Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის გზავნილები ერგნეთიდან


აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში
აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში

ბონ ხორზ - დღე მშვიდობისა, ქუდტა დაე - როგორ ხარ? ბუზნიქ ძაბახ - გმადლობთ, კარგად. - ასე, ქართულ-ოსურად, მოიკითხავდნენ ერგნეთში შეკრებილი ძველი ნაცნობები და მეგობრები ერთმანეთს. კარლო ქელეხსაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანიდან ჩამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას ოსურ ენაზე მეგობრობასა და სიყვარულზე უმღერა.

კარლო ქელეხსაევი ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსებს ქართველ მეგობრებთან ერთად ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაში განსაკუთრებული როლის თამაში შეუძლიათ. მისი აზრით, შერიგების პროცესი გარდაუვალია.

ერგნეთის რიტუალების სახლში საოჯახო ალბომებიდან ქართულ-ოსური ურთიერთობის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე, რომელმაც ბავშვობა ცხინვალში გაატარა, თითოეულ ფოტოსთან დიდხანს ჩერდებოდა. ამ ფოტოებზე მან ცხინვალელი თანაკლასელები, პედაგოგები, მეგობრები, მეზობლები და ბავშვობის ექიმიც კი აღმოაჩინა. მისი აზრით, სამწუხარო ისაა, რომ ფოტოებზე დაფიქსირებულ მრავალ ადამიანთან დღეს ურთიერთობა გაწყვეტილია.

აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში
აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში

„მშვიდობის გზავნილები“ - ასე ეწოდებოდა აქცია-კონცერტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიურმა მოზაიკამ“ ერგნეთში გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი ნაირა ბეპიევა დიდი ხანია ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით მუშაობს. პირველი, რაც მან მეგობრებთან ერთად გააკეთა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში 90-იან წლებში აფეთქებული კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი აღადგინა. მოგვიანებით მისი თაოსნობით ქართულ და ოსურ ენებზე გამოიცა „ოსური ზეპირსიტყვიერება“, ქართული და ოსური პოეზიის ანთოლოგია, ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის, ლექსებისა და პოემების კრებული. ბოლოს კი გამოიცა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბრო. ნაირა ბეპიევას აზრით, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთსიყვარულის და მშვიდობის ზეიმის ხმები ერგნეთიდან ცხინვალშიც აუცილებლად ჩააღწევს.

აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში
აქცია-კონცერტი „მშვიდობის გზავნილები“ ერგნეთში

„კავკასიური მოზაიკის“ მიზანია ერთად წარმოაჩინოს ქართველებისა და ოსების საერთო კულტურული ფასეულობები. ეს პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენელ ალექსანდრე გრიგალაშვილის აზრით, კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ქართული და ოსური სიმღერები და ცეკვები გვიანობამდე გაგრძელდა. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლი, „ნართები“, მსმენელის წინაშე ქართულ-ოსური რეპერტუარით წარდგა. ღონისძიების დასასრულს იქვე, რიტუალების სახლში, სახელდახელო სუფრაც გაიშალა. ერგნეთელებმა უცბად ქართული ხაჭაპური, ოსური ხაბიზგინი და ჩახარაჟინი გამოაცხვეს. ღვინოც გაჩნდა და მშვიდობის სადღეგრძელოც შეისვა. „კავკასიური მოზაიკა“ მსგავსი პროექტების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG