Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთი მეორე ტურის, ქუთაისი კი ახალი მერის მოლოდინშია


ქუთაისი
ქუთაისი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 12 ივლისს იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაიმართება. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ ირაკლი გეგეშიძესა და „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ კანდიდატ მევლუდ კიკნაველიძეს შორის. მეორე ტურში ტყიბულის გამგებლობის კანდიდატები არიან მმართველი კოალიციიდან რობიზონ გვენეტაძე და „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ჭიქაბერიძე. თერჯოლასა და ხონში კი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატებს შორის გაიმართება მეორე ტური. ამომრჩეველს თერჯოლაში თეიმურაზ ჯაფარიძესა და ტარიელ ფანჩულიძეს შორის, ხონში კი ჯემალ მებუკესა და ზურაბ ჯიბუხიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხია წინასწარ პატიმრობაშია, მან 15 ივნისს ხონის ამომრჩევლის ხმათა 42 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯემალ მებუკემ კი, ცესკოს მონაცემებით, ხმათა თითქმის 47% დააგროვა. ადგილობრივი თვითმმართველობის 15 ივნისის არჩევნების შედეგებით, მმართველი კოალიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის თითქმის 51 % მიიღო და ქუთაისის ახლად არჩეული მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილების შესრულებას 14 ივლისიდან შეუდგებიან. შოთა მურღულიასა და საკრებულოს ათ მაჟორიტარ და 15 პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატს საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე გადასცა დროებითი მოწმობები. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია განმარტავს, შოთა მურღულია ვიცე-მერის თანამდებობას ამ დრომდე იკავებს და ამჟამად შვებულებით სარგებლობს.

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოში უმრავლესობას მმართველი კოალიცია წარმოადგენს: 25 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 18 დეპუტატი, მათ შორის 10 მაჟორიტარი, ქართული ოცნების წევრია. 4 დეპუტატითაა წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში თითო-თითო დეპუტატი ჰყავთ „ნინო ბურჯანაძე -ერთიან ოპოზიციას“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ მეშველიანი იმ პროცედურებს განმარტავს, რომლებიც საკრებულოს პირველ სხდომაზე უნდა ჩატარდეს. მერაბ მეშველიანის თქმით, საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს, ფრაქციების რაოდენობა კი საკრებულოს მუშაობის პროცესში განისაზღვრება.

ქუთაისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა 14 ივნისს დილის 10 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG