Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება აღდგომისთვის


ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება, დაახლოებით, 10-11 საათისთვის დაიწყება. როგორ ხვდებიან აღდგომას საქართველოში?

მზადება აღდგომისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
გადმოწერა

16 აპრილის ღამეს ქრისტიანები მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ზეიმობენ. ამ დღესასწაულს წინ უძღოდა სააღდგომო მარხვა და ის ასევე 16 აპრილს სრულდება. 12 საათისთვის საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ ცეცხლს, რომელიც იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე უნდა გადმოვიდეს. ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად იერუსალიმში უკვე დიდი რაოდენობით ხალხია შეკრებილი, მათ შორის, საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც კი გაავრცელა. სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და დაკარგვის შემთხვევაში ურჩევს, დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100, ასევე დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

აღდგომას მოსახლეობა, ტრადიციულად, პასკებით და წითელი კვერცხებით ხვდება. სოციალურმა საწარმო „ბაბალემ“ დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური შეკვეთებიც მიიღო. „ბაბალეში“ შშმ პირები არიან დასაქმებული და სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ. ეს დღეები სააღდგომო აქსესუარების კეთებაზე იყვნენ გადართულები. „ბაბალეს“ ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე ამბობს:

„დავამზადეთ დეკორატიული კვერცხები, კვერცხების და პასკების დასადებები, ანგელოზები, ბაჭიები... ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იყო ჩვენი სააღდგომო საქმიანობა. ეს გუშინ და გუშინწინ არ დაგვიწყია, ყოველთვის უფრო ადრე ვიწყებთ ხოლმე და ახლაც, დაახლოებით, ორი თვით ადრე შევუდექით ამ თემაზე მუშაობას“.

ლია ტაბატაძის თქმით, წელს სააღდგომო აქსესუარებიდან ყველაზე მეტი შეკვეთა ხის და თიხის დეკორატიულ კვერცხებზე მიიღეს და უკვე გამოფენა-გაყიდვებიც მოაწყვეს.

წინასააღდგომოდ ყვავილებსა და ბზის ტოტებზე მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსის“ ბენეფიციარები. ისწავლეს ბზისგან დეკორის, პარაფინისგან სააღდგომო კვერცხის მსგავსი ვაზების გაკეთება, რომელშიც შემდეგ ყვავილებს ჩააწყობენ. თუმცა ისინი ამ ყველაფერს გასაყიდად არ აკეთებენ. ბავშვები, რომლებიც ამჯერად სხვადასხვა ინსტიტუციაში იზრდებიან და შემდეგ, უკვე სრულწლოვანებმა, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყონ, ამ ორგანიზაციის მეშვეობით ხელობის სწავლას ცდილობენ. ფლორისტი ნანა თაყაიშვილი ამბობს:

„ვცდილობთ ბავშვებს უფრო ფართო შესაძლებლობები მივცეთ, მარტო თაიგულის გაკეთებას არა, დეკორსაც ვასწავლით, ასევ დეკუპაჟს, რომელიც ძალიან აიტაცა ხალხმა, ძალიან მოსწონთ და, ამასთან, ადვილია. ხელსახოცებს ვაწებებინებთ სანთელზე, სანთლის ვაზებზე... დეკუპაჟი ასევე კეთდება ხეზე, რკინაზე...“

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო გრაფიკები, უშუალოდ მეტრო კი 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე იმუშავებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG