Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურიდან მაკულატურამდე და უკან


დროთა განმავლობაში თაროებსა და კარადებში უამრავი ისეთი წიგნი ან ჟურნალი გროვდება, აღარავინ რომ კითხულობს. სხვადასხვა დაწესებულებაშიც დღის განმავლობაში ათასობით ფურცელს იყენებენ, შემდეგ კი სანაგვე ყუთებში ათავსებენ. როგორ შეიძლება გამოუსადეგარი ფურცლების გარემოს სასიკეთოდ გამოყენება, რატომ აბარებენ ან იბარებენ მაკულატურას და რისი მიღება შეიძლება მისი გადამუშავებით?

საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული ლიტერატურა, ფიზიკისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები, წიგნები კულინარიაზე, სოფლის მეურნეობასა და სხვა ათას რამეზე აგურის წითელთაღებიან სარდაფში ერთმანეთზე უწესრიგოდ აწყვია. ეს ის წიგნებია, უკვე რომ აღარავის სჭირდება, აღარც მყიდველი ჰყავს და აღარც მკითხველი, თუმცა ყოფილმა პატრონებმა ნაგავში გადასაყრელად მაინც ვერ გაიმეტეს და აქ, მაკულატურის მიმღებ პუნქტში, მოიტანეს. ნესტიან წიგნებსა და ჟურნალებთან ერთად აქ ბევრი სურათია. სარდაფის კედლებზე ერთმანეთის გვერდით კიდია ქართველი და უცხოელი მსახიობების, ძველი ბერძნული ქანდაკებების და თბილისის შავ-თეთრი ფოტოები. ეს ფოტოებიც მაკულატურის ნაწილია. გია ძიძიკაშვილმა, კაცმა, რომელიც მაკულატურას იბარებს, ფოტოები ქარხანაში გასაგზავნად, ტუალეტის ქაღალდად ან ხელსახოცად გადასამუშავებლად ვერ გაიმეტა და შპს „ყვითელი ყუთის“ კედლებზე გამოფინა. გია პროფესიით მსახიობია, უკვე წელიწადზე მეტია მაკულატურას იბარებს და ამბობს, რომ ძველ წიგნებში ხშირად ისეთ საინტერესო ლიტერატურას ან ფოტოებს აღმოაჩენს ხოლმე, მხოლოდ არქივებში საგულდაგულოდ ქექვისას რომ იპოვის კაცი:

„ძირითადად ისეთი ძველი წიგნები მოაქვს ხალხს, რომლებიც აღარ სჭირდებათ. ახლა კომპიუტერები აქვთ და იმიტომ. სამწუხაროდ, წიგნი კომპიუტერმა შეცვალა. შეიძლება თვე გავიდეს და მხოლოდ 200 კილო მაკულატურა შემოვიდეს, ან 2 ტონა. საინტერესო წიგნებიც მხვდება. თუ უბანში ვინმე წიგნის მოყვარულია და ინტერესი აქვს, წიგნებს ვჩუქნი კიდეც. თუ არავის სჭირდება და მეც მენანება, ფოტოებს კედელზე ვაკრავ“.

ერთი კილო მაკულატურა აქ 15 თეთრი ღირს. როგორც გია ჰყვება, ზოგს წიგნები და ჟურნალები იმიტომ მოაქვს, გამოუსადეგარი „ნივთებისგან“ რომ დააცარიელოს სახლი, ზოგი კი მაკულატურაში აღებული ფულით იქვე თონეში ცხელ პურს ყიდულობს.

მაკულატურით სავსე ჩანთებით ზაზა მიმინოშვილი აქ კვირაში რამდენჯერმე მოდის. რამდენიმე წლის წინ სახლში დაგროვებული მაკულატურა გაჭირვების გამო ჩააბარა. როცა საკუთარი სარდაფი ძველი ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნებისგან დააცარიელა, გადაწყვიტა სხვადასხვა ორგანიზაციებში გადასაყრელად გამზადებული ფურცლები შეეგროვებინა და შემოსავლის დამატებითი წყარო ეპოვა. ბევრს ვერ გამოიმუშავებს, თუმცა ღიმილით ამბობს: “ხალხი წიგნის წერით ვეღარ შოულობს ფულს და ძველი წიგნის ჩაბარებით მე რაღა უნდა ვიშოვოო“.

„მთელი დღის განმავლობაში ქსეროქსს რომ აკეთებენ და შემდეგ ფუჭდება, გროვდება, საბოლოოდ ოცდაათ კილომდე მაკულატურა გამოდის. როცა ფული შემომაკლდება, ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ, მთელი დღე თავდაუზოგავად რომ ვიმუშაო, მხოლოდ 7 ლარი გამომდის“.

დროდადრო მაკულატურა აქ ოთარ ფანასკერტელ-ციციშვილსაც ჩამოაქვს. ოთარი პროფესიით ფილოლოგია, იქვე მეზობლად ცხოვრობს, კოლაჟებს აკეთებს და როცა ჟურნალებიდან მისთვის გამოსადეგ ფოტოებს ამოჭრის, ნარჩენებს აქ აბარებს. იცის, რომ ამით გარემოს ეხმარება, თან ამ სარდაფშიც უყვარს სტუმრობა. სტუმრები სარდაფს არ აკლია. ოთარი, გია და უბნის სხვა მამაკაცები ხშირად სხედან და საუბრობენ ძველი წიგნების გარემოცვაში. საუბრობენ ბევრს და ყველაფერზე, ზამთრის სიცივეს ან ზაფხულის სიცხესა და მოწყენილობას ემალებიან მიწისქვეშ:

„გია ძალიან განათლებული ადამიანია, იცის წიგნის ფასი. ეს მეგობრული ურთიერთობაც განაპირობებს, რომ მაკულატურა მასთან ჩამომაქვს. ეს დაწესებულება მან ინტელექტუალური ადამიანების თავშეყრის ადგილად გადააქცია. ყოველთვის ჩამოვდივართ ხოლმე, განსაკუთრებით ზაფხულობით. აქ სიგრილეა და ვსაუბრობთ ხელოვნებაზე, კულტურაზე, სპორტზე. ასე ვატარებთ პენსიონერები დროს, აბა რა ვქნათ?“

თბილისში მაკულატურის მიმღები რამდენიმე პუნქტია, თუმცა, ალბათ, ცოტა მათგანი თუ ქცეულა, ამ სარდაფის მსგავსად, უბნელებისთვის თავშეყრის ადგილად. ნებისმიერ პუნქტში ჩაბარებულ მაკულატურას კი, საბოლოოდ, მაინც ერთი გზა აქვს. შეგროვებული მაკულატურა ან საექსპორტოდ მზადდება, ან აქვე, თბილისში მდებარე ქარხნებში იგზავნება. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ 10 ტონა მაკულატურის გადამუშავებით, საშუალოდ, 17 ხის გადარჩენაა შესაძლებელი. ხეები ჯერ ქაღალდად იქცევიან, შემდეგ სტამბებს, წიგნის მაღაზიებსა თუ ჯიხურებს გამოივლიან და ჩვენს წიგნის თაროებზე ხვდებიან. მაშინ კი, როცა ძველ წიგნებსა და ჟურნალებს აღარავინ კითხულობს და აღარც სამსახურში დაგროვებული უამრავი თაბახის ფურცელია გამოსადეგი, მათი ჩაბარება და გადამუშავება ის ერთ-ერთი გზაა, დედამიწას ზიანისგან რომ იცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG