Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ ქსელში მუქარა - სისხლის სამართლის დანაშაული


გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. როგორც იურისტები და ქალთა აქტივისტები აცხადებენ, აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში განხორციელებულ აგრესიულ მუქარას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა სოციალურ ქსელში განხორციელებული მუქარის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პრეცედენტი.

გადმოწერა

შსს-მ დაიწყო გამოძიება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე. 16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „ქართული მარშის“ აქციის რამდენიმე მონაწილის სახელით დაწერილი კომენტარი, სადაც ისინი თათია დოლიძეს აგრესიული, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართავენ. თათია დოლიძე 14 ივლისს ცხრაპუნქტიანი პოსტით გამოეხმაურა აღმაშენებლის გამზირზე გამართული „ქართული მარშის“ იდეას და მას ქსენოფობიური და პრორუსული აქცია უწოდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ თათია დოლიძეს მათთვის არ მიუმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქმეზე გამოძიება თავად შსს-ს ინიციატივით დაიწყო. გამოძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე „ქალთა მოძრაობამ“ ღია წერილით მიმართა ხელისუფლებას და მოუწოდა შსს-ს დაეწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ეხება ქალის მიმართ გაუპატიურების შესაძლო მუქარას.

სხვადასხვა პარტიებს ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის...
თათია დოლიძე

„ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების საქციელზე, რომლებიც სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ ქალს, მკაცრად უნდა რეაგირებდეს საზოგადოება, მედია და, ამასთანავე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიებაც:

„ზოგადად, სოციალური ქსელები ისედაც ხასიათდება სიძულვილის ენით, მაგრამ განსხვავებულია სიძულვილის ენა, რომელიც გამოიყენება ქალების მიმართ. ის არის აბსოლუტურად სპეციფიკური, დისკრიმინაციული და არის პირდაპირ ორიენტირებული და ხაზგასმული ქალის სქესზე. ეს არის თავისთავად სწორედ მიზოგინიისა და ქალთმოძულეობის გამოხატულება და სირცხვილია, რომ ის კაცები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართველი ქალების დასაცავად გამოდიოდნენ მარშზე, მეორე დღეს პირდაპირ, ღიად ემუქრებიან კონკრეტულ ადამიანებს გაუპატიურებით. მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება“.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო მუქარის საფუძველზე. როგორც კოდექსში ვკითხულობთ, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. თათია დოლიძემ 17 ივლისს საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა გზავნილი, სადაც ის წერს:

„სხვადასხვა პარტი ებს ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ მუქარის შემცველი კომენტარები სოციალური ქსელიდან რამდენიმე საათში წაიშალა და, როგორც სავარაუდო კომენტარების ავტორებმა მოგვიანებით განაცხადეს, ეს გზავნილები მათ არ ეკუთვნოდათ. თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, ერთი მხრივ, თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ ფარდა ახადა „ქართული მარშის“ ორგანიზატორების პოლიტიკურ და კულტურულ ცნობიერებას და, მეორე მხრივ, თვალნათელი გახადა, რომ მსგავსი აგრესიული მუქარის დროს საჭიროა შეიქმნას სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტი:

„ცხადია, ფბ-ს აქვს ფუნქცია, რომ ვის მიერ დაიწერა კომენტარი და როდის დაიწერა, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიანიჭოს. შესაბამისად, არსებითია, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს და რეალურად დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირების, რომლებიც ჯგუფურ და კოლექტიურ გაუპატიურებაზე ლაპარაკობდნენ. თავის მხრივ, თათია დოლიძეს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები და ღირსების შელახვისთვის ამ კონკრეტულ ადამიანებს ედავოს. მათ შორის, ეს მექანიზმი შესაძლებლობას მისცემს, რომ თუ გამოძიება არ იქნება ეფექტიანი, გაირკვეს, ნამდვილად ეს ადამიანები წერდნენ თუ არა მუქარის შემცველ კომენტარებს და, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტს“.

რაც შეეხება გამოძიების დაწყების საფუძველს, ეს საფუძვლები გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, ან გამოქვეყნდა მედიასივრცეში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებმა, შესაძლოა, მიიღონ ზეპირი, წერილობითი შეტყობინებით ან სხვაგვარი საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტში გავრცელებული მასალით.

ინფორმაციას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა პრეცედენტი სოციალურ ქსელში განხორციელებული მუქარის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, შს სამინისტროს პრესსამსახურში არ ფლობენ. მსგავსი ინფორმაცია არც შსს-ს მიერ 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ნუსხაშია ასახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG