- საქართველოში მიმდინარეობს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე ოლქში თვითმმართველობის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. ხმის უფლებით სარგებლობს 3 513 884 ამომრჩეველი. საქართველოში გახსნილია 3 ათას 645 საარჩევნო უბანი, ხოლო უცხოეთის 40 ქვეყანაში 55. საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 წევრი პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ 19 პარტია და 6 ბლოკი, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 757 კანდიდატი და საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული 59 კანდიდატი.
- საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც 15 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საბჭოს 21 დეპუტატიდან 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.
- საკრებულოს წევრების შუალედური არჩევნებია ქალაქ თბილისის მთაწმინდის, კრწანისის, ისნის და გლდანის რაიონებში, წალკაში, ჭიათურაში, აბაშასა და ქალაქ ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება ქალაქ ახალციხეში და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ბოლნისში, ხარაგაულში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
- 8 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 მეთვალყურე.
- საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა. ოლქებიდან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს ცესკო ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებსაიტზე www.results.cec.gov.ge. არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს ცესკო სავარაუდოდ, 9 ოქტომბერს, დილის 6 საათისთვის გამოაქვეყნებს.
საარჩვენო უბნები დილით
თბილისში მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე იყრის თავს ხმის მისაცემად. დამკვირვებლების თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ისინი ასევე ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მშვიდია, ამომრჩეველთა რაოდენობდა კი ნაკლები.
გადასატანი ყუთი სახლში ამომრჩევლებთან
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება საკმაოდ ბევრმა ამომჩეველმა ითხოვა. ვაკის რაიონის მეორე საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი 16 მისამართზე დილის 9 საათიდან გავიდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან სწორედ დილის 9 საათზე გადის და 19 საათზე ასრულებს ამომრჩეველთა ხმების შეგროვებას.