Accessibility links

IPRM-ის შეხვედრა გალში და აქცია ენგურის ხიდზე


გალის შეხვედრის მონაწილეები

გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ (IPRM) მორიგი შეხვედრა გაიმართა. გაეროს უმაღლესი კომისარიატის ოფისში გამართული დისკუსიის დეტალები ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ გააცნო. მისი თქმით, ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომლის განხილვაც დღეს დაგეგმილი იყო - მათ შორის, სუსის წარმომადგენლის განმარტებით, აქტიურად დააყენეს საკითხი დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას, გადმოცემასთან დაკავშირებით:

please wait

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
Direct link

„ამ საკითხთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყებამ განაცხადა, რომ მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას როგორც ჯანმრთელობის, ასევე უსაფრთხოების მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი პრინციპული პოზიციაა, გამომდინარე იმ ე. წ. ბრალდებებიდან, რაც გიორგი ლუკავას მიმართ არის წარდგენილი, არის ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენ მოვითხოვეთ მონაწილეების მხრიდან, რომ გიორგი ლუკავა იქნას გათავისუფლებული რაც შეიძლება მალე. ამ თემასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მუშაობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“.

ეს ადამიანები მატყუებენ. ლუკავა არისო დრანდაში, ამას მეუბნებიან ადამიანზე, რომელიც ოთხი დღის წინ დაიკარგა დრანდის ციხიდან. ე.ი. აქ არ არის და არ მიდის რეალური ლაპარაკი...
ლალი ბასარია

კახაბერ ქემოკლიძის ცნობების არ სჯერა პატიმრის ცოლს, რომელიც ენგურის ხიდზე დილიდან ელოდებოდა თბილისის დელეგაციის დაბრუნებას გალიდან. ლალი ბასარიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ლუკავა გამოიყვანეს დრანდის ციხიდან და დღემდე უცნობია მისთვის ქმრის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. ამბობს, რომ კვლავ განაახლებს შიმშილობას მთავრობის კანცელარიაში.

„ეს ადამიანები მატყუებენ. ლუკავა არისო დრანდაში, ამას მეუბნებიან ადამიანზე, რომელიც ოთხი დღის წინ დაიკარგა დრანდის ციხიდან. ე.ი. აქ არ არის და არ მიდის რეალური ლაპარაკი“, - თქვა ლალი ბასარიამ.

გიორგი ლუკავას, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირისა და ადამიანის მკვლელობის ბრალდებით, დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს მეგობრებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ ენგურის ხიდთან სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ ზრუნავს და არ მუშაობს მისი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული ტერიტორიის იზოლატორში მყოფი პატიმრების უსაფრთხოებაზე:

„ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ელემენტარული ვალდებულება ამ ხალხის მიმართ და მისცეს ელემენტარული უსაფრთხოების ის გარანტიები, რასაც დღეს ამ პრობლემამდე მივყავართ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კოტე იოსელიანმა.

თავის მხრივ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მოადგილე ამბობს, რომ ისინი აქტიურად განიხილავენ გალის შეხვედრაზე ქართველი პატიმრების - მათ შორის, გიორგი ლუკავას - უსაფრთხოებისა და გადმოცემის საკითხს.

კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

გარდა პატიმრების თემისა, როგორც კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, გალში განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები 4 მარტისთვის ჩაიკეტება:

„ამ საკითხზე ინციდენტების „პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებზე მსჯელობა აუცილებლად გაგრძელდება. მარტის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და როგორც ამ ფორმატის მონაწილე წამყვანი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრო, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ძალიან დეტალურად იმსჯელებენ“.

სუსის თანამშრომლის თქმით, დღესაც აქტიურად განიხილავდნენ 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური საუბრები, რათა ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცენ.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ ფორმატის შეხვედრები გასული წლის მაისში აღდგა. მორიგი შეხვედრა 21 მატს არის ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG