Accessibility links

„ნაციონალების“ ყრილობა - ახალი ხელმძღვანელობით და სამომავლო გეგმებით


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა

20 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტის სასახლეში რიგით მეშვიდე ყრილობა მოიწვია. ყრილობას 7 000-მდე დელეგატი დაესწრო. ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება, აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და სამომავლო გეგმებიც დასახეს. დელეგატებს ვაშინგტონიდან სიტყვით მიმართა პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

ახალი წესდება, განახლებული შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი ხელმძღვანელობა და გეგმები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებით გაგრძელდა. პარტია, მისივე ლიდერების განცხადებით, ახალ ცხოვრებას იწყებს და მისი კარი ღიაა ყველა ახალი ადამიანისათვის, ვინც მათ იდეებს იზიარებს.

„მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს ყველაზე გამორჩეული ქვეყანა“, „როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა“, „’ნაციონალური მოძრაობის’ ‘გაქოცების’ ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა“, „ის სახელმწიფო, რომლის აშენებაშიც ამდენი ოფლი ჩავდეთ, აღარ არსებობს“ - ეს ციტატებია მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვიდან, რომლითაც მან ყრილობის დელეგატებს მიმართა. დელეგატებმა სააკაშვილს პასუხი ტაშით და „მიშა-მიშას“ სკანდირებით დაუბრუნეს.

მიხეილ სააკასვილის მიმართვა
მიხეილ სააკასვილის მიმართვა

„ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც სწორედ მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში. ჩვენ ვართ სწორედ ის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას გაატარა არაერთი რეფორმა. ჩვენ გვიკავშირდება ლარის კურსის სიმყარე, ხალხს დაავიწყა უშუქობა, უგზოობა და უპენსიობა. ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვიყავით ოპოზიცია და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება და ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ გუნდს დიდი ამბიციები აქვს, როგორც გიორგი ბარამიძემაც განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, და სწორედ ამ ძალას დაუკავშირდება ქვეყნის წარმატება.

ბარამიძემ დაასახელა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე - ნიკა მელია. დელეგატებს მანვე ამცნო, რომ მელიას მოადგილეების პოსტებს დაიკავებენ ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

ნიკა მელიას დასახელების პროცესი
ნიკა მელიას დასახელების პროცესი

ყრილობაზე მიწვეულ საზოგადოებას თავად ნიკა მელიამაც მიმართა:

„მეამაყება, რომ ვარ ყველაზე მაგარი, ყველაზე გულწრფელი, თვდადებული და ქედმოუხრელი გუნდის წევრი. ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგები და ვაჭრობა. ჩვენთვის პოლიტიკა არის და იქნება ვემსახუროთ მთავარ იდეას - ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას“.

„როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა - ვინ არის ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა, პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით გამოსვლისას და თქვა, რომ პარტია ახალ სიცოცხლეს დაიწყებს ცვლილებებით - მათ შორის იქნება სამდივნოს გაუქმება, პარტიაში კი, მისივე სიტყვებით, მუდმივად შეიცვლებიან პასუხისმგებელი პირები.

„ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათო“ - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ:

გრიგოლ ვაშაძე და ნიკა რურუა
გრიგოლ ვაშაძე და ნიკა რურუა

„სიმართლე თქვენს მხარეზეა, რადგან თქვენ, მიშასთან ერთად, გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედრვე სახელმწიფოდ“.

თინათინ ბოკუჩავამ თავის გამოსვლისას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პარტიულ სიაში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს და ეს იქნება კიდეც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის ნაწილი, ამის დასტური კი „ნაცმოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებაა.

ახლა საინტერესოა, რამდენად შეძლებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი პოლიტიკოსები თავიანთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, რეაბილიტაციას, გვითხრა პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ:

„თუ მიშა სააკაშვილი შეძლებს და ახალი სიცოცხლით დაბრუნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი გააქტიურდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელახლა შეძლოს მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება. მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება იმ პირობებში, რომ მას ოპონირება მოუწევს ახლა არა მხოლოდ მთავრობასთან, არამედ თავიანთივე ყოფილ თანაგუნდელებთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყრილობის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს პარტიის განახლებულ შემადგენლობასაც. პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG