Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობი გრიგოლ რობაქიძე - პირადი წერილები, ესეები


გამომცემლობა "არტანუჯმა" საკმაოდ ვრცელი პროექტი დაასრულა, რომელიც გრიგოლ რობაქიძის ქართულ ენაზე გამოუქვეყნებელი წიგნების სრულად გამოცემას გულისხმობდა. მთლიანობაში 8 წიგნი გამოვიდა - სამი რომანი, ერთი მოთხრობების კრებული, სამი ესეების კრებული და მწერლის პირადი მიმოწერა. მიმოწერას ფართო მკითხველი პირველად ეცნობა და ეს მართლაც სრულიად უცნობი რობაქიძეა. დანარჩენი ტექსტები, მართალია, წიგნებად გამოვიდა სხვადასხვა დროს, ძირითადად უცხო ენებზე, მაგრამ იმდენად მცირე ტირაჟით იყო გამოცემული და იმდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული მათი არსებობა ქართველი მკითხველისთვის, რომ მათაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ უცნობი გრიგოლ რობაქიძე. რობაქიძის უცნობ რომანებსა და მოთხრობების კრებულზე სხვა დროს ვისაუბრებთ, დღეს კი მინდა მისი ესეების სამი წიგნი და პირადი მიმოწერა წარვუდგინო ქართველ მკითხველს.

"დემონი და მითოსი" გერმანულიდან მანანა კვატაიამ თარგმნა. ეს წიგნი პირველად 1935 წელს გამოვიდა იენაში და აქ რამდენიმე ძალზე საინტერესო კონკრეტული პორტრეტი და ზოგადი განსჯაა თავმოყრილი.
ნეფერტიტის, სტალინისა და გრეტა გარბოს რებაქიძისეულ ჭვრეტას ერთგვარად ავსებს მისი ესეები: "თაურშიში და მითოსი" და "სიცოცხლის განცდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში".

"პორტრეტები" ჯერ კიდევ 1919 წელს გამოვიდა ტფილისში და მასში ჩაადაევის, ლერმონტოვის, ვასილი როზანოვისა და ანდრეი ბელის შესახებაა წერილები. აქ გრიგოლ რობაქიძე ძალზე ზუსტია და ერთი-ორი მონასმით ახერხებს უმთავრესის თქმას ამ ოთხი ავტორის შესახებ. იგი მკვეთრ აქცენტებს აკეთებს, მოკლე-მოკლე ფრაზებით ხატავს პორტრეტს და ძალზე სასიამოვნოა, რომ მანანა კვატაიას თარგმანშიც შესანიშნავად ჩანს ეს არაჩვეულებრივი რიტმი. გადაშლით თუ არა წიგნს, პირველივე აბზაცში დაქტილების ძლიერი დარტყმები დაგხვდებათ: "მაღალი. გამხდარი. ტანადი. სახე გაპარსული: ხმელი, ფერმკრთალი, თითქოს გამომწვარი. ფოლადი ნაცრისფერ-ცისფერი თვალების მზერაში. მკაცრი ხაზი ზედა ბაგისა; რბილი – ქვედასი: შეერთებაში – ბასრი ირონია."

სულ სხვა ჟანრისაა "Pro domo sua", მწერლის ავტობიოგრაფიული ნარკვევებისა და ეგოცენტრული აღსარებების მცირე კრებული (ასევე მანანა კვატაიას თარგმანი). იგი შედგება სამი წერილისგან - "ჩემი განმარტება", "Pro domo sua" და "გულნადები". პირველი ტექსტი 1947 წლით თარიღდება და იგი ავტორს ცნობილი ევროპელი გამომცემლებისთვისაც დაუგზავნია, მეორე 1962 წელს, სიცოცხლის ბოლოს დაუწერია გროგოლ რობაქიძეს, ხოლო "გულნადების" ადრესატები ქართველი მწერლები არიან და 90–იან წლებამდე ეს ტექსტი სუკის არქივში ინახებოდა.
ამ წერილებით რეკონსტრუირება შეიძლება მისი არა მარტო ბიოგრაფიის, არამედ შემოქმედებითი ლაბორატორიის, შემოქმედებითი გზის, აზროვნების სისტემის, ურთიერთობების, რომელიც მას ჰქონდა სოციუმთან და ჰქონდა თუნდაც სხვადასხვა ქვეყანასთან ...

აი, მაგალითად, Pro domo sua–ს პირველი სიტყვები: "ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ჩემი სახელი განსაკუთრებით დიდი იყო. მე იქ ლიტერატურის სფეროში ოც წელზე მეტ ხანს ვმბრძანებლობდი...". მთელი წიგნი არსებითად ასეთი ქედმაღლური დისკურსია. აქ ავტორი დაუღალავად მხოლოდ საკუთარ სიდიადეზე საუბრობს, მოჰყავს გაუთავებელი ციტატები უცხოელი რეცენზენტების ტექსტებიდან, რომლებიც მის შემოქმედებას ეძღვნება. ბოლომდე ამუშავებს, ხვეწს და ალამაზებს თავის პორტრეტს, საუბრობს საკუთარ ღვაწლზე, დაუფასებლობაზე, უსამართლობაზე.

ამაზე გრიგოლ რობაქიძე თავის პირად მიმოწერაშიც ბევრს საუბრობს და ეს წიგნი მხოლოდ ამის გამო არაა საინტერესო. ეს მოზრდილი ტომი ნამდვილი განძია, ერთი მხრივ, მწერლის თაყვანისმცემლებისთვის, მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის მკვლევართათვის და, მეორე მხრივ, ჩემნაირი ცნობისმოყვარე ფილოლოგისთვის, მკითხველებისთვის, ვინც გრიგოლ რობაქიძესთან მისასვლელ გზებს ეძებს.

ბიოგრაფიას რაც შეეხება, ეს წერილები მართლაც შესანიშნავ მასალას იძლევა არამარტო მისი რეკონსტრუირებისთვის, როგორც ამბობს წიგნის შემდგენელი, წინასიტყვაობისა და კომენტარების ავტორი, ქალბატონი ეთერ ქავთარაძე:
"ამ წერილებით რეკონსტრუირება შეიძლება მისი არა მარტო ბიოგრაფიის, არამედ შემოქმედებითი ლაბორატორიის, შემოქმედებითი გზის, აზროვნების სისტემის, ურთიერთობების, რომელიც მას ჰქონდა სოციუმთან და ჰქონდა თუნდაც სხვადასხვა ქვეყანასთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წერილები ასახსნელად მისი პიროვნებისა... ლაპარაკია მის ფილოსოფიურ შეხედულებებზე, მის წამიერ სულერ განწყობილებებზე, სადაც მისი მრწამსი ჩანს და მისი დამოკიდებულება მოვლენებისადმი და სამყაროსადმი და, რაც მთავარია, ბიოგრაფიულ მომენტებს აღვადგენთ, მართლაც რეკონსტრუქცია ხდება ამისი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, მისი არქივი არ არსებობს, დაკარგულია, ის დაიკარგა შვეიცარიის მუზეუმში... როგორც ამბობს ჟანდარმერია, გადასცა მუზეუმს, მაგრამ მუზეუმი უარს ამბობს, ჩვენთან ასეთი რამ არ ინახებაო. ამიტომ ყოველი პატარა ნაწყვეტიც კი, მისი ხელიდან გამოსული, მნიშვნელობას იძენს მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების აღსადგენად".

თავად ეს წერილები დიდხანს ელოდა მკითხველს. მათი ნაწილი საქართველოში ინახებოდა წლების მანძილზე, ნაწილმა მოგვიანებით მოაღწია მაშინდელ ხელნაწერთა ინსტიტუტამდე:

"ეს წერილები არ არის მარტო ერთი გზით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვედრილი. ნაწილი ინახებოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა არქივებში. არის წერილები არჩილ ჯორჯაძესთან, აკაკი წერეთელთან, მიხეილ ჩოლოყაშვილთან, მეუფე დავით ალადაშვილთან და ქეთევან ამირეჯიბთან. 80-იან წლებში კალისტრატე და ნინო სალიებმა მაშინდელ ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცეს საკუთარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და არქივის ნაწილი, რაც მათთან ინახებოდა - ეს არის მიხაკო წერეთლისა და გრიგოლ რობაქიძის არქივი. მთლიანობაში ამან შეადგინა 295 წერილი".

ბიოგრაფიული დეტალების გარდა, კიდევ ბევრ საინტერესოს გვპირდება ეს კრებული, განსაკუთრებით კი ლინგვისტებისა და ფსიქოლოგებისთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გრიგოლ რობაქიძის ავტობიოგრაფიული პროზა და მისი მიმოწერა. მის ენასთან დამოკიდებულებაზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაზე ზუსტი დაკვირვებები ჯერ კიდევ წინ არის. აი, მისი რამდენიმე მოსაზრება თანამედროვე ქართული ენის შესახებ: "ქართული ენა – ის ენა, რომელსაც მე უგენიალეს ქმნილებად ვთვლი ენათა შორის, საუკუნეთა უკუღმართ სლვაში გადაჯიშებულა: როგორც მორფოლოგიურად, ისე სინტაქსიურად... <...> წერისას მიხდება ათასგვარი ოღრო–ჩოღრო ფენების მინგრევ–მონგრევა, რათა ვიხილო ის ციალა, ის ხასხასა, ის ხალასი თვალი ქართული სიტყვისა". ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ არაფერი ვთქვათ მისეულ სახელგანთქმულ ეტიმოლოგიებზე, ზოგჯერ მახვილგონივრულზე, ზოგჯერ კი ღიმილისმომგვრელზე.
რობაქიძის ესეისტიკაში მისი თანამედროვე მწერლებისთვისაც დარჩა ადგილი. მაგალითად, ჯოისი მისთვის "ქვეცნობიერის დიზენტერიაა", რილკეს და ბეკეტსაც ახსენებს ერთიორგან ირონიით, ხოლო ჰემინგუეიზე ასეთ რამეს ამბობს: "ხელახლა გადავიკითხე ერნსტ (ავტორი "ერნსტს" წერს) ჰემინგუეის დიდი მონდომებით დაწერილი ნოველა "მოხუცი და ზღვა". აღმაფრენისგან პირდაპირ დავთვერი, ეს ნოველა ისე სრულქმნილად მეჩვენა".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG