Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლს არა აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოახდინოს იარაღით ჩადენილ ძალადობათა პრევენცია


სკოლაში სროლის შედეგად დაიხოცილი 26 ადამიანის ხსოვნის მემორიალი.
სკოლაში სროლის შედეგად დაიხოცილი 26 ადამიანის ხსოვნის მემორიალი.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ არსებობს „კონკრეტული“ წინადადებები იმის თაობაზე, თუ როგორ მოხერხდეს იარაღის გამოყენებით მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პრევენცია. ამასთან, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც 14 დეკემბერს კონექტიკუტში ჩავიდა დახოცილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, პირობა დადო, ჩემ ხელთ არსებულ საპრეზიდენტო ძალაუფლებას იმისათვის გამოვიყენებ, რომ მსგავსი მასობრივი მკვლელობის შემთხვევები შევამციროო.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ კომპლექსური პრობლემა უწოდა იარაღის გამოყენებით ჩადენილი ძალადობის პრევენციას და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ყოვლისმომცველი გადაწყვეტა სჭირდება და არა, უბრალოდ, იარაღის შესახებ კანონის გამკაცრება ანდა შეზღუდვების დაწესება:

„ ესა კომპლექსური პრობლემა, რაც კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს. ცალკეული საკანონმდებლო შესწორება, ცალკეული ქმედება ვერ გაუმკლავდება ამ პრობლემას“.

ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში მომხდარი საზარელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ბარაკ ობამას დემოკრატიული პარტიის წევრები და სხვა პოლიტიკოსები - მათ შორის, კონექტიკუტის გუბერნატორი - გამოვიდნენ მოწოდებით, რომ გამკაცრდეს იარაღის კონტროლის შესახებ არსებული ეროვნული კანონმდებლობა. 14 დეკემბერს სკოლაში მოწყობილი სროლის შედეგად, სულ 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6-დან 7 წლამდე 20 ბავშვი იყო.თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავად მკვლელმა ადამ ლანზამ, რომელმაც მანამდე თავისი მშობელი დედაც გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიების თანახმად, ლანზა შეიარაღებული იყო ბუშმასტერ AR-15 სტილის შაშხანით, რომელიც ამერიკული M-16-ის სამოქალაქო ვერსიას წარმოადგენს, ორი პისტოლეტითა და ასობით ვაზნით, რითაც ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში.
რეალობაა, რომ ასეთი ნივთები (საბრძოლო პისტოლეტი) საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და მისი შეძენა იოლია ...
დენ მელოი

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუთაუნში მომხდარი დანაშაულის მსგავსი მასობრივი მკვლელობის პრევენციის მიზნით თათბირი გამართა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, გენერალურ პროკურორთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამასობაში კონექტიკუტის შტატის გუბერნატორი დენ მელოუი გამოვიდა მოწოდებით, დაწესდეს შეზღუდვა საბრძოლო პისტოლეტისა და აღჭურვილობის შეძენაზე. აი, რა უპასუხა 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს გუბერნატორმა დენ მელოიმ:

„რეალობაა, რომ ასეთი ნივთები (საბრძოლო პისტოლეტი) საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და მისი შეძენა იოლია. ამასთან, თქვენი შეკითხვის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კონექტიკუტს აქვს ასეთი კანონები. მაგრამ მაშინ, როცა არ არსებობს ფედერალური ჩარჩო კანონი, რომლის თანახმად ჩვენ მართლაც შევზღუდავდით იარაღისა და გამოყენებული აღჭურვილობის დამანგრეველ ბუნებას, ვერც ერთი შტატი ვერასოდეს ვერ გახდება უსაფრთხო მხოლოდ საკუთარ კანონმდებლობაზე დაყრდნობით“.

როდესაც იარაღის პრობლემაზე საუბრობდა, თეთრის სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ავტომატური შეტევითი იარაღის აკრძალვის შესახებ ადრე არსებული კანონის ხელახლა ამოქმედებას. მსგავსი ტიპის იარაღის (იგულისხმება იარაღი, რომლითაც ადამ ლანზამ 14 დეკემბერს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო) ამკრძალავი კანონის ვადა, ათწლიანი მოქმედების შემდეგ, 2004 წელს ამოიწურა. ზოგიერთი კანონმდებელი გამოდის მოწოდებით, რომ ზემოხსენებულ ეროვნულ კანონს დაემატოს ასევე სხვა სახეობის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აღჭურვილობის გაყიდვის აკრძალვაც. მსჯელობის საგანია ქვეყნის მასშტაბით ისეთი ზომების შემოღებაც, რაც ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანებს, მსჯავრდებულებს და სხვა პოტენციური საფრთხის მატარებელ ხალხს აუკრძალავს იარაღის შეძენას. საინტერესოა, თუ რა პოზიციას დაიკავებს ასეთი მოწოდებების მიმართ იარაღის შეძენის უფლებების მთავარი ლობისტური ორგანიზაცია, აშშ-ის იარაღის ეროვნული ასოციაცია, რომელსაც კონექტიკუტის შტატში მომხდარი სროლის შემდეგ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ში იარაღის შეძენის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებით არის დაცული. ბარაკ ობამა ფიქრობს, რომ მეორე შესწორება ინდივიდს აძლევს უფლებას ატაროს იარაღი, ისროლოს და ინადიროს, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG