Accessibility links

"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა გრძელდება


"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტმა 14 თებერვალს განიხილა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია და მისი ალტერნატიული საკანონმდებლო შეთავაზება კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. ვეტოს მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ისედაც შეზღუდულ და კლებად სარეკლამო ბაზარზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოყვანა და კერძო მაუწყებლებთან ერთად კონკურენციაში ჩაბმა იქნება კონკურენტული გარემოს შეზღუდვა, ეთანხმებიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უახლოეს მომავალში მოისმენენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭი ეყრება პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას. თუკი პარლამენტი ვეტოს დაძლევს, კენჭისყრაზე კვლავ დადგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მხარს არ დაუჭერს, ფუნქციონირებას გააგრძელებს მოქმედი კანონპროექტი. პარლამენტმა 22 დეკემბერს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა, თუმცა 15 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკან დაუბრუნა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოტივირებული შენიშვნებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG