Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მოჭადრაკის ბოიკოტი


ანა მუზიჩუკი
ანა მუზიჩუკი

26-30 დეკემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქი ელ-რიადი მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში - სალმან მეფის სახელობის ტურნირს, რომელშიც მონაწილეობს 70 ქვეყნის წარმომადგენელი 236 მოჭადრაკე, მათ შორის ქართველები. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ადამიანი, მოჭადრაკე ქალი, რომელიც იქ არ იმყოფება. არადა, საქმე ეხება ქალთა შორის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ანა მუზიჩუკს. მან ასპარეზობას ბოიკოტი გამოუცხადა! „პოლიტიკაში არ ვერევი ხოლმე. პირველად მოხდა, რომ გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა ჩემპიონატში, რახან ის ასეთ ქვეყანაში ტარდება - ქვეყანაში, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ქალთა უფლებები“, - განმარტა მუზიჩუკმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში.

ანა მუზიჩუკი
ანა მუზიჩუკი

27 წლის მოჭადრაკე არ მალავს, რომ გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ასეა თუ ისე, ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაკარგვას და მნიშვნელოვან შემოსავალზე უარის თქმას: სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის გამარჯვებულისთვის განსაზღვრული ფულადი პრემია 250 ათასი დოლარია!

ანა მუზიჩუკს არც მისი უმცროსი და, ჭადრაკში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, ჩამორჩა - ისიც შეუერთდა საუდის არაბეთში ტურნირის ბოიკოტს.

მარია მუზიჩუკი
მარია მუზიჩუკი

არადა, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) „ისტორიულს“ უწოდებს საუდის არაბეთთან შეთანხმებას მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქალებისათვის: მათ უფლება აქვთ არ შეიმოსონ ჰიჯაბით - გრძელი შავი მოსასხამით, რომელიც თავსა და მთელ სხეულს ფარავს და რომლის ტარებაც საუდის არაბეთში ქალებს ევალებათ. მოჭადრაკე ქალებს ნება დართეს, ჰიჯაბისნაცვლად თეთრი პერანგითა და მუქი კოსტიუმით შეიმოსონ.

ეს კომპრომისი საკმარისი არ აღმოჩნდა დები მუზიჩუკებისათვის. მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო მითქმა-მოთქმა მარტო მათ ბოიკოტს არ უკავშირდება. ტურნირი მიმდინარეობს ისრაელისა და ირანის წარმომადგენელი მოჭადრაკეების გარეშე, რადგან მათ უარი თქვეს საუდის არაბეთის ვიზებზე. ირანელებისათვის უარი უკავშირდება ალ-რიადსა და ირანს შორის ბოლოდროინდელ დაძაბულობას, ხოლო რაც შეეხება ისრაელს, საუდის არაბეთი საერთოდ არ ცნობს ამ ქვეყანას და, შესაბამისად, მასთან ოფიციალური ურთიერთობა არა აქვს დამყარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG