მიყვარს. მას კონკრეტული დასაწყისი და დასასრული აქვს. უაზროდ არ იწელება. ქელეხის შემდეგ ჩამოვუარე ჩემი თემის ხალხს. ბევრი მათგანი 5-10 წლის უნახავი მყავდა. ხალხის უმეტესობა უკვე წასულ-წამოსული იყო. ყვარლელმა კაცებმა მთხოვეს მათ სუფრასთან მისვლა, ამ უცნობი სამყაროს სადღეგრძელო დავლიოთო.

„ეს სამყარო საიდუმლოა,“ ამბობს ლოყებღაჟღაჟა, უკვე ჩაბუჟბუჟებული კაცი. „არავინ იცის სინამდვილეში, როგორ არის მოწყობილი, არავინ! არც ამათ არ იციან!“ ლოყებღაჟღაჟა კაცი ჩემკენ იშვერს ხელს.

ძალიან მესიამოვნა ამ ხალხის თავისუფლების დანახვა. მივხვდი, რომ კახელები და, საერთოდ, ისინი, ვისაც ჩვენ რაიონის ხალხს ვეძახით, ბევრად უფრო საღ ჭკუაზე არიან რელიგიასთან მიმართებაში, ვიდრე თბილისელები, რომლებიც ან დაბოლილები არიან რელიგიურად, ანდა ყელმოღერებულები ჭყუმპალაობენ კონფორმიზმის წუმპეში.

„მართალია, არც ჩვენ ვიცით ყველაფერი. მაგრამ ვცდილობთ გავიგოთ და ვემსახუროთ სიყვარულს“, ვიმართლე თავი.

„კარგია, ეგრეც უნდა იყოს, უნდა ვისწავლოთ და ვემსახუროთ. ბრმა რწმენა, აბა, რის მაქნისია!“ გამომესარჩლა უფრო დაბალი, კარგად ჩაკურატებული კახელი.

ამ „ღრმა“ თეოლოგიურ სჯა-ბაასში რომ ვართ გართული, ერთი იქვე მდგომი ახალგაზრდა მომიახლოვდა და ცრემლიანი თვალებით მითხრა: „იცი, მე მამაჩემმა 15 წლის წინ მიმატოვა.“ რა უნდა მეთქვა? ბიჭი, ასე, 22-24 წლისა იქნებოდა.

„ძალიან ვწუხვარ“, ანგარიშმიუცემლად ვუპასუხე.

„სულ ამერია ცხოვრება“, თქვა ბიჭმა და ციხეში გაკეთებული სვირინგით აჭრელებული ხელები მაჩვენა. სხვადასხვა სიმბოლოებს შორის ერთ-ერთი იყო სვასტიკა, რომელიც, თუ ახლა მეხსიერება არ მღალატობს, ორივე ხელზე ჰქონდა ამოსვირინგებული.

„ძალიან საწყენია“, ახლა უკვე გულწრფელად ვუთხარი ყმაწვილკაცს, რომელიც ცოტა ნასვამი კი იყო, მაგრამ მთვრალი - არა. მგონი, ღვინო მხოლოდ ხელს უწყობდა, რომ გული გადაეხსნა.

„მამა რომ გვერდში მყოლოდა, ასეთ დღეში ხომ არ ჩავვარდებოდი“, ახლა უკვე ტირილითა თქვა ბიჭმა.

გული დამეწვა. გამახსენდა ყველა ის ბავშვი, ვინც უმამობის გამო ანდა უვარგისი მამის გამო იყვნენ ტრავმირებული. გამახსენდა ბენიც, ჩემი შვილი, რომელიც უკვე მოზრდილი ტინეიჯერი იყო, როცა ვიშვილე. ამ სოფლიდან ისე წავიდა ჩემი შვილი, რომ ვერ მოიშუშა ის ჭრილობები, ბავშვობაში რომ მიაყენეს. თვალზე ცრემლი მომადგა. ბიჭმაც დაინახა ჩემი თანაგრძნობა. კისერზე შემომაჭდო ხელები და აქვითინდა. მეც ვტიროდი მასთან ერთად და შვილივით ვიკრავდი გულში.

„გზა-კვალი მაქვს აბნეული“, გულამოსკვნილი ტიროდა ბიჭი და ცრემლად იღვრებოდა. ვინ იცის, ჩვენ ორს შორის ვინ უფროა გზაკვალაბნეული. 17 მაისის შემდეგ ძალიან მიჭირს ოპტიმისტურად ვუყურო ჩვენს ცხოვრებას.
ყვარლიდან წამოსული, მთელი გზა იმ ბიჭზე ვფიქრობდი. იქნებ, უნდა მეთქვა მე გაგიწევ მამობას-მეთქი? იქნებ მე და ალას უნდა მოგვეკიდა იმ ბავშვისთვის ხელი და შინ წამოგვეყვანა? არ ვიცი. უკვე აღარაფერი ვიცი.
რა იქნებოდა, ის ენერგია, რომელსაც იმ ახალგაზრდების დევნაში ვფლანგავთ, ადამიანის საკეთილდღეოდ იხარჯებოდეს. ვინ მოთვლის, რამდენია ჩვენ ირგვლივ ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენგან სიყვარულსა და თანადგომას მოელის.

