Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს საქართველოში საზღვრების ნაცვლად ხიდების მშენებლობას ურჩევს


რუსეთისა და ნატოს საბჭო
რუსეთისა და ნატოს საბჭო
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლო დღე ბრიუსელში რუსეთ-ნატოს საბჭოთი დაიწყო და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დასრულდა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე პროდუქტიული უწოდეს ნატო-რუსეთის თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს ნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თუმცა არის საკითხები, რაშიც ნატოსა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ესენია მოვლენები უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაზღვრო მავრთულხლართების მშენებლობა. 4 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მხატვრულ შედარებასაც კი მიმართა და რუსეთს საქართველოში საზღვრების ნაცვლად ხიდების მშენებლობა ურჩია.

“არ ვიცი, რატომ აკეთებს ნატო ასეთ განცხადებებს და არ ვიცი, რატომ პასუხობს ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი შეკითხვას, შეიყვანს თუ არა რუსეთი ჯარებს უკრაინაში”, - უკმაყოფილო ტონით და აშკარად გაბრაზებული პასუხობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნატოს შტაბბინაში რუსი ჟურნალისტის დასმულ შეკითხვასუკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. “ჩემი აზრით, ეს ქმნის დამახინჯებულ სურათს და მსგავს სიგნალებს ზოგიერთ დამახინჯებულ “გახურებულ თავებში” შეუძლიათ არასწორი წარმოდგენა შექმნან იმაზე, რაც ხდება”, - დააზუსტა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა 4 დეკემბერს.

ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე “ცხელი თავები” ლავროვმა საქართველოსთან მიმართებითაც ახსენა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი სამხედროების მიერ სასაზღვრო მავრთულხლართების მშენებლობის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა:

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
“რაც შეეხება მავრთულხლართებს, ცხადია, საზღვრები დაცული უნდა იყოს, დარღვევები ორივე მხრიდან უნდა აღიკვეთოს. არსებობს წესები, რაც მსოფლიო პრაქტიკას ასახავს. ვფიქრობ, რომ ცხელი თავების დამშვიდების კვალობაზე მავთულებიც აღარ დაგვჭირდება. მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენი ახლობელი ხალხები - და ამიერკავკასიის ყველა ხალხი ჩვენთვის ახლობელია - მშვიდობიანად, მეგობრულად და კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ. საქართველოს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობის მიმართულებით, შევეცდებით და ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც, რაც საქართველოს მხარის ინიციატივით გაწყდა".

ნატოს შტაბბინაში ოთხშაბათს გამართულ ათწუთიან პრესკონფერენციაზე ლავროვის პრესმდივანმა ახალგაზდა ქალმა მეორე და ბოლო შეკითხვის დასმის უფლება ქართველ ჟურნალისტს მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან ურთიერთობაზე სამი წუთი ილაპარაკა. ლავროვმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ რუსეთი “აფასებს საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომას”, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის “სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში” თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე და, ამ კონტექსტში, არც რუსეთ-საქართველოს "მრავალწლიანი სულიერი და ისტორიული სიახლოვე" გამორჩენია. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს პოზიტივი მოსკოვისათვის სულ სხვა რეალობაა, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება:

"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს", - აღნიშნა ლავროვმა, "რუსეთისათვის ისინი სუვერენული სახელმწიფოები არიან. ისინი ჩვენ ასეთი ფორმით ვაღიარეთ, ხელი მოვაწერეთ მათთან ხელშეკრულებებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი საზღვრების უსაფრთხოებას და მათ სამხედრო უსაფრთხოებას, იქ ჩვენი სამხედრო ბაზა მდებარეობს იმ შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ. ეს არის ახალი რეალიები ამიერკავკასიაში და ახლა საჭიროა მათი აღიარება. ისინი [ახალი რეალიები] ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ცნობიერებაში და ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველო ჟენევის დისკუსიებში რუსეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად, როგორც თანასწორები, ისე მონაწილეობენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების განხილვაში, ადასტურებს, რომ დიალოგის გარდა სხვა გზა არ არსებობს".
საქართველომ ქება დაიმსახურა ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ...
მაია ფანჯიკიძე

დიალოგის გზით პრობლემების გადაჭრის მომხრეა ნატოც. ოღონდ, მოსკოვისაგან განსხვავებით, ბრიუსელი მიიჩნევს, რომ პრობლემა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა და სუვერენიტეტის პატივისცემის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. 4 დეკემბერს ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა, რომ, სასაზღვრო ღობეების ნაცვლად, საქართველოში ხიდები აშენოს.

„ნატოს პოზიცია უცვლელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსეთმა სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში. ჩვენ მკაცრად ვუპირისპირდებით ხსენებულ ღობეებს. ახლა, ლიტერატურულ ენაზე თუ ვიტყვით, ღობეების მშენებლობის კი არა, ხიდების მშენებლობის, დიალოგში მონაწილეობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნის დროა. ღობეების აღმართვა აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესებს და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაიცვას მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშული საკონსკულტაციო ფორმატი ალიანსის ხელმძღვანელობამ საქართველოსათვის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ შეიმუშავა და საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებსა და რეფორმების პროცესში ნატოს დახმარების თაობაზე, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, წელიწადში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა.

ალიანსის 2013 წლის დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს, კონკრეტული შედეგებით - ნატოს მიერ წარმატებულად შეფასებული საპრეზიდენტო არჩევნებითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებით - ჩამოვიდა.
ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი

“მივესალმები საქართველოს მკაფიო გადაწყვეტილებას და მისწრაფებას განაგრძოს რეფეორმებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზა. და მივესალმები გასულ კვირაში ვილნიუსში საქართველოსა და მოლდავეთის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთამხმების პარაფირების ფაქტს“, - განაცხადა ნატო-საქართველოს კომისიის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და იმავე დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზეც, იგივე გაიმეორა.

ნატო-საქართველოს კომისიის შედეგებით კმაყოფილი დარჩა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

“საქართველომ ქება დაიმსახურა ყველა მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ”, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG