Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელვის პრესლი, დევიდ ბოუი და შირლი ბესი


ელვის პრესლი, 1972
ელვის პრესლი, 1972
8 იანვარს მუსიკალური სამყარო ელვის პრესლის, დევიდ ბოუისა და ბრიტანელი მომღერლის შირლი ბესის დაბადების დღეს აღნიშნავს. დღევანდელ სიუჟეტსაც მათ დავუთმობ, უფრო სწორად კი, რამდენიმე სიმღერას, იუბილარების შესრულებით. როკენროლოს მეფით დავიწყებ და მის სავიზიტო ბარათად ქცეულ ჰიტს გავიხსენებ.

ამ ულამაზესი მელოდიის ავტორი მე-19 საუკუნის კომპოზიტორი ჯორჯ პოულტონი ბრძანდება, ხოლო თავდაპირველი ტექსტი პოეტ უილიამ ფოსდიკს ეკუთვნის. ამ ბატონებმა სიმღერა ჯერ კიდევ 1861 წელს დაწერეს და „აურა ლი“ დაარქვეს. თხზულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებული პოპულარობით კი სამოქალაქო ომებით გაწამებულ ჯარისკაცებში სარგებლობდა, მელოდიური ხაზი თუ ლირიკა მათთვის მშვიდობიან დროსა და ტკბილ მოგონებებთან ასოცირდებოდა. ისტორიამ სიმღერის ორიგინალური ვერსიის რამდენიმე კინოვარიანტიც შემოინახა: ის ჯერ კინომსახიობმა ფრენსის ფარმერმა შეასრულა, ხოლო მოგვიანებით - მისმა კოლეგამ დიანა მალდორმა.



1956 წლის 9 სექტებერს „აურა ლი“ უკვე „ედ სალივანის შოუში“ გამოჩნდა, უფრო სწორად კი, მისი ახლებური, ელვისისეული ვარიანტი: სამოქალაქო ომის თემით ნასაზრდოები ლირიკა ცნობილმა ამერიკელმა კომპოზიტორმა კენეტ დარბიმ სასიყვარულო ბალადად გარდაქმნა და „Love Me Tender“ უწოდა. ადაპტირებული ვერსია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ პრემიერის მეორე დღესვე ხმის ჩამწერმა სტუდია „არ-სი-ეიმ“ ჩანაწერის მილიონამდე შეკვეთა მიიღო, ხოლო კინორეჟისორმა რობერტ ვებმა ვესტერნის მთავარ სიმღერად აქცია. კენეტ დარბიმ ნაწარმოების ავტორებად ელვის პრესლი და საკუთარი მეუღლე ვერა ვატსონი მიუთითა და მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში მონაწილეობა არც ერთ მათგანს არ მიუღია, „Love Me Tender“ დღემდე როკენროლის მეფის ერთ-ერთ მთავარ თხზულებად მოიაზრება.



ახლა კი დევიდ ბოუიც ვახსენოთ, რომელსაც 8 იანვარს 67 წელი შეუსრულდა. ზუსტად ერთი წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეს სინგლი "Where Are We Now" გამოსცა და ამერიკელი მხატვრის ტონი ოუსლერის მიერ გადაღებული კლიპიც მოაყოლა. მუსიკოსმა იმ დღეს 10 წლიანი დუმილი დაარღვია და ახალი ალბომიც დააანონსა. გლამურული როკის სულისკვეთებით სავსე "The Next Day" მარტში გამოვიდა, რომელიც დრამატული, ირონიული და გემოვნებიანი სიმღერების ნანატრი კრებული გამოდგა. კრიტიკოსებმა დისკი დროის მანქანას შეადარეს, რომლითაც ბრიტანელმა საკუთარ წარსულში, თავისი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდებსა და სხვადასხვა სტილისტიკის კონკრეტულ ალბომებში მოგზაურობის საშუალება მოგვცა, მარსიანელ ზიგისაც შეგვახვედრა და დეტექტივი ნათან ადლერიც გაგვახსენა. ჰოდა, 4 დეკემბერს დევიდ ბოუიმ კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა მსმენელს - ლონდონელი გრაფიკოსის ტომ ჰინგსტონის მიერ შექმენილი მეტად საინტერესი ვიდეო წარმოადგინა სიმღერაზე „I'd Rather Be High“.



ბოლოსთვის კიდევ ერთი იუბილარი შემოვინახე, რომელიც 8 იანვარს ზემოხსენებული ბატონების ჩრდილქვეშ ექცევა ხოლმე და მისი დაბადების დღეც არცთუ ბევრს ახსოვს. არადა, მე-20 საუკუნის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის ნაცნობი ხმა გახლავთ. ბრიტანელ მომღერალს შირლი ბესის ვგულისხმობ, რომელსაც 77 წელი შეუსრულდა. ლეგენდად ქცეული ვოკალისტის ცხოვრება თუ შემოქმედება ცალკე სიუჟეტს იმსახურებს, დროის სიმცირის გამო კი, ამჯერად მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს მოვუსმინოთ.

XS
SM
MD
LG