შუახევის მუნიციპალიტეტის #73-82 ოლქის #1 უბანზე ამ დროისთვის, რეგისტრატურის მიხედვით, 40-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. პირველი ამომრჩეველი აქ 08:05 საათზე მოვიდა. ხმის მიცემის პროცედურა ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. - გვატყობინებს ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
ქუთაისის #3 საჯარო სკოლაში გახსნილი #27 საარჩევნო უბანი 8 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, მაია ყიფიანი დაგვიანებას დამკვირვებლების დიდ ნაკადს უკავშირებს. "არანაირი შეფერხება არ ყოფილა უბრალოდ. ბევრი დამკვირვებელი ერთდროულად შემოვიდა და ამან გამოიწვია რამდენიმეწუთიანი დაგვიანება", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე. უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:15 წუთზე დაფიქსირდა. #27 საარჩევნო უბანში საარჩევნო პროცესს ამ დროისთვის სხვადასხვა ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის 17 დამკვირვებელი აკვირდება. - გვატყობინებს მაკო კუხიანიძე.
გლდანის #66 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, ხანში შესული ქალბატონი, რომელმაც იკითხა, როგორ უნდა შემოეხაზა მისთვის სასურველი ნომერი ბიულეტენში. ცესკოს თანამშრომლის ინსტრუქციის შემდეგ ქალბატონმა ითხოვა ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყოლოდნენ დასახმარებლად, რაზეც ცესკოს თანამშრომლებმა უარი განუცხადეს, რადგან მათ ამის უფლება არა აქვთ. ამის შემდეგ ამომრჩეველი გაბრაზდა, ფურცელი დააგდო და წავიდა. მისი ბიულეტენი ბათილად ცნეს და გააუქმეს. - გვატყობინებს სოფო სუარიძე.