Accessibility links

მიტროპოლიტი შიო - მოსაყდრე და მომავალი პატრიარქი?


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი, რომელიც, საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 23 ნოემბერს დაწერილი ბრძანება მრევლს ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე წაუკითხა:

ძალიან ვღელავ. ერთის მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, მეორეს მხრივ, ძალიან ვღელავ, რადგან ეს უდიდესი ჯვარია და იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესობის მამობრივი ზრუნვის... ..
მიტროპოლიტი შიო მუჯირი

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ახსიოს!”

საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, მიტროპოლიტი შიო - ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი - დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. სხვადასხვა დროს იყო ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახური, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან შიო მუჯირი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობს მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად. კათოლოკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების პასუხად მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განაცხადა, რომ მოულოდნელი იყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მისი დასახელება და რომ თავი მიაჩნია უღირსად მსახურებისთვის:

ცოცხალი პატრიარქის შემთხვევაში თანამოსაყდრე ნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად მიიღებს მართვაში მონაწილეობას. თუ ისე გამოვიდა, რომ პატრიარქი ადრე გარდაიცვალა, ვიდრე მისი თანამოსაყდრე, 40 დღის განმავლობაში ეს თანამოსაყდრე აღასრულებს პატრიარქის მოვალეობებს დროებით და ცხადია, რომ იქნება პატრიარქობის მთავარი კანდიდატი...
ლევან აბაშიძე

„ძალიან ვღელავ. ერთის მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, მეორეს მხრივ, ძალიან ვღელავ, რადგან ეს უდიდესი ჯვარია და იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესობის მამობრივი ზრუნვის“.

მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ისიც თქვა, რომ შექმნილია განსაკუთრებული ვითარება, რადგანაც ვერ იხსენებს შემთხვევას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაესახელებინოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმითაც, როგორც წესი, მოსაყდრის ვინაობა ცნობილი ხდებოდა პატრიარქის ანდერძიდან.

„ცოცხალი პატრიარქის შემთხვევაში თანამოსაყდრე ნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად მიიღებს მართვაში მონაწილეობას. თუ ისე გამოვიდა, რომ პატრიარქი ადრე გარდაიცვალა, ვიდრე მისი თანამოსაყდრე, 40 დღის განმავლობაში ეს თანამოსაყდრე აღასრულებს პატრიარქის მოვალეობებს დროებით და ცხადია, რომ იქნება პატრიარქობის მთავარი კანდიდატი. ფორმალურად არ ნიშნავს იმას, რომ გახდება პატრიარქი, მაგრამ არაფორმალურად შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ არის რეალური კანდიდატი“, უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

შიო მუჯირი, მართლაც, არის პატრიარქობის რეალური კანდიდატი. თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, სინოდის წევრთა უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გარდა, მიტროპოლიტი შიო, ალბათ, ასევე მისაღებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, რომელიც კვლავინდებურად ინარჩუნებს არაფორმალურ გავლენას საქართველოს საპატრიარქოზე.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„შიო მუჯირი არ ითვლება რეაქციონერად და ფუნდამენტალისტად, ულტრაკონსერვატორად. წმინდა რელიგიური თვალსაზრისით, ითვლება უფრო ზომიერი ყაიდის სასულიერო პირად. მეორე მხრივ, არის ლევან ვასაძის მეგობარი, სწავლობდა მოსკოვში ტიხონის რელიგიურ ინსტიტუტში და ითვლება, რომ შეიძლება იყოს მისაღები კანდიდატურა რუსეთისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ალფეევის (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა რმე-ში) ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ არჩევანს უკავშირდებოდეს“, უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა საბოლოოდ გადაწვეტილებას იღებს წმინდა სინოდი, რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. გაფართოებულ კრებას კი იწვევს მოსაყდრე საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG