Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტროს“ ანტენების მომავალი


საქართველოს ფოსტაში ჯერჯერობით არ იციან, როგორ განახორციელებენ ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური ანტენების დარიგებასა და დამონტაჟებას. ”მაესტროს” აქამდე დაყადაღებული ანტენები რომ საქართველოს ფოსტის მეშვეობით უნდა დაურიგდეს სოციალურად დაუცველ პირებს, 10 სექტემბერს გახდა ცნობილი, უწყებათაშორის კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” შეხვედრის შემდეგ. ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის განცხადებით, ტელეკომპანია შეთავაზებაზე თანახმაა, თუმცა დეტალები უნდა დაზუსტდეს როგორც უწყებათაშორის კომისიასთან, ასევე საქართველოს ფოსტასთან.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ტელეკომპანია ”მაესტრო”, მხარდამჭერ მედიაორგანიზაციებთან ერთად, აქციებს მართავდა მოთხოვნით, მოხსნილიყო ყადაღა ტელეკომპანიის კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე. აქციები პროკურატურის, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობების წინ იმართებოდა. 10 სექტემბერს კი, უწყებათაშორის კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა კომისიის თავმჯდომარის, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეთავაზების შესახებ, რომლის თანახმადაც, ყადაღა მოეხსნება ”მაესტროს” ანტენებსა და რესივერებს, ანტენებს ”მაესტროს” სახელით დაარიგებს და დაამონტაჟებს საქართველოს ფოსტა; გამოითქვა ასევე აზრი, რომ ანტენები სოციალურად დაუცველ პირებს დაურიგდეს.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს მრავალი კითხვა გაუჩნდა, რომელთა დასმასაც ის აპირებს უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ილია კიკაბიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ანტენების დამონტაჟება ტელეკომპანიისთვის ბიზნესპროექტი იყო. შესაბამისად, ყველა დეტალის გარკვევა მნიშვნელოვანია:
რატომ მაინცდამაინც უმწეოებს და სოციალურად დაუცველებს? მათ უმრავლესობას ტელევიზორიც არ გააჩნია და, ამას გარდა, რესივერის შესყიდვის თანხაც არა აქვთ ...

”მინდა დავაზუსტო, ვინ მოახდენს ამ თანხის ამოღებას, კასაციას; ასევე რა ვადებში ფიქრობენ რა რაოდენობის დამონტაჟებას, იმიტომ რომ ახლა რაც საბაჟოზეა გაჩერებული, იმაზე ბევრად მეტის დამონტაჟებას ვფიქრობდი, დაახლოებით 150 ათასის, და ახლა არის გაჩერებული 15 ათასი კომპლექტი. რა დაჯდება ერთი ცალის დამონტაჟება, იმიტომ რომ იმ ინფრასტრუქტურით, რაც მე მქონდა ანტენების დასამონტაჟებლად, ძალიან სწრაფად და ძალიან დიდ რაოდენობას ვაყენებდი და ეს უფრო რენტაბელური იყო და შეძლებენ თუ არა იგივეს გამეორებას? ”

მიუხედავად იმისა, რომ ”მაესტროს” გენერალური დირექტორი შეთავაზებულ პირობებზე წინასწარ თანხმდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინ გადაიხდის თანხებს ანტენების დამონტაჟების შემდეგ, რადგან, როგორც ილია კიკაბიძე ამბობს, ის დაახლოებით 2 წელიწადში გეგმავდა ჩადებული თანხის ამოღებას. შეგახსენებთ, რომ ანტენების დამონტაჟებას შეღავათიან პირობებში სთავაზობდა ტელეკომპანია მომხმარებელს და, თანხის ერთჯერადად გადახდის გარდა, 6 შეღავათიანი გადახდის პირობასაც ითვალისწინებდა. ამ თვალსაზრისით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შერჩევა ანტენების მიმღებებად მისთვის დამატებით კითხვებს აჩენს:

”რატომ მაინცდამაინც უმწეოებს და სოციალურად დაუცველებს? მათ უმრავლესობას ტელევიზორიც არ გააჩნია და, ამას გარდა, რესივერის შესყიდვის თანხაც არა აქვთ. ეს არ არის ის, როგორც ამას პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩვენ ვაპირებდით ვიღაცებითვის უფასოდ დაგვერიგებინა და ამით თითქოს ვაპირებდით რომელიღაც პარტიისთვის ხმების მოსყიდვას.”

იმისათვის, რომ ტელეკომპანია ”მაესტრომ” ანტენების დასამონტაჟებლად ხელშეკრულება გაუფორმოს საქართველოს ფოსტას, ჯერ ანტენებზე ყადაღა უნდა მოიხსნას, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. საქართველოს ფოსტაში კი ჯერჯერობით არაფერი იციან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ტელეკომპანია ”მაესტროსთან”. რადიო თავისუფლებას საქართველოს ფოსტაში უთხრეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ შესაძლოა მათ მოუწიოთ ანტენების დარიგება. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ფოსტას ანტენების დამონტაჟების შესაძლებლობა, ფოსტაში არ გვიპასუხეს.
ამერიკული მხარეც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღიქმება მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები, რამდენად კონკურენტული გარემო იქნება მედიაში ...
შორენა შავერდაშვილი

რადიო თავისუფლება უწყებათაშორის კომისიასაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაზუსტდა თუ არა დამატებითი დეტალები ”მაესტროს” სატელიტური ანტენების მომავალთან დაავშირებით. დაპირების მიუხედავად, პასუხი ამ თემაზე არ მიგვიღია.

სანამ დეტალები არ დაზუსტდება, ძნელი სათქმელია, რამდენად მომგებიანი იქნება ტელეკომპანიისთვის შეთავაზებული პირობები, ამბობს ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, რომელიც 10 სექტემბერს უწყებათაშორის კომისიასთან შეხვედრას ესწრებოდა. თავისთავად გადაწყვეტილებას, ყადაღა მოეხსნას „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებს, შორენა შავერდაშვილი შიდა და საერთაშორისო ორაგანიზაციების მიერ ხელისუფლებაზე წინასაარჩევნოდ განხორციელებული წნეხის შედეგად მიიჩნევს:

”ამერიკული მხარეც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღიქმება მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები, რამდენად კონკურენტული გარემო იქნება მედიაში... ამ მხრივ დაბრკოლებების მოხსნა სრულიად აუცილებელია.”

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ”მაესტროს” ხელმძღვანელების მტკიცებისა, რომ კამპანია ”მაესტრო ყველა ოჯახში” ბიზნესპროექტი იყო, რომელსაც ტელევიზიისთვის მოგება უნდა მოეტანა, პროკურატურამ ის ამომრჩეველთა მოსყიდვად შეაფასა, რამდენადაც, მის მიერ 11 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ტელეკომპანია ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიის - ”ელიტა ბურჯის” - მითითებებით ხელმძღვანელობდა და მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა”. ამიტომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. ამ დრომდე ”მაესტროს” 15 ათასი ანტენა და რესივერი გაფორმების ეკონომიკურ ზონაშია დაყადაღებული.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG