Accessibility links

22 იანვარი, კვირა

დღიურის წერა! რამდენი სხვადასხვა ასოციაცია, ერთმანეთთან „ვერმოსატანი“ და ურთიერთგამომრიცხავიც კი, შეიძლება გაგიჩნდეს ამ, ერთი მხრივ, ეპიგონური და − დღევანდელ კონტექსტში − ბანალური საქმიანობის წარმოდგენით, მეორე მხრივ კი იმის პატივისცემით, თუ როგორი აღმაფრენით გადამქონდა ხოლმე ყოვლად სანუკვარი ფიქრები ფურცელზე, როცა შეყვარებული ტინეიჯერი ვიყავი და პირველად განვიცდიდი სტუდენტობას და მასთან დაკავშირებულ ყოვლად ემოციურ ცხოვრებას, თავისი ინტენსივობით დღემდე ყველაფერს რომ ჩრდილავს...

იმ დროს იყო სწორედ, ბავშვობაში დავალებული, თითქმის დაძალებული ყოველდღიურობა უცებ ყოველდღიურ მოთხოვნილებად რომ გადამექცა. დაძალებული ადრე, ბავშვობაში, წერა რომ მესწავლა. ამისთვის მევალებოდა ყოველ საღამოს დღის ამბების აღწერა და, მართლაც, ასე შევეჩვიე და შევიყვარე ეს საქმიანობა, კითხვის, თარგმანისა (ნებით!) და წერის გავლით მუსიკამდე რომ მიმიყვანა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ლოგიკურად. ორიოდე გულისამაჩუყებელი ფრაზეოლოგიური და კალიგრაფიული ანაბეჭდი, ბავშვობის ნოსტალგიით, მეხსიერებას კი შემოუნახავს, მაგრამ ეს არის და ეს.

სტუდენტობის დროს კი, იმ პირველი, მთავარი და ყველაზე ნამდვილი სტუდენტობის დროს, ეს დღიურის წერა, ლელა ალექსიძესთან მეგობრობა, კლასიკური ფილოლოგია, ლათინური, პოეზია, მუსიკა, სიყვარული − თავბრუდამხვევ, სიზმარივით დამახსოვრებულ სინამდვილედ მაქვს შემორჩენილი; „დღიურის ადრესატის დისკურსმა“, იმ დასკვნამდე მისვლით, რომ, ბოლოს და ბოლოს, დღიურს, რაც უნდა ინტიმური იყოს, მაინც ჰყავს ადრესატი, თუნდაც გაუცნობიერებელი, ბოლოს სულაც ეპისტოლარულ ჟანრში გადაიყვანა ამ სანუკვარი ნაწერების ერთმანეთისთვის განდობა (მღელვარებით!) და, შეიძლება ითქვას, მაშინ მოხდა ჩემი დამშვიდობება ამ საქმიანობასთან. მას მერე დღიური არ დამიწერია. შეიძლება ერთიორჯერღა მომსვლია მეტნაკლებად ემოციური შეხვედრა ამ ტიპის ნაწერებთან (ლიტერატურას არ ვგულისხმობ); არ დამავიწყდება, როგორ შემძრა, როცა დედაჩემის დაკრძალვის მერე, გვიან საღამოს, უცებ მის მაგიდაზე დარჩენილი რვეული გადავფურცლე და ორიოდე წინადადებამ თავზარი დამცა, ისეთი სიძლიერით მაგრძნობინა ამ უკვე მძიმე ავადმყოფი ქალის სიხარული ჩვენით − მისი ოჯახით, სახლით კახეთში, რომელიც პრაქტიკულად თვითონ ააშენა, იმით, თუ როგორ გვიყვარს ჩვენ − „ბიჭებს“ − იქაურობა...

და უცებ ახლა, ნიშნისმოგებასავით, „თავისუფლების დღიურების“ ეს მომართვა!.. მარინამ მკითხა და პირდაპირ დავთანხმდი, თუმცა შემეძლო მომემიზეზებინა ათასი რამ: მოუცლელობა, დღიურის წერისადმი ჩემი დღევანდელი დამოკიდებულება, შიში, არაგულწრფელი კეკლუცობა არ გამოვიდეს-მეთქი და ეგეთები. ამის ნაცვლად მაშინვე დავთანხმდი. ორიოდ კვირის წინ, ბრაზილიაში მივდივარ, მოვიკრებ ძალას, ემოციას და მერე კარგ, შედარებით მოცლილ სიტუაციას შევარჩევ ამისთვის-მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ამ კვირაზე უფრო „მოცლილ“ და ხელსაყრელ სიტუაციას ძნელად თუ მოვესწრები უახლოეს მომავალში: ბრაზილიიდან დაბრუნებულს, ორიოდე საათი მეძინა და დღეს საღამოს ისევ თვითმფრინავში ჩავჯექი და იტალიაში გამოვფრინდი; ჯეტლეგი კი ცოტა „დავაბალანსესავით“ შვიდსაათიანი განსხვავება ოთხამდე დავიყვანე, მაგრამ ისე დავტოვე ტოტო და ზურაბი, რომ, პრაქტიკულად, ვერც დაველაპარაკე, ბრაზილიის ამბები მაინც რომ მეამბა. ტოტო, უკვე გადაღლილი ჩემი პერმანენტული დეფიციტით, ზურაბი − ჯერ კიდევ სუსტად, რადგან ფილტვების ანთება გადაუტანია ჩემ არყოფნაში. არც მე ვარ დიდად დასვენებული, და მთელ ამ აღმაფრენას და ენთუზიაზმს, რომლითაც ვიყავი ნატალში მსოფლიო მუსიკის შეკრებაზე და რომლითაც ახლა სიენაში მოვფრინავ, − აქაური ჯაზის აკადემიასთან თანამშრომლობის კონტექსტში − ხინჯად ახლავს მოუსწრებლობის, დაღლილობის, მღელვარების, კითხვის ნიშნების ბლანტი მასა, რომლის დალაგებას და გამოსწორებას დროც სჭირდება, ენერგიაც და სიმშვიდეც.

23 იანვარი, ორშაბათი

ეს ფეისბუკზე დავწერე და ბარემ გადმოვიტან უცვლელად:

„ნაბრაზილიები, ჯეტლეგით გათანგული, მცირე შუალედებით 30-იოდესაათნაფრენი, მოვლასლასდი ძველ, ნაომარ-ნახიშტარ, დღეს კი − მით უმეტეს, დილის 4 საათზე − მშვიდ, უწყინარ, ლამაზ სიენაში. ყველაფერი დამავიწყა ჯერ ოტელის შესასვლელმა, მერე მარცხნივ, მერე მარჯვნივ, მერე კუთხის იქით გახედვამ, მერე ოთახმა, ერთი კვირით ჩემი რო უნდა ერქვას, მერე მტრედებმა რაფაზე გარედან, ხმაურით რომ გაფრთხიალდნენ ფანჯრის გაღებაზე და ახლა სადღაც ზემოდან ისმის მათი ღუღუნი (დილააო). მე კი ვწევარ, ვერ ვიძინებ და ვიღრიჭები სულელივით, love you all...“

მართლა ასე დავიძინე, ბედნიერად და ახლაც უძინარი, მაგრამ მხიარული ვცდილობ, ავაწყო დღე. ოთხიოდე საათი მეძინა, ახლა უნდა ვისაუზმო და მერე სკაიპით ჩავატარო კონსერვატორიის გაერთიანებული საბჭოების სხდომა: წლევანდელი ბიუჯეტი უნდა დავამტკიცოთ და შარშანდელის ანგარიში მოვისმინოთ კანცლერისგან. მშვენიერი დილაა და Piazza del Campo, დილის სუსხის მიუხედავად (ნატალის 31-გრადუსიანი მუდმივობის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება), დამითანხმებს, რომ გარეთ ვისაუზმო და ვუყურო მის კოშკს, მოედანს, რომელზეც Il Palio, აქაური განთქმული დოღი, დღემდე სიენის მთავარი სანახაობაა წელიწადში ორჯერ.

საბჭოს სხდომა დიდად არ გაჯანჯლებულა, მაგრამ დავმძიმდი მაინც, მშობლიური პრობლემების ორომტრიალში რომ აღმოვჩნდი ისევ: არა, ვერც ბრაზილიაში ვიყავი მთლად არხეინად და ორიოდე ცხარე კომუნიკაცია იქიდანაც გახდა საჭირო, რომ ჩვენი არეული და ყოველ ჯერზე ახლებულად გადა-რეული ქვეყნის მორიგ პოლიტიკურ მიხვეულ-მოხვეულებს დავდგომოდით მედგრად. რა მძიმე ასატანია, როცა კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, უყურებ სასოწარკვეთილი, როგორ თელავს მატერიალური (ან თუნდაც მისი ილუზია), ცრუ პრესპექტივა სულიერს, ხელით ვერშესახებს, კომერციულად (ამჟამად) უინტერესოს, და ათწლეულების მანძილზე არც ერთ მთავრობაში როგორ არავინ დაფიქრდება, რომ თავი დაანებოს „დღევანდელი კვერცხის“ ილუზიას, გამოიჩინოს ჭკუა და სინდისი, დათესოს და არ შეუშინდეს იმას, რომ შეიძლება სხვამ მოიმკას მისი დათესილი, რადგან, თუ არ დაითესა, მოსამკელიც ხომ აღარაფერი იქნება! ასე გრძელდება ღლეტა, დაჩიავება კულტურისა და განათლების, ასე დაბნელდება და მხოლოდ მომხმარებლური, მომხვეჭელური, „დეველოპერული“ მისწრაფებების მოედნად გადაიქცევა ეს უკვე ისედაც საკმაოდ ბნელი, თავის თავზე უაზროდ შეყვარებული, დეზორიენტირებული და დაშინებული ქვეყანა...

კარგია, რომ დღეს არაფერი გვაქვს აკადემიაში, ხვალიდან აქვთ ჩვენებს გაკვეთლები, დღეს კი თავისუფალი დღეა, შეუძლიათ ქალაქში ისეირნონ, ან, სულაც, ფლორენცია მოინახულონ. მეც მაქვს არჩევანი: ან ძილი, ან საგამოცდო ნამუშევრების ნახვა...

24 იანვარი, სამშაბათი

სიენაში მეხუთედ ვარ და ეს ლაბირინთი ისევ მაოცებს: მიხვეულ-მოხვეული, ერთმანეთში გადახლართული ქუჩებითაც, მართლა უთვალავი როა ამ პატარა ქალაქში და იმითაც, რომ ადამიანი, ველოსიპედი, მოტოციკლი, მანქანა, ისევე მშვიდად და უწყინრად მოძრაობენ, როგორც ათასი წლის წინ კაცი, ცხენი და ურიკა იყვნენ ერთმანეთში არეული. მანქანა ცოტაა, „უცხო“ მანქანა ვერ შემოდის, თუ უსაშველო თანხა არ გადაიხადა, ადგილობრივებიც ფეხით სიარულს ამჯობინებენ: ამ სილამაზის, სიძველის და სიმყუდროვის ქუჩებში მართლაც საუკეთესო არჩევანია. აი, როგორ შეიძლება (და უნდა!) ქალაქის ძველი იერსახის შენარჩუნებაც და ამ ძველის შიგნით დღევანდელი ტექნოლოგიური სიტუაციის დამკვიდრებაც! როდის ისწავლიან ამას ჩვენთან, ან რომც ისწავლონ, შეძლებენ კი, მოაქციონ გაუმაძღარი, უგემოვნო და უსინდისო ქართველი „დეველოპერები“ ამგვარივე ჩინოვნიკებითურთ, „დღევანდელი კვერცხის“ მეტი რომ არაფერი ადარდებთ, თავიანთი შვილების ჯანმრთელობაც კი? არა, „თავისიანებს“ სხვაგან დაასვენებენ, საზღვარგარეთ, ეს აქ დარჩენილებმა იკითხონ, ასფალტის, ბეტონისა და მანქანების ჯუნგლებში რომ უწევთ შვილების გაზრდა, იმ კატასროფული პერსპექტივით, რასაც ჯუნგლის გარემო და მისი კანონი ასწავლის ამ უჰაერო და უსახსრო სიბნელეში: მომხვეჭელობას, ერთმანეთის ჭამას, დღევენდელი დღით თავკერძა ცხოვრებას.

ისევ მოთქმა და წუწუნი მომერია, არადა, სულ ნახევარი საათის წინ ვსეირნობდი შუა საუკუნეების ქალაქში. მუზეუმში შეუსვლელად და წიგნის გადაუშლელადაც კი ათასი რამ შეიძლება გაიგო მისი აგებულების, ისტორიის, ტრადიციის შესახებ, ლიტერატურის პერსონაჟებიც კი, თუნდაც ერთი სიტყვით სადმე ნახსენები, არ ჰყავთ დატოვებული უყურადღებოდ. აი, რა ლამაზი აბრაა Via dei Tolomei-ზე დანტე ალიგიერის ციტატით პიას შესახებ, აქ რომ დაბადებულა და მარემაში გამოსალმებია სიცოცხლეს.

საღამოს ჯემმა დაამთავრა დღე: პატარა ძველი ქალაქის ჯაზკლუბს Un Tubo ჰქვია და სიენის ჯაზის აკადემიის სტუდენტების მთავარი საექსპერიმენტო სივრცეა. დღესაც, პირველ სეტს სწორედ იქაური სტუდენტების ბენდი უკრავდა, ფართო ჰორიზონტის, ნიჭიერი და ენთუზიასტური ახალგაზრდების კვარტეტი, არც სტილისტური ბარიერები რომ ანაღვლებთ დიდად და თავიანთ „ნაპოვნშიც“ თავდაჯერებულ მუსიკალურ „სტეიტმენტს“ და სიმწიფეს ავლენენ. ესენიც, და მერე ჯემს შემოერთებულებიც (ჩემი ჩათვლით), ყოვლად მეგობრულ ატმოსფეროში, სხვადასხვა ასაკის და განვითარების დონის მუსიკოსების მართლაც რომ შესაშურ ერთობაში აღმოვჩნდით, ახალბედებისთვის ანგარიშის გაწევით, გამხნევებით, სტუმრის პატივისცემით და სხვაფრივაც კმაყოფილი და ყურადღებიანი, სხადასხვა ასაკის მსმენელით. ისე, სტუმარიც აღარ გვეთქმის მგონი უკვე: თანამშრომლობის მეორე წელი იწურება ჩვენს კონსერვატორიასა და სიენის ჯაზის აკადემიას შორის, პედაგოგების რეგულარული მიმოსვლით, მასტერკლასებით, უკვე მეოთხე ჩვენი სტუდენტი სწავლობს აქ. მშობლიური სიტუაციიდან ამგვარი ერთი- ან ორსემესტრიანი სასწავლო „გასვლა“, ევროპული საგანმანათლებლო თანამშრომლობის „ერაზმუს პლუსის“ სახელით ცნობილმა გაფართოებამ რომ მოუტანა საქართველოს, ჩვენი დღევანდელი სავალალო სიტუაციის ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი მგონია, თუ სულაც ერთადერთი არა. რა ბედნიერებაა, რომ ამ შესაძლებლობის გამომყენებელი ენთუზიასტური და საქმეში ზედმიწევნით ჩახედული პროფესიონალებიც აღმოაჩნდა კონსერვატორიას! რამდენიც უნდა ვიწუწუნოთ უსახსრობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ხანდაზმულ პროფესორთათვის ჯეროვანი პენსიის გადახდის შეუძლებლობაზე, ამის გამო თაობათა ცვლის უკიდურეს სიძნელეზე და ასე ჯაჭვად ერთმანეთზე გადაბმულ პრობლემებზე, ცოტა რამ საამაყო მაინც გვაქვს და საერთაშორისო ურთიერთობები მგონია ის მთავარი საამაყო. ნანა შარიქაძის და მისი დეპარტამენტის ეს ძალისხმევაა სწორედ, რასაც ემყარება ყველა დანარჩენი კომპონენტის წინსვლა კონსერვატორიაში, აკადემიური იქნება, შემოქმედებითი თუ ტექნოლოგიური.

ჰო, ერთი რამ კიდევ მოხდა დღეს აღნიშვნის ღირსი: ჯემზე მივიჩქარი, უფრო სწორად, ირაკლის და ზურას უნდა შევხვდე პროტომევახშის ძეგლთან (სახელი არ მახსოვს), ამასობაში ზურამ გობსეკი რომ დაარქვა... სიენის ქუჩები ხშირადაა ხოლმე უკაცრიელი, მთავარი ათასწლოვანი ქუჩაც კი ხანდახან, შეღამებულზე, შუა საუკეუნეების თუ უმბერტო ეკოს თუ ულენშპიგელის ასოციაციებს აჩენს. კაპიუშონი, თავზე რომ მხურავს, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ განცდას და მივაბიჯებ ასე. ექოდ მომდევს ჩემივე ფეხის ხმა, სხვა ჟღერადი ფანტასმებით შეზავებული, რომ უცებ შორიახლო ახალგაზრდა გოგო ჩამივლის ძაღლით. გვიან ვამჩნევ, რომ ქართულად ლაპარაკობს მობილურით. დაუფიქრებლად მოვტრიალდი და მივაძახე ავტომატურად, ქართული მომესმა-მეთქი, თუ რაღაც. გაჩერდა, ცოტა ცივად მოტრიალდა, მე გავეცანი, არ ველოდი ქართველებს ამ ქალაქში-მეთქი. ჯემზე დავპატიჟე; „უნ ტუბო“ ვიცი, სულ დავდივარ იქ, მაგრამ დღეს ვერ შევძლებო. შევხვდი ჩემებს და მივედით ჯემზე; არ მოვიდა ესეც უცებ თავის მეგობართან ერთად?! სასიამოვნო საღამო გამოვიდა, საუბრებით, თავისი ამბების მოყოლით, დაკვრით. ერთმა ნიუანსმა კი ცოტა დამაფიქრა: ლაპარაკში ახსენა, რომ ცოტა არ ესიამოვნა, ქართველი რომ შეეხმიანა (აკი შევატყვე, რომ ცოტა დაძაბული მოტრიალდა!) და რომ რას წარმოიდგენდა, რომ ჩვენა ვართ და არა ვიღაც ვიგინდარა ქართველები, რომლებითაც თურმე სავსეა იქაურობა... დამანაღვლიანა, ცოტა არ იყოს, ამ დამოკიდებლებამ, იქნებ სრულიად გამართლებულმაც, როცა ამდენი სათაკილო და გულისგასახეთქი ამბავი მოგვდის ქართველებზე უცხოეთში. რა დასანანია, რომ ჯერ ეჭვია ხოლმე და მერე მისი გაქარწყლება. მგონია, რომ პირიქით ჯობს. კი არაფერი, მერე უცებ: თურმე ზურაბ კიკნაძის შვილი ყოფილხარო, ჩემი საყვარელი ლექტორისო. ვიმხიარულეთ ბევრი, მაგრამ ეს ნიუანსი, უსიამოვნოდ საყურადღებო, მანამდე არ შემენიშნა ქართველებში, მთელს მსოფლიოში რომ გაფანტულან ამასობაში.

25 იანვარი, ოთხშაბათი

ჩვენები ასწავლიან Siena Jazz-ში! ფოლკლორისტები დათო, ნატო და ოთარი ქართულ მუსიკას, ჯაზმენები ირაკლი და ზურა − ჯაზს. ზურა რამიშვილის შესახებ უკვე იციან აქაურმა პიანისტებმა: ბექას და პაპუნას მასწავლებლის სახელი ნელ-ნელა მოედო ჯაზის კერებს: სტუდენტები ხომ მოძრაობენ, ურთიერთობენ, ხანდახან ბევრად მეტს, ვიდრე მათი პედაგოგები. ამიტომ, თუ ვინმე ბერკლიში შეხვედრია პაპუნას, მისი დაკვრით აღტაცებულს, ცხადია, მასწავლებლის სახელიც გაუგია და მერე ისიც, რომ თურმე სიენაში ჩადის ხოლმე ეს კაცი ამ ბოლო დროს... ასე იყო წინა ჩამოსვლაზეც, წინის წინაზეც. ინტერესი იზრდება; წელს ზურას უკვე ფორტეპიანოს ერთ-ერთი პროფესორი სთავაზობს უფრო ინტენსიურ თანაშრომლობას სამომავლოდ და ასე განივრცობა ხოლმე თვალსაწიერი, ღრმავდება ურთიერთობები, სტუდენტების, პედაგოგების. დღევანდელი სწავლის არსიც და მთავარი ხეირიც ხომ სწორედ ესაა: არა რომელიმე გურუზე მიწებება და ამ გურუს ნააზრევში (რაც უნდა კარგი იყოს) ხარშვა სამუდამოდ, არამედ სწავლა ყველასგან, ყველაფრის, ნასწავლის გაზიარება და ამ გაზიარებით კიდევ მეტის სწავლა…

ზურას ურთიერთობა ამ თავის აღსაზრდელებთან, მარტო საქართველოს საამაყოები რომ აღარ არიან და სრულუფლებიან წევრებად რომ მოვლენიან ჯაზის სცენას ჯაზისავე სამშობლოში, დღემდე გრძელდება და, მგონი, სრულიად ახალ საფეხურზეა ასული: ვუყურებ ხოლმე, როგორ დაისვამს არდადეგებზე ჩამოსულებს და, დაკვრის გარდა, წვრილად გამოკითხავს, რას სწავლობენ, როგორ ისწავლება ესა თუ ის საგანი, რა მეთოდი აქვთ ამა თუ იმ ტექნიკის ათვისების, მეცადინეობის და ა.შ. და მახსენდება, როგორ ინტენსიურად მავალებდა მიხო შუღლიაშვილი და, ლიუბეკში წასულს, ანგარიშივით მთხოვდა, მომეთხრო ყველაფერი, რასაც ახალს შევიძენდი. თვითონაც არასდროს შეუწყვეტია ეს სწავლა, ძებნა, განვითარება და დამახვედრებდა ხოლმე სიურპრიზებს, გინდ საკომპოზიციო იდეების, გინდ მიღწევების ახლად ათვისებული კომპიუტერის მუსიკალურ შესაძლებლობებში (მაშინ ახალი ხილი იყო და მე მაშინ ამას ვსწავლობდი გერმანიაში, მიხო კი ისე გამაკვირვებდა ხოლმე თავისი მიგნებულით, გამოანგარიშებულით, გამოგონილით - გეგონებოდა, პირიქით იყო).

„ხოლმეს“ ვამბობ, მაგრამ ნახვით მხოლოდ ერთხელღა ვნახე პირისპირ. წასვლიდან ექვსი წლის მანძილზე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ძირითადად უსახსრობის გამო. ურთიერთობა „აუდიოწერილებით“ გვქონდა: ჩართავდა ხოლმე მაგნიტოფონს ჩაწერაზე და მებაასებოდა, მიზიარებდა, მასწავლიდა, მეკითხებოდა, კასეტას კი ვინმე გერმანიაში წამომსვლელს გამოატანდა ხოლმე. 1996 წლის ზაფხულში, როგორც იქნა, მოვახერხე ჩამოსვლა და ვინახულე. როგორც აღმოჩნდა, ბოლოჯერ: ნოემბერში გარდაიცვალა, გულით. ბედნიერების მწვერვალზე მყოფი, რადგან სოროსის ფონდის საშუალებით მოახერხა და პატარა სტუდია ჰქონდა მოწყობილი კონოსტუდია „კვალის“ შენობის ერთ ოთახში. იქ ატარებდა დღეებსა და ღამეებს...

საღამოს ჩვენი იტალიელი კოლეგების, სიენა-ჯაზის პედაგოგებიდან ერთ-ერთის, ფრანჩესკოს ბენდის კონცერტია კლუბ Caccio & Pere-ში. მე „უნ ტუბოში“ გუშინდელ სტუდენტებს ვიყავი შეპირებული, რომ მივიდოდი დღევანდელი პროექტის მოსასმენად, რეპეტიციაზე მაინც. კიდევ კარგი, შევასრულე პირობა: აღმოვჩნდი სულ სხვა სტილისტურ და ენობრივ ამპლუაში, ჯაზის და თანამედროვე კამერული მუსიკის ცოცხალ და საინტერესო ნარევში, რომელსაც გუშინდელი გადარეული საქსოფონისტი, სულ ახალგაზრდა ბიჭი, ვირტუოზულად და ჯონ ზორნის თავდაჯერებით დირიჟორობდა. პარტიტურაც ვნახე, უცნაური და აგრეთვე საინტერესო ნაზავი გრაფიკული და კონვენციური ნოტაციის, მომნუსხველად მჟღერი. მუსიკოსები მარტო ჯაზმენები არ იყვნენ: სიენას კლასიკური მუსიკის შესანიშნავი აკადემიაც აქვს. ამ საღამოს ვნახე, როგორ ერთად არიან ერთისა და მეორის სტუდენტები: ერთად უკრავენ, ერთად ვითარდებიან, ერთმანეთისგან სწავლობენ, ექსპერიმენტობენ და ასე ყალიბდებიან გონებაგახსნილ, აქტიურ და ენთუზიასტურ მუსიკოსებად.

„სხვადასხვაობა“ მათთვის მხოლოდ მიზეზი და იმპულსია ერთად ყოფნისთვის. ჩვენებიც არიან ერთად: მეგობრობენ, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო „ერთად არიან“, მაგრამ მუსიკალურად, შემოქმედებითი მეგობრობის თვალსაზრისით, დიდი კედელი აღმართულა მათ საქმიანობებს შორის და ზოგს ამ კედელს იქით გადახედვის სურვილიც კი არ უჩნდება. ოთხიოდე წლის წინ დაარსებული „თანამდეროვე მუსიკის ანსამბლი“, ამერიკიდან დაბრუნებულ ნინო ჟვანიას რომ გადავაბარე და დღემდე რომ უძღვება შესაბამის არჩევით კურსს, არ კმარა, როგორც ჩანს: თვითონ ამ მუსიკას უფრო უჭირს ახალგაზრდა ადამიანების გულებთან მისვლა: თავისუფლად სარგებლობენ არა გუშინწინდელი ან გუშინდელი, არამედ დღევანდელი და ლამის ხვალინდელი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებებით, შემოქმედებითი აზროვნებით, ესთეტიკით, ენით კი ვერ გადმოსცილებიან მე-19 საუკუნეს, უფრო სწორად, ევროპული მუსიკის ისტორიის 200-წლიან მონაკვეთს. საბჭოთა დრო დიდი ხნის წასული გვგონია, მაგრამ ახალგაზრდა შემოქმედთა უმრავლესობა ჯერ კიდევ იმ ღირებულებებშია ჩარჩენილი. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც უფრო მეტად იჩემებს აკადემიურობას და მაღლა სწევს ცხვირს.

ფრანჩესკოსთან კიდევ ერთი დიდი სიხარული მელოდა: დევიდ ბოატო (სახელის იტალიურ ვერსიას აპროტესტებს რატომღაც) ვირტუოზი მესაყვირე, მოჩანჩალდა, როგორც იქნა, ვენეციიდან − გზაში მანქანა გაჰფუჭებოდა. ბოლო ნომერზე დაგვიძახა ფრანჩესკომ ბენდში, შევუერთდით და ორ საათამდე ისეთი თავდავიწყებით ვუკრავდით, კლუბის პატრონებს ჩვენი ძალით გამოყრაღა დარჩენოდათ. როგორი გადამდებია, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე და ენთუზიასტი, ბავშვივით გულუბრყვილო, კეთილი და მოხულიგნო ჯაზმენი რომ მოვა ხოლმე დაკვრის იშტაზე, ეს დევიდი კი სულ ამ მდგომარეობაში ვიცი − გინდ საქართველოში, გინდ იტალიაში!

26 იანვარი, ხუთშაბათი

დილიდან სტუდენტების ნამუშევრებს ვუზივარ. მათგან ზოგი ერაზმუსზე აპირებს საბუთების შეტანას და ის შედეგი მაინც უნდა გადავცე დეკანს, რომ საგანი ჩაბარებული აქვთ; საბოლოო შეფასება ორ-სამ დღეს კიდევ მოიცდის.

პირველკურსელები მაკვირვებენ: ასე მოტივირებული და დისციპლინირებული ტექნოლოგები აქამდე არ მახსოვს. არა, ყოველ კურსს ჰყავს თავისი მოწინავე ჯგუფი, მაგრამ ასე მასიურად კარგი და მოტივირებული 25 ახალგაზრდა ერთ ჯგუფად უკვე რაღაც წინსვლას შეიძლება ნიშნავდეს. ეს ტექნოლოგიის მიმართულება, რომელზე მიღებაც კონსერვატორიისთვის აქამდე უცხო პრინციპით, შემოქმედებითი ტურის გარეშე, მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგით ხდება, თავიდან ცოტა შემაშფოთებლად დაიწყო: ჯგუფის ნახევარმა მესამე კურსამდე ვერ მიაღწია. მეორე წლის მიღება ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ იქაც ბევრი გამოაკლდა გზადაგზა. მესამე წელი კიდევ ოდნავ უკეთესი გამოდგა, ხოლო ეს მეოთხე, ახლა რომ პირველკურსელები არიან, მართლა გამოირჩევა მიზანსწრაფულობით, დისციპლინით და პასუხისმგებლობით საქმისადმი დამოკიდებულებაში. ვნახოთ, რას ნიშნავს და როგორ აისახება ეს მუსიკის მოსაზღვრე სფეროებზე, პირველ რიგში − ტექნოლოგიასა და ჟურნალისტიკაზე, სადაც უმძიმესი სიტუაციაა: მუსიკის კრიტიკა, როგორც აზროვნების, ისე ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, დღევანდელ საქართველოში ისევე არ არსებობს, როგორც ჟღერადი სიტუაციაა მთელს საქართველოში მიშვებული თავის ნებაზე − სპონტანური, საქმის უცოდინარი კომერსანტების ხელში: არ არსებობს აუდიოინჟინერიის, სივრცის გახმოვანებისა და, ზოგადად, მუსიკის ტექნოლოგიის ხელობის დაუფლების არავითარი მოთხოვნილება. გახმოვანებას განაგებს ის, ვინც მოახერხებს და შეიძენს ძვირ, ხანდახან შეუფერებლად მძლავრ აკუსტიკურ სისტემას, იღებს ამაში უძვირეს ქირას და ახმოვანებს ყოვლად გაუგონარი სიჯიუტით ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად, არ დაგიდევს არც მუსიკის სტილს, არც აკუსტიკურ სიტუაციას, არც იმას, ესმის თუ არა მსმენელს მიკროფონში ნალაპარაკევი და, საერთოდ, გადაურჩება თუ არა დაყრუებას. ამისთანა არაკულტივირებული, უკონტროლო და ნებაზე მიშვებული სფერო საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში კიდევ ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა თუ არ მოევლო ყველას სათითაოდ, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

საღამოს ისევ შევხვდი დევიდს. ერთად ვივახშმეთ და ვუამბეთ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი. ამისთანა კლასის მუსიკოსს მაინც მოსძალებია საკმაო პრობლემები: ფინანსური, ჯანმრთელობის, სულიერი. მომხმარებლური საზოგადოება და საბაზრო, გამსაღებლური დამოკიდებულება მუსკასთან მეტ-ნაკლებად ყველა საზოგადოების ხარვეზია დღეს, უბრალოდ, განვითარებულ ქვეყნებს, პირველ რიგში ევროპაში, სახელმწიფო ბერკეტებიც მოუმარჯვებია ამის წინააღმდეგ, ჩვენი ველური კაპიტალიზმი კი დღემდე რჩება ჩქარ მოგებაზე, მომხმარებლის გემოვნების კულტივირების ნაცვლად მის ინტელექტუალურ და ესთეტიკურ სიზარმაცეზე ორიენტირებული ფსევდოკულტურა, „ენტერტეინმენტი“, შოუბიზნესი და უტვინო სახელმწიფო პოლიტიკის მიერ ფულის ჩაყრა (გადაყრა) სფეროში, რომელიც თავის თავს ისედაც დააფინანსებს, რადგან მდარე და პრიმიტიულ „ენტერტეინმენტს“ მუშტარი არასდროს მოაკლდება, მით უმეტეს იმ ჩვენი უკონტროლო, უსტილო, ქაოსურ-სპონტანური და გაბაზრებული მედიის პირობებში, რომელიც აუფასურებს შინაარსს, ამახინჯებს ენას, მორალიც, ეთიკაც და მთელი საზოგადოებაც არად ენაღვლება არც ერთი „ნიუსის“ მომზადების დროს, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად უკულტუროდ აფეტიშებს ცრუ სიწმინდეებს, ფსევდოეტიკეტს და ვითომტრადიციას. კიდევ კარგი, იუმორის ნატამალიც, ნამდვილი ხელოვნების საჭიროებაც და მის მატარებელთა არცთუ მცირე თემიც ბჟუტავს ხოლმე ამ ზოგადად რუხსა თუ შავბნელ სმოგში, კიდევ კარგი, არსებობენ სტუდენტები, რომელთა სიტყვა-პასუხი, აზროვნება და ქცევა იმედის ნაპერწკალსაც არ აქრობს, რომ დრო თავისას იზამს. ამათგან ზოგმა იქნებ მთავრობისკენაც ქნას პირი და ნელ-ნელა შეიცვალოს თაობაც, ზნეობაც და საზოგადოებაც იმ უკეთესისკენ, თეორიულად რომ ყველამ ვიცით (თუნდაც ცხოვრებაში საწინააღმდეგოდ ვიქცეოდეთ, სხვების მიბაძვით: მე რა, სულელი ვარ, ის მძღოლი თუ უწესოდ გადაუსწრებს და წინ ჩაუდგება რიგს, ან უსინდისოდ გამოენთება უკან სასწრაფო დახმარების მანქანას, რომ სხვებზე წინ აღმოჩნდეს?!).

დღიურის „ადრესატებზე“ კი არა, უკვე საჯაროობაზე დავფიქრდი: რით განსხვავდება ჩემი ახლანდელი ნაწერი ვინმე ბლოგერის ან, სულაც, ფეისბუკის პოსტებისგან? რაღა ინტიმურობაზე, სანუკვარის განდობაზეა ლაპარაკი? დღეს მომხდარი ორიოდე ფაქტის ხსენებას მოჰყვება სპონტანური დილეტანტური პუბლიცისტიკა და ზნეობრივი სტეიტმენტები. ტრიბუნა უფრო გამოდის: საქადაგო, საკეკლუცო. რა სანუკვარი, რის დღიური?! :)

ეს დღეც გადავაგორეთ...

27 იანვარი, პარასკევი

სტუდენტებს კიდევ ორი დღე მივეცი ნამუშევრების დასამთავრებლად, ერაზმუსის აპლიკანტების ამბავი მოვაგვარეთ, აკადემიაში ვარ და ერთი-ორ საერაზმუსო ფორმალობასაც ვავსებთ, გამოგვრჩენია და შარიქაძემ შავი დღე გვაყარა... :დ

ახლაღა გავაცნობიერე, რომ უკვე პარასკევია და ხვალ ვბრუნდები! რა მალე გაირბინა ამ დღეებმა და რამდენი საქმე ვერ მოვასწარი! ახალი ნაწარმოები მხოლოდ დავიწყე (ახალი ქართული ანსამბლი დაარსდა Georgia Modern, დიდი გეგმები გვაქვს!), სტუდენტების ნამუშევრები ბოლომდე ვერ ვნახე, სახელმძღვანელო კი კარგა წინ წავწიე, მაგრამ ბოლო მასაც ვერ გამოვუჩინე...

დავემშვიდობები აქაურ კოლეგებს. მართლაც შესანიშნავი ხალხია: გულითადი, მომსმენი, დაუზარელი. კარგი თანამშრომლობა გვაქვს!

ცოტა წავუძინე და ახლა დანარჩენებს უნდა შევხვდე, ერთხელაც რომ ვივახშმოთ ყველამ ერთად.

ნატო ზუმბაძემ იმისთანა შაირები გამოგვითქვა სიენაში წინა ჩამოსვლის შესახებ, თან ამ ყველაფერს საერთაშორისო დეპარტამენტისთვის ჩასაბარებელი ანგარიშის სახე მისცა, კახურად აქცენტირებული დაბალი შაირით, რომ მთელი საღამოა, ვხარხარებ. მოუთმენლად ველი პუბლიკაციას ფანდურის თანხლებით...

28 იანვარი, შაბათი

თვითმფრინავში ვზივარ და − „მგზავრის წერილების“ ციტატებს არ მოვყვები ახლა, ასე პათეტიკურად არა ვარ განწყობილი, მაგრამ − მომნატრებია თბილისიც, ოჯახიც, კონსერვატორიაც, სტუდენტებიც, ორხევის სკოლის საქსოფონისტებიც. ძალიან მომენატრა ჩემი კვინტეტი. მთელი ამ დროის მანძილზე დაქსაქსულები ვიყავით: მე და ნიკუშა ბრაზილიაში, მე და ირაკლი − იტალიაში, ლაშიკო − ქუთაისში, მიშოც დასვენებას აპირებდა, მაგრამ ვინ აცალა? მგონი, ყოველდღე უკრავდა სხვადასხვა კლუბში, სხვადასხვა ფორმაციაში. ერთი კარგი რამე კი ხდება ამ თბილისში, ამ ჯაზის თავს: ჯაზკლუბი კი ისევ არც ერთი არა გვაქვს, მაგრამ იმდენი კაფე და რესტორანი დაინტერესდა ჯაზით, რომ პრაქტიკულად ჩვენი ყველა სტუდენტი დასაქმებულია და კიდევ არ ჰყოფნით! ამის მნახველი კოლეგები (ევროპელებიც, ამერიკელებიც) შურით და აღტაცებით გვიყურებენ. მაიკ ტრეისი, ლუივილის ჯაზის სკოლის პროფესორი, გვეუბნება, ჩვენ ეგეთ რამეზე ვერც კი ვოცნებობთო; დევიდიც უყვებოდა გუშინწინ იტალიელებს, საქართველოში რომ ვიყავი, ყოველდღე დაკვრა გვქონდაო!

რაღაცები ჩვენც გვაქვს სატრაბახო... აპა! :)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG