შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის #73-82 ოლქის, #45 უბანზე პირველი ამომრჩეველი - გია ბერიძე ზუსტად 8:00 საათზე მივიდა. მისი თქმით, არჩევნებზე იმიტომ მივიდა, რომ თავის შვილებს უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს. - გვატყობინებს ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
ფოთში, #61 მაჟორიტარულ ოლქში, #8 უბანთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. როგორც საუბნო კომისიაში განმარტავენ, ტექნიკურ პრობლემა შეიქმნა, კერძოდ, ჩაიკეტა რკინის კარი ოთახში, სადაც ბიულეტენები იყო განთავსებული. სამაშველო სამსახურის დახმარებით პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. თუმცა ამ პრობლემის გამო უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. - გვატყობინებს თეა აბსარიძე.
საბურთალოს #8 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის ხმა მისცა 55-მა ამომრჩეველმა. დარღვევები არ დაფიქსირებულა. ერთ მამაკაცს სურდა, ხმის მიცემა სამგზავრო ბარათის საშუალებით, კომისიამ ამის ნება არ დართო. - გვატყობინებს თაკო მაქაცარია.