22 მაისი, ოთხშაბათი
დილას დაღლილს გამეღვიძა. ეკვტერში ჩავედი. ცოტა აზრზე მოვედი, კლასიკური მუსიკის სი-დი ჩავრთე და მივუჯექი სამუშაო მაგიდას. იმეილები! რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება იმეილების გარეშე?!

ჯერ წერილი მივწერე ერთ სასულიერო პირს, რომელთანაც კარგა ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ისიც ისევე დათრგუნვილია იმით, რაც საქართველოში ხდება, როგორც ნებისმიერი სხვა საღად მოაზროვნე ადამიანი.
მერე პროფესორ ფიდესის მორიგ წერილს გავეცი პასუხი. ამ წერილში ჩვენი საერთო სტატიის ყველაზე წვრილმან დეტალებზე მთხოვს პასუხს. იმედია, სტატია კარგი გამოგვივა. რედაქტორს უკვე წაუკითხავს ტექსტი და, პროფესორი ფიდესი ამბობს, აღტაცებულიაო.

შეიძლებოდა მეტის გაკეთებაც, მაგრამ საქართველოში უცნაური გრიპით დავბრუნდი და კარგა ხანი დამჭირდა გამოსაკეთებლად. ბოლომდე არც ახლა ვარ კარგად. ხშირად შუა ლიტურგიაში ამიტყდება ხოლმე ხველება და ვეღარ ვჩერდები. ამის გამო სამშობლოში ჩემი რეინტეგრაციის პროცესი ერთგვარად შეფერხდა. მაგრამ ჯერ ისლამოფობიის ამბავმა აჭარაში და მერე ჰომოფობიის ამბავმა თბილისში იმისთანა ალიყური გამაწნა, რომ უცბად მოვედი აზრზე, თუ სად აღმოვჩნდი.

იმეილების წერას რომ მოვრჩი, უფრო სწორად, ყველაზე სასწრაფო იმეილებს პასუხი რომ გავეცი, ოთახში მეუღლე შემოვიდა.
„ჩაის დალევ?“

„კი, დავლევ“, მაშინვე ვუპასუხე ალას.

„მართლა დალევ, თუ დაულევლად გააცივებ?“ ირონიულად იკითხა ალამ. ჰო, ეს უჩვეულო საქციელი არ იქნება ჩემგან. ოქსფორდშიც, დილით ხშირად ვიკეთებდი ჩაის, დალევა კი მავიწყდებოდა.

შუა წერაში ვიყავი, რომ ჩემი ძმა, გიორგი შემოვიდა დაღონებული და დალაპარაკება მთხოვა. ოჯახური ურთიერთობები მეუღლესთან ვერა აქვს კარგად. ძალიან განიცდის ისიც და მისი მეუღლეც. ასევე ბავშვები. ყველანი ვღელავთ ამის გამო.

ნაშუადღევს მეუფე მერაბ გაფრინდაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ პატრიარქი დაბრუნდა სტამბულიდან, მაგრამ საპატრიარქოს, ეტყობა, აღარ სურს რელიგიების მეთაურებთან შეხვედრა. მას შემდეგ, რაც ჯერ რელიგიათა საბჭოს განცხადება და მერე ჩემი განცხადება გამოქვეყნდა 17 მაისთან დაკავშირებით, საპატრიარქომ გაუმართლებლად ჩათვალა ჩვენი შეხვედრა. ალბათ, სწორადაც მოიქცა.

23 მაისი, ხუთშაბათი
დილას ფეთიანივით წამოვვარდი ლოგინიდან. ჩემოდანი მქონდა ჩასალაგებელი. საბედნიეროდ, ალას ჩემი ანაფორები უკვე დაეკეცა და ამიტომ იოლად ჩავლაგდი.

„მთავარია არაფერი დამავიწყდეს“, ვამბობ გუნებაში. „ანაფორები ჩავდე, საცვლები ჩავალაგე, წამლები ჩავალაგე, ჩემი ფრანცისკანული ლოცვანი ჩავდე... რა მავიწყდება ნეტა?“ პანაღიას დავხედე, მოწყენილი „იჯდა“ შავი კომოდის თავზე. „შენ დარჩი, შინ იყავი“, ვუთხარი პანაღიას და უკვე ჩალაგებული ჩემოდანი „მოვზიპე“. ვიცი, ასეთი სიტყვა არ არსებობს ქართულში, მაგრამ „ზმეიკას“ მაინც „ზიპი“ და სახელზმნა „მოზიპვა“ მირჩევნია.

ზურგჩანთაში ჩემი ჯაბახანა კომპიუტერი ჩავიდე. აქვე ჩავკუჭე რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც გზაში უნდა წავიკითხო, რომ მზად ვიყო კონფერენციისთვის.

ვიზა არა მაქვს (უვიზოდ მგზავრობა გამართლებული არ არის, ცნობისათვის - შეიძლება დაგიჭირონ). სამაგიეროდ, მაქვს კოსოვოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის წერილი. ვკითხულობ წერილს. პეტრიტ სლიმი, ასე ჰქვია მინისტრის მოადგილეს, მწერს:

„ძვირფასო ბატონო მალხაზ სონღულაშვილო, გულითადი მოკითხვა კოსოვოდან. იმედი გვაქვს, ჯანზე და კარგ გუნებაზე ხართ.“ ეს კარგი დასაწყისია, ვფიქრობ გუნებაში. კარგია, ვიღაცას რომ აინტერესებს, როგორ გუნებაზე ხარ. წერილის კითხვას ვაგრძელებ:

„გეპატიჟებით კონფერენციაზე, რომლის დასახელებაცაა ‘რწმენა და შერიგება: რა არის რელიგიათშორისი დიალოგის მომავალი?’. კონფერენცია ჩატარდება პეჩაში, რომელიც ძალიან ლამაზი ქალაქია.“ მერე მოდის ის, რასაც ანგო-საქსურ ლინგვისტურ სივრცეში „ბლა-ბლა-ბლა“-ს ეძახიან და შემდეგ – ძალიან ფასეული წინადადება:

„თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ და ამიტომ ჩვენ დავფარავთ თქვენს ყველა ხარჯს – როგორც სამგზავროს, ისე ღამისსათევს.“

ძალიან კარგი! ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე – ასე ვამბობთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში ქართლში. მთავარია, ახლა ეს წერილი შინ არ დამრჩეს, თორემ კოსოვოს საზღვრის გადაკვეთისას, შეიძლება სირთულეები შემექმნას.
ვემშვიდობები ალას და აჩის. აჩი გამოსვლის წინ ბაღში შევარდება და ერთ ხავერდოვან წითელ ვარდს მიწყვეტს. დათოს ვუჯდები მანქანაში. აეროპორტში მივქრივართ. წითელი ვარდი კალთაში მიდევს და დროდადრო ვყნოსავ. საოცარი სუნი აქვს ამ ვარდს!

თვითმფრინავში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე ჩამეძინა. უკვე ჰაერში ვიყავით, რომ მეზობელ სკამზე მჯდომი ქალის მოძრაობამ გამაღვიძა. თურმე, საუზმე უკვე ჩამოეტარებინათ და ეს ქალი მადიანად შეექცეოდა რაღაცას. ასე დავრჩი საუზმის გარეშე.

სტამბულში მთელი ნახევარი დღის ინტერვალი მქონდა, ვიდრე პრიშტინაში მიმავალ თვითმფრინავში გადავჯდებოდი. ცოტა ხანი აეროპორტის წიგნების მაღაზიაში ვიბოდიალე, საინტერესო ბევრი ვერაფერი ვნახე. ერთი ჯამი პომიდვრის სუპი შევხვრიპე კაფეში და კომპიუტერზე მუშაობას შევუდექი. დრომ მალე გაიარა. ინტერნეტკაფეში მოვკალათდი. კაფეს „გრინპორტი“ ჰქვია. მაგიდას ვუჯექი და ჩემ თვალწინ მოძრაობდა მთელი აეროპორტი. ხალისიანად ვმუშაობდი. დროდადრო სავარძლის ზურგს ვეყრდნობოდი და ასევე ხალისით ვათვალიერებდი გამვლელ-გამომვლელებს.

მიყვარს აეროპორტში ყოფნა. ვის არ ნახავ აქ კაცი! ათასი ჯურისა და კულტურის ხალხს: თეთრკანიანებს, ვარდისფერკანიანებს, შავკანიანებს, ყავისფერ- და ყვითელკანიანებს. დიდთვალებებს, წვრილთვალებებს, ბალღებს, მოხუცებს... შავებში შემოსილ ჰიჯაბ-ნიქაბიან ქალებს, მარტო თვალები რომ უჩანთ, შავანაფორიან მართლმადიდებელ ბერებს, თეთრხილაბანდწაკრულ კათოლიკე მონაზვნებს... ისე, წინათ ძალიან დიდი სიმკაცრე იყო სტამბულში. რელიგიურ სამოსელში ვერ გაივლიდი კაცი. ახლა, ეტყობა, ცოტა მოუშვეს ჭახრაკებს. ამ ჩამოსვლაზე პირველად ვნახე აეროპორტის მეჩეთი. მგონი, ახალი გაკეთებულია. არ მახსოვს, წინათ თუ იყო. ისე, როგორც წესი, ყველა აეროპორტშია კაპელა, სადაც სალოცავი ადგილია გამოყოფილი ყველა რელიგიის ადამიანებისთვის. ზოგან მეჩეთი და ეკლესია გვერდიგვერდ არის. აქ მარტო მეჩეთია.

დიდი აეროპორტები კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ყველა ჯურის ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. აეროპორტი ერთგვარი ნეიტრალური ტერიტორიაა, სადაც ყველა თანასწორია. ყველას თავისი გზა და სავალი აქვს.
ყველა საიდანღაც მოდის და სადღაც მიდის. ვიდრე აეროპორტში არიან, ერთმანეთს არ ერჩიან. რადგან ყველამ იცის, რომ ყველას თავისი გზა აქვს. ნეტა ნამდვილ ცხოვრებაშიც ასე იყოს! ნეტა ადამიანები სხვის ცხოვრებაში არ ყოფდნენ ცხვირს და ერთმანეთის ჭკუის დარიგებაში არ ამოსდიოდეთ სული.
ჰო მართლა, აეროპორტში ბოდიალისას ერთ ახალგაზრდა წყვილს გადავეყარე. არაბები იყვნენ, მგონი. სანაყინეში ისხდნენ. ქალი ჰიჯაბნიქაბიანი იყო. ნიქაბი სახეზე ასაკრავი მანდილია, ჰიჯაბი – თავზე შემოსახვევი. დამაინტერესა, ნეტა ამ ქალმა ნაყინი როგორ უნდა ჭამოს-მეთქი. უტიფარი ბავშვივით ჩამოვუდექი წინ და ყურება დავუწყე. ადრე მსგავსი არაფერი მენახა: ქალმა მარცხენა ხელით ნიქაბის ფრთხილად აიწია კალთა, მერე მარჯვენა ხელით სწრაფად გააქანა პირში ნაყინიანი კოვზი და ასევე სწრაფად გამოაქანა უკან. მე იმას ვჯავრობდი, კომფორტულად ჭამაში ხელს წვერი მიშლის-მეთქი. იმ ქალის მნახველმა, ეს როგორღა უნდა დავიჩივლო...

პრიშტინის თვითმფრინავის გასასვლელიც გამოცხადდა: 309. ყელამდე დრო მქონდა. მშვიდად გავუყევი გზას. არ არსებობს სტამბულის აეროპორტში ვიყო და ვინმეს არ შევხვდე. ვინ აღარ მინახავს აქ?! ზოგ ადამიანთან მეგობრობა სტამბულის აეროპორტში მაქვს დაწყებული. მაგალითად, აქ გავიცანი პირველად ნოდარ ლადარია, იტალიიდან ბრუნდებოდა შინ.

„ეტყობა, დღეს გამორჩეული დღეა. ალბათ, ვერც ნაცნობს ვნახავ და ვერც ვინმეს გავიცნობ.“ ამაზე ფიქრში ვარ და ვხედავ ნაცნობ სახეს. ვცდილობ გავიხსენო, ვინ არის. შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში გამოწყობილი ტანდაბალი და ჭაღარა, წვერულვაშიანი კაცი.

„ნეტა, სად მინახავს ეს კაცი?“ მერე მახსენდება: ეს არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტი გენადიოსი. უანაფოროდ არ მყავდა ნანახი. ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში გავიცანი 1997 წელს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასამბლეაზე. სხვათა შორის, იქვე შევხვდი მაშინ დეკანოზ ბასილ კობახიძესაც, რომელიც მანამდე ჩემი დაუძინებელი მტერი იყო. ნახევარი თვე გავატარეთ ზიმბაბვეში და შინ განუყრელ მეგობრებად დავბრუნდით.

მიტროპოლიტს არ გამოვეცნაურე, ვიღაცასთან სჯა-ბაასში იყო გართული. 309-ე გასასვლელთან რომ მივედი, აზიური გარეგნობის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი და გოგო გაბადრულები წამოვიდნენ ჩემკენ.

„ალბათ, ვიღაცაში შევეშალეთ“, ვიფიქრე გუნებაში და ახალგაზრდებს არაფრისმთქმელი ღიმილი დავუბრუნე. ვიფიქრე, მიხვდებიან, რომ ვიღაცაში შევეშალეთ და გზას ბარაქას დააყრიან-მეთქი. ხშირად, აეროპორტში რომ დავდივარ, ბავშვები ჩემზე ხელს იშვერენ და მშობლებს ეუბნებიან: ნახე, ნახე, სანტა კლაუსიო! ანდა აგე, დამბლდორიო! ანდა განდალფიო! მაგრამ ეს ახალგაზრდები ისეთი პატარები არ იყვნენ, რომ სანტა კლაუსი ვგონებოდით. ბიჭი ჯიქურ მომეჭრა და მორცხვი ღიმილით ხელი გამომიწოდა. უარი არ მითქვამს. ხელი უგერგილოდ ჩამოვართვი. დარწმუნებული ვარ, ვიღაცაში ვეშლები.

„მეუფე მალხაზ, როგორ ბრძანდებით? ჩვენ ‘ევროპის 12 ქალაქის პროექტიდან’ ვართ“, სუფთა ინგლისურით მეუბნება ბიჭი. გოგო მორცხვად უდგას გვერდით. ახლა კი დამცხა! გამოდის, მე ვერ ვიცანი. ბიჭი და გოგო „ევროპის 12 ქალაქის პროექტის“ კოორდინატორები არიან. ბიჭს რიზა ჰქვია, გოგოს – ნური. ბიჭს შევხვდი ამ წლის თებერვალში, ლონდონში. გოგო მანამდე არ მენახა, მაგრამ რაკი ბიჭმა მითხრა, ვინც იყო, გოგოს ვინაობის გამოცნობა აღარ გამჭირვებია. შემრცხვა, რომ ვერ ვიცანი. თავი იმით ვიმართლე, რომ არ ველოდი სტამბულში მათს ნახვას. ისინიც პრიშტინაში მოდიოდნენ კონფერენციაზე დასასწრებად.

პრიშტინის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამსახურიდან დაგვხვდა ხალხი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ სამის გარდა თვითმფრინავში კიდევ რამდენიმე მგზავრი მოდიოდა კონფერენციაზე, ძირითადად არაბული ქვეყნებიდან: ეგვიპტე, ლიბანი, სირია. VIP-ის დარბაზში მიგვიყვანეს და მუქი ღვინისფერი ტყავის სავარძლებში დაგვსხეს. პასპორტები გამოგვართვეს. მერე ყავითა და სასმელებით გაგვიმასპინძლდნენ.
კედელზე ორ სხვა სურათს შორის, ჩარჩოში ჩასმული კიდია კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის დიდი ასლი. მისგან მარცხნივ, ალბათ, ამათი ახლანდელი პრეზიდენტი ქალია დროშასთან გადაღებული, მარჯვნივ – სამხედრო ფორმაში გამოწყობილი წვერებგაბურძგნული კაცი. ვინანე, რომ აქ ჩამოსვლისთვის ხეირიანად ვერ მოვემზადე.

პრიშტინაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, Swiss Diamond-ში მიგვიყვანეს. ვესტიბიულში მამა დონალდ რივსი დამხვდა. კოხტად გამოწყობილიყო მინიმალისტურ საეკლესიო სამოსელში (შარვალ-კოსტუმი, საეკლესიო პერანგი და ლურსმნების ჯვარი). ასე, ოთხმოცს გადაცილებული იქნება დონალდი, მაგრამ ძალიან ყოჩაღად არის. ბოლოს რომ ვნახე, იმასთან შედარებით ისე გამოიყურება, გეგონება, ათი წლით გაჯეელებულაო.

„რა კარგია, რომ ჩამოსვლა შესძელით“, თქვა მამა დონალდმა, „თქვენი დარდი გვქონდა. რა ხდება საქართველოში? რადიო თავისუფალი ევროპის ვებსაიტზე ვნახეთ 17 მაისის ფოტოები. როგორი უხამსობაა სამღვდელოების ასეთი საქციელი!“ (ალბათ, ასე უნდა ვთარგმნო ფრაზა: Such a disgrace!)

„აქ ჩამოსვლა ჰაერივით მჭირდებოდა. სულ რამდენიმე კვირაა, საქართველოში დავბრუნდი და უკვე ორ დიდ ფობიას წავაწყდი. ჯერ ისლამოფობიას და მერე – ჰომოფობიას. საქართველოს საქართველო კი არა, ფობიასტანი უნდა ერქვას“, ვუთხარი დონალდს ხუმრობით.

„წარმომიდგენია, რა დღეში იქნება ახლა საწყალი ილია მეორე მაგ ფუნდამენტალისტების ხელში“, მრავლისმეტყველი სახით შემომხედა მამა დონალდმა. მერე მომიტრიალდა და მკითხა: „პატრიარქი რას ამბობს?“
„არაფერს“, უსირცხვილოდ ვიცრუე. აბა, რა მეთქვა? მეთქვა, რომ 17 მაისის ძალადობის ერთ-ერთი წამქეზებელი თვითონ პატრიარქი იყო-მეთქი?

„ჰო, ეგრე იციან მართლმადიდებელმა იერარქებმა. კრიტიკულ პერიოდში დუმილს ამჯობინებენ ხოლმე“, თქვა დონალდმა, რომელიც კარგად ერკვევა მართლმადიდებელ სამყაროში. სულ იმას გაიძახის, ვერ ვიტან მართლმადიდებელი იერარქების ნარცისიზმსო.

დონალდი საოცარი კაცია. მთელი ცხოვრება სამართლიანობისა და მშვიდობიანობისათვის ბრძოლას შეალია. კარგი განათლება აქვს მიღებული, მგონი სხვაგან (the other place). „სხვაგან“-ში კემბრიჯს ვგულისხმობ. როდესაც „სხვაგანს“ ოქსფორდგამოვლილი ამბობს, გულისხმობს კემბრიჯს, ხოლო როდესაც „სხვაგანს“ კემბრიჯგამოვლილი ამბობს, გულისხმობს ოქსფორდს. ძალიან დიდხანს ინგლისში მარტო ორი უნივერსიტეტი არსებობდა. ცხადია, პირველი ოქსფორდი იყო (არ შემიძლია აქ ჩემი ტენდენციურობის დაფარვა). ტრადიციული მეტოქეობის გამო ოქსფორდელები და კემბრიჯელები ერთმანეთის ქალაქის სახელს არ ახსენებენ, თავიანთი უნივერსიტეტისადმი ლოიალობის ნიშნად. ჩამთვის კემბრიჯი „სხვაგან“-ად ითვლება.

დონალდი არისტოკრატული აქცენტით ლაპარაკობს, მაგრამ გულით მუდამ ღარიბებთან და დევნილებთან არის. პიკადილიზე წმიდა იაკობის ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი იყო დიდხანს. ეპისკოპოსი იმიტომ ვერ გახდა, რომ ნამეტანი პროგრესული მღვდელი იყო თავისი დროისთვის. სამაგიეროდ, დედოფალმა დააფასა მისი ღვაწლი და MBE-ით დააჯილდოვა (Member of British Empire). ეს ძალიან გამორჩეული ჯილდოა დიდ ბრიტანეთში.
1995 წელს მას ეკლესიაში წირვაზე ეწვია ილია მეორე, რომელიც ლონდონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. „ილია მეორის მოსასვლელად რომ ვემზადებოდით წირვაზე“, იხსენებს მამა დონალდი, „მნათეებს ვუთხარი, საკმეველი არ დაზოგოთ-მეთქი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამახასიათებელი გარემო შეგვექმნა.“

მნათეებსაც იმდენი საკმეველი უბურბურებიათ, პატრიარქი რომ მოვიდა, ეკლესიაში თურმე აღარაფერი ჩანდა, ყველაფერი საკმევლის კვამლში ყოფილა გახვეული.

მამა დონალდს უყვარს ორღანი და სადაც მივა, საორღანო კონცერტს მართავს და თან მშვიდობისა და შერიგების იდეას თესავს. მისი მოწადინებით დაფუძნდა ორგანიზაცია სახელად „ევროპის სული“ (Soul of Europe). სწორედ ამ ორგანიზაციის ნაწილს წარმოადგენს „ევროპის 12 ქალაქის პროექტი“, რომლის ერთ-ერთი წევრი, ჩვენი დაჟინებული თხოვნის შედეგად, თბილისიც გახდა.

24 მაისი, პარასკევი
დილას ადრე გამეღვიძა. მაშინვე კომპიუტერს ვეცი და წერა დავიწყე. 8 საათზე საუზმეზე ჩავედი. დარბაზში თითქმის არავინ იყო. მარტო ვისაუზმე და მერე ისევ ჩემს ოთახში ამოვბრუნდი.

10 საათზე ავტობუსით გავედით პრიშტინიდან და გავუდექით პეიას ანუ პეჩის გზას. ამ ქვეყანაში ყველა დასახლებას ორი სახელი აქვს, ალბანური და სერბული. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ალბანელი მუსლიმები არიან. არის ასევე მცირე კათოლიკური მოსახლეობა. სერბები ძალიან ცოტანი ცხოვრობენ კოსოვოში. კოსოვოელები ამაყობენ იმით, რომ დედა ტერეზა აქაურია.

სასტუმროდან რომ დავიძარით, ჩვენს ავტობუსს წინ პოლიციის მანქანა გაუძღვა და ასე ჩაგვიყვანა პეჩში.

თვითონ პრიშტინა რაღაცით გლდანს ჰგავს: უამრავი პატარ-პატარა მაღაზიაა გახსნილი. ქალაქში დიდძალი მოსახლეობა ირევა.

გზა პეჩამდე ძალიან ლამაზია. მწვანედ აბიბინებული მინდვრები შიგადაშიგ დიდი, ხასხასა წითელი ყაყაჩოებით და ფითქინა გვირილებით არის დამშვენებული. ულამაზესი მთები კი საგანგებო ლაზათსა ჰმატებენ იქაურობას. ზოგჯერ მეგონა, ალაზნის ველზე მივდიოდით და ის დათოვლილი მთები, ზემოდან რომ დაგვყურებდა, კავკასიონი იყო.

პეჩი ისტორიული ქალაქია. სერბი ქრისტიანებისთვის ის დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობის ქალაქია, როგორიც ჩვენთვის მცხეთა. აქ მდებარეობს სერბიის ეკლესიის უძველესი კათედრაც, სადაც მათი პატრიარქების ინტრონიზაცია ხდებოდა წინათ, ვიდრე კათედრა ბელგრადში გადაინაცვლებდა. განსხვავება ის არის, რომ ამათი „მცხეთა“ ახლა მუსლიმურ ქვეყანაში იმყოფება – კოსოვო ხომ მუსლიმური ქვეყანა.

ქალაქის ცენტრში დავბინავდით. სასტუმრო ახალი აღდგენილია და ყველაფერი ახალია შიგნით.

პირველს რაღაც წუთები აკლდა, რომ სასტუმროდან გამოვედი. მუეძინის ხმას გავყევი და ვიწრო ქუჩაბანდების გავლით ერთ ძველ მეჩეთს მივადექი. შენობა ალბათ ოსმალეთის იმპერიის დროინდელია. ძალიან ამშვენებს ნათალი ქვით ნაშენი ძველი მინარეთი, რომელსაც სადღაც შუა წელზე მარტივი ორნამენტების ქამარი არტყია. მეჩეთი ამერიკის მთავრობის დახმარებით არის აღდგენილი და ცენტრალურ კართან ამერიკის გერბით „დამშვენებული“ აბრა აქვთ გაკრული. ხალხის სიმრავლის გამო ახლოს ვერ მივედი, რომ ამომეკითხა, რა ეწერა. ისე, ეტყობა, ამერიკა აქ ძალიან უყვართ. კოსოვოსა და ალბანეთის დროშებთან ერთად ამერიკის დროშაც ფრიალებს ყველგან. ის კი არა, პრიშტინაში ბილ კლინტონის ძეგლიც კი ვნახე, ბრინჯაოში ჩამოსხმული. კლინტონი 1999 წელს სამხედრო ძალების გამოყენებით გამოესარჩლა კოსოვოს და აქაურები ამ დამსახურებას არ უვიწყებენ.

მეჩეთი სავსე იყო თანამედროვედ ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭებით: ზოგს გახეხილი ჯინსები ეცვა, ზოგს საყურეები ეკეთა, ზოგს თმების აპრეხილი ვარცხნილობა ჰქონდა. კართან ერთმანეთზე იყო აკოკოლავებული ფეხსაცმელები, რომლებიც მლოცველებს გაეხადათ მეჩეთში შესვლამდე.

მეჩეთის მეორე მხარეზე ეზოში ძველი, ნათალი ქვით ნაშენი და მოჩუქურთმებული წყარო იყო. წყაროსთან შემოტკეცილ ჯინსებში გამოწყობილი ტინეიჯერი გოგონები ისხდნენ; ხალისიანად მუსაიფობდნენ და გულიანად კისკისებდნენ. გამიკვირდა. შიგნით, მეჩეთში, კაცები სალოცავად იყვნენ მისული, გარეთ კი ეს გოგოები ხალისობდნენ. მესიამოვნა და შემშურდა ამათი თავისუფლებისა. ჩვენთან ასე ჩაცმულ გოგოებს საერთოდ არ შეუშვებდნენ ეკლესიის ეზოში!

მეჩეთს შემოვუარე და ცენტრალურ კარს მივადექი. კართან ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო. იქვე, შორიახლოს, ჩამწკრივებულები ისხდნენ ბავშვიანი ქალები. როგორც მერე გამოჩნდა, ისინი სამათხოვროდ ისხდნენ და ლოცვის დამთავრებას ელოდნენ. შესახედაობით ბოშებს ჰგავდნენ. ამ ქალაქში უამრავი მათხოვარია. სადაც გაიხედავ, ან ქალი მათხოვრობს, ან კაცი, ან ბავშვი.

კართან გრძელი სკამი იდგა და იქ ჩამოვჯექი. მერე ერთი ახალგაზრდა ქერა ბიჭი მოვიდა და გვერდით მომიჯდა. ბიჭს ყურები დახვრეტილი ჰქონდა და ლამაზი საყურეები ეკეთა. „ეტყობა, აქაური ისლამი ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე სხვაგან“, დავასკვენი მე.

მუეძინმა აზანი, ანუ მოწოდების ლოცვა დაამთავრა. მოლამ ხუტბა, ანუ ქადაგება წამოიწყო ალბანურად. დიდხანს იქადაგა. არ ვიცი, რას ქადაგებდა, მაგრამ წამდაუწუმ ისლამს, მუსლიმებსა და ფეიღამბარს (შუამავალს) რომ ახსენებდა, ეს გავიგე. მოლა ქადაგებას მორჩა და ხალხს სალოცავად მოუწოდა. ეზოში ერთმა ახალგაზრდამ, რომელსაც თმები პანკების ფასონზე ქონდა დაყენებული, პერანგი გაიხადა, მიწაზე დააფინა და სალოცავად მიმიპატიჟა. მისმა ყურადღებამ გული გამითბო. მაშინვე მადლობა ვუთხარი ბიჭს. სანდლები გავიძრე მეჩეთის ეზოში და მლოცველებს შევუერთდი.

მუსლიმური ლოცვა ძალიან არის დავალებული ლოცვის ქრისტიანული ტრადიციისგან. როგორც მუსლიმები ახლა ლოცულობენ, დაახლოებით ასე ლოცულობდნენ ქრისტიანები წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს (მშვიდობა იყოს მასზე). ღმერთის თაყვანისცემაში მთელი სხეული იღებს მონაწილეობას, ამით არის ლოცვის ეს ფორმა ძალიან მიმზიდველი. მოლამ ლამაზად, წამღერებით წაიკითხა სურა ალ-ფატიჰა. ეს სურა დაახლოებით ისევე მნიშვნელოვანია ისლამში, როგორც „მამაო ჩვენო“ ქრისტიანობაში:

„ბისმილა ბირ რაჰმან ნირ რაჰიიმ, ალ-ჰაბდულილაჰი რაბიილ ალამიინ...“ ძალიან ლამაზია ეს სურა.

საღამოს 6 საათისთვის შევიმოსე და ჩავედი კონფერენციის გახსნაზე დასასწრებად. ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა. ზოგი საერო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ზოგი – რელიგიურში. ლამაზი სანახავი იყო ეს მრავალფეროვნება: შავმოსასხამიანი და თეთრჩალმიანი შიიტები, თეთრხალათიანი და თეთრწითელჩალმიანი სუნიტები, თეთრხალათიანი და მწვანეჩალმიანი სუფიები, შავბარტყულიანი მართლმადიდებლები...

კონფერენცია გახსნა იმ ქალმა, რომლის პორტრეტიც პირველად VIP-ის დარბაზში ვნახე აეროპორტში. ეს ქალი ამ ქვეყნის პრეზიდენტია. კარგად ილაპარაკა. ყველაზე ძალიან ის მომეწონა მის სიტყვაში, რომ მან შემოგვთავაზა კოსოვოს ეროვნული ნარატივი, რომლის მიხედვითაც ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური განსხვავებულობა ქვეყნის საგანძურია და რწმენის თავისუფლება – ეროვნული ალამი. ქვეყნის პრეზიდენტის შემდეგ გამოვიდნენ სხვადასხვა რელიგიების მეთაურები. ძალიან გაიწელა მათი გამოსვლები. მამა დონალდი, რომელიც პრეზიდიუმში იჯდა, აშკარად უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ გახსნა ასე ფორმალური და გრძელი გამოვიდა. ცერემონია დამთავრდა თუ არა, მაშინვე მომეჭრა და მითხრა:

„ასე არ შეიძლება ინტერრელიგიური კონფერენციის გამართვა!“

ცხადია, დავეთანხმე. იმის გამო, რომ ინტერრელიგიური საქმე ძალიან აქტუალურია, ბევრმა ასეთ კონფერენციებზე დასწრება საქმედ გაიხადა. ერთი კონფერენციიდან მეორეზე გადადიან და ერთსა და იმავეს ღერღავენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთ კონფერენციებს ბევრი არაფერი ხეირი მოაქვთ იმ ხალხისთვის, რომელთაც უწევთ ინტერრელიგიურ სივრცეში ცხოვრება და თავის გატანა. არადა, ეს ყველაფერი მათზეა გათვლილი.

„არა მგონია, ამ ხალხს რაიმე რადიკალურის გაკეთება შეეძლოს ინტერრელიგიური საქმისთვის. მარტო იმაზე ლაპარაკი, რომ კარგად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, საკმარისი არ არის!“ - ვუთხარი მამა დონალდს.

„ვეცდები, ხვალე რამე მოვიფიქრო, რომ შეხვედრა უფრო აზრიანი გახდეს“, დამპირდა მამა დონალდი.

ვახშამმა, რომელმაც ორი საათით დაიგვიანა გაწელილი გამოსვლების გამო, ბევრად უფრო ხალისიანად ჩაიარა. სხვადასხვა ქვეყნის ელჩები სათითაოდ მოდიოდნენ ჩემთან სალაპარაკოდ. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს მელნისფერ ანაფორაში გამოხვეული თეთრწვერა კაცი. სულ ბოლოს ერთმანეთს მე და დიდი ბრიტანეთის ელჩი შევრჩით, ყველა წავიდ-წამოვიდა. ბევრი ვილაპარაკეთ კოსოვოზე და საქართველოზე. ადრე მას ეუთოში უმუშავია და საქართველოს დელეგაცია, ანბანურ რიგზე განლაგებული მაგიდების გამო, თურმე ყოველთვის დიდი ბრიტანეთის დელეგაციის გვერდით იჯდა ხოლმე (Georgia-Great Britain). ეს კაცი შესანიშნავად ერკვევა როგორც კოსოვოს, ისე საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.

25 მაისი, შაბათი
დილით, საუზმის შემდეგ, კონფერენცია მამა დონალდმა გახსნა. მიკროფონი ტანსაცმელზე ჰქონდა მიმაგრებული და ისე დადიოდა რიგებში. შესავალი სიტყვის შემდეგ სამი ცალი სქელტანიანი და ყდაში ჩასმული ჟურნალი ამოიღო და ყველას მოგვმართა:

„ვიცი, რომ ბრძენი ხალხი ხართ და მინდა გთხოვოთ, რომ ის სიბრძნე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგიგროვდათ, თან არ გაიყოლოთ საიქიოში და ამ ჟურნალებში ჩაწეროთ მომავალი თაობისათვის. დაწერეთ, რა გინდათ, რომ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვოთ. გასაგებია?“

ცხადია ყველასთვის გასაგები იყო. წიგნმა ჩემამდე რომ მოაღწია, ასეთი სიტყვები ჩავწერე: „ცხოვრებაში ბევრ დაბრკოლებას აწყდება ადამიანი, მაგრამ ამისა არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეული დაბრკოლება შეიძლება სიკეთისა და მშვენიერების წყაროდ გვექცეს, თუკი მას შემოქმედებითად მივუდგებით.“
არ ვიცი, ეს სიბრძნეა თუ არა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: თითოეული კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი შემოქმედებითი უნარის გამოწვევას წარმოადგენს.

ჩემს „სიბრძნეს“ რომ ვწერდი, ერთი ბოსნიელი მუსლიმი თეოლოგი გამოვიდა და ძალიან საინტერესო აზრი შემოგვთავაზა: „თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენი წარმოდგენები ღმერთზე იგივეა, რაც ღმერთი, ეს იქნება ერესი, მუსლიმური თეოლოგიის პერსპექტივიდან.“

მემგონი ამავეს თქმა შეიძლება ქრისტიანული პერსპექტივიდანაც. იმის გააზრება, რომ არავისა გვაქვს სრული და ამომწურავი წარმოდგენა ღმერთზე, ალბათ, მოგვეხმარება, რომ ხელი ავიღოთ ღმერთის სახელით ჩვენგან განსხვავებული ადამიანის დამცირებაზე. ჩვენთვის არავის დაუვალებია, ღმერთის სახელით გადაწყვეტილება მივიღოთ, ვინ მისაღებია ღმერთისთვის და ვინ – არა. ჩვენ მხოლოდ ის გვავალია, ყველა გვიყვარდეს, ყველას პატივი ვცეთ და ყველას ყური დავუგდოთ.
XS
SM
MD
LG