Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ მამარდაშვილი - თაობების საყრდენი წერტილი


გასულ კვირაში ”კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტთან” არსებულმა მერაბ მამარდაშვილის სახელობის კლუბმა მერაბ მამარდაშვილის შესახებ ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. ფონდ ”ღია საზოგადოება -საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ორი კრებული გამოიცა - ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან”, რომელიც ალექსანდრ პიატიგორსკის, ზაზა ფირალიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის წერილებს მოიცავს მამარდაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, და, მეორე, ”ახალი იდენტობები, ძიებანი” - კრებული, რომელმაც გააერთიანა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მათი პედაგოგების ნაშრომები თანამედროვე კულტურის სხვადასხვა სფეროს ტრანსფორმაციებზე. ეს ორი წიგნი არის კიდევ ერთი საშუალება, საქართველოს საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს მერაბ მამარდაშვილი, როგორც თაობების ენერგეტიკული ცენტრი, საყრდენი წერტილი, როგორც მას ხშირად უწოდებენ.

”მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ორი წლის განმავლობაში მქონდა საშუალება მერაბ მამარდაშვილს შევხვედროდი მის ლექციებზე. ახლა რომ ვიხსენებ, მთავარი ამ დროს იყო არა ის, თუ რას გვეუბნებოდა იგი, - თუმცა, ცხადია, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, -არამედ ის ”ახალი ცა და ახალი მიწა”, რომელსაც იგი მთავაზობდა. ნუ გავიგებთ ამ ”ახალს” მარტოოდენ რაიმე პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მნიშვნელობით. მთავარი სხვა რამ იყო: მისი საშუალებით ჩემივე საკუთარი ახალი პერსპექტივები თავისუფლდებოდა, რომლებშიც იდუმალად ვხვდებოდით ერთმანეთს მაშინ, როდესაც იგი ჩემი, როგორც მსმენელის, და მე მისი, როგორც მეტყველის მეშვეობით ახალ აზრობრივ პერსპექტივაში ვიწყებდით არსებობას. ეს არის უცნაური ინტელექტუალური ბედნიერების განცდა, რომლის მსგავსიც სხვა დროს მხოლოდ ჩემი საყვარელი ავტორების კითხვისას განმიცდია”, - წერს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შესავალ სიტყვაში წიგნისა, რომელიც მერაბ მამარდაშვილის შესახებ რამდენიმე წერილს აერთიანებს და ჰქვია ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან“. ამ წიგნის გამოსვლაც, გვეუბნება ზაზა ფირალიშვილი, ჩვენს სულიერებაში არსებული კონკრეტული მოვლენების ხელახლა ამოტივტივების, გახსენების მცდელობაა:
მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ორი დაპირისპირებული კონიუნქტურის მიჯნაზე, ჩვენ მუდმივად გვაქვს შფოთის სიტუაცია ...

”ვფიქრობ, ასეთი მოვლენები პერიოდულად აქტუალური უნდა გახადო, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამ გზით ვიღებთ მზამზარეულ ფორმულებს ამა თუ იმ ისტორიული სიტუაციისათვის, არამედ იმ უმნიშვნელოვანესი რაღაცისთვის, რაც მერაბმა და კიდევ რამდენიმე სხვა ქართველმა დატოვა მე-20 საუკუნეში - მათ შექმნეს აზროვნების ახალი სივრცე... კონკრეტულად მერაბმა აზროვნების ისეთი ჰორიზონტი შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველანი, იმის მიუხედავად, ვიცნობთ თუ არა მერაბს. შეიძლება, საერთოდ არ გქონდეს მამარდაშვილი წაკითხული, მაგრამ მან სრულიად განსაკუთრებული სააზროვნო პარადიგმები შემოიტანა ჩვენს სააზროვნო სივრცეში და სხვა სტრუქტურულობა მისცა ჩვენი აზროვნების ისტორიას ბოლო 20-30 წლის განმავლობაში”...

ფილოსოფოსი სესილი ძებნიაური, რომელიც გახლავთ რედაქტორი წიგნებისა ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან” და ”ახალი იდენტობები, ძიებანი”, ამბობს, რომ ამ ორი წიგნის ერთად გამოცემა შემთხვევით არ მომხდარა. ეს იყო მესიჯი საზოგადოებისადმი, რომ თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ახალი ძიება საკუთარ მემკვიდრეობაში ჩაღრმავების გზით უნდა ხდებოდეს. წიგნების პრეზენტაციას, რომელიც 19 ოქტომბერს საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სიმბოლურად სათაურიც ასეთი ჰქონდა: „ძველი მეტაფორები და ახალი დრო“. სესილი ძებნიაური გვიხსნის, რომ მერაბ მამარდაშვილი იყო ის ენერგეტიკული ცენტრი, საყრდენი წერტილი რამდენიმე თაობისათვის, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული ორი კონიუნქტურის - საბჭოთა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის - მიჯნაზე თავისუფალი აზროვნების სივრცე შექმნა:

”მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ორი დაპირისპირებული კონიუნქტურის მიჯნაზე, ჩვენ მუდმივად გვაქვს შფოთის სიტუაცია, მუდმივად გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი და, რაც მთავარია, ვართ გამოწვევის წინაშე, რომ ამ ერთიან, გლობალურ სივრცეში, თანამედროვე სამყაროში ვიყოთ ჩართულები, კარგად გავიგოთ ყველა გარდაქმნა, მაგრამ, იმავდროულად, ვიყოთ იდენტური საკუთარ ღირებულებებთან, საკუთარ კულტურულ სივრცესთან. ამის საუკეთესო მაგალითია მერაბ მამარდაშვილი”.
ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, მართლაც უმნიშვნელოვანესია გავიგოთ სად ვართ, ვინ ვართ. არც სიტყვა ”იდენტობები” აგვირჩევია შემთხვევით ამ წიგნის სათაურად ...

”ახალი იდენტობები”, როგორც თავშიც გითხარით, მამარდაშვილის კლუბში წაკითხული მოხსენებებისგან შედგება. ”სოციალური უთანასწორობა და განათლება”, „ტელევიზია და საქართველო“, „თანამედროვე ეპოქა და კულტურის ტრანსვერსიები“, „მხატვრული კრიტიკა პოსტინდუსტრიულ კულტურაში“ და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე სათაური ჩამოვთვალეთ, უფრო მეტს ამ კრებულში წაიკითხავთ. სესილი ძებნიაური ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნის მოსურნე საქართველოს სწორედ ამ და სხვა სფეროებში არსებული გამოწვევები აქვს დასაძლევი.

მთავარი არ არის, რა მოხდება ქვეყნის პოლიტიკაში, როგორი იქნება ახალი პოლიტიკური სპექტრი. მთავარია, როგორია იმ ქვეყნის საზოგადოება, რას ფიქრობს ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, რომელსაც სურს გაარკვიოს როგორი იქნება ხვალინდელი დღე, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის წარმომადგენელმა ლიკა ანთელავამ და გაიხსენა როგორ უანგაროდ მუშაობდა ჯგუფი მოხსენებებზე, რომელთა საუკეთესო ნაწილი წიგნშიც მოხვდა:

”ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, მართლაც უმნიშვნელოვანესია გავიგოთ სად ვართ, ვინ ვართ. არც სიტყვა ”იდენტობები” აგვირჩევია შემთხვევით ამ წიგნის სათაურად. გვჭირდება პასუხები კითხვებზე, რას ნიშნავს საქართველო, რას ნიშნავს ქართული კულტურა. ამაში გარკვევა კი შეუძლებელია იმის ცოდნის გარეშე, რა არის დასავლეთი”.

ხოლო იცნობდე მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიას, აზროვნებას, ნიშნავს ადგე გზას, რომელიც ამ კითხვებზე პასუხებს გაპოვნინებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG