Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკნინებს თუ არა მოკრძალებული აღლუმი ზეიმის მნიშვნელობას?


2015 წლის 26 მაისი
2015 წლის 26 მაისი

საქართველოში არ არსებობს საკითხი, რომელზეც აზრთა მწვავე დაპირისპირება არ იყოს - მათ შორის იმაზე, თუ რა დოზით და როგორ უნდა იყოს არმია წარმოდგენილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. ერთნი - მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მიმდევრები - ფიქრობენ, რომ პომპეზური და მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარებული აღლუმი აკნინებს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ მძიმე სამხედრო ტექნიკის ადგილი მხოლოდ პოლიგონსა და ბრძოლის ველზეა და არა დედაქალაქის თხლად მოასფალტებულ ქუჩებში.

სხვათა შორის, აქამდე გუშინდელი დღესავით მახსოვს 1991 წლის 26 მაისი, როდესაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, უახლეს ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი სამხედრო აღლუმი თბილისის „დინამოს“ სტადიონზე ჩაიბარა. იმხანად პირველ ქართულ სამხედრო ფორმირებას, „ეროვნული გვარდიის“ ჯარისკაცებს, სახელდახელოდ შეუკერეს უნიფორმა და მანეჟში მისვლის წინ დაურიგეს საშტატო იარაღი. მახსოვს, წვევამდელებს სამწყობრო სიარულიც კი არ ჰქონდათ ხეირიანად ნასწავლი. მიუხედავად ამისა, 24 წლის წინანდელი ეს აღლუმი ახლაც თვალწინ მიდგას და სიამაყით მახსენდება.

ზვიად ჩადუნელი
ზვიად ჩადუნელი

ცხადია, ახლა უკვე სანთლით არიან საძიებელი სამხედრო სამსახურში იმ პირველი აღლუმის მონაწილე გვარდიელები. თავისთავად 24 წელი არ არის მცირე დრო ერთი თაობისათვის, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში უამრავი განსაცდელი გადაიტანა: თბილისის ცენტრში სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ეთნიკური კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და, სულ ბოლოს, რუსეთის ღია აგრესია.

აკია ბარბაქაძე
აკია ბარბაქაძე

იმ პირველი აღლუმის მონაწილეა ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულების სარდლის მოადგილე. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე კი, მართალია, მოქმედ არმიაში აღარ იმყოფება, მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, დროის დიდ ნაწილს სწორედ ვეტერანი სამხედროების საკითხებზე მუშაობას ანდომებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG