Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სკოლებში თალიბანის მიერ დაჭრილი გოგონასთვის ლოცულობენ


მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი
პაკისტანში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სკოლებში იმართება ლოცვა 14 წლის გოგონასთვის, მშვიდობისთვის მებრძოლი მალალა იუსაფზაისთვის, რომელსაც მიმდინარე კვირაში თალიბანმა ესროლა და დაჭრა.

მძიმედ დაჭრილი გოგონა რავალპინდის სამხედრო ჰოსპიტალში წევს. სამხედროთა პრესმდივანმა ასიმ ბაივამ პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო:

„ნეიროქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებების სპეციალისტების მონაცემებით, მალალას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.“
რავალპინდის ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, გოგონა ხუთშაბათს ფეშავარიდან გადაიყვანეს. მალალა იუსაფზაი სამშაბათს კისრისა და თავის არეში დაჭრა შეიარაღებულმა პირმა მაშინ, როცა მალალა გოგონათა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, ჩრდილოდასავლეთში მდებარე, მღელვარებით მოცულ სვატის რაიონში.
შეიარაღებულ ხალხს უიარაღო გოგონასი ეშინია. რა სურს მალალას? თავისუფლება ...

მალალა თალიბანის ტყვიის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ „ბი-ბი-სისთვის“ დღიურები წერა და თავის ამ ნაწერებში თალიბანის მიერ ქალთა სკოლების დახურვის გამო ჩიოდა.

პარასკევს პაკისტანის პოლიციამ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ხუთშაბათს პაკისტანის კომერციულ ქალაქ კარაჩიში მალალა იუსაფზაის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სანთლებით ხელში გააპროტესტეს გოგონაზე თავდასხმა:

„შეიარაღებულ ხალხს უიარაღო გოგონასი ეშინია. რა სურს მალალას? თავისუფლება. და რა უნდა მიეცეს მალალას? თავისუფლება!“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

პარალელურად, პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, სუნტთა საბჭომ, ფატვა გაავრცელა, რომლითაც იუსაფზაიზე თავდასხმა დაგმო და თავითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმებს „ჰარამი“, ანუ ისლამით აკრძალული, უწოდა.

საბჭოს ლიდერი, მუფთი მუჰამედ შარიფი, შემდეგი განცხადებით გამოვიდა:
„ისლამური შარიათი არ გასცემს ნებართვას სადმე ასეთი თავდასხმების მოწყობაზე. თვითმკვლელი მოიერიშეები ჯოჯოხეთში მოხვდებიან და ისლამიდან განიკვეთებიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მალალა იუსაფზაიზე თავდასხმას. ეს თავდასხმა არაისლამური და არაეთიკურია.“

საბჭოს მიერ გაცემულ ფატვას აღიქვამენ იმ მზარდი უკმაყოფილების პასუხად, რომელსაც ხალხში ექსტრემისტები და ტერორიზმი იწვევს, განსაკუთრებით იუსაფზაიზე თავდასხმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG