Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

160 000 გამოცდა და 29 647 ჩაბარება - რამდენი იღებს მართვის მოწმობას საქართველოში?

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 480 669 ადამიანს აქვს მართვის მოწმობა.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 480 669 ადამიანს აქვს მართვის მოწმობა.

2025 წელს რეალური საგზაო მოძრაობების პირობებში (პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი) 160 000-მდე გამოცდა ჩატარდა, საიდანაც წარმატებით დაახლოებით ყოველი მე-5 დასრულდა (19%). ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

160 000 არ ასახავს მართვის მოწმობის მსურველთა რაოდენობას, ის ასახავს ჩატარებული გამოცდების რიცხვს, ანუ უწყებამ კანდიდატები კი არა, მათი გამოცდაზე გასვლის რაოდენობა დაითვალა და დააჯამა.

მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა გადატვირთულია.

სწორედ გადატვირთულ საგამოცდო განრიგზე და ადგილების არქონის გამო შეფერხებულ საგამოცდო ჯავშნებზე ჩივიან მართვის მოწმობის აღების მსურველები.

ჩვენ „ჩაჭრილების“ სტატისტიკაც გამოვითხოვეთ, რაზე პასუხადაც მომსახურების სააგენტომ თავის ელექტრონულ ბაზებზე მიგვითითა, სადაც, უწყებისვე ცნობით, „პერიოდულად ქვეყნდება მონაცემები“.

გავარკვიეთ, რომ Police.ge-ზე პერიოდულობით მხოლოდ გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობის შესახებ სტატისტიკა ახლდება. ინფორმაციას ამუშავებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2025 წელს [პირველადი მონაცემები] საქართველოს მასშტაბით 29 647-მა ადამიანმა ჩააბარა გამოცდა და მართვის მოწმობა აიღო.

ჯამში, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 480 669 ადამიანს აქვს მართვის მოწმობა [აქ შედიან ისინიც, ვინც მართვის მოწმობა მხოლოდ თეორიისა და მოედნის ეტაპების გადალახვის შემდეგ აიღეს].

B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი 2022 წლის 26 აპრილიდან გახდა. ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.

მონაცემები ცხადყოფს, რომ ყველაზე მეტი მართვის მოწმობა ქალაქის გამოცდის დამატებამდე ერთი წლით ადრე გაიცა. ქალაქის გამოცდის შემოღების შემდეგ კი განახევრდა.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო პირობებში ჩატარება დაინერგა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ეტაპობრივად ცვლილება შეეხო სხვა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს.

დათვლილია 2026 წლის პირველი კვარტალიც. სტატისტიკის თანახმად, ამა წლის პირველ სამ თვეში მართვის მოწმობა 7 383-მა ადამიანმა აიღო.

კითხვაზე, რა არის ის მთავარი პრეტენზიები, რომლებითაც ყველაზე ხშირად მიმართავენ შსს-ს ქვეუწყებებს მართვის მოწმობის მსურველი პრეტენდენტები, მომსახურების სააგენტოში გვითხრეს:

„მოქალაქეებს ზოგიერთ შემთხვევაში უწევთ ლოდინი თავისუფალი ადგილის მოსაძიებლად, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში. ამასთან, ხშირ შემთხვევაში სასურველ ქალაქში საგამოცდო ადგილის მოლოდინი დატვირთვას ქმნის სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე, ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსზე“.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

უწყების მიერ დამუშავებული ანალიტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს შორისაა:

  • კანდიდატი „შესაბამისი მიმართულებით არ ატრიალებს თავს უხილავი გზის მონაკვეთის“ (ე.წ. მკვდარი უბნების) შესამოწმებლად;
  • არ სარგებლობს ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით;
  • სათანადო დისტანციის დაუცველობა;
  • სიჩქარის გადაჭარბება ან ნებადართულზე მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარით მოძრაობა;
  • მიმართულების/მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არასათანადო გამოყენება ან გამოუყენებლობა.


ქართული მართვის მოწმობა აღიარებულია ესპანეთში, ირლანდიასა და საბერძნეთში. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოგზავნილ განცხადებაში.

უწყებას მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მართვის მოწმობის აღების საქართველოში მოქმედ წესთან დაკავშირებით სტატიის მომზადება დავიწყეთ.

კითხვები გამოცდაზე გასვლის საფასურსა და მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზეც დავუსვით.

უწყების ცნობით, გამოცდის საფასური კანონითაა დადგენილი და ამის ცვლილება „სააგენტოს კომპეტენციას სცილდება“. ასევე, სააგენტოს კომპეტენციას სცილდება, მათივე ცნობით, საგამოცდო გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (რეალურ პირობებში მართვა) ორგანიზების პროცესში, საგამოცდო მარშრუტების შერჩევა, მათი ტექნიკური გამართულობა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების საშუალებებით (საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები) აღჭურვა ხორციელდება სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, სხვა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების კოორდინაციით. სხვა საკითხი სცდება სააგენტოს კომპეტენციას“.

მართვის მოწმობის მსურველებისთვის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის გამოცდის დროული ჯავშნები და თავისუფალი ადგილებია. დრო იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან კანდიდატს აქვს 365 კალენდარული დღე მეორე ეტაპზე გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული შედეგები იურიდიულ ძალას კარგავს.

ჯავშნების სისტემა

უწყების მტკიცებით, სააგენტო „მაქსიმალურად უზრუნველყოფს პოტენციურ მსურველ მძღოლობის კანდიდატთა საშუალო მომართვიანობის რაოდენობის შესაბამისად საგამოცდო ადგილებს“.

დაწესებულია შეზღუდვები, მაგალითად, ჩაჭრის (უარყოფითი შეფასების) შემთხვევაში მორიგ გამოცდაზე გასვლა, კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ბოლო მცდელობიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა.

ამასთანავე, კანონმდებლობა ითვალისწინებს 30 კალენდარულ დღემდე კანდიდატის გამოცდაზე დაშვებასაც, დაჩქარებული მომსახურების ფარგლებში, თუმცა დაჩქარებული მომსახურებაც ხორციელდება გარკვეული დათქმებით, კერძოდ:

  • მძღოლობის კანდიდატი შვიდი კალენდარული დღის განმავლობაში ერთზე მეტჯერ არ დაიშვება.


15 ივლისს ჯავშნების სისტემაში ცვლილებაც შევიდა. ახალი წესით, ის კანდიდატები, რომლებიც მოედანს ჩააბარებენ, ქალაქის გამოცდის დაჯავშნას ნებისმიერ თარიღში შეძლებენ, იმის მიუხედავად, გახსნილია თუ არა ამ თარიღში რეგისტრაცია.

შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაკადს და უკვე ჩაჭრილებს გამოცდაზე ხელახალ რეგისტრაციას გაუადვილებს.

გამოსაცდელები კი აცხადებენ, რომ ცვლილებების ეფექტურობა პრაქტიკაში გამოჩნდება. მძღოლობის კანდიდატები ჩივიან არათანაბარ სწავლების ხარისხზე, გამოცდების დაჯავშნის პრობლემებსა და მზარდ ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ წნეხზე.

ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ მოამზადა ვრცელი სტატია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე.

2026 წლის მაისიდან მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის გამოცდის წესში რამდენიმე ცვლილება შეიტანა:

  • გაამარტივა თეორიის გამოცდის ჩაბარება, თუ კანდიდატი 30 კითხვიდან სამი შეცდომის დაშვების შემთხვევაში იჭრებოდა, შეცდომების დაშვების ლიმიტი ხუთამდე გაიზარდა.
  • პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ანუ ქალაქში მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე გაიზარდა.
  • ცვლილებამდე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავდა. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
  • ცვლილებები შევიდა ოთხი საგამოცდო ქალაქის მარშრუტებში: ფოთი, ქუთაისი, ოზურგეთი და ახალციხე.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG