Accessibility links

პირველი მარტიდან ვაკის მცხოვრებნი ნაგავს გაიტანენ 20:00 საათიდან


პირველი მარტიდან ჭავჭავაძის გამზირისა და მისი მიმდებარე 32 ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნაგავს დღეში ერთხელ, 22 საათზე, გაიტანენ.

ქალაქის დასუფთავება

  • დღეს, ქალაქის მასშტაბით, ნაგავსაყრელი მანქანები კონტეინერებთან სამ-ოთხჯერ მიდიან.
  • ქალაქს ემსახურება 200 ნაგავმზიდი.
  • ყოველდღიურად თბილისში გროვდება 1000 ტონაზე მეტი ნარჩენი და ის ქალაქის ერთადერთ ნაგავსაყრელზე - ლილოს ნაგავსაყრელზე - მიემართება.
  • ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გათავისუფლებას - მათ შორის ქუჩების დაგვა-დასუფთავებას - 3 000 თანამშრომელი ემსახურება.
  • მათი ხელფასი განისაზღვრება დატვირთვის მიხედვით და, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თქმით, 600-დან 900 ლარამდე მერყეობს.

ლევან ჯღარკავა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს საპილოტე პროგრამაზე, რომელმაც, მისი თქმით, ქალაქში რამდენიმე პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი. მათ შორისაა დღის აქტიურ საათებში ნაგავსაყრელი ავტომობილების ხშირი გადაადგილებით წარმოქმნილი ხერგილები:

„როდესაც ვსაუბრობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების ღამით დაცლის მეთოდის შემოღებაზე, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარჩენების გატანა მოქალაქეებმა საღამოს 8 საათიდან უნდა დაიწყონ, რადგან კონტეინერები ღამის 10 საათიდან დაიცლება. ამ საპილოტე პროგრამის წარმატებით განხორციელება რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი: პირველი, დაიზოგება ბიუჯეტი და, გარდა ამისა, ამან უნდა გადაჭრას ვიწრო ქუჩებზე ხერგილების წარმოქმნის პრობლემაც“.

თუ როდის დასრულდება საპილოტე პროგრამის მონიტორინგი, ამას ლევან ჯღარკავა არ აკონკრეტებს, არც იმას აზუსტებს, პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კიდევ რომელ რაიონებში ამოქმედდება ე.წ. ღამით დაცლის სისტემა:

„ამის შესახებ ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ კონკრეტული უბნებისა და რაიონების დასახელებას, რაც ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდენარე ქუჩებზე საპილოტე პროგრამის განხორციელება დასრულდება. რაც შეეხება საპილოტე პროგრამის დასრულების ვადებს, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაზე, ანუ რამდენად შეასრულებენ ისინი იმ მინიმალურ პირობებს, რაც ნაგვის კონტეინერების ღამით დაცლისთვის არის საჭირო. მთავარია, მოსახლეობა აგვყვეს და ნარჩენები გაიტანონ საღამოს 8 საათის შემდეგ“.

2019 წლიდან იგეგმება ნარჩენების დახარისხების პროგრამის ამოქმედება.

დღეს, ქალაქის მასშტაბით, ნაგავსაყრელი მანქანები კონტეინერებთან სამ-ოთხჯერ მიდიან. ქალაქს ემსახურება 200 ნაგავმზიდი. ყოველდღიურად თბილისში გროვდება 1000 ტონაზე მეტი ნარჩენი და ის ქალაქის ერთადერთ ნაგავსაყრელზე - ლილოს ნაგავსაყრელზე - მიემართება. ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გათავისუფლებას - მათ შორის ქუჩების დაგვა-დასუფთავებას - 3 000 თანამშრომელი ემსახურება. მათი ხელფასი განისაზღვრება დატვირთვის მიხედვით და, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თქმით, 600-დან 900 ლარამდე მერყეობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG