Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ამერიკული სამხედრო კონსულტაციები იარაღის სკანდალის ფონზე


გასულ კვირაში სამხედრო სფეროში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ერთი სასიამოვნო და მეორე უსიამოვნო. 29-30 ნოემბერს თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული ორმხრივი კონსულტაციები პირველად გაიმართა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონსულტაციების ერთ-ერთი მიმართულება ამერიკის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეფასებასა და მის გაძლიერებას გულისხმობს, თუმცა გასულ კვირაშივე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა პროკურატურას დაავალა გამოიძიოს, თუ რატომ შეიძინა 42 მილიონ ლარად თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ რუსული წარმოების „უძველესი ტიპის კალაშნიკოვის“ ავტომატები.

ცალ-ცალკე და ერთად

პოლიტიკურ კოლიზიაში მყოფმა საქართველოს უშიშროების საბჭომ და თავდაცვის სამინისტრომ მოახერხეს დროებით დაევიწყებინათ დაპირისპირება და ერთიანი პოზიციით დახვედროდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს იველინ ფარკასსა და უსაფრთხოების საკითხების საკონსულტაციო ჯგუფს. მრგვალ მაგიდასთან გვერდიგვერდ ისხდნენ უშიშროების მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო შეხვედრები ახალ ეტაპზე გადავა.

„რაც შეეხეbა განსხვავებას წინა ფაზასა და დღევანდელს შორის, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, გაიწერა კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება შემდეგი კონკრეტული აქტივობები, მათ შორის, აშშ-დან ჩამოვა რამდენიმე შემფასებელთა ჯგუფი, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს და ამის საფუძველზე ჩვენი მომავალი განვითარებისათვის საჭირო კონკრეტულ რეკომენდაციებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ.

საქართველოს სამხედრო უწყების წარმომადგენელმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვაშინგტონთან, კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გარდა, ითვალისწინებს თუ არა სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას. თანაც ცოტა გაუგებარია, თუ რატომ სჭირდება საქართველოს სამხედრო უწყებას ამერიკელი ექსპერტების ეს გაუთავებელი შემოწმებები, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლამის ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, შესაძლოა, ეს შეკითხვა რიტორიკულადაც ჟღერდეს იმ სკანდალის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ მწიფდება.


ათჯერ უფრო ძვირად ნაყიდი რუსული ავტომატები

როდესაც სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მომუშავე ამერიკელი დელეგაცია ქართულ მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს წინა ხელისუფლების დროს რუსული კალაშნიკოვის წარმოების ავტომატების ზედმეტ ფასში შესყიდვის შესახებ აცნობა.

„კიდევ ერთი გაუაზრებელი დაფინანსება, რომელიც მათ მოახერხეს და განახორციელეს, ეს გახლდათ თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს ენ რაოდენობის უძველესი ტიპის „კალაშნიკოვის“ ავტომატები ათმაგ ფასში - 42 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას შემდეგი კვლევისათვის. გადარიცხულია, იმავდროულად, რაღაც ტანკზე 3 მილიონი ლარი, მეორე სამ მილიონს ჩვენ უკვე აღარ გადავრიცხავთ, მაგრამ, აი, ასეთი ტიპის ხარჯების გამო მოგვიწია 52 მილიონი ლარი დაგვემატებინა წლის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსათვის“, განაცხადა 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რა პერიოდში მოხდა გაზრდილ ფასად ძველი რუსული ავტომატების შესყიდვა. თუმცა ირკვევა, რომ იარაღი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს შეუსყიდიათ რეზერვისტებისათვის. ამის შესახებ „ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავდაცვის ექს-მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს:

„ომის შემდეგ მწვავედ დადგა საკითხი იმისა, რომ შექმნილიყო შინაარსობრივად ახალი ტიპის რეზერვი. ზუსტად რეზერვისტებისათვის იყო შესყიდული ბრალდებაში ნახსენები იარაღი. მოგეხსენებათ, M4“ ტიპის ნატოს სტანდარტის შაშხანა ხარისხით ბევრად უკეთესია AK (კალაშნიკოვის) იარაღზე, თუმცა 4-ჯერ უფრო რთულად მოსავლელია და სპეციალურ მომზადებას მოითხოვს. სამხედრო ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ რეზერვისათვის სწორედ AK-ტიპის იარაღი შეგვესყიდა“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა საქართველო,
იმასაც აღნიშნავს, რომ იარაღის შესყიდვა ეგრეთ წოდებულ „თეთრ ბაზარზე“ აბსოლუტურად კანონიერად განხორციელდა.

რით დასრულდება სამხედრო უწყების ძირეული შემოწმება?


საქართველოში საბრძოლო იარაღის ზედმეტ ფასად შეძენაზე ადრეც აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. ყველაზე გახმაურებული იყო უკრაინული ჯავშანმანქანების სკანდალი. 2005 წლის აგვისტოში საქართველოს სამხედრო პოლიციამ დააპატიმრა თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი, რომლებმაც უკრაინიდან შემოიტანეს 40-მდე უვარგისი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. საქმე ციხემდე არ მისულა, თუმცა საქართველომ ფინანსურად გვარიანად იზარალა და, 2008-2009 წლებში გაფორმებული კონტრაქტის გამო, კინაღამ საერთაშორისო სკანდალშიც გაეხვია. საქართველომ დროულად არ გადაუხადა 40 ერთეული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის "ჰერმეს-450"-ისა და „სკაილარკების“ საფასური ისრაელის იარაღის მწარმოებელ ფირმა „ელბიტ სისტემს“, რომელმაც საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა გადაეხადა ისრაელის ფირმისათვის 35 მილიონი დოლარი და უკან დაებრუნებინა აღჭურვილობის ნაწილი.

თუ რა განვითარება ექნება „უძველესი ტიპის „კალაშნიკოვის“ ავტომატების ათმაგ ფასში შესყიდვას“, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს. პარასკევს, ტელეკომპანია „მაესტროს “გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ სამხედრო უწყების ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაიწყო:

„მე თქვენ გეტყვით, რომ უკვე სამი დღეა, დაახლოებით, რაც თავდაცვის სამინისტროს ძირეული შესწავლა ხდება სახელმწიფო ქონების, საფინანსო და ქონებრივი კუთხით გამოყენების თვალსაზრისით და ამას გარკვეული დრო სჭირდება“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG