Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Myangle - პლატფორმა მულტიმედია პროფესიონალებისთვის


გიორგი გოგუა საიტის პრეზენტაციაზე
გიორგი გოგუა საიტის პრეზენტაციაზე

Myangle - ეს არის პლატფორმა მულტიმედია პროფესიონალებისათვის, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფებს, ოპერატორებს, მუსიკოსებს, გრაფიკოსებსა და ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიიდან, რათა მათ თავიანთი ნამუშევრები ერთმანეთს გაუზიარონ და ითანამშრომლონ. პორტალის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა თბილისში და მისი იდეის ავტორები ამბობენ, რომ Myangle საინტერესოა იმ მხრივაც, რომ საიტის მომხმარებელს საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც სთავაზობს.

„თუკი საიტზე შეხვალთ, პირველ გვერდზე თქვენ დაინახავთ მხოლოდ იმ ფოტოებს, რომლებიც ფოტორედაქტორმა შეარჩია და ჩათვალა, რომ ეს ფოტოები პირველ გვერდზე გამოტანას იმსახურებს, ანუ პირველ გვერდზე გამოდის საუკეთესო ფოტოები. თუკი გინდათ ნახოთ ბოლოს ატვირთული ნამუშევრები, შედიხართ, აი, აქ, myangle-ში, და აქ ნამუშევრები დაყოფილი გვაქვს კატეგორიებად: დოკუმენტური, გრაფიკა, ილუსტრაცია, მულტიმედია“, ამბობს ჟურნალისტი გიორგი გოგუა და პორტალ myangle-ს მათვალიერებინებს.

ამ პორტალის შექმნა მისი იდეა იყო. ყველაფერი ძალიან მარტივად და, ამასთანავე, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. აი, თუკი აკრეფ შენს კლავიატურაზე პორტალის მისამართს www.myangle.net, პირველი, რაც თვალს მოგჭრის, ეს პატარა გოგოს და ღრმად მოხუცებული ქალის ფოტო, უფრო ზუსტად კი, პორტრეტია. გოგო ცისკენ იყურება, მისი ბებია - ობიექტივში. „მზის მოლოდინში“ - ასე ჰქვია ფოტოს. ფოტო შავ-თეთრია. ეს არის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც, პორტალის ფოტორედაქტორმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად დიდი ფორმატით და აუცილებლად პირველ გვერდზე იდოს, იმსახურებს ამ ადგილს. ფოტოს ავტორის კამერამ ისე დააფიქსირა მოხუცი ქალის ნაოჭები, გგონია, თუკი შენს მონიტორს ხელით შეეხები, თითებქვეშ ამ ნაოჭების სიღრმეს იგრძნობ. ახლა შეგიძლია „ფეიჯი ჩასქროლო“, ანუ პორტალის პირველი გვერდი ჩაათვალიერო. შენი თვალი ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ფოტოგრაფებისა და ვიდეოოპერატორების ნამუშევრებს აფიქსირებს. ფოკუსი ხან ერთ ფოტოზე ჩერდება, ხან მეორეზე. თემატიკა მრავალფეროვანია: ბავშვები, საბჭოთა არქიტექტურა, რელიგია, მოხუცი ადამიანები, ყოველდღიური ცხოვრება. სათავისო ინტერესს ყველა იპოვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის პორტალი მხოლოდ ფოტოგრაფებისა და ვიდეოოპერატორებისთვის. ეს არის პორტალი მუსიკოსებისთვისაც, გრაფიკოსებისთვისაც, მწერალი ანუ მხოლოდ ტექსტზე მომუშავე ჟურნალისტებისთვისაც.

მინდოდა შემექმნა ისეთი ონლაინსივრცე, სადაც ადამიანები განათავსებდნენ თავიანთ ნამუშევრებს და შეძლებდნენ მათ დათვალიერებას, საუბარს, განხილვას და ა.შ. ეს პორტალი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადვილად მოსახმარებელია...
გიორგი გოგუა

პორტალზე მუშაობა სამი ჟურნალისტის მეგობრობით ორი წლის წინ დაიწყო: გიორგი გოგუა საქართველოდან, აჰმედ მუჰტარი აზერბაიჯანიდან და ნელი შიშმანიანი სომხეთიდან პროფესიული მულტიმედია პლატფორმის, myangle-ის, ავტორები არიან. თუკი ორი სიტყვით პორტალის სახელწოდებაზე შევჩერდებით, გეტყვით, რომ მისი ქართული თარგმანია „ჩემი თვალთახედვა“. გიორგი გოგუა ჰყვება იმაზე, თუ რატომ დაებადა პორტალის შექმნის იდეა:

„მინდოდა შემექმნა ისეთი ონლაინსივრცე, სადაც ადამიანები განათავსებდნენ თავიანთ ნამუშევრებს და შეძლებდნენ მათ დათვალიერებას, საუბარს, განხილვას და ა.შ. ეს პორტალი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადვილად მოსახმარებელია. მაგალითად, შეგიძლია ატვირთო იმიჯი, რომელიც არის ფოტო ან გრაფიკა, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მარტივად შეგიძლია აიღო შენი ვიდეოს ლინკი, გადაიტანო სპეციალურ ველში და ვიდეოც აიტვირთება“, - ხსნის პორტალის მუშაობის პრინციპს გიორგი გოგუა.

გიორგი საიტის შექმნის ორ მთავარ მიზანზე მიამბობს. პირველი - ეს პროფესიონალებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ერთმანეთის გაცნობა და ნამუშევრების შეფასებაა და მეორე:

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო მედიის, როგორც პარტნიორების, შემოყვანაზე, რომ ეს სირცე იყოს ერთგვარი ბაზა იმ პროფესიონალების, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მუშაობენ და, მაგალითად, როდესაც „ბიბისის“ სჭირდება ვიდეოკორესპონდენტი საქართველოში, აქ გვაქვს სპეციალური ფილტრი, რომლის მეშვეობითაც ის გაფილტრავს სიას ქვეყნისა და პროფესიის მიხედვით, გადახედავს მათ პორტფოლიოს და გადაწყვეტს ვის ეთანამშრომლოს. ჩვენთან ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აქ ხშირად ეძებენ შტატგარეშე თანამშრომლებს, მაგრამ ასევე ხშირად ძალიან კარგ პროფესიონალებს მარტო იმიტომ არ აქვთ მათთან დაკავშირების საშუალება, რომ არ არსებობს მათთან პირდაპირი კავშირი. ეს სივრცე კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა“.

ონიკ ჯეიმს კრიკორიანი ინგლისიდანაა. ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფია. ონიკი myangle-ის კონსულტანტია.1994 წლიდან აქტიურად აშუქებდა ყარაბაღის კონფლიქტს და მისი პირველი პორტალი, რომელიც სწორედ იმ წლებში შექმნა, ყარაბაღის კონფლიქტს ეხებოდა. 1998 წლიდან რამდენიმე წელი სომხეთში იმუშავა, 2012 წლიდან კი უკვე საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. აქ ის ჟურნალისტებისათვის სხვადასხვა სახის ტრენინგენს აწყობს. სწორედ ასე გაიცნო მან გიორგი, აჰმედი და ნელი.

„რამდენიმე თვის შემდეგ გიორგი მირეკავს და მეუბნება, ონიკ, ონიკ, სასწრაფოდ მჭირდება შენი ნახვა. შემეშინდა, ვიფიქრე, რაღაც უჭირდა. ერთმანეთს კაფეში შევხვდით და გიორგიმ თავისი იდეის შესახებ მითხრა. სოციალურ მედიაში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ მივხვდი, რომ გიორგი კიდევ უფრო სხვა სივრცეზე, სხვა დიაპაზონზე ლაპარაკობდა. ეს პორტალი შექმნიდა სივრცეს, სადაც მედია და მულტიმედია პროფესიონალებს საშუალება ექნებოდათ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და, რაც მთავარია, ეთანამშრომლათ ერთმანეთთან“, - ამბობს ონიკ ჯეიმს კრიკორიანი.

სწორედ ონიკმა დააკავშირა პორტალის იდეის ავტორი გიორგი გოგუა Free Press Unlimited -ს, ჰოლანდიურ ორგანიზაციას, რომლის ფუნქციასაც მედიაპროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს და რომლის ფინანსური დახმარებითაც შეიქმნა myangle.

პორტალს, რომელიც მულტიმედია პროფესიონალებს აერთიანებს, უკვე ჰყავს 150-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. როგორც საიტის ავტორები ამბობენ, იქიდან გამომდინარე, რომ პორტალი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც ამუშავდა, ეს მომხმარებლების უკვე მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ამ ეტაპზე დარეგისტრირებულთა შორის ფოტოგრაფები ჭარბობენ, თუმცა მათ შორის არიან ვიდეოოპერატორები და მუსიკოსები. საიტს ჰყავს ფოტორედაქტორი. სწორედ ის არჩევს იმ ფოტოებს, რომლებსაც პორტალის ვიზიტორები პირველივე გვერდზე ხედავენ.

ფოტოები, რომლებიც ავტორების მიერ აიტვირთება საიტზე და მე ჩავთვლი, რომ ეს ფოტოები არ არის იმ ხარისხის, რომელიც myangle -ს ეკადრება, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს ასეა, ისინი არ გამოჩნდება პირველ გვერდზე. ამიტომ მე მოგიწოდებთ, ღიად ითანამშრომლოთ ჩემთან, მენდოთ და ეს გააუმჯობესებს როგორც თქვენს ნამუშევრებს, ისე საიტს...
ლევან ხერხეულიძე

„ბოროტი ბიძია, რომელიც ფილტრის ფუნქციას ასრულებს“ - ასე უწოდებს თავის თავს ფოტოგრაფი და ამჯერად myangle-ის ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. როგორც ის ამბობს, ნებისმიერ ფოტოგრაფს, რომელიც კი გადაწყვეტს, რომ საიტზე განათავსოს თავისი ნამუშევარი, საშუალება ექნება პირადად ეკონტაქტოს მას და პირადად მისგან მოისმინოს ის მიზეზები, რის გამოც ვერ მოხვდა ესა თუ ის ფოტო პირველ გვერდზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ფოტორედაქტორისთვის ფოტოების გადაგზავნა ნებაყოფლობითია და მხოლოდ ფოტოგრაფების სურვილზე იქნება დამოკიდებული, თუმცა:

„ფოტოები, რომლებიც ავტორების მიერ აიტვირთება საიტზე და მე ჩავთვლი, რომ ეს ფოტოები არ არის იმ ხარისხის, რომელიც myangle -ს ეკადრება, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს ასეა, ისინი არ გამოჩნდება პირველ გვერდზე. ამიტომ მე მოგიწოდებთ, ღიად ითანამშრომლოთ ჩემთან, მენდოთ და ეს გააუმჯობესებს როგორც თქვენს ნამუშევრებს, ისე საიტს. არ არსებობს დებულებები, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს კარგი ან ცუდი კადრი, მაგრამ აქაც მე ჩემს კადრზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მივიღო ეს გადაწყვეტილება და ვიყო გულწრფელი და გარწმუნებთ, ეს არ იქნება დამოკიდებული ჩემს პირად სიმპათიებზე და მოწონებებზე. კრიტერიუმები იქნება სრულიად პროფესიული“, - ამბობს ლევან ხერხეულიძე.

პორტალის წარმატებად მიიჩნევს გიორგი გოგუა რამდენიმე დღის წინ myangle-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოხმაურებას. საქმე ისაა, რომ ფოტოს, რომელიც რადიო თავისუფლების ფოტოკორესპონდენტს მზია საგანელიძეს ეკუთვნის და რომელზეც 2009 წელს ერგნეთში ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად ჩასული ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგია აღბეჭდილი, ჰამარბერგი სოციალური ქსელის - ტვიტერის - საშუალებით გამოეხმაურა.

თუ ამ პლატფორმას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ განათავსოს მუსიკოსების ვიდეოები, ჩანაწერები, ამას, ალბათ, უფრო მეტი პროფესიონალი ნახავს, იგივე უცხოეთიდან და მუსიკოსისთვის, როგორც შემოქმედისთვის, ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან, როგორც ვიცით, საქართველოში მუსიკალური ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს...
გიორგი ღამბაშიძე

ფოტოჟურნალისტი დარო სულაკაური აპირებს myangle-ი აქტიურად გამოიყენოს. ის გეგმავს პორტალზე ატვირთოს როგორც ფოტორეპორტაჟები, ისე მულტიმედია ნამუშევრები.

„საქართველოს ნამდვილად სჭირდება ასეთი პლატფორმა, რადგან რეალურად ასეთი მულტიმედია პლატფორმა არ არსებობდა და ეს ყველაფერი ახალი ხილია ჩვენთვის, რადგან ახლა დავიწყეთ ამ ყველაფრის სწავლა“, - ამბობს დარო სულაკაური.

27 წლის გიორგი ღამბაშიძე პროფესიით ფიზიკოსია. ის ელექტრონულ მუსიკას ქმნის და ამბობს, რომ ეს მისთვის მხოლოდ გატაცება არაა. ახლა ფიქრობს, რომ მოვიდა დრო, როცა შეიძლება თავისი ნამუშევრები სხვებსაც მოასმენინოს და ამბობს, რომ საქართველოში ისეთი სივრცის გაჩენა, როგორიც myangle-ია, კარგი საშუალებაა ამისათვის:

„თუ ამ პლატფორმას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ განათავსოს მუსიკოსების ვიდეოები, ჩანაწერები, ამას, ალბათ, უფრო მეტი პროფესიონალი ნახავს, იგივე უცხოეთიდან და მუსიკოსისთვის, როგორც შემოქმედისთვის, ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან, როგორც ვიცით, საქართველოში მუსიკალური ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამიტომ, მინიმუმ ამ მხრივ საინტერესო უნდა იყოს ქართველი მუსიკოსებისთვის, პროდიუსერებისთვის, დიჯეებისთვის“.

საიტი მედიის სფეროს პროფესიონალებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

პორტალის მომხმარებლებს შორისაა ოპერატორი და რეჟისორი თომა ბეგიაშვილი. მისთვის ეს სივრცე საინტერესოა იმით, რომ პროფესიონალების ნამუშევრებს ისევ პროფესიონალები შეაფასებენ, გაიმართება ონლაინდისკუსიები, რასაც, მისი თქმით, დღემდე მოკლებულნი იყვნენ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ეს პორტალი შექმნის ერთგვარ კონკურენციას პროფესიონალებს შორის, რის შედეგადაც გაჩნდება სტიმული უკეთესი ნამუშევრების შექმნისა. თომასთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ პორტალი იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი პროდუქტი ხილვადი გახდეს იმ სტუდიებისთვის, ტელევიზიებისა თუ კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ მათი ნამუშევრებით.

„მე ამ საიტზე დავდებ კარგ ნამუშევარს და არა ყველაფერს, რასაც ფეისბუკში ვდებ. და თუკი ამ ნამუშევრით დამინახავენ, ეს, ცხადია, ჩემთვის უკეთესი იქნება, რადგან ჩემი კარგი ნამუშევარი შეიძლება ასევე კარგმა პროფესიონალმა შეამჩნიოს. ანუ მე შემიძლია მოვხვდე კარგ გარემოში. ვაპირებ ავტვირთო ერთი ფილმი და ახლა ამ ფილმის ტრეილერს ვქმნი. პირველ ეტაპზე სწორედ ტრეილერს ავტვირთავ“, - ამბობს თომა ბეგიაშვილი.

პორტალის ავტორები გეგმავენ, myangle-ს უახლოეს მომავალში დაემატოს ონლაინ თანამშრომლობისთვის საჭირო საშუალებები, საბოლოო ჯამში კი, ფიქრობენ, ეს სივრცე გარდაიქმნას ონლაინმენტორინგის სისტემად, სადაც დაინტერესებულ პროფესიონალებსა და სტუდენტებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ გამოაქვეყნონ თავიანთი ნამუშევრები, არამედ მათთან ერთად დარეგისტრირდნენ გამოცდილი მულტიმედია პროფესიონალებიც, რომლებიც მათ ონლაინკონსულტაციებს გაუწევენ.

XS
SM
MD
LG