Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაფინანსების სირთულე რეგიონულ მედიაში


დაფინანსების მოძიების სირთულე, რეკლამის ნაკლებობა და ფინანსური პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მომუშავე მედიისთვის აქტუალურ პრობლემებად რჩება. მიუხედავად სირთულეებისა, ქუთაისში ორი ტელემაუწყებელი, ამდენივე რადიო, ერთი გაზეთი და ათამდე საინფორმაციო სააგენტო ფუნქციონირებს. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიის სრულყოფილად და გამართულად მუშაობისთვის მატერიალურ-ფინანსური რესურსი უმნიშვნელოვანესია და მისი მოძიება ძირითადად ადგილობრივი წარმოებებიდან უწევთ, რადგან ქვეყნის მასშტაბით მომუშავე კომპანიები რეგიონალურ მედიაში რეკლამებს ნაკლებად ათავსებენ.

დაფინანსების სირთულე რეგიონულ მედიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
გადმოწერა

„ახალი გაზეთი“ 2001 წლიდან გამოდის ქუთაისში, თუმცა, როგორც მისი რედაქტორი ირინა მაკარიძე ამბობს, გაზეთს დღემდე არაერთ პრობლემასთან უხდება გამკლავება და რამდენჯერმე დადგა ტირაჟის შემცირებისა და პერიოდულობის შეზღუდვის საჭიროების წინაშე, 2011 წლიდან კი გაზეთის ინტერნეტვერსია შექმნეს და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესჯი“ დააარსეს, რაც ინფორმაციის სწრაფად ხელმისაწვდომობაზე მოთხოვნილებამ განაპირობა. ირინა მაკარიძის განცხადებით, ამჟამად გაზეთი და სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული გრანტებით ფუნქციონირებს, რეკლამის მოძიება და განთავსება კი წლების განმავლობაში პრობლემად რჩება.

საინფორმაციო სააგენტო „ჯეონეთპრესი“ 10 თვის წინ შექმნა ჟურნალისტმა თეონა მელქაძემ და, როგორც თავად ამბობს, იმაზე რთული აღმოჩნდა რეგიონში მუშაობა, ვიდრე ელოდა. თეონა მელქაძის აზრით, რეგიონალური მედიის წინაშე მრავალგვარი გამოწვევაა, მით უფრო, როცა, ქუთაისის გარდა, იმერეთის რეგიონში 11 მუნიციპალიტეტია და ყველა აქტუალური ამბის გაშუქება და ადგილზე გადამოწმება მატერიალურ რესურსს მოითხოვს.

კონკურენტული გარემოსა და ფინანსურად არასახარბიელო პირობების მიუხედავად, ახლახან შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო „გლობინფო“, რომელიც, ჟურნალისტ ლიკა კაკუშაძის თქმით, მიუხედავად სიძნელეებისა, საკუთარი ნიშის დაკავებას გეგმავს ადგილობრივ მედიასაშუალებებსა და საინფორმაციო პორტალებს შორის.

ქუთაისში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენელები ძირითადად რეკლამის განთავსების იმედად რჩებიან და ამბობენ, რომ მედიასაშუალებების ნაწილს ფუნქციონირება თვეების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში განთავსებული რეკლამებიდან შემოსული თანხით უწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG