Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მასტ კერი" წინასაარჩევნო რეალობაში


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების თარიღად 1 ოქტომბრის გამოცხადებისთანავე ავტომატურად ამოქმედდა საარჩევნო კოდექსში შესული, ”მასტ კერის” პრინციპით ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც არჩევნების პერიოდში - არჩევნების დღემდე - საკაბელო ტელევიზიებს აქვთ ვალდებულება მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ტელევიზიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-სათვის. საკაბელო ოპერატორების ერთმა ნაწილმა ტელევიზიებს უკვე მიმართა, ნაწილთან მოლაპარაკებებს კი ტელეკომპანიები თავად მართავენ. როდის დასრულდება ტელევიზიების საკაბელო ქსელებში ჩართვის პროცესი და ახლავს თუ არა მას დაბრკოლებები?

პირველი აგვისტოდან საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელევიზიას უფლება აქვს საკაბელო ქსლის ყველა ოპერატორს ტელევიზიის კუთვნილი სიგნალის გავრცელება მოსთხოვოს. თავის მხრივ, საკაბელო ოპერატორები, მას შემდეგ, რაც მათთან მაუწყებლები საკუთარ სიგნალს მიიტანენ, ვალდებულები ხდებიან სამი დღის ვადაში ჩართონ ესა თუ ის კონკრეტული ტელევიზია საკუთარი მომსახურების პაკეტში. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი განმარტავს, რომ ამ სამდღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელმაც ეს საჩივარი 48 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს:

”თუ კომისიამ დაადგინა, რომ საკაბელო ოპერატორმა დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, პირველი სანქცია გაფრთხილება და ქმედების დავალდებულებაა და დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამოქმედდება უფრო მკაცრი ზომა და მას ერთი წლის ვადით შეუჩერდება მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ თუ ამ არხებს ის მომხმარებლებს არ მიაწოდებს, მაშინ ვერ მიაწოდებს ვერც ერთ სხვა არხს, რომელიც მის პაკეტშია.”

საკაბელოების ნაწილმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ თავის პაკეტში ჩაგვრთონ. დაახლოებით ერთ კვირაში მეცოდინება ზუსტად რა პრობლემებია ...
ნინო ჯანგირაშვილი

რა ხდება მაშინ, როცა მაუწყებელს არ მიაქვს სიგნალი კონკრეტულ საკაბელო ოპერატორთან ჩართვის მოთხოვნით - მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „გლობალ ტვ“-ში?

”ამ შემთხვევაში ამოქმედდება 51-ე მუხლის მე-18 პუნქტი, რომელიც უკვე საკაბელო ოპერატორს აძლევს უფლებას ყოველგვარი ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გადახდის გარეშე, კითხვის გარეშე თავად მიიტანოს სიგნალი და ჩასვას თავის პაკეტში.”

ტელეკომპანიები და საკაბელო ოპერატორები ახლა სწორედ სამუშაო რეჟიმში არიან. მაგალითად, ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი არ აპირებს საკაბელოებისათვის წერილების გაგზავნას, არამედ გეგმავს თავად მივიდეს ყველასთან და ისე გააფორმოს ხელშეკრულებები. თბილისი და რუსთავი მათი სამიზნე არ არის, რადგან ”კავკასია“ ისედაც ფარავს ამ ორ ქალაქს. რჩება დაახლოებით 38 საკაბელო ოპერატორი რეგიონებში, თუმცა მათი ნაწილი დღეს არ მოქმედებს. ამიტომ რეალური რაოდენობა ზუსტდება, ამბობს ნინო ჯანგირაშვილი:

”საკაბელოების ნაწილმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ თავის პაკეტში ჩაგვრთონ. დაახლოებით ერთ კვირაში მეცოდინება ზუსტად რა პრობლემებია. დღეს ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ პროცესის დასრულებას ორი კვირა დასჭირდება, თუმცა ვნახოთ.”

სამაგიეროდ, უკვე შექმნილ ხელოვნურ პრობლემებზე ლაპარაკობს ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელობა. ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაბრკოლებების ჩამოთვლისას ასახელებს იმას, რომ კანონში არსად წერია, რომ ტელეკომპანიამ უნდა მიმართოს საკაბელოს:

ილია კიკაბიძე
ილია კიკაბიძე
”ეგ მარეგულირებელი კომისიის მოგონილი კიდევ ერთი დაბრკოლებაა. კიდევ ერთი შეფერხება, რაც მარეგულირებელმა მოიგონა, ისაა, რომ მე უნდა მივიდე დ ტექნიკურად მე უზრუნველვყო ჩემი სიგნალის ჩართვა, რაც ასევე არ წერია კანონში. პირიქით, კანონში წერია, რომ საკაბელო მაუწყებელი თავად არის ვალდებული ტექნიკური პრობლემები მოაგვაროს. არიან კომპანიები, რომლებსაც განსაკუთრებულად ეშინიათ და ჩემს დაგზავნილ წერილებს ელიან. თუმცა არიან კომპანიები, რომლებმაც უკვე ჩაგვრთეს თავისი სურვილით საკუთარ პაკეტში.”

ერთადერთი კომპანია, რომელსაც ”მაესტრო” ჩართვის მოთხოვნით არ მიმართავს, არის ”სილქნეტი”, რადგან, კიკაბიძის განცხადებით, მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ მედიას და „მაესტროს“, როცა საკუთარ პაკეტში მის ჩართვაზე უარი განაცხადა, რისთვისაც, კიკაბიძის თქმით, ბოდიში აქვთ მოსახდელი.

კომპანია „გლობალ ტვ“-ის მარკეტინგის სამსახურის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე გვეუბნება, რომ, მიუხედავად მათ და საერთო მაუწყებლებს - ”იმედსა” და ”რუსთავი 2”-ს შორის არსებული სასამართლო დავისა, არჩევნების პერიოდში „გლობალი“ საკუთარ პაკეტში ამ არხებს მაინც ჩართავს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მათ კომპანიას ”მასტ კერის” პრინციპების შესრულებისას დაძალება არ სჭირდებათ. თუმცა ბაზლიძე ფიქრობს, რომ შემოთავაზებული პრინციპი რეალური „მასთ კერის“ ჰიბრიდული ვარიანტია და ის ვერ შეავსებს იმ ინფორმაციულ ვაკუუმს, რაც საქართველოს რეგიონებში არსებობს. მისი გათვლებით, მაყურებლების რიცხვი შთამბეჭდავად არ გაიზრდება:

როგორ შეიძლება იძახო, რომ ზრუნავ მედიაპლურალიზმსა და მედიის განვითარებაზე, როდესაც ცალი ხელით აყადაღებ სატელიტურ ანტენებს და მეორე ხელით იღებ ”მასტ კერის” ...
ილია კიკაბიძე

”აი, მაგალითად, ”მაესტროს” ქალაქ ქუთაისში შეიძლება დაემატოს 3000 მომხმარებელი, ან ფოთში - 1500, ან ზუგდიდში - 700... ანუ მაყურებელთა მატება იქნება უმნიშვნელო, ვიდრე იქნებოდა თეფშების დამონტაჟების შემთხვევაში, ანუ სადღაც 20-25 000 ან ამდენიც არ.”

”მასტ კერი” არის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა ალტერნატივად „გლობალის“ თეფშების დაყადაღების შემდეგ - უცვლელია ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის აზრიც:

”როგორ შეიძლება იძახო, რომ ზრუნავ მედიაპლურალიზმსა და მედიის განვითარებაზე, როდესაც ცალი ხელით აყადაღებ სატელიტურ ანტენებს და მეორე ხელით იღებ ”მასტ კერის” და თან ავალებ მარეგულირებელ კომისიას კიდევ დამატებით ხელის შემშლელი ფაქტორები მოიფიქროს.”

გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში წინასაარჩევნოდ ”მასტ კერის” მნიშვნელობაზე არ დაობს, თუმცა შენიშნავს, რომ საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში საკაბელო ტელევიზიები არ მაუწყებლობენ და, შესაბისად, იქ მცხოვრები ხალხის ინფორმირებისათვის სატელიტური თეფშების მონტაჟი, რასაც, ტუღუშის თქმით, ხელისუფლებამ შეუშალა ხელი, გადამწყვეტი იყო.

დაბოლოს, შეგახსენებთ იმასაც, რომ უახლოეს 9 დღეში ასევე ამოქმედდება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულაციები.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG