17 ნოემბრის სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. ამ ფორმულირების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. პროტესტს სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და სიორიძეს მოსთხოვა, კანონი ოფიციალური სახელწოდებით მოეხსენიებინა.
„აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვფიქრობ, რომ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი“, - თქვა ნადარაიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მმართველმა უმრავლესობამ 2023 წელს, მასობრივი პროტესტის შემდეგ, უკან გაიწვია, თუმცა 2024 წელს კვლავ წარადგინა და მიიღო. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, კანონი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და მედიის თავისუფლებას.
სიორიძემ საპასუხოდ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე იყენებდა ფორმულირებას „გამჭვირვალობის ქართული კანონი“. მისი თქმით, „ქართული კანონიც“ სამართლებრივი ტერმინი არ არის.
„მაშინ მეც ვიტყვი - გამჭვირვალობის რუსული კანონი“, - განაცხადა სიორიძემ.
ნადარაიამ მას კვლავ მოუწოდა, კანონის ოფიციალური სახელწოდება გამოეყენებინა, პოლიტიკური შეფასებები კი სასამართლოს გარეთ გაეკეთებინა.
„პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. სასამართლოში ხართ თქვენ და სასამართლოში კანონი უნდა მოიხსენიოთ ისე, როგორც მას ეს ჰქვია“, - თქვა მან.
კამათისას სიორიძემ სხდომის თავმჯდომარეს მიმართა: „გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს“.
ნადარაიამ არჩილ გორდულაძესა და თენგიზ შარმანაშვილსაც მოუწოდა, ადგილიდან არ ჩართულიყვნენ კამათში მხარესთან.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არის საქართველოს კანონი და ქართული კანონი. მე ასე მესმის“, - დასძინა ნადარაიამ.
ტერმინზე კამათს წინ უძღოდა მოსამართლეების კითხვები საპროტესტო აქციების ხასიათსა და ძალადობრივ ეპიზოდებზე. სერგო მეთოფიშვილმა სიორიძეს ჰკითხა, მიაჩნდა თუ არა მის პარტიას დასაშვებ პოლიტიკურ ბრძოლად სახელმწიფო შენობების ძალადობრივი დაკავება, პოლიციელებზე თავდასხმა და პიროტექნიკის, ქვებისა თუ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა.
სიორიძემ უპასუხა, რომ ჩამოთვლილი მეთოდები პარტიისთვის მიუღებელია და ხელისუფლების ცვლილების გზად არჩევნებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ მეთოდებს მიიჩნევენ.
ევა გოცირიძის კითხვებზე პასუხისას მან აღნიშნა, რომ აქციებზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო, თუმცა ეს მთლიანად შეკრებას ძალადობრივად არ აქცევს. სიორიძემ ერთმანეთისგან გამიჯნა პიროტექნიკის ჰაერში გაშვება და დამიზნებით სროლა - მისი თქმით, ეს უკანასკნელი მიუღებელია. მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრებს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„თენგიზს რომ იტყვით, გვარიც დააყოლეთ“
როდესაც ნადარაია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ თენგიზ თევზაძეს მიმართავდა, თენგიზ შარმანაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, სახელთან ერთად გვარიც დაესახელებინა.
„ერთი თხოვნა მაქვს - ხალხი უსმენს და თენგიზს რომ იტყვით, გვარიც დააყოლეთ ხოლმე“, - თქვა შარმანაშვილმა.
ნადარაიამ უპასუხა, რომ მაყურებელი მისი სახის მიმართულებით გაარკვევდა, ვის მიმართავდა:
„ცოტა ჩემი მხრიდან უხერხული იქნება ახლა ბატონი თენგიზ თევზაძე და ბატონი თენგიზ შარმანაშვილი რომ მოგმართოთ. […] ალბათ ხალხი ჩემი სახის მიმართულებით [მიხვდება], ვის ველაპარაკები“.
- რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2025 წლის 16 აპრილს, ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე, 2021 წლიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
- მოსამართლედ მუშაობა 2009 წელს დაიწყო - სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩხოროწყუს, ფოთისა და თბილისის სასამართლოებში.
- ნადარაია საჯაროდ იცავდა ლევან მურუსიძეს და აცხადებდა, რომ მან „გააერთიანა სასამართლო სისტემა“. 2023 წელს კი გააკრიტიკა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება, რაც სხვა მოსამართლეთა დაშანტაჟების მცდელობად შეაფასა.
ფორუმი