Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიწია


ლუის ნავარო
ლუის ნავარო
”საზოგადოების განწყობა საქართველოში” – ეს უკვე რიგით მეხუთე გამოკვლევაა, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ყოველ 6 თვეში ერთხელ ატარებს. კვლევამ მთელი საქართველო მოიცვა და 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საველე სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში - 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით - განხორციელდა. გამოკვლევის მიხედვით ირკვევა, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საზოგადოების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ შეიცვალა. რა საკითხები გამოიკვლია ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და რა საკითხები დარჩა გამოკვლევის ავტორთა ყურადღების მიღმა?

თუკი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თებერვლის თვეში ჩატარებულ გამოკვლევაში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო მხოლოდ ზოგადი ხასიათის კითხვები ისმებოდა, როგორიცაა „ემხრობით თუ არა ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას“ და „უნდა აღუდგეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა“, ივნისში ჩატარებულ გამოკვლევაში ამ კითხვებს დაემატა სრულიად კონკრეტული კითხვები, რომლებიც თავად კოალიციის ლიდერის საჯარო გამოსვლებიდან მოხმობილ, სამომავლო გეგმების ამსახველ ციტატებს ეხება. „იცით თუ არა ივანიშვილის გეგმების შესახებ?“ - როგორც გამოკვლევა მიუთითებს, გამოკითხულთა 71-მა პროცენტმა ”ქართული ოცნების” ლიდერის გეგმების შესახებ არაფერი იცის, გამოკითხულთა 53 პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ არ შეუერთდება. ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ კითხვები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეგმების გარშემო დაისვა, საკუთარ თავშივე მოიცავს უარყოფით პასუხს, რადგან, მისი თქმით, გამოკითხვის პერიოდში ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ორი - თბილისის და ქუთაისის - აქცია ჰქონდა ჩატარებული, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელევიზიებს თითქმის არ გაუშუქებიათ და, შესაბამისად, საზოგადოება ინფორმირებული ვერ იქნებოდა:

”ამიტომ ამ შედეგის განზოგადება იქნება ყალბი დასკვნა. არ მგონია, რომ ვინმემ ასეთი დასკვნა გამოიტანოს, მაგრამ ასოციაციებისა და დემაგოგიის დისკურსის განვითარებისათვის სრულიად ნაყოფიერი საფუძველია”, - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 49 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაიწია ...
ლუის ნავარო
შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს ეთმობა განსაკუთრებული ადგილი გამოკვლევაში და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კითხვაზე „მიიღებდით თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ის რომ ხვალ ტარდებოდეს“, მოსახლეობის 75 პროცენტი დადებითად პასუხობს. თუკი არჩევნების თემას დემოკრატიას დავუკავშირებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიულობის მაჩვენებლად სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს გამოკითხულთა 16 პროცენტი ასახელებს. და რაკი სიტყვა დემოკრატიულობაზე ჩამოვარდა, მაშინ უნდა ითქვას იმ მნიშვნელოვანი ვარდნის შესახებაც, რაც უკანასკნელმა გამოკვლევამ აჩვენა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო გამოკველვაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა ახლა უკვე 11 პროცენტით ნაკლებ ადამიანს სჯერა.

”კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცლვილება, წინა გამოკვლევასთან შედარებით, არის ის, რომ კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 49 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაიწია. ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 34 პროცენტიდან 43 პროცენტამდე გაიზარდა.”

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გამოკვლევის ავტორებმა რესპონდენტებს დაუსვეს, პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებას შეეხება. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას 33 პროცენტი ემხრობა, 36 პროცენტი კი მოწინააღმდეგეა.

ფოკუს ჯგუფებთან მუშაობისას გამოჩნდა, რომ ისინი ასე თუ ისე ეთანხმებოდნენ აზრს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რათა გაკონტროლდეს პარტიათა დაფინანსების საკითხი ...
ლუის ნავარო

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ჩატარებულ გამოკვლევაში თითქმის ყველა იმ ცვლილებისა თუ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ დაისვა კითხვა, რომელიც უკანასკნელ თვეებში საქართველოს პარლამენტმა განიხილა თუ დაამტკიცა, მათ შორის - პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკის შემცირებიდან დაწყებული, ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვით დამთავრებული. ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას გამოკითხულთა 89 პროცენტი ეწინააღმდეგება. ამ ფონზე ისიც უნდა ითქვას, რომ, ისევე როგორც წინა გამოკვლევაში, არც ამ გამოკვლევაში აღმოჩნდა კითხვა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, როგორიცაა ცვლილება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” და მას მოყოლილი მთელი რიგი ქმედებები კონტროლის პალატის მხრიდან, დაწყებული მოქალაქეთა დაჯარიმებით, დამთავრებული ქონების დაყადაღებით. რადიო თავისუფლებამ, ისევე როგორც გასული გამოკვლევის პრეზენტაციაზე, 10 ივლისსაც დაუსვა კითხვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს, თუ რატომ ვერ მოხვდა გამოკვლევაში კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც მან გვიპასუხა:

”რაც შეეხება კონტროლის პალატას, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ჩატარებამდე ვმუშაობთ ფოკუს ჯგუფებთან, რაც გვეხმარება კითხვარის შედგენაში. ფოკუს ჯგუფებთან მუშაობისას გამოჩნდა, რომ ისინი ასე თუ ისე ეთანხმებოდნენ აზრს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რათა გაკონტროლდეს პარტიათა დაფინანსების საკითხი. ამასთანავე, მოსახლეობას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით, რათა განესაჯათ, თუ რა სამუშაოს ასრულებდა კონტროლის პალატა.”

ისევე როგორც გასული გამოკვლევის პრეზენტაციისას, ლუის ნავარომ ამჯერადაც დადო პირობა, რომ კითხვები კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მომავალ გამოკვლევაში მოხვდება, თუმცა იქვე ისიც დაამატა, რომ მოსახლეობისათვის გაცილებით გასაგები არის კითხვები, მაგალითად, ახალი ქალაქის - ლაზიკის -მშენებლობის შესახებ, ვიდრე კითხვები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე. რაკი სიტყვამ მოიტანა, გეტყვით, რომ ახალი ქალაქის - ლაზიკის - მშენებლობას, რომელსაც გამოკვლევა ხუთ კითხვას უძღვნის, გამოკითხულთა 54 პროცენტი მხარს უჭერს. უკანასკნელ გამოკვლევაში აღმოჩნდა კითხვები რელიგიასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, „რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში?“ თუკი ორ პასუხს - ძალიან მნიშვნელოვანსა და მნიშვნელოვანს გავაერთიანებთ, მათი ჯამი 84 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება გამოკვლევის კიდევ ერთ თავს, საერთაშორისო ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 62% უჭერს. არ მოსწონს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა გამოკითხული მოქალაქეების 87% - ს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის შესახებ კიდევ ერთ გამოკვლევას გამოაქვეყნებს, თუმცა მანამდე, უახლოეს ერთ კვირაში, ის პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენს გამოკვლევას მათი რეიტინგების თაობაზე.
XS
SM
MD
LG