Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა მხოლოდ სალომესთვის, არამედ სხვა მოთხილამურეების უსაფრთხოებისათვის“...


გუდაური
გუდაური

16 აპრილს სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, დატოვონ თუ არა ძალაში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილის სიკვდილში. 2016 წლის 10 იანვარს გიორგი ლიპარტელიანი სალომეს გუდაურში სრიალისას ზურგიდან შეეჯახა. სალომე ადგილზე დაიღუპა. გიორგი ლიპარტელიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ბესიკ ბუგიანიშვილმა 2017 წლის 29 დეკემბერს გიორგი ლიპარტელიანისათვის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სალომეს ოჯახმა და პროკურატურამ მისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურამ გიორგი ლიპარტელიანს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წარუდგინა. ბრალდება ედავებოდა გიორგი ლიპარტელიანს გადაჭარბებული სიჩქარით სრიალში და სრიალისას წესების დარღვევაში, თუმცა სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლოდ ცნო და, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ბრალდებულის სასარგებლოდ მიიღო.

თავად ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი საბედისწერო შეჯახებას სასრიალო ტრასაზე არსებულ ხარვეზს უკავშირებს. სასამართლოში დაკითხვისას მან თქვა, რომ თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა რვიანებით (ე.წ. ზიგზაგებით) დაშვება, მაგრამ დაშვებიდან მალევე იგრძნო ფეხქვეშ ბიძგი (სავარაუდოდ, სასრიალო გზის საფარის უსწორმასწორობის ან კენჭის გამო), დაკარგა წონასწორობა, წაიქცა და გონება დაკარგა. ამბობს, რომ არ ახსოვდა არაფერი, მათ შორის, არც სალომე ტატიშვილთან შეჯახება. სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, გიორგი ლიპარტელიანი 10 იანვარს ორ მეგობართან ერთად გუდაურში თხილამურებით სასრიალოდ იყო ასული. სწორედ იმავე დღეს, სათხილამურო სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად, მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ, სათხილამურო ტრასა “კუდები 3-ზე” სრიალებდა სალომე ტატიშვილიც.

სასამართლოს გამამართლებელი არგუმენტები

სასამართლოს არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც მოსამართლემ გიორგი ლიპარტელიანისათვის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიაწოდა. ორგანიზაცია სასამართლოში სალომე ტატიშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

იმ არგუმენტების მოკლე ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლიპარტელიანი თითქმის ორწლიანი პროცესის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, უდანაშაულოდ ცნო, ასეთია:

  • სათხილამურო სპორტში არ არის განსაზღვული სიჩქარის დაშვებული ლიმიტი.
  • მსჯელობა, რომ ზურგიდან შეჯახება იქნებოდა აცილებული, თუკი ბრალდებული ისრიალებდა შედარებით ნაკლები სიჩქარით, არ არის არგუმენტი და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს.
  • ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს.
  • სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გიორგი ლიპარტელიანის მიერ სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, რადგან მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება არც გიორგი ლიპარტელიანისა და არც სალომე ტატიშვილის სრიალის მანერა და ტრაექტორია შეჯახებამდე.
  • მართალია, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ გიორგი ლიპარტელიანი სალომე ტატიშვილს დაეჯახა ზურგის მხრიდან, მაგრამ არც ერთ მოწმეს არ განუმარტავს, თუ რა ტრაექტორიით სრიალდებდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაექტორიით მიჰყვებოდა მას გიორგი ლიპარტელიანი.
  • ბრალდების მხარემ ასევე მიიჩნია, რომ გიორგი ლიპარტელიანმა არასწორად ჩათვალა, რომ თავისი გამოცდილებით შეძლებდა ესრიალა ისეთი სირთულის ტრასაზე, როგორიც არის “კუდები 3”. ლიპარტელიანის მწვრთნელმა, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას, თქვა, რომ ბრალდებული სათხილამურო სპორტს 4 წლიდან მისდევს და შეეძლო ამ სირთულის ტრასაზე ჯოხების გარეშეც კი ესრიალა.
  • პროკურატურის მტკიცებით, სათხილამურო ტრასის 11 იანვრის ექსპერტიზით ვერ დადასტურდა ტრასის დაზიანების ან ტრასაზე რაიმე უცხო საგნის არსებობის ფაქტი, რასაც შეეძლო ბრალდებულის წონასწორობის დაკარგვა და შემდეგ შეჯახება გამოეწვია. მოსამართლემ არ გაიზიარა ეს არგუმენტი და დაასკვნა, რომ შეჯახება მოხდა 10 იანვარს, ტრასის ექსპერტიზა კი ჩატარდა მეორე დღეს, გუდაურში კი კლიმატი და ტრასის მდგომარეობა საათობრივად იცვლება.
  • მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ გიორგი ლიპარტელიანი ნაბახუსევი იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის სისხლში ალკოჰოლი არ იყო. მოსამართლის განმარტებით, წინა დღეს დალეული 3-4 ჭიქა ღვინო და შემთხვევის დღეს, დილის ათ საათზე, მიღებული 100 გრამი კონიაკი, არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ გიორგი ლიპარტელიანი თრობის გამო ვერ გააკონტროლებდა თავს.

გასაჩივრებული განაჩენი - მზადება დასკვნითი სიტყვებისთვის

„დაუსაბუთებელი განაჩენი“ - ასე უწოდებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას სალომე ტატიშვილის დედა, ნინო ჟვანია. მისი სიტყვებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი თავისი განაჩენით ცდილობს დაადანაშაულოს მისი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებით, სალომე სრიალებდა ყველა წესის დაცვით, გრძელი მოხვევებით. ნინო ჟვანია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს ერთ-ერთი მოწმის, მაშველის ქირიკაშვილის, ჩვენებას, რომელმაც შეჯახება დაინახა საბაგიროდან. ნინო ჟვანიას თქმით, მაშველი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც პირდაპირი დაშვებით მოსრიალე გიორგი ლიპარტელიანი შეეჯახა სალომეს, გოგონა ასრულებდა მოხვევის მანევრს:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოკლედ შეაჯამა ის სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც, მათი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება. განცხადების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცედენტს და, ფაქტობრივად, თვითიმედოვნებით ჩადენილ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. გარდა ამისა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულება და გადაადგილდეს თავისა და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, გამომდინარე ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, და მათი დაცვა ევალება თითოეულ ადამიანს. გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დაცვის მხარეს - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატს, რეზო აჭარაძეს - აქვს არაერთი კითხვა თავად გამოძიების პროცესის თაობაზეც:

გიორგი ლიპარტელიანი დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მისი ადვოკატი თენგიზ ხარებავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, ოჯახის ინტერესებიდან და სურვილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს:

„სასამართლო სხდომაზე წარმოითქმება დასკვნითი სიტყვები და იქ გაირკვევა ყველაფერი. პროცესი ღიაა. ბრალდებისა და დაცვის მხარე ჩამოაყალიბებს დასკვნით სიტყვას. შესაძლოა, 16 აპრილსვე გამოცხადდეს გადაწყვეტილება. მეც და ბრალდების მხარეც ვემზადებით პაექრობისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“.

უსაფრთხოება მთასა და თოვლში

სალომე ტატიშვილის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, დავალებით, ამოქმედდა მოთხილამურე პატრულის პროექტი, რომელიც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრულ- ინსპექტორები მიავლინა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აიკრძალა: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსა ან პირისთვის შეტყობინების გარეშე. მოთხილამურე პატრული, გიორგი მამუჩიშვილი, ამბობს, რომ სამართალდარღვევები ძირითადად პატრულის ამოქმედებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა. მისი თქმით, დღესდღეობით მათი რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული:

როგორც სათხილამურო ფედერაციაში განმარტავენ, დღესდღეობით არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და სტანდარტები მთის კურორტებზე თხილამურებით სრიალისათვის, თუმცა არსებობს ე.წ. დაუწერელი კანონები და ნორმები, რომლებიც ყველა დამწყები თუ პროფესიონალი მოთხილამურისთვისაა ცნობილი:

  • სრიალი სპეციალური ეკიპირებით;
  • სათხილამურო ჯოხები, რომელიც სიმაღლიდან დაშვების შემთხვევაში ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას;
  • აუცილებელია მოთხილამურემ დაშვებისას აკონტროლოს სიჩქარე;
  • თუ დასვენება გადაწყვიტეთ, შეისვენეთ ტრასის კუთხეში. შეეცადეთ ხელი არ შეუშალოთ სხვებს;
  • აკონტროლეთ პერიმეტრი, ხომ არ არსებობს რისკი, რომ სხვა მოსრიალეს ჩაუჭრათ გზა ან შეეჯახოთ.

გარდა ამისა, აუცილებელია მოთხილამურეებმა საკუთარი შესაძლებლობები მიუსადაგონ ტრასების სირთულეს: მწვანე ტრასა - მცირე სირთულის ტრასა დამწყებთათვის, რომელსაც მოსდევს ლურჯი ტრასა. სირთულის მიხედვით, ლურჯ ტრასას მოსდევს წითელი ტრასა და, ბოლოს, შავი ტრასა პროფესიონალთათვის.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ზამთრის კურორტებზე მოთხილამურეთა უსაფრთხოება, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ამბობს, რომ შექმნილია ჯგუფი, რომელიც მუშაობს სპორტის ამ სახეობის სახელმწიფო განვითარების პროგრამაზე. მისი სიტყვებით, პროგრამაში გაიწერება ის ზოგადი ნორმები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოთხილამურეთა უსაფრთხოება. გარდა ამისა, დაწყებულია მწვრთნელთა გადამზადების პროცესი, რაც, ირაკლი დოლაბერიძის თქმით, მნიშნელოვანი ფაქტორია იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ მათი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოთხილამურეთა უსაფრთხოების კონტროლი.

სათხიმალური ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება 16 აპრილს, 13 საათზე. სალომეს დედის, ნინო ჟვანიას, თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იქცეს გარდამტეხ საქმედ სამთო-სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG