Accessibility links

ევროპის საბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი - ლადო ჭანტურია - აკმაყოფილებს ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, მოსამართლეობის დანარჩენი ორი კანდიდატი კი დაიწუნეს პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობისა და ახალგაზრდული ასაკის გამო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი კანდიდატების შესარჩევად ქვეყნის შიგნით გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა საბუთები 25 აგვისტომდე უნდა შეიტანონ. რატომ დაიწუნა ევროპის საბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიამ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია?

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი მიმდინარე წლის 1 მაისს შეარჩია. ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ - წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით, ლადო ჭანტურია წარმატებით აგრძელებს კონკურსს, დანარჩენი ორი კანდიდატი კი, მიუხედავად კომპეტენციის კარგი მაჩვენებლებისა, კონკურსს ჩამოშორდნენ:

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ორი კანდიდატი - ერთ შემთხვევაში არის ახალგაზრდა და, შესაბამისად, ხანმოკლე სამოსამართლო გამოცდილება აქვს. ბატონი შოთა გეწაძე 35 წლისაა და დასკვნაში ნათქვამია, რომ, ამ ასაკიდან გამოდინარე, აქვს მხოლოდ 7-წლიანი სამოსამართლო კარიერა. სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაშიც მიჩნეული იქნა, რომ მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არის ხანმოკლე“.

თეა წულუკიანისგან განსხვავებით, კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა საგანგაშოა და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, საქართველომ ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლო მოსამართლეობის შესაფერისი სამი კანდიდატის წარდგენა, მაშინ როცა კონკურსში ბევრი ძლიერი კანდიდატი მონაწილეობდა:

უფრო უპრიანი იქნება, თუ კომისია გადაინაცვლებს პარლამენტში და პარლამენტი იმსჯელებს შერჩევაზე, რადგან, როგორც ვხედავთ, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ვერ და არ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას...
დავით ჯანდიერი

„ჩვენ გვყავდა რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, რომლებიც არ მოხვდნენ არც საუკეთესო ხუთეულში და არც საუკეთესო სამეულში, რაც იმთავითვე შევაფასე მე როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა მაღალი კალიბრის რამდენიმე კანდიდატი დაბლოკილიყო, რათა არ ჰყოლოდა შესაბამისი სიძლიერის კონკურენტი ბატონ ლადო ჭანტურიას. ამ კონკურსმა, მისმა შედეგებმა და სტრასბურგის რეაქციამ აჩვენა, რომ კომისიაში კი შედის არასამთავრობო სექტორი, ომბუდსმენი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაგრამ ჩვენ ვართ მუდმივად რიცხობრივ უმცირესობაში, გადაწვეტილების მიღებაზე არსებით გავლენას ვერ ვახდენთ, ახდენენ სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლები, რომელთა მიზანმიმართული მოქმედებით დაიბლოკნენ ძლიერი კანდიდატები როგორც პირველი, ასევე მეორე კონკურსის დროს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის ამ აზრს სავსებით იზიარებს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი და იუსტიიციის მონისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, როგორც შიდა კონკურსების დროს არჩევს - პოლიტიკური მიზანშეწონილობით. დავით ჯანდიერი დარწმუნებულია, რომ თუ კომისიის შემადგენლობა ან გადაწვეტილების მიღების სტრუქტურა არ შეიცვალა, მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის მესამე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება:

ის, რომ იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ახალ კონკურსს, რისი ვალდებულებაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რომელიც მან წარმართა, არის დისკრედიტებული...
გიორგი კანდელაკი

„უფრო უპრიანი იქნება, თუ კომისია გადაინაცვლებს პარლამენტში და პარლამენტი იმსჯელებს შერჩევაზე, რადგან, როგორც ვხედავთ, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ვერ და არ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, რომ ღირსეულად შეარჩიოს ის კანდიდატები, რომლებიც ქვეყანას ააცილებს საერთაშორისო სკანდალს. რა გახდა სამი კანდიდატის შერჩევა ქვეყანაში, სადაც არაერთი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანის უფლებების სპეციალისტია? ერთი წლის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა ეს? რატომ უნდა გვეუბნებოდნენ მუდმივად, რომ ეს სია არ ვარგა და არ შეესაბამება ევროპის სტანდარტებს?“

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამათრლოს მოსამართლეობის კანდიდატების მეორედ ჩავარდნის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ პოლიტიკური ოპონენტებიც. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის, თქმით, სიის მეორედ ჩავარდნა და ახალი კონკურსის გამოცხადება იმაზე მეტყველებს, რომ სტარსბურგში გასაგზავნი მოსამართლის შერჩევის პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია:

„ის, რომ იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ახალ კონკურსს, რისი ვალდებულებაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რომელიც მან წარმართა, არის დისკრედიტებული. ასეთ ფონზე ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება, იმიტომ რომ მთავრობა მთლიანად არის ჩართული მანიპულაციაში, იმისათვის რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვდნენ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში“.

პოლიტიკური ოპოენენტების ამ კრიტიკას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, რა განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი ორს“:

„არ არის ეს ტრაგედია. რაღაცას მოიწონებენ, რაღაცას დაიწუნებენ. არ არის კარგი, მაგრამ პროცესია“.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 68 პირმა, რომელთაგან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 23 კანდიდატი. საბოლოოდ მთავრობას წარედგინა ხუთი კანდიდატი, სტრასბურგში კი გაიგზავნა სამი კანდიდატის მონაცემები. თეა წულუკიანის თქმით, მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შესარჩევად გამოცხადებულ უკვე რიგით მესამე კონკურსში საბუთები 25 აგვისტომდე მიიღება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ამავე თემაზე

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG