Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოგზაური“ ინდოეთში


რუბრიკა „მოგზაურში“ ინდოეთის სამხრეთიდან ჩრდილოეთში ვიმოგზაურებთ. ტროპიკული გოადან, ხმაურიანი მუმბაის გავლით, უძველეს ქალაქ ჯაიპურში ჩავალთ... რუბრიკის სტუმარია მხატვარი ანკა შალიბაშვილი, რომელიც ერთი თვე მოგზაურობდა ინდოეთში და რუბრიკაში თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებას გაგვიზიარებს.

„ჩავფრინდით გოაზე დაავარჩიეთ პლაჟი „არამბოლი“. მიმაჩნია, რომ მთელ გოას სანაპიროზე არამბოლი არის საუკეთესო ადგილი. ნაკლებად ტურისტულია და ბევრი ადგილობრივი მცხოვრებია. კარგია, თუ იქირავებ მოპედს. ყველაფერი ძალიან ახლოს არის და უამრავ საინტერესო ადგილს დაათვალიერებ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გოა არის უფრო სუბკულტურის თავშეყრის ადგილი. ნაკლებად შეგხვდება ტურისტი, ტრადიციული გაგებით. ვინც გოაზე გადაწყვეტს მოგზაურობას, არ ვურჩევ ბევრი ბარგის წაღებას“.

ინდოეთში მოგზაურობისას შტატიდან შტატში თუ მოგიწიათ გადასვლა, ბილეთის ყიდვის დროს კარგად დააზუსტეთ სამგზავრო ადგილები.

„შემდეგ წავედით მუმბაიში. დაუვიწყარი მომენტი იყო ავტობუსით მგზავრობა. იყო დასაწოლი ადგილები, ეგრეთ წოდებული „king size bed“. ავტობუსიდან რომ გადმოვედით, იყო დილის 6 საათი, აღმოვჩნდით მუმბაის ჩრდილოეთ ნაწილში, ცნობილ ბარაკებში. ვიმგზავრეთ მუმბაის მეტროთი, ესეც ჩემთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო. თუ გაქვთ ნანახი HAYAO MIYAZAKI (ჰაიაო მიაძაკი), მულტფილმი spirited away (გატაცებული მოჩვენებების მიერ), მსგავსი განწყობა და სიამოვნება მივიღე მატარებლით მგზავრობის დროს“.

ანამ ანიმაციური ფილმი ახსენა და ვისაც „მაუგლი“გაქვთ ნანახი, მაშინ გემახსოვრებათ მაიმუნების ტაძარი, რომელიც უფრო მეტად ქალაქს წააგავს.

„მუმბაის შემდეგ გავმეგზვარეთ ჯაიპურში. ჯაიპური არის ერთ-ერთი ულამაზესი და ძველი ქალაქი ინდოეთში. ჩემთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო მაიმუნების ტაძარი. ეს არის ერთგვარი მაიმუნების გეტო, რომელიც ჯაიპურის შესასვლელთან არის, სადაც ათასობით მაიმუნი ცხოვრობს“.

იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთში რკინიგზის ხაზები და მატარებლების განრიგი მოწესრიგებულია, ბილეთების საყიდად ადრე უნდა მიხვიდეთ რკინიგზის სადგურში, ან ერთი თვით ადრე დაჯავშნოთ. ასევე ტურისტებისთვის არის ეგრეთ წოდებული „გაუთვალისწინებელი ბილეთები“.

„ჯაიპურიდან წასვლას ვაპირებდით ვარანასიში. პირველად ჩასვლისას არ ვიცოდით კარაგად ბილეთების ყიდვის ნიუანსები და დაგვაგვიანდა. ამიტომ გავემგზავრეთ პუშკარში, რომელიც ჯაიპურიდან 2 საათის სავალზეა. პუშკარიც, ვარანასის მსგავსად, წმინდა ქალაქად ითვლება,სადაც არის ტბა და რომელსაც, ლეგენდის მიხედვით, ღმერთის ცრემლს უწოდებენ. ტბის გარშემო პატარა ქალაქია გაშენებული, მზით სავსე. ყველას ვურჩევ, რომ ცოტახანი მაინც გაჩერდნენ პუშკარში“.

გასაკვირი იყო ის, თუ როგორი პტივისცემით ეპყრობა ადგილობრივი მოსახლეობა ადამიანებს, რომლებიც მათგან განსხვავდებიან. ჰიჯრები ერთად ცხოვრობენ, შექმნილი აქვთ თავიანთი კომუნები...
ანკა შალიბაშვილი

ინდოეთში ხალხი ძალიან მეგობრული და ყურადღებიანია. მატარებლით მგზავრობისას ანა ჰიჯრებსაც შეხვდა. ჰიჯრები ინდოეთის მოსახლეობის ის მცირერიცხოვანი ნაწილია, რომელსაც მესამე სქესს უწოდებენ.

„ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ჰიჯრებს. მიაჩნიათ, რომ ჰიჯრამ თუ დაგლოცა, კარგის ნიშანია და ფულსაც აძლევენ. გასაკვირი იყო ის, თუ როგორი პტივისცემით ეპყრობა ადგილობრივი მოსახლეობა ადამიანებს, რომლებიც მათგან განსხვავდებიან. ჰიჯრები ერთად ცხოვრობენ, შექმნილი აქვთ თავიანთი კომუნები“.

დაბოლოს, ანასგან გავიგებთ, საშუალოდ რა დღიური თანხაა საჭირო ინდოეთში:

„რაც შეეხება მოგზაურობის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თუმცა მცირე თანხით მოგზაურობას რაც შეეხება, დღეში 10 დოლარი შეგიძლიათ თავისუფლად იმყოფინოთ. თუ საჭმელთან და საცხოვრებელთან ერთად გადაადგილებაც მოგინდებათ, მაშინ საშუალოდ 15 დოლარი დაგჭირდებათ “.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